ფრიდა მუიალე მანენჯი
გლობალიზაციის ეფექტი აფრიკულ კულტურაზე, დანახული აფრიკელი ქალის თვალით

"Shonyala okhumanya inzu yowasio tawe". ეს სიტყვები სიტყვასიტყვით შემდეგს ნიშნავს: შენ არ შეიძლება იცოდე და ვერ გაუძღვები მეზობლის სახლის საშინაო საქმეებს. ამ გამოთქმას, ჩვეულებრივ, იყენებენ კენიის დასავლეთ პროვინციაში მდებარე სოფელ ებუკანგას მცხოვრებნი, როდესაც სურთ აღნიშნონ, რომ ისინი პატივს სცემენ სხვის საკუთრებას და საქმეს. ზოგჯერ ამ გამოთქმას ხალხი მაშინაც იყენებს, როდესაც ამტკიცებენ, რომ მათ იციან, რა ხდება სხვის სახლში. ზიმბაბვეში - ქვეყანაში, რომელშიც “მე ჩავედი საჭმლის საკეთებლად” (ჩემს ქვეყანაში, როდესაც ქალი თხოვდება, ამბობენ, რომ ის მიდის საჭმლის საკეთებლად), ამბობენ, რომ “სახლის საფარველი სახურავია”.
როდესაც ECHOES-მა მთხოვა სტატიის დაწერა გლობალიზაციისა და კულტურაზე მისი გავლენის შესახებ, რამდენიმე დღე გავატარე იმაზე ფიქრში, თუ როგორ მივდგომოდი ამ საკითხს; მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ იყო ჩაბმული აფრიკელი ქალი აფრიკულ ბრძოლაში, როგორც დედა და როგორც ცოლი, რომელსაც სწამს სამართლიანობის. თუ ეს სტატია რაიმე ნიშნით ცალმხრივია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარჩიე სწორედ ამ კუთხით დამეწერა. კულტურა ხომ ფართო ცნებაა და როდესაც მასზე ჩავფიქრდები, მე ვფიქრობ იმ ფასეულობებსა და ნორმებზე, რომლებიც ამა თუ იმ ხალხს გააჩნია და რაც აიძულებთ მათ, იცხოვრონ განსაზღვრული წესით. ეს არის კონკრეტული საზოგადოების ცხოვრების გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ყველაფერი იმის ერთობლიობა, რაც დაკავშირებულია რელიგიასთან, ხალხის ფესვებთან, სიმბოლოებთან, ენასთან, სიმღერებთან, მოთხრობებთან, დღესასწაულებთან და ყველაფერ იმასთან, რაც გამოხატავს ჩვენი ცხოვრების წესს. ის მოიცავს საჭმლის მომზადებას, ტექნოლოგიებს, არქიტექტურას, ნათესაობას - ჩვენს ერთმანეთთან კავშირს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს და სოციალურ ურთიერთობებს, რომელიც ამ ყველაფრეს თან სდევს.

კულტურა დინამიურია

ყველა კულტურა განუმეორებელია. ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. ამის უარყოფა იქნებოდა ღმერთის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების უამრავფერიანი, ლამაზი ცისარტყელის დანგრევა. კულტურა შესწავლადია. ეს არის მათი საერთო ატრიბუტი. ყველა კულტურაში მისალმების თავისებურებაა. ოღონდ ეს ფაქტორი მემკვიდრობით გადაცემადი არ არის. არც გენეტიკურად გადადის. ის შეითვისება ან სოციალური გარემოდან, ან შეისწავლება წინასწარ მოფიქრებული ინსტრუქციის მიხედვით. არც ერთი კულტურა არ არსებობს ენის გარეშე. ყველა მათგანი ენასთან მჭიდრო კავშირშია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა; ენის სიკვდილი კულტურის სიკვდილის ტოლფასია.
კულტურა არასოდესაა სტატიკური. ჩვენ ყოველ წუთს ვიცვლებით, ვიზრდებით, როგორც ჩვენი სხეულის უჯრედები. კულტურაც ადამიანების მსგავსად იცვლება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი კულტურის რომანტიზება. ჩვენი ბაბუები იმ ნიადაგზე არ დადიოდნენ, რომელზეც ჩვენ დავდივართ, და ჩვენს შვილებს სხვა ნიადაგი ექნებათ. მე ვერასდროს გავბედავდი, დედისათვის მეკითხა, სად დამედგა ყვავილების ლარნაკი სასტუმრო ოთახში. დღეს ჩემს ქალიშვილს ჩემთან კონსულტაციის გარეშე ადვილად შეუძლია ყვავილის ლარნაკის ადგილის შეცვლა. ეს ცვლილება თანამიმდევრულია და არა უეცარი და მოულოდნელი. კულტურა არის ცვლილების დაუსრულებელი პროცესი, მაგრამ, ცვლილებების მიუხედავად, ის საზოგადოებას აძლევს იდენტურობის საფუძველს, ღირსებას, უსასრულობას, უსაფრთხოებას და, ამავე დროს, კრავს საზოგადოებას ერთიან მთლიან ორგანიზმად.
ის ეფექტი, რომელიც გლობალიზაციას ჰქონდა კულტურაზე, უზარმაზარი და მრავალფეროვანია. მან სხვადასხვა გზით იმოქმედა ხალხის კულტურულ ქცევაზე. ხალხს მოუხდა ცხოვრების წესის შეცვლა. ცნობილი სასმელის, კოკა-კოლას რითმული რეკლამების ექო ყველგან ისმის, ის გადალახავს ყველა საზღვარს, აღწევს ქალაქებში, ქვეყნებში, იმ შორეულ აგრარულ რეგიონებშიც, სადაც სასმელი წყლის შოვნა დიდი პრობლემაა. აფრიკაში გლობალიზაცია ერთ მიზანს ისახავს: გლობალური ბაზრისათვის და მისი ძალებისათვის ყველა ქვეყნის ეკონომიკის ფართოდ და თავისუფლად გახსნას.

გლობალიზაციის მოთხოვნები

გლობალიზაცის მთავარი მოთხოვნა შემდეგში მდგომარეობს: ქვეყნებმა, მიუხედავად მათი ეკონომიკის ბუნებისა, განვითარების დონისა, გლობალურ ეკონომიკაში მათი ადგილისა, უნდა მისდიონ ეკონომიკური პოლიტიკის საერთო გეზს. კერძოდ, მათ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს თავიანთ ეკონომიკაში თავისუფალი მოქმედების ნება უნდა მისცენ, ანუ თავისუფლად უნდა გაუღონ თავიანთი ეკონომიკა იმპორტს, ხოლო ექსპორტში აქცენტი გააკეთონ იმ საქონელზე, რის წარმოებაშიც დახელოვნებულად ითვლებიან. შეზღუდონ მთავრობის როლი ეკონომიკაში და მხარი საუჭირონ ბაზარსა და კერძო კომპანიებს. საქონლის ფასის განსაზღვრა, კურსის დადგენა, დასაქმება, რესურსების განაწილება ბაზარს მიანდონ. ამ კუთხით დანახული გლობალიზაცია არ არის მხოლოდ ობიექტური პროცესი, რომელიც იმართება კანონითა და განვითარების ფაქტორებით, ისეთებით, როგორიცა ტექნოლოგიები, რომელიც მოქმედებს ადამიანის კონტროლისა და საქმიანობის გარეშე. პირიქით, ის არის საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების გასაზღვრული ინტერესების (განსაკუთრებით - განვითარებულ ქვეყნებში არსებული ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ მაღალი მოგების მიღების) შესაბამისად რეკონსტრუირების გააზრებული პროგრამა.
აფრიკის ქვეყნებში გლობალიზაციის პროცესის ყველა ძირითადი პოლიტიკური პლატფორმის პრინციპი თხუთმეტიოდე წლის წინ სისრულეში იყო მოყვანილი, სტრუქტურულად მოწესრიგებული პროგრამების სახით. აფრიკის ქვეყნებმა მოახდინეს უცხოური ინვესტიციების დერეგულაცია, იმპორტის ლებერალიზაცია, შეასუსტეს სახელმწიფო კონტროლი.
აფრიკაში ქალი ყოველთვის იყო ჩაბმული ფერმერულ საქმიანობასა და ინდუსტრიაში. ის ასევე მუშაობდა სამოქალაქო მოსამსახურედ. ქალები აგრეთვე ჩაბმულნი იყვნენ მცირე მასშტაბის საწარმოო ამხანაგობებში. ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ სექტორებმა სერიოზულად განიცადეს ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემოღება. ქალი ამ კონტინენტზე ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ყველაზე კრიტიკულ ფაქტორს აგრიკულტურულ წარმოებაში და აგრიკულტურაში. ლიბერალიზაციამ მარცხი განიცადა, რამაც მიუწვდომელი გახადა კრედიტი, სხვა დამხმარე აგრიკულტურული საშუალებები, ისეთები როგორებიცაა სასუქები და მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. მათი პროდუქციის მარკეტინგი ისეთი ბიზნესმენების ხელში ჩავარდა, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური მოგების მიღება. ამის შედეგად აფრიკაში დიდი საფრთხის ქვეშაა საკვები. ქალები ზიმბამბის ფერმებში მომუშავეთა 60% შეადგენენ. აგრარულ ტერიტორიებზე გავლენა იმდენად სერიოზული იყო, სოფლის მაცხოვრებელთა მიგრაციამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. ამას მივყავართ ქალაქებში ახალმოსახლეთა რაოდენობის გაზრდამდე და დანაშაულებებამდე, რომელიც ძირითადად ქალებზე და ბავშვებზე აისახება.
ზიმბაბვეში ზოგიერთმა ქალმა ქვეყნის გარეთ ვაჭრობა დაიწყო. ამას თავისი საკუთარი სოციალური და კულტურული წინაპირობები ჰქონდა. ამ შემთხვევაში ბავშვებს მშობლების ზრუნვა დააკლდათ, რამაც საგანგაშოდ გაზარდა ბავშვების გატაცების ფაქტები. ზიმბაბვეში ყოველდღე საშუალოდ ოთხი ასეთი შემთხვევა ხდება. ბავშვები აღარ სხდებიან ბუხრის ირგვლივ და აღარ უსმენენ მოთხრობებს, რომლებიც ასწავლიან მათი ფასეულობების პატივისცემას, ერთიანობას, მშვიდობას, სიყვარულს. ეს აღარ ხდება თვით აგრარულ მხარეებში, რომელსაც კარგად მოერგებოდა ასეთი ტიპის გარემო. ხალხი - კაცი, ქალი თუ ბავშვი - ყველა ჩართულია გადარჩენისთვის ბრძოლაში, თითოეული დღისათვის საკვების მოსაპოვებლად ბრძოლაში.
იმ ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობ, ნახავთ 6 წლის ბავშვებს, რომლებიც ყიდიან ფორთოხალს, პომიდორს და სხვა ძირითად საკვებს საღამოს 8 საათამდე. ჩემი ბებიის თაობის დროს, აფრიკის ყველა ხალხი მკაცრ პოლიტიკას ატარებდა საკვების დაცვასთან დაკავშირებით. თუ ჩემს სოფელში გაივლიდით, თქვენ ყველა ოჯახში ნახავდით მოგროვილ სილოსს. დღესდღეობით ამის ნახვა შეუძლებელია - ხალხი იძულებულია, რასაც იშოვის, ყველაფერი შეჭამოს. თვით საშუალო კლასის მომუშავე ელიტა მიჩვეულია ისესხოს თავიანთი ხელფასი და პენსია მანადმე, ვიდრე მათ მიიღებენ.
მაგრამ ყველაზე განმაცვიფრებელი აქ უვიცობაა. თვით ყველაზე მდიდარი ხალხიც კი ვერ მოერგო იმ სისტემას, რომელმაც “დაიპყრო” აფრიკის მთელი კონტინენტი. მაგრამ მათ, ვინც მეტ-ნაკლებად გაერკვა მასში, არჩიეს თვალი დაეხუჭათ ამ სისტემის საბოლოო შედეგებზე და ისინიც ამ მოვლენის კეთილისმყოფელ მხარეს ხედავენ. ზიმბაბვეს გარეთ დამზადებული პერანგები უფრო იყიდება, ვიდრე ადგილზე წარმოებული. აქ მრავლადაა იმპორტირებული საქონელი. ის ქალბატონები, რომლებიც მოიხმარენ საფრანგეთიდან შემოტანილ პარფიუმერიას და იტალიურ ფეხსაცმელს, უფრო დაფასებული არიან, ვიდრე ისინი, ვინც ადგილობრივ პროდუქციას იყენებს. მდიდარი ოჯახების შვილებისათვის ხელმისაწვდომია ვიდეოთამაშები, ისინი დადიან საერთაშორისო სკოლებში, სადაც ეუფლებიან ინგლისურსა და სხვა ენებს.
აქაურ მუსიკასა და ცეკვაში ჭარბობს ობლობის, ტკივილის, ომისა და ნარკოტიკების თემები. ეს განეიტრალდა დასავლური, მაგალითად, მაიკლ ჯექსონის მუსიკით. ახალგაზრდობა ადგილობრივს დასავლურ მუსიკას ამჯობინებს; დასავლური მოდის მიხედვით შეიცვალა ვარცხნილობის სტილი, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
ვინც ამ ყველაფერს ფეხს ვერ აუწყობს, ის ჩამორჩება ცხოვრებას; ამიტომ ყველა ცდილობს ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ქალთა ეკონომიკურ აქტიურობაზე ძლიერი გავლენა იქონია გლობალიზაციამ. მალავიში, სადაც ადრე ბრინჯი მოჰყავდათ და შემდეგ ის იყიდებოდა მთელს სამხრეთ აფრიკაში, ახლა ბრინჯი აზიიდან შემოაქვთ, რომელიც ადგილობრივ პროდუქციაზე ბევრად იაფად იყიდება. ადგილობრივი პროდუქციის წარმოება იძულებით გაჩერდა. ქალები ძალზე შეწუხებული არიან მათ უფლებებზე ეკონომიკური სტრუქტურის მომწესრიგებელი პროგრამების გავლენით. ეს არის არა ეკონომიკური, არამედ ადამიანური ღირსების საკითხი. ადამიანების მოდგმას გააჩნია ღირსების გრძნობა. ჩვენ მოწმენი ვართ გლობალურ ეკონომიკაში და პოლიტიკურ კლიმატში მომხდარი უზარმაზარი ცვლილებებისა. თანამედროვე ნეოლიბერალური მოდელი აისახა იმ პოლიტიკაში, რომლის მიზანი იყო ყველა იმ დაბრკოლების გამოაშკარავება, რაც ხელს უშლიდა საზღვრებს გარეთ ეკონომიკური მოქმედების თავისუფლებას, მათ შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას, პროდუქციის რეგულირებას, სამუშაო, მომსახურებისა და სასაქონლო ბაზრის არსებობას, რეგიონული და საერთაშორისო შეთანხმებების აღსრულებას.
ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე თავისუფალი ეკონომიკური მოქმედების მიღწევამდე, აფრიკის ქვეყნების უმეტესობა რეგულირდებოდა სახელმწიფოს მიერ. ამ სისტემის პირობებში, ისინი იმპორტზე და ექსპორტზე აწესებდნენ ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზია, გაზრდილი გადასახადები იმპორტზე, დიდი გადასახადები ტრანზიტზე, კვოტები იმპორტსა და ექსპორტზე და ა.შ. ამან აიძულა შეექმნათ ადგილობრივი წარმოების საქონელი, რომელიც ადგილობრივი პროდუქციისაგან დამზადდებოდა. წაახალისეს ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივა. მაგრამ ეს დღესდღეობით შეიცვალა დონორების მხარდაჭერით, ეკონომიკური ლიბერალიზაციითა და ეროვნული საწარმოების პრივატიზაციით. ამ მოქმედებას იმით ამართლებდნენ, რომ ეს ხელს შეუწყობდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რაც განვითარებად ქვეყნებს იმის საშუალებას მისცემდა, რომ გაადეხადათ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაგროვილი საგარეო ვალები.

უთანასწორობა

საუბედუროდ, “გლობალიზაციის თეორია” ამტკიცებს, რომ ის ყველა ადამიანზე, ქალზე თუ კაცზე, მდიდარსა თუ ღარიბზე ერთნაირად იმოქმედებს. უფრო მეტიც: ასევე ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო სავაჭრო შეასძლებლობები და პერსპექტივები ერთნაირადაა ხელმისაწვდომი და ღია, როგორც პატარა საწარმოებისთვისა და ახალდაარსებული წარმოებებისთვის, ასევე დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის და კარტელებისთვის.
გლობალიზაცია სხვა კუთხითაც გამოვლინდა, კერძოდ, საერთაშორისო ვაჭრობით, რომელიც მჭიდრო კავშირშია ხალხის საარსებო წყაროსთან და უმთავრეს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან. მილიონობით ღარიბი აფრიკელი ადამიანისთვის ვაჭრობა ყოველდღიური ცხოვრების წესი და კეთილდღეობის უმთავრესი განმსაზღვრელია. როდესაც ხალხის სოციალური და ეკონომიკური უფლებები შელახულია, მათი კულტურაც შელახულია. ვაჭრობა, რომელიც ეფუძნება სოციალური უსამართლობის დაუშვებელ დონეს, იწვევს ეკოლოგიურ და გარემოს დაბინძურებას, უარყოფს მომავალი თაობებისადმი ჩვენს ვალდებულებებს არ არის განვითარების ხელისშემწყობი ფაქტორი.
აფრიკაში დაფუძნდნენ და გაფართოვდნენ TNC-ის მსგავსი დიდი კომპანიები, რომელთაც ადგილობრივ საწარმოებზე უფრო იაფად შემოიტანეს თავიანთი პროდუქცია და ამით მრავალი ადგილობრივი საწარმო აიძულეს დახურულიყვნენ. ზიმბაბვეში ტანსაცმლის სექტორმა დიდი დარტყმა განიცადა ადგილობრივი საწარმოს დახურვით, რამაც თან ათასობით მომუშავის შემცირება გამოიწვია. ეს მომუშავეები ოჯახის მარჩენალები იყვნენ. მტკიცე სამუშაო ბაზრის არსებობის გამო მრავალი მათგანი იმედგაცრუებულია: მათ არ აქვთ არც სამუშაო და არც ფული. იმპორტმა და ევროპიდან შემოსულმა მეორადი მოხმარების იაფმა ტანსაცმელმა მრავალი ქალი აიძულა თავისი ბიზნესი მიეტოვებინა. კენიაში იმ ქალებზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "kiondos"-ის (ჩანთის სახეობა) წარმოებაში, ნეგატიურად იმოქმედა იაპონიაში წარმოებული ანალოგიური პროდუქცუიის უფრო იაფად შემოსვლამ სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში.
მალიში უცხოელმა ინვესტორებმა მოახერხეს ისეთი საწარმოების შემოსავლების ხელში ჩაგდება, როგორებიცაა თამბაქოსა და ქსოვილის ინდუსტრია, რომ აღარაფერი ვთქვათ ეროვნულ ავიახაზებზე. კამერუნში, აგრიკულტურული ტექნიკა და ეროვნული ავიახაზები ასევე უცხოელმა ინვესტორებმა ჩაიგდეს ხელთ. აფრიკული ბაზარი საბაზო რეგიონი გახდა ყველა სახის საქონლისათვის, რომელიც იქ შედიოდა განვითარებული და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან. ყველა მათგანი სარგებლობდა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკით. ზამბიაში და ტანზანიაში ჩაკვდა ძრავებისა და ქსოვილის ინდუსტრია. კოლაფსი განიცადა ძრავების და ქსოვილის ინდუსტრიამ.
მასობრივი უმუშევრობა აფრიკის საერთო დამახასიათებელი მოვლენაა. მაგალითად, ზამბიაში, საწარმოების ლიკვიდაციისა და გაკოტრების გამო, 1992 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის მანძილზე, 200.000 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ზიმბამბვე, ბოთსვანა, კენია, უგანდა, ტანზანია და სხვა აფრიკული ქვეყნები ერთმანეთის მსგავსია. ამას პირდაპირი გავლენა აქვს აფრიკული კულტურის შტრიხებზე.
აფრიკის მრავალ ქვეყანაში ყოველთვის კაცის მოვალეობა იყო ოჯახის შენახვაზე ზრუნვა. ახლა ეს შეიცვალა. ქალი და კაცი - ორივე გადის სახლიდან სამუშაოს საძებნელად. იმ შემთხვევებში, როდესაც ხარჯების მაქსიმალური შემცირების საკითხი დგას, უფრო ხშირად კაცი რჩება უმუშევარი, ვიდრე ქალი. ამან გავლენა იქონია საშინაო საქმეებზე პასუხისმგებლობის განაწილებაზე, სადაც ხშირად როლები იცვლება - კაცი ზრუნავს ბავშვებზე და საშინაო საქმეებზე. იმ შემთხვევებში, როდესაც კაცი სამუშაოდ გადის, ქალი იძულებულია ხელი მოჰკიდოს დამატებით საქმიანობას, ისეთებს, როგორებიცაა ქსოვა, კერვა და ბოსტნეულის გაყიდვა, რათა შეავსოს ქმრის ხელფასი. ამ ქვეყანაში ქალზე დიდი გავლენა იქონია გლობალიზაციამ. აქ ბევრი კაცი უმუშევარი დარჩა, მაგრამ როდესაც თვალს სტატისტიკას გადავავლებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას ვნახავთ. ლესოტოში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას მოსთხოვეს, რომ სამუშაო ძალა 50% შეემცირებინა, რასაც იქ მომუშავე ყველა ქალის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ESAP-ის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოებს მოეთხოვებათ საზოგადოებრივი დანახარჯების შემცირება. პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს ეხება. აფრიკის უმეტეს საზოგადოებებში ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ძირითადად ქალებს ეკისრებათ.
აფრიკაში მრავალი გოგონა გამოიყვანეს სკოლიდან, რადგანაც მათ ოჯახებს არ შეუძლიათ ყველა სასკოლო გადასახადის გადახდა. ზიმბაბვეში ასეთი მასშტაბებისთვის ამ მოვლენას ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ განას და უგანდას მოსახლეობა, რომლებიც SAP-ის პირობებში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, გეტყვიან, რომ მათ ქვეყანაში მთელ თაობებს არ უვლიათ სკოლაში, მათ შორის კი უმეტესობა ქალი იყო. აფრიკაში იმ ადამიანთა უფლებები, რომლებსაც სკოლაში არ უვლიათ, შეზღუდულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდია უმუშევრად დარჩენის ალბათობა. შეზღუდულია ეკონომიკური უფლებები. ქალთა უპირველესი პრობლემა დღესდღეობით განათლებაა. განათლებამ ქალი უნდა გაათვითცნობიეროს საკუთარ უფლებებში და ასწავლოს მათი დარღვევის შემთხვევაში თავის დაცვის გზები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთმა უნდა შეცვალოს განვითარების კონცეფცია. ეკონომიკური წინსვლა კულტურული და სოციალური სამართლიანობის გარეშე ვერ იქნება ჩვენი განვითარების იდეალი. აუცილებელია, რომ განვითარების დონე განისაზღვროს ადამიანთა ცხოვრების დონით, რაც აისახება საზოგადოების თითოეული წევრის უკეთეს განათლებასა და ჯანმრთელობაში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ქალსაც და კაცსაც თანაბარი უფლებები აქვს, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ჩრდილოეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ეკისრება ამ პროცესში. არასოდეს უნდა იქნას დაშვებული ის, რაც შეზღუდავს ხალხის უსაფრთხოებას, იდენტურობის გრძნობასა და ღირსებას. აფრიკამ უნდა ისწავლოს საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრის პატივისცემა. ამავე დროს, ჩრდილოეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს აფრიკელი ხალხის გამონათქვამს: "Shonyala okhumanya inzu yowasio tawe".

ორიგინალი ინგლისურ ენაზე

ინგლისურიდან თარგმნა დავით მაცაბერიძემ

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი