სემუელ ჰანგთინგტონი
უნივერსალური ცივილიზაცია? მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია (წიგნიდან "ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა")

The Clash of Civilizations and the Remaking of World Order; a Toughstone Book, New York, 1996

I. ცივილიზაციათა სამყარო
თავი 3. უნივერსალური ცივილიზაცია? მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია




უნივერსალური ცივილიზაცია: მნიშვნელობები

ხშირად ამტკიცებენ, რომ თანამედროვე სამყარო მოწმეა “უნივერსალური ცივილიზაციის” შობისა (ეს ტერმინი ვ.ს.ნაიპოლს ეკუთვნის). რას გულისხმობენ ამ ტერმინში? ნაიპოლის იდეა ზოგადად გულისხმობს კაცობრიობის კულტურულ გაერთიანებას, მთელი მსოფლიოს ხალხების მიერ საერთო ფასეულობების, რწმენა-წარმოდგენების, ორიენტაციების, ტრადიციებისა და ინსტიტუტების გაზიარებას. უფრო ზუსტად, ეს შეიძლება გულისხმობდეს სიღრმისეულ, მაგრამ უმნიშვნელო, ან მნიშვნელოვან, მაგრამ არასიღრმისეულ მხარეებს, ან სულაც - უმნიშვნელოსა და ზედაპირულს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ყველა საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული ძირითადი ფასეულობანი - როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობის ბოროტებასთან გაიგივება; საერთო საბაზო ინსტიტუტები - მაგალითად, სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ოჯახის ინსტიტუტი. საზოგადოებათა უმრავლესობას ერთმანეთის მსგავსი “მორალური კოდექსი” აქვს – ელემენტარული ზნეობრივი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ “უნივერსალური ცივილიზაციის” ცნებაში ეს აზრია ჩადებული, იგი ღრმა და მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, ეს არც ახალია და არც აქტუალური. ის ფაქტი, რომ ადამიანებს აქვთ რამდენიმე საერთო ფუნდამენტური ფასეულობა და ინსტიტუტი მთელი ისტორიის განმავლობაში, შეიძლება გვიხსნიდეს ადამიანის ქცევის გარკვეულ კონსტანტებს, მაგრამ მას არ ძალუძს შუქი მოჰფინოს ან ახსნას ისტორია, რომელიც სავსეა ადამიანის ქცევაში მომხდარი ცვლილებებით. გარდა ამისა, თუ მთელი კაცობრიობისათვის საერთო უნივერსალური ცივილიზაცია არსებობს, მაშინ რა ტერმინს ვიყენებთ კაცობრიობის დიდი კულტურული დაჯგუფებების აღსანიშნავად, რასების გარდა? კაცობრიობა იყოფა ქვეჯგუფებად – ტომებად, ერებად და უფრო ფართო კულტურულ ერთობებად, რომელთაც ცივილიზაცია ეწოდება. თუ ცივილიზაციის ცნება აყვანილია მთელი კაცობრიობის აღმნიშვნელ გაგებამდე, მაშინ ან უდიდესი კულტურული დაჯგუფების - კაცობრიობის - აღმნიშვნელი ახალი ტერმინი უნდა გამოვიგონოთ, ან უნდა დავუშვათ, რომ ეს დიდი, მაგრამ არა კაცობრიობის მასშტაბის მქონე დაჯგუფებები გაქრება. ვაცლავ ჰაველი, მაგალითად, ამტკიცებდა, რომ “ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ერთ გლობალურ ცივილიზაციაში” და რომ იგი სხვა “არაფერია, თუ არა თხელი საბურველი”, რომელიც “ფარავს ან მალავს კულტურათა, ხალხთა, რელიგიათა სამყაროების უდიდეს მრავალფეროვნებას, ისტორიულ ტრადიციებსა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ შეხედულებებს; ყველაფერი ეს, გარკვეული აზრით, მის საფარქვეშაა მოქცეული”. “ცივილიზაციის” ტერმინისათვის გლობალური მნიშვნელობის მინიჭება, ხოლო იმ დიდი კულტურული ერთობების “კულტურის” ან “სუბცივილიზაციის” სახელით მოხსენიება, რომლებიც ყოველთვის ცივილიზაციებად იწოდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ტერმინების სემანტიკურ აღრევას თუ გამოიწვევს.
მეორე, გასათვალისწინებელია, რომ “უნივერსალური ცივილიზაცია” შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ელემენტების აღსანიშნავად, რომელთა არსებობა დამახასიათებელია ცივილიზებული საზოგადოებებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ქალაქები და განათლებულობა – ის, რაც განარჩევს მათგან პირველყოფილ საზოგადოებებსა და ბარბაროსებს. ეს, ცხადია, ტერმინის მეთვრამეტე საუკუნისეული გაგებაა, რომელიც ცივილიზაციის მხოლობით რიცხვს გულისხმობს და რომლის მიხედვით, უნივერსალური ცივილიზაცია პერსპექტივის საქმეა, ანთროპოლოგებისა და პირველყოფილი საზოგადოებების ბედით შეწუხებული ხალხის საუბედუროდ. ამ გაგებით, ცივილიზაცია, კაცობრიობის ისტორიის მსვლელობის კვალობაზე, თანდათანობით ფართოვდებოდა და მისი (მხოლობით რიცხვში) გავრცელება თავსებადი იყო სხვადასხვა ცივილიზაციის (მრავლობით რიცხვში) არსებობასთან.
მესამე, ტერმინი “უნივერსალური ცივილიზაცია” შეიძლება აღნიშნავდეს წარმოდგენებს, ფასეულობებსა და დოქტრინებს, რომლებიც საერთოა ბევრი ადამიანისათვის დასავლურ ცივილიზაციაში და ზოგიერთებისათვის - სხვა ცივილიზაციებში. ამას შეიძლება “დავოსის კულტურა” ვუწოდოთ. ყოველწლიურად ათასამდე ბანკირი, ბიზნესმენი, სახელმწიფო მოხელე, მოაზროვნე თუ ჟურნალისტი მთელი რიგი ქვეყნებიდან იკრიბება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, შვეიცარიაში. თითქმის ყოველ მათგანს აქვს უნივერსიტეტის დიპლომი საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებში, ბიზნესში, სამართალში, ისინი იკვლევენ სიტყვებსა თუ რიცხვებს, თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას, დასაქმებული არიან სახელმწიფო ორგანოებში, კორპორაციებსა და აქტიურ საერთაშორისო ცხოვრებაში ჩამბულ სამეცნიერო დაწესებულებებში, ხშირად მოგზაურობენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ისინი, ძირითადად, იზიარებენ საერთო წარმოდგენებს ინდვიდუალიზმზე, საბაზრო ეკონომიკასა და პოლიტიკურ დემოკრატიაზე, რაც დამახასიათებელია დასავლური ცივილიზაციის საზოგადოებისათვის. “დავოსის ხალხი” აკონტროლებს, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო დაწესებულებას, მრავალი ქვეყნის მთავრობას და მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მეტ წილს. აქედან გამომდინარე, “დავოსის კულტურა” უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, რამდენი ადამიანი იზიარებს ამ კულტურას მსოფლიო მასშტაბით? დასავლეთს გარეთ, ალბათ, 50 მლნ-ზე ნაკლები, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 1 პროცენტი. იგი საკმაოდ შორს არის იმისგან, რომ უნივერსალური კულტურა იყოს, და ლიდერებს, რომლებიც ეკუთვნიან “დავოსის კულტურას”, ყოველთვის როდი აქვთ მყარი დასაყრდენი საკუთარ საზოგადოებებში. როგორც ჰედლი ბული აღნიშნავდა, “ეს საერთო ინტელექტუალური კულტურა მხოლოდ ელიტური მოვლენაა: ბევრ საზოგადოებაში მისი ფესვები ფრიად მყიფეა... საეჭვოა, რომ იგი შეეზრდება იმას, რასაც საერთო ზნეობრივ პრინციპებს, საერთო ფასეულობებს უწოდებენ და რაც ესოდენ განსხვავებულია საერთო ინტელექტუალური კულტურისაგან.”
მეოთხე, მიღებული აზრია, რომ დასავლურ წარმოდგენათა სისტემებისა და პოპულარული კულტურის საყოველთაო გავრცელება მთელს მსოფლიოში უნივერსალურ ცივილიზაციას ქმნის. ეს მოსაზრება არც ღრმაა და არც მნიშვნელოვანი. კულტურული სიახლეები ცივილიზაციიდან ცივილიზაციას გადაეცემოდა მთელი ისტორიის მანძილზე. ერთი ცივილიზაციის წიაღში გაჩენილ ინოვაციას, როგორც წესი, მეორე ცივილიზაცია ითვისებს. თუმცა აქ ლაპარაკია ტექნიკურ სიახლეებზე, რომლებსაც არ მოჰყვება დიდი კულტურული გარდატეხები ან სიახლეები; ისინი წარმავალია, და არ ცვლიან მიმღები ცივილიზაციის ძირითად კულტურას. ამ სიახლეებს რეციპიენტი ცივილიზაცია ითვისებს ეგზოტიკურობის ან იძულების გამო. გასულ საუკუნეებში დასავლურ სამყაროს პერიოდულად გადაუვლიდა ხოლმე ჩინური და ინდური კულტურის გარკვეული ელემენტებით გამოწვეული ენთუზიაზმის ტალღა. XIX საუკუნეში დასავლეთის კულტურული სიახლეები პოპულარული გახდა ინდოეთსა და ჩინეთში, რადგან იქ შეიმჩნეოდა დასავლეთისადმი ლოიალურობა. მოსაზრება, თითქოს პოპულარული კულტურისა და სამომხმარებლო საქონლის მთელს მსოფლიოში გავრცელება დასავლური ცივილიზაციის ტრიუმფია, აუფასურებს კიდეც თავად დასავლურ კულტურას. დასავლური კულტურის არსია Magna carta (თავისუფლების დიდი ქარტია), და არა Magna Mak (დიდი სენდვიჩი). ის ფაქტი, რომ არადასავლელმა შეიძლება ეს უკანასკნელი მიირთვას, სულაც არ ნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია სხვა ფასეულობებიც.
ეს სრულიადაც არ გამოხატავს არადასავლელის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ექვსიოდე ახალგაზრდა შეიძლება ჯინსებში იყოს გამოწყობილი, კოკა-კოლას სვამდეს, რეპს უსმენდეს, ამავე დროს კი, ლოცვებს შორის, რომელთაც ისინი მექისაკენ პირშექცეული აღავლენენ, ბომბს ამზადებდნენ ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის ასაფეთქებლად. 1970-იან და 1980-იან წლებში ამერიკელები ყოველგვარი “იაპონიზირების” გარეშე მოიხმარდნენ მილიონობით იაპონურ მანქანას, ტელევიზორს, კამერას და ელექტრონულ ხელსაწყოს, მეტიც - ეს ყველაფერი იაპონიისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულების ფონზე ხდებოდა. მხოლოდ გულუბრყვილო ამპარტავნობა თუ აფიქრებინებს დასავლელებს, რომ არადასავლელები “ვესტერნიზდებიან” დასავლური საქონლის შეძენის შედეგად. მართლაცდა სასაცილოა, როდესაც დასავლელები თავიანთ ცივილიზაციას აიგივებენ შუშხუნა სასმელებთან, გახუნებულ ჯინსებთან და სენდვიჩთან.
უნივერსალური პოპულარული კულტურის უფრო დახვეწილი ვერსია ყურადღებას ამახვილებას არა სამომხმარებლო საქონელზე, არა კოკა-კოლაზე, არამედ მედიასა და ჰოლივუდზე. ამერიკის გავლენა მსოფლიო კინოზე, ტელევიზიასა და კონოპროდუქციაზე აღემატება კიდეც ამერიკის პოზიციებს საავიაციო მრეწველობაში. 1993 წლის მონაცემების მიხედვით, 100 ყველაზე პოპულარული ფილმიდან 88 ამერიკული იყო. ორი ამერიკული და ორი ევროპული ორგანიზაცია დომინირებს გლობალური მასშტაბით ახალი ამბების მოპოვებასა და გავრცელებაში. აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი მოვლენა. პირველი - ესაა საყოველთაო მოთხოვნილება პროდუქციაზე, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან, სექსთან, ძალადობასთან, იდუმალ ამბებთან, გმირობასთან, სიმდირესთან; აგრეთვე მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების (პირველ რიგში, ამერიკული) უნარი - გამოიყენონ ეს მოთხოვნილება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არსებობს არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ვიფიქროთ, თითქოს გლობალური კომუნიკაციის საშუალებათა გასაყოველთაოებას გამოეწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანთა წარმოდგენებსა და რწმენაში. “გართობა”, ამბობდა მაიკლ ვლახოსი, “სულაც არ ნიშნავს კულტურული სახის შეცვლას.” მეორე: ადამიანები სიახლეებს აღიქვამენ იმთავითვე განსაზღვრული ღირებულებების და თვალსაწიერის პოზიციიდან (ე.ი. თავისებურად). “ერთი და იგივე ვიზუალური გამოსახულების გადმოცემა პლანეტის სხვადასხვა კუთხეში”, ამტკიცებს კიშორე მაჰბუბანი, “სხვადასხვანაირ აღქმას იწვევს. დასავლეთში აპლოდისმენტებით შეხვდებიან მფრინავი რაკეტებით ბაღდადის დაბომბვის კადრებს, ხოლო სხვები დაინახავენ, რომ ფერადკანიანი ერაყელები და სომალელები, თეთრკანიანი სერბებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად ისჯებიან დასავლეთის მიერ – საგანგაშო სიგნალია ყველა თვალსაზრისით.”
გლობალური კავშირის საშუალებები დასავლური გავლენის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე გამოხატულებაა. თუმცა, ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს არადასავლურ საზოგადოებათა პოპულისტ პოლიტიკოსებს, ლანძღონ დასავლური კულტურული იმპერიალიზმი და დარაზმონ თავიანთი საზოგადოებები გაქრობის პირას მყოფი საკუთარი კულტურების ერთიანობის დაცვისა და გადარჩენისათვის. გლობალურ კომუნიკაციათა სფეროში დასავლეთის გავლენის მასშტაბები დასავლეთისადმი არადასავლურ საზოგადოებათა მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების მთავარ წყაროდ (მიზეზად) გვევლინება. მეტიც, 1990-იანი წლების დასაწყისში არადასავლურ საზოგადოებათა მოდერნიზაციამ და ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა ადგილობრივი და რეგიონული მედია-ინდუსტრიის გაჩენა, რომლის მუშაობა გათვლილი იყო იქაური საზოგადოებების გემოვნებაზე. მაგალითად, 1994 წელს, CNN International დაადგინა, რომ მას ჰყავდა 55 მილიონიანი პოტენციური მაყურებელი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტი (საოცარია, რომ ეს რაოდენობა ემთხვევა “დავოსის კულტურის” მატარებელი ხალხის რაოდენობას), მისმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ინგლისურენოვანმა გადაცემებმა, საბოლოოდ, შეიძლება ბაზრის მხოლო 2-4 პროცენტი შეადგინოს. მაშასადამე, რეგიონული (ე.ი. ცივილიზაციური) ტელეკომპანიები დაიწყებენ გადაცემებს ესპანურად, იაპონურად, არაბულად, ფრანგულად (დასავლეთ აფრიკისათვის) და სხვა ენებზე. “გლობალურ რედაქციას”, სამი მკვლევარის დასკვნით, “კვლავ ეწინააღმდეგება ბაბილონის გოდოლი”. რონალდ დორს მოჰყავს დიპლომატიურ წრეებსა და საზოგადო მოღვაწეებში გლობალური ინტელექტუალური კულტურის გაჩენის შთამბეჭდავი მაგალითი, თუმცა საბოლოოდ მიდის ავტორიტეტულ დასკვნამდე, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციების ინტენსიფიკაციის გავლენასთან: “როგორც წესი [ხაზგასმა ავტორის], კომუნიკაციების შემჭიდროებამ და დახვეწამ უნდა უზრუნველყოს საფუძველი ურთიერთობათა დათბობისათვის ნაციებს შორის, სულ ცოტა - საშუალო კლასებს შორის, ან, თუნდაც, დიპლომატიურ წრეებში”, თუმცა, დასძენს იგი, “წესი ყოველთვის არ წესობს.”

ენა. ნებისმიერი კულტურისა თუ ცივილიზაციის მთავარი ელემენტი არის ენა და რელიგია. თუ უნივერსალური ცივილიზაცია იქმნება, მაშინ უნდა შეიმჩნეოდეს უნივერსალური ენისა და უნივერსალური რელიგიის შექმნის ტენდენციები. მსგავსი მოსაზრება ხშირად გვესმის ენასთან დაკავშირებით. “მსოფლიო ენას ინგლისური წარმოადგენს”, როგორც ეს “უოლ სტრიტ ჯორნალის” რედაქტორმა განაცხადა. აქ შეიძლება ორი რამ ვიგულიხმოთ, რომელთაგან მხოლოდ ერთი თუ ამართლებს მოსაზრებას უნივერსალური ცივილიზაციის არსებობის თუ გაჩენის თაობაზე. შეიძლება, ეს ნიშნავდეს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მზარდი ნაწილი ლაპარაკობს ინგლისურად. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ამ მოსაზრების სასარგებლოდ, და ყველაზე უფრო სანდო მონაცემები, რომელიც, მართალია, ვერ იქნება სულ ზუსტი, სრულიად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. სამ ათწლეულზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის (1958-1992 წწ.) მონაცემები მეტყველებს, რომ ენის მოხმარების საერთო სურათი ბოლო წლებში მსოფლიოში კარდინალურად არ შეცვლილა, საგრძნობლად შემცირდა ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად და იაპონურად მოლაპარაკე ხალხის წილი, მცირე კლება შეიმჩნევა მანდარინის დიალექტზე მოლაპარაკე ხალხის საერთო წილისა, მატება - ინდურად, მალაი-ინდონეზიურად, არაბულად, ბენგალურად, ესპანურად, პორტუგალიურად და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხისა. 1958 წელს საერთაშორისო ენებს შორის (რომელზეც, სულ ცოტა, 1 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს) ინგლისურად მოლაპარაკეთა პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 9.8 პრეცენტს შეადგენდა, ხოლო 1992 წლისათვის მისი წილი 7.6 პროცენტამდე შემცირდა (იხ. ცხრილი 3.1).

წყარო: პროცენტული მონაცემები გამოთვლილია პროფ.სიდნი ს.ქიულბერტის (ქ.სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრა) მიერ თავმოყრილი მასალის საფუძველზე. ყოველწლიური გამოცემა World Almanac and Book of Facts გვაწვდის მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი საუბრობს ენებზე, რომლებზე მოლაპარაკეთა რიცხვი მილიონია ან მილიონს აჭარბებს. ქიულბერტის მონაცემებში შევიდა როგორც მშობლიურ, ასევე არამშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. მასალები შეგროვებულია მოსახლეობის აღწერების, შერჩევითი და საეთერო გამოკითხვების, ასევე მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლების და სკოლების მიხედვით.
ხუთ ძირითად ევროპულ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ესპანური) მოლაპარაკეთა რაოდენობა, 1958 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 24.1 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 1992 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 20.8 პროცენტამდე იკლო. 1992 წელს, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით ორჯერ მეტი ადამიანი ლაპარაკობდა ჩინურად (მსოფლიოს მოსახლეობის 15.2 პროცენტი), ვიდრე ინგლისურად, და დამატებით კიდევ 3.6 პროცენტი საუბრობდა ჩინურის სხვა ვერსიებზე (იხ. ცხრილი 3.2).
ერთის მხრივ, ენა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტისათვის უცხოა, ვერ იქნება მსოფლიო ენა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, რადგან ეს არის ენა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ენობრივი ჯგუფებისა და კულტურების ხალხი იყენებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებისათვის, ანუ ის რეალურად მსოფლიოს lingua franka-ა - ლინგვისტური ტერმინი რომ მოვიშველიოთ, ფართო საურთიერთობო ენას წარმოადგნეს. თუ ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, უნდა გამონახონ საამისო საშუალება. გარკვეულ ეტაპზე მათ, შეიძლება, მიმართონ პროფესიონალებს, რომლებიც თავისუფლად ფლობენ ორ ან მეტ ენას თარჯიმნობისა და მთარგნელობითი საქმიანობისათვის. თუმცა ეს ფრიად მოუხერხებელია, მას დიდი დრო და ხარჯი სჭირდება. სწორედ ამის გამო, ისტორიის განმავლობაში ჩნდებოდა ლინგუა ფრანკ-ები: ლათინური ანტიკურ და შუასაუკუნეების სამყაროში, ფრანგული - დასავლეთში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ზვაჰილური - აფრიკის მრავალ კუთხეში, ინგლისური - მსოფლიოს უმრავლეს ადგილებში XX საუკუნის მეორე ნახევარში. დიპლომატებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს, ტურისტებს და მათ მოსამსახურე პერსონალს, ასევე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს და საჰაერო დისპეტჩერებს სჭირდებათ მოსახერხებელი საშუალება ურთიერთობისათვის, რომელიც ამჟამად ინგლისურის მეშვეობით ხორციელდება.

წყარო: პროცენტული მონაცემები გამოთვლილია პროფ.სიდნი ს.ქიულბერტის (ქ.სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრა) მიერ თავმოყრილი მასალის საფუძველზე და გამოცემულია World Almanac and Book of Facts (1959; 1993 წწ.)

ამ აზრით, ინგლისური მსოფლიოს კულტურათშორისი ურთიერთობის საშუალებაა, ისევე როგორც ქრისტიანული კალენდარი წარმოადგენს მსოფლიოსათვის დროის განსაზღვრის საშუალებას, არაბული რიცხვები - თვლის საშუალებას, მეტრული სისტემა კი - უმეტესი მსოფლიოსათვის - გაზომვის საფუძველს. ამ გაგებით, ინგლისური ენის გამოყენება ინტერკულტურული ურთიერთობის სფეროს მოიცავს; იგი ითვალისწინებს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული კულტურების არსებობას. lingua franka ენობრივი და კულტურული განსხვავებების დაძლევის, და არა მათი მოსპობის საშუალებაა. იგი ურთიერთობის ხერხია, და არა საკუთარი მეობისა და გარკვეული საზოგადოებისადმი კუთვნილების განსაზღვრის საშუალება. როდესაც იაპონელი ბანკირი და ინდონეზიელი ბიზნესმენი ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებიან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი გაინგლისელებული ან ვესტერნიზირებულია. იგივე შეიძლება ვთქვათ გერმანულად და ფრანგულად მოლაპარაკე შვეიცარიელებზე, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ინგლისურად ლაპარაკს ამჯობინებენ, ვიდრე რომელიმე მათ სახელმწიფო ენაზე. ასევე, ინდოეთში, ნერუს გეგმების საწინააღმდეგოდ, ინგლისურის, როგორც დამხმარე-საურთიერთობო ენის შენარჩუნება მიუთითებს ინდოეთში მცხოვრები არა-ჰინდის ენაზე მოლაპარაკე ხალხის სურვილზე, შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა, იმის საჭიროებაზე, რომ ინდოეთი მრავალენოვან საზოგადოებად დარჩეს.
როგორც წამყვანმა მკვლევარმა-ლინგვისტმა ჯოშუა ფიშმენმა აღნიშნა, უფრო სავარაუდოა, lingua franka-დ ანუ ფართო საურთიერთობო ენად (LWC) იქცეს ის ენა, რომელიც ნაკლებადაა გაიგივებული კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან, რელიგიასა თუ იდეოლოგიასთან. წარსულში ინგლისური ენა დაკავშირებული იყო ზემოთხსენებულ ფაქტორებთან. ბოლო დროს იგი “დე-ეთნიზებული (ან მინიმალურად ეთნიზებული)” გახდა, როგორც ეს წარსულში აქადური, არამეული, ბერძნული თუ ლათინური ენების შემთხვევებში მოხდა. “ინგლისურს, როგორც დამხმარე (მეორად) ენას, კარგი ბედი დაჰყვა, რის დასტურიცაა ის ფაქტი, რომ არც ერთი მისი წყარო - არც ბრიტანული და არც ამერიკული, დაახლოებით ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე, არ განიხილება ფართოდ და აშკარად ეთნიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტში” [ხაზგასმა ავტორის]. მაშასადამე, ინგლისური ენის გამოყენება კულტურათშორის ურთიერთობებში ხელს უწყობს და აძლიერებს კიდეც ცაკლეულ ხალხთა კულტურულ იდენტურობებს. სწორედ იმის გამო, რომ ხალხს სურს საკუთარი კულტურის შენარჩუნება, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას იგი იყენებს ინგლისურ ენას.
მთელ მსოფლიოში ინგლისურად მოლაპარაკე ხალხი სხვადასხვანაირ ინგლისურზე საუბრობს. ინგლისური ავტოქტონიზებულია და იძენს ადგილობრივ შეფერილობას, რითიც შორდება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს, უკიდურეს შემთხვევებში - იმდენადაც კი, რომ მათ უკვე აღარ ესმით ერთმანეთის, ისევე, როგორც ეს ჩინური ენის დიალექტების შემთხვევაში ხდება. ნიგერიული ინგლისური პიჯინი, ინდური ინგლისური და ინგლისურის სხვა ვარიანტები შერწყმულნი არიან თავიანთ მასპინძელ კულტურებს; სავარაუდოდ, მათი დიფერენცირების პროცესი მომავალში უფრო გაღრმავდება, ისე, რომ ისინი გადაიქცევიან ინგლისურის მონათესავე, მაგრამ სხვა (ცალკე) ენებად, ისევე, როგორც ლათინურიდან აღმოცენდნენ რომანული ენები. თუმცა იტალიური, ფრანგული და ესპანური ენებისაგან განსხვავებით, ეს ინგლისურიდან ნაწარმოები ენები საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის მიერ იქნება გამოყენებული, ან კიდევ მათ გამოიყენებენ, უმთავრესად, ცალკეული ლინგვისტური ჯგუფების ურთიერთობებში.
სწორედ მსგავს პროცესებს შეიძლება მივადევნოთ თვალი ინდოეთში. მაგალითად, არაზუსტი ცნობებით, 1983 წელს იქ, 733 მილიონიან მოსახლეობაში, 18 მილიონი ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1991 წლისათვის, 867 მილიონიანი მოსახლეობიდან 20 მილიონი მეტყველებდა ინგლისურად. მაშასადამე, ინდოეთის მოსახლეობაში ინგლისურად მოლაპარაკეთა წილი შედარებით მდგრადი იყო (2-4 პროცენტის ფარგლებში). ვიწრო ელიტური წრეების გარეთ ინგლისური ენა ლიგნუა ფრანკა-ს ფუნქციას არც ასრულებს. “სიმართლე ისაა, რომ როდესაც ვინმე კაშმირიდან კანიაკუმარისკენ (ინდოეთის ნახევარკუნძულის ყველაზე სამხრეთი წერტილი) მიემგზავრება, კავშირი, ძირითადად, ჰინდის, და არა ინგლისური ენის მეშვეობით ხორციელდება”, – აცხადებს ნიუ დელის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ორი პროფესორი. მეტიც, ინდური ინგლისური თავისთავად იძენს არაერთ გამორჩეულ მახასიათებელს: იგი ინდუიზებულ იქნა, უფრო ზუსტად კი მან, სივრცის ცვლილების კვალობაზე, ლოკალური თვისებები შეიძინა. ინგლისური ერწყმის ინდურ კულტურას ისევე, როგორც ეს წარსულში მოხდა სანსკრიტთან და სპარსულ ენასთან დაკავშირებით.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ენის გადანაწილება ასახავდა ძალების გადანაწილებას მსოფლიოში. ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენები - ინგლისური, მანდარინი, ესპანური, ფრანგული, არაბული, რუსული – არიან ან იყვნენ იმპერიულ სახელმწიფოთა ენები, რომლებიც მონდომებით ცდილობდნენ იმას, რომ ამ ენაზე სხვა ხალხებიც ამეტყველებულიყვნენ. ცვლილებები ძალთა თანაფარდობაში გავლენას ახდენს ენების გამოყენებაზე. “ბრიტანეთის და ამერიკის კოლონიურმა, სავაჭრო, ინდუსტრიულმა, სამეცნიერო და ფინანსურმა ძალაუფლებამ საგრძნობი დაღი დაამჩნია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას, სახელისუფლო მმართველობას, ვაჭრობასა და ტექნოლოგიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში”. ბრიტანეთი და საფრანგეთი მოითხოვდნენ მათი ენების გამოყენებას კოლონიებში. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოფილ კოლონიათა უმრავლესობა, გარკვეული აქტიურობითა და სხვადასხვა წარმატებით, შეეცადა იმპერიული ენის შეცვლას ადგილობრივი ენით. საბჭოთა კავშირის ზენიტში ყოფნის დროს რუსული ენა საერთაშორისო ენას წარმოადგენდა პრაღიდან მოყოლებული ჰანოიმდე. რუსეთის ძალაუფლების დამცრობის პარალელურად, აღინიშნა რუსულის, როგორც მეორადი ენის გამოყენების შემცირება. რაც შეეხება კულტურის სხვა ელემენტებს, მზარდ ზეწოლას თან სდევს როგორც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა თვითდაჯერებულობა, ისე სტიმული სხვებისათვის - აითვისონ იგი. ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ თაბრუდამხვევ პერიოდში გერმანია მოიაზრებოდა ახალ გიგანტად, შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ ინგლისურად სუფთად მოლაპარაკე გერმანელს საერთაშორისო შეხვედრებზე გერმანულად ელაპარაკა. იაპონიის ეკონომიკურმა ძლიერებამ სტიმული მისცა იაპონურის სწავლას არაიაპონელთა მიერ; ჩინეთის ეკონომიკური დაწინაურებაც იგივე ტენდენციებს განაპირობებს. ჩინური ენა აქტიურად იკავებს ინგლისურის დომინანტურ პოზიციას ჰონგ-კონგში. მიეცათ რა გასაქანი ჩინეთის საზღვარს გარეთ მცხოვრებ ჩინელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინური გადაიქცა ენად, რომელზეც იწარმოება რეგიონის უმრავლესი საერთაშორისო ბიზნეს-გარიგებები. სხვა ცივილიზაციებთან შედარებით, დასავლეთის ზეგავლენის დაკარგვის თანადროულად, ინგლისურის და სხვა დასავლური ენების გამოყენება სხვა საზოგადოებებში და სხვადასხვა საზოგადოებათა შორის ურთიერთობებში ნელ-ნელა შესუსტდება. თუ გარკვეულ ეტაპზე, შორულ მომავალში, ჩინეთი ჩაენაცვლება დასავლეთს, როგორც მსოფლიოს წამყვან ცივილიზაციას, ინგლისური დათმობს პოზიციებს მანდარინის, როგორც საერთაშორისო ენის პირისპირ.
კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და მისი მოპოვების ფონზე, ადგილობრივი ენების ხელშეწყობა და იმპერიული ენების შევიწროება ნაციონალისტური ელიტებისათვის დასავლელი კოლონისტებისაგან საკუთარი თავის განსხვავებისა და საკუთარი იდენტურობის განსაზღვრის ერთი-ერთი ფორმა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეორეს მხრივ, ამ საზოგადოებათა ელიტებს სურდათ საკუთარი თავის განცალკევება საკუთარივე საზოგადოებებისაგან. ინგლისურის, ფრანგულის თუ სხვა დასავლური ენის სრულყოფილად ფლობა სწორედ ამის საშუალებას იძლეოდა. ამის შედეგია ის, რომ არადასავლურ საზოგადოებათა ელიტებს დასავლელებთან და ერთმანეთთან უფრო ეიოლებათ ურთიერთობა, ვიდრე საკუთარ საზოგადოებასთან (იგივე სიტუაცია იყო XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში, რომელთა არისტოკრატებს ადვილად შეეძლოთ ფრანგულ ენაზე კონტაქტის დამყარება ერთმანეთთან, ხოლო საკუთარი ქვეყნის სალაპარაკო ენას ვერ ფლობდნენ). არადასავლურ საზოგადოებებში ორი სახის ტენდენცია შეიმჩვნევა. ერთი მხრივ, ინგლისური სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება საუნივერსიტეტო დონეზე, რათა გამოუშვან მომზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ სავაჭრო და სამომხმარებლო (ბიზნესი...) სფეროში საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ნაყოფიერ მოღვაწეობას. მეორე მხრივ, სოციალური და პოლიტიკური ზეწოლა იწვევს ადგილობრივი ენების შემოსვლას საყოველთაო ხმარებაში. ჩრდილოეთ აფრიკაში არაბული ფრანგულ ენას ენაცვლება, პაკისტანში ურდუს ენა სახელმწიფო და საგანმანათლებლო დონეზე უწევს კონკურენციას ინგლისურს, ადგილობრივენოვანი მედიის საშუალებები თანდათანობით ენაცვლება ინგლისურენოვან მედიის საშუალებებს ინდოეთში. მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ კიდევ 1948 წელს იწინასწარმეტყველა ინდოეთის განათლების კომისიამ, როდესაც აცხადებდა, რომ “ინგლისურის გამოყენება... ხალხს ორ ნაწილად ყოფს: მცირერიცხოვან მმართველებად და მრავალრიცხოვან მართულებად. მმართველები არ ფლობენ უმრავლესობის ენას და, შესაბამისად, ვერ უგებენ მას. ორმოცი წლის შემდეგ ინგლისურის, როგორც ელიტის ენის მდგრადობამ გაამართლა წინასწარმეტყველება, რომ ეს გამოიწვევდა “არაბუნებრივი სიტუაციის შექმნას იქ არსებული დემოკრატიის პირობებში, რომელიც დამყარებულია სრულწლოვანთა საარჩევნო უფლებებზე... ინგლისურად მოლაპარაკე ინდოეთი და პოლიტიკურად აქტიური ინდოეთი სულ უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს”, ეს კი იწვევს “დაძაბულობას ინგლისურის მცოდნე მმართველ უმცირესობასა და დანარჩენ მრავალ მილიონს შორის, რომელიც შეირაღებულია საარჩევნო ხმის უფლებით და რომელიც არ ფლობს ინგლისურს. არადასავლურ საზოგადოებებში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისა და ხელისუფლებაში იქაური ხალხის უფრო ფართოდ წარმოდგენის ფონზე, დასავლური ენების მოხმარება იკლებს, ხოლო ადგილობრივი ენები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
საბჭოთა იმპერიისა და ცივი ომის დასასრულმა დაჩაგრული თუ დავიწყებული ენების საყოველთაო გავრცელება და გამოცოცხლება გამოიწვია. მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა გატარებული ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა უმრავლესობაში ტრადიციული ენების ასაღორძინებლად. ესტონური, ლატვიური, ლიტვური, უკრაინული, ქართული და სომხური ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნაციონალურ (სახელმწიფო) ენებს წარმოადგენენ. მსგავსი ენობრივი გამოცოცხლება მოხდა მუსლიმურ რესპუბლიკებში: აზერბაიჯანმა, ყირგიზეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა ყოფილი რუსი მჩაგვრელის “კირილიცას” შრიფტი თავიანთი თურქი ნათესავების დასავლური შრიფტით შეცვალეს, სპარსულენოვანმა ტაჯიკეთმა კი არაბული ანბანი შემოიღო. მეორეს მხრივ, სერბები ამჯერად თავიანთ ენას უფრო სერბულს უწოდებენ ხოლმე, ვიდრე სერბულ-ხორვატულს და თავიანთი კათოლიკე მტრების დასავლური ანბანი რუსი ნათესავების ანბანით შეცვალეს. მათ მსგავსად, ხორვატებიც ამჟამად თავიანთ ენას ხორვატულს უწოდებენ და ცდილობენ გაწმინდონ იგი თურქული და სხვა უცხოენოვანი სიტყვებისაგან. ამ დროს კი “თურქულიდან და არაბულიდან ნასესხები სიტყვები - ბალკანეთზე თურქეთის იმპერიის 450 წლიანი არსებობის ენობრივი დანალექი - კვლავ პოპულარობას იძენს” ბოსნიაში. ენა გადაეწყობა და გადასხვაფერდება იმის მიხედვით, თუ როგორ ითხოვს ამას იდენტურობის საკითხი, ცივილიზაციური შეფერილობა. დიდი ძალების ნგრევის ნიადაგზე ღრმავდება ბაბილონიზაციის პროცესი.

რელიგია. უნივერსალური რელიგიის ჩამოყალიბების ალბათობის პროცენტი დიდად არ აღემატება უნივერსალური ენის ჩამოყალიბების შანსებს. მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა მთელს მსოფლიოში რელიგიათა საყოველთაო აღორძინებით. იგი მოიცავდა რელიგიური თვითშეგნების გაძლიერებას და ფუნდამენტალისტური მოძრაობების გააქტიურებას, რამაც, შესაბამისად, გააძლიერა რელიგიათა შორის განსხვავებანი. ეს მაიცნდამაინც არ გულისხმობდა მსოფლიოს მოსახლეობის რელიგიური კუთვნილების მკვეთრ ცვლას. კონფესიურ მიკუთვნებულობასთან დაკავშირებული მონაცემები კიდევ უფრო ფრაგმენტული და არასანდოა, ვიდრე ენებისა. 3.3 ცხრილში მოცემული მაჩვენებლები საყოველთაოდ ცნობილია. ეს და სხვა მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ამ საუკუნეში სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ხვედრითი წილი მკვეთრად არ შეცვლილა. ყველაზე უფრო მასშტაბური იყო “არარელიგიურთა” ან “ათეისტთა” სახელის ქვეშ კლასიფიცირებული 0.2 პროცენტის (1900 წ.) გაზრდა 20.9 პროცენტამდე 1980 წლისათვის. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი ასახავდა მკვეთრ ცვლილებას რელიგიის საზიანოდ; 1980 წელს რელიგიური გამოღვიძება მხოლოდ იწყებდა ძალების მოკრებას. თუმცა არამორწმუნეთა 20.7 პროცენტამდე მატება ზუსტად ემთხვევა “ჩინური ხალხური რწმენა-წარმოდგენების (ტრადიციული რელიგიების)” კლებას: 1900 წ. იგი 23.5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 1980 წელს ამ მაჩვენებელმა 4.5 პროცენტამდე დაიწია. ამ მაჩვენებელთა თანაბარი ზრდა და კლება იმაზე მიუთითებს, რომ კომუნიზმის მოსვლასთან ერთად ჩინური ხალხური რელიგიის მიმდევარი უზარმაზარი მასა ათეისტებად იქცა.

ცხრილი უჩვენებს გასული 80 წლის განმავლობაში ორი დიდი პროზელიტური რელიგიის, ქრისტიანობისა და ისლამის პროპორციების ზრდას მსოფლიო მოსახლეობაში. 1900 წელს დასავლეთ ქრისტიანები მსოფლიო მოსახლეობის 26.9 პროცენტს შეადგენდნენ, ხოლო 1980 წელს - 30 პროცენტს. მულისმთა წილმა კიდევ უფრო საგრძნობლად მოიმატა: 1900 წლისათვის - 12.4 პროცენტი, 1980 წლისათვის - 16.5 პროცენტი, ხოლო სხვათა გამოთვლით, 1980 წლისათვის 18 პროცენტსაც კი გაუტოლდა. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად გაზარდა ისლამისა და ქრისტიანობის მიმდევართა რიცხვი აფრიკაში, ქრისტიანობას განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდა სამხრეთ კორეაში. სწრაფად მოდერნიზირებად საზოგადოებებში, თუ ტრადიციულ რწმენას არ ძალუძს ადაპტირება მოდერნიზაციის მოთხოვნებთან, იზრდება ქრისტიანობის ან ისლამის გავრცელების ალბათობა. ასეთ საზოგადოებებში ნეოკლასიკოსი ეკონომისტები, დემოკრატიის ჯვაროსნები ან ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელები დასავლური კულტურის მთავარ გმირებად კი არა, არამედ მისიონერებად არიან წარმოდგენილი. ქალაქში დასახლებულებისა და საშუალო განათლებამიღებულთა პირველი თაობის ფსიქოლოგიურ, ემოციურ, მორალურ თუ სოციალურ მოთხოვნილებებს ვერც ადამ სმიტი დააკამყოფილებს და ვერც თომას ჯეფერსონი; იესო ქრისტეს ამის უკეთესი შანსი აქვს, თუმცა იგი მათ, შეიძლება, საერთოდ არ შეხვდეთ. საბოლოოდ, გამარჯვებული მაინც მუჰამედი რჩება. ქრისტიანობა ვრცელდება, ძირითადად, ამ სარწმუნოებაზე მოქცევით, ისლამი - მოქცევითა და გამრავლებით. ქრისტიანობამ თავის პიკს 1980-იან წლებში მიაღწია (30 პროცენტი), ერთ ადგილზე გაჩერდა, ახლა კი უკვე კლებულობს, ხოლო 2025 წლისათვის, ალბათ, 25 პროცენტს მიუახლოვდება. გამრავლების მაღალი პროცენტის გამო, მსოფლიოში მუსლიმთა ხვედრითი წილი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, საუკუნეთა გასაყარზე 20 პროცენტამდეც კი ავა, რამდენიმე წლის შემდეგ ქრისტიანთა რაოდენობას გადააჭარბებს, ხოლო 2025 წლისათვის 30 პროცენტსაც გაუტოლდება.

უნივერსალური ცივილიზაცია: წყაროები

უნივერსალური ცივილიზაციის ცნება დასავლური ცივილიზაციის კუთვნილებაა. XIX საუკუნის იდეა “თეთრი კაცის საზრუნავის” თაობაზე ამართლებდა არადასავლურ საზოგადოებებზე დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბატონობას. XX საუკუნის მიწურულს კი უნივერსალური ცივილიზაცია გამართლებას უძებნის სხვა საზოგადოებებზე დასავლეთის კულტურულ გავლენასა და მათ მიერ დასავლური წეს-ჩვეულებებისა და ინსტიტუტების უპირობოდ ათვისების აუცილებლობას. უნივერსალიზმი დასავლეთის იარაღია არადასავლურ კულტურებთან დაპირისპირებისათვის. როგორც ხშირად ხდება ხოლმე მარგინალური და რწმენაშეცვლილი ადამიანების შემთხვევაში, ერთიანი ცივილიზაციის იდეის ყველაზე დიდი დამცველები დასავლეთში განათლებამიღებული ხალხია, როგორიცაა ნაიპოლი და ფუად აჯამი, რომელთათვისაც ეს ცნება წარმოადგენს სავსებით დამაკმაყოფილებელ პასუხს მთავარ კითხვაზე: “ვინ ვარ მე?” “თეთრი კაცის ნეგრი” – ასე უწოდა ერთმა არაბმა მოაზროვნემ ასეთ მიგრანტებს. უნივერსალური ცივილიზაციის იდეა ნაკლებად იმსახურებს მოწონებას სხვა ცივილიზაციებში. არადასავლელი დასავლურს ხედავს იმაში, რასაც დასავლელი უნივერსალურად მიიჩნევს. რასაც დასავლელები ნაყოფიერ გლობალურ ინტეგრაციას უწოდებენენ (მაგალითად, მსოფლიო მედიის გავრცელება), არადასავლელები გმობენ, როგორც საძულველ დასავლურ იმპერიალიზმს. დასავლელები მსოლიოს მთლიანობაში აღიქვამენ, სხვები კი ამ მთლიანობაში საფრთხეს ხედავენ.
უნივერსალური ცივილიზაციის ჩამოყალიბების ვარაუდი ემყარება ერთ-ერთს სამი მოსაზრებიდან იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ეს მოხდეს: პირველი უკავშირდება I თავში განხილულ მოსაზრებას, რომ საბჭოთა კომუნიზმის კრახი მოასწავებდა ისტორიის დასასრულს და მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაო გამარჯვებას. ეს არგუმენტი გამომდინარეობს ცივი ომის პერიოდის მცდარი წარმოდგენიდან იმის თაობაზე, რომ კომუნიზმის ერთადერთი ალტერნატივა ლიბერალური დემოკრატიაა და პირველის კვდომა მეორის გასაყოველთაოებას იწვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი, ნაციონალიზმი, კორპორატიზმი და საბაზრო კომუნიზმი (როგორც ჩინეთშია) უამრავი ფორმითაა წარმოდგენილი დღევანდელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო იდეოლოგიის სამყაროს მიღმა მისი უამრავი რელიგიური ალტერნატივა არსებობს. თანამედროვ სამყაროში რელიგია ხალხის ერთ-ერთი, შესაძლოა ერთადერთი მამოძრავებელი და მაკონსოლიდირებელი ძალაა. ნამდვილი ამპარტავნება იქნება იმის თქმა, რომ რადგან საბჭოთა კომუნიზმი დაეცა, დასავლეთმა მთელი მსოფლიო ხელში ჩაიგდო და რომ მუსლიმები, ჩინელები, ინდოელები და სხვები აღფრთოვანებით აიტაცებენ დასავლურ ლიბერალიზმს, როგორც ერთადერთ არჩევანს. სამყაროს ცივი ომის დროინდელი დაყოფა წარსულს ჩაბარდა. უფრო მნიშვნელოვანი – ეთნიკური, რელიგიური და ცივილიზაციური დაყოფა ჯერ კიდევ არსებობს და კონფლიქტის ახალ კერებს წარმოშობს.
მეორე: გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხალხთა გაცხოველებული ურთიერთქმედება (ძირითადად - ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, მედია, ელექტრონული კავშირის საშუალებები) წარმოქმნის საერთო მსოფლიო კულტურას. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიურმა წინსვლამ მართლაც უფრო იოლი და იაფი გახადა ფულის მოძრაობა, ტვირთის გადაზიდვა, ადამიანების გადაადგილება, ცოდნის, იდეებისა და წარმოდგენების გავრცელება. ეჭვი არ არის, რომ არსებობს ინტენსიური საერთაშორისო მოძრაობა ამ სფეროებში, მაგრამ ეჭვს იწვევს ამ მოძრაობის შედეგები: ზრდის თუ ამცირებს იგი კონფლიქტის შესაძლებლობას? წარმოდგენა, თითქოს იგი ამცირებს ომის ალბათობას ხალხებს შორის, სულ მცირე, არ მტკიცდება, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს. საერთაშორისო ვაჭრობა გაფართოვდა 1960-იან და 1970-იან წლებში, ასევე ცივი ომის დასრულების შემდეგ ათწლეულში. მაგრამ 1913 წელს საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებს სარეკორდო მაჩვენებლები ჰქონდა, ხოლო რამოდენიმე წელიწადში ერები ერთმანეთს უმაგალითოდ უსწორდებოდნენ. თუ საერთაშორისო ვაჭრობას აღნიშნულ სიტუაციაში არ შეეძლო ომის თავიდან აცილება, მაშ, როდის შეძლებს? ფაქტები არ მეტყველებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მშვიდობას უწყობს ხელს. 1990-იანი წლების შეფასება კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ აღნიშნულ იდეას. ერთ-ერთი გამოკვლევაში ასკვნიან, რომ “აქტიური ვაჭრობა შეიძლება საკმაოდ ძლიერ გამთიშველ ძალად მოგვევლინოს საერთაშორისო პოლიტიკაში”, და რომ “აქტიური საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, თავისთავად, ვერ მოხსნის საერთაშორისო დაძაბულობას, ვერ უზრუნველყოფს სერიოზულ საერთაშორისო სტაბილურობას”. მეორე ნაშრომი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მაღალი დონე “შეიძლება იყოს მშვიდობის დამამყარებელი ან ომის გამჩაღებელი, რაც დამოკიდებულია მომავალი ვაჭრობის პერსპექტივებზე.” ეკონომიკური დამოუკიდებლობა ხელს უწყობს მშვიდობას მხოლოდ მაშინ, “როდესაც სახელმწიფოები მოელიან სავაჭრო ურთიერთობების მაღალი დონის შენარჩუნებას უახლოეს მომავალში”. თუ სახელმწიფოები არ ელიან თანამშრომლობის (ურთიერთდამოკიდებულებების) პერსპექტივას, შედეგად, სავარაუდოდ, ომს ვიღებთ.
ვაჭრობისა და კომუნიკაციების უძლურება - უზრუნველყონ მშვიდობა და თანხმობა - შეესაბამება სოციალურ მეცნიერებათა სფეროში გამოკვლევების შედეგებს. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებული განსხვავებულობის თეორიის მიხედვით, ხალხი საკუთარ თავს განსაზღვრავს სწორედ იმით, რითაც განირჩევა სხვისგან კონკრეტულ კონტექსტში: “ადამიანი განიხილავს თავს იმ მახასიათებლებით, რომლებიც განარჩევს ერთს მეორე ადამიანისაგან, განსაკუთრებით, თავისივე ჩვეულ სოციალურ გარემოში... ათობით სხვა პროფესიის მქონე ქალთა საზოგადოებაში ქალი-ფსიქოლოგი თავის თავს განსაზღვრავს, როგორც ფსიქოლოგი, ხოლო ათობით მამაკაცი-ფსიქოლოგის გარემოცვაში - როგორც ქალი”. ადამიანები განსაზღვრავენ თავიანთ მეობას იმის მეშვეობით, რაც არ არიან. ვინაიდან ინტენსიური კავშირის საშუალებების, ვაჭრობისა და მოგზაურობების შედეგად ცივილიზაციათაშორისი ურთიერთქმედება გაათმაგებულია, ხალხი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ ცივილიზაციურ იდენტურობას. ორი ევროპელი – გერმანელი და ფრანგი, ურთიერთობისას ერთმანეთს განარჩევენ, როგორც ფრანგს და გერმანელს. ხოლო ორი ევროპელი – გერმანელი და ფრანგი, და ორი არაბი – საუდელი და ეგვიპტელი, ერთმანეთში ურთიერთობისას თავიათ თავს განსაზღვრავენ ევროპელებად და არაბებად. ჩრდილოაფრიკელთა იმიგრაცია საფრანგეთში ფრანგებს შორის არაკეთილგანწყობას იწვევს, ამავე დროს, ამაღლებს ევროპელ კათოლიკე პოლონელ ემიგრანტთა მიმღეობის ხარისხს. ამერიკელები იაპონურ ინვესტიციებს გაცილებით უარყოფითად ხვდებიან, ვიდრე მსგავსი მასშტაბის კანადურ და ევროპულ ინვესტიციებს (რომლებიც მასშტაბით პირველს აღემატება). სწორედ ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა დონალდ ჰოროვიცი: “ნიგერიის აღმოსავლეთში იბო შეიძლება იყოს... იბო ოვერი ან იბო ონიტშა. ლაგოსში იგი, უბრალოდ, იბოა. ლონდონში ის ნიგერიელია, ნიუ-იორკში – აფრიკელი.” სოციოლოგიის კუთხით, გლობალიზაციის თეორია მსგავს დასკვნას გვთავაზობს: “სწრაფად გლობალიზებად მსოფლიოში, რომელიც ხასიათდება ისტორიულად უპრეცენდენტო ცივილიზაციური, საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულებით და მისი საყოველთაო გააზრებით, შეიმჩნევა ცივილიზაციური, საზოგადოებრივი და ეთნიკური თვითშეგნების გამწვავება.” რელიგიათა გლობალური აღორძინება”, “სიწმინდესთან დაბრუნება” წარმოადგენს პასუხს სამყაროს, როგორც მთლიანობის გააზრებაზე.

დასავლეთი და მოდერნიზაცია

უნივერსალური ცივილიზაციის გაჩენის შესაძლებლობის მესამე და ყველაზე ფართოდ გავრცელებული არგუმენტი მდგომარეობს წამოდგენაში, რომ იგი არის მოდერნიზაციის ყოვლისმომცველი პროცესის შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყო. მოდერნიზაცია მოიცავს ინდუსტრიალიზაციას, ურბანიზაციას, წერა-კითხვის მცოდნეთა მზარდ პროცენტს, განათლებას, სიმდიდრეს და სოციალურ მობილურობას, სამუშაო ადგილების გამრავალფეროვნებას და დახვეწას. სწორედ XVIII საუკუნეში დაწყებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის უზარმაზარი ექსპანსიის შედეგია ის, რომ დღეს შეგვიძლია ვაკონტროლოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გარემო სრულიად ახალი სახით. მოდერნიზაცია რევოლუციური პროცესია, რომელიც მხოლოდ საზოგადოებების პრიმიტიულიდან ცივილიზებულ მდგომარეობაში გადასვლას თუ შეგვიძლია შევადაროთ, ანუ ცალკეული ცივილიზაციების გაჩენას ტიგროსისა და ევფრატის აუზებში, ნილოსისა და ინდის ხეობებში 5000 წლის წინ. თანამედროვე საზოგადოების შეხედულებები, ფასეულობები, ცოდნა და კულტურა დიდად განსხვავდება ტრადიციული საზოგადოებისაგან. დასავლეთი პირველი მოდერნიზდა და მოდერნული კულტურის ათვისების ავანგარდშია. ვინაიდან სხვა საზოგადოებები ითვისებენ განათლების, მუშაობის, სიმდიდრისა და კლასობრივი ორგანიზაციის მსგავს ფორმებს, აქედან მომდინარეობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დასავლური კულტურა უნივერსალურ მსოფლიო კულტურად იქცევა.
ის, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს მოდერნულ და ტრადიციულ კულტურებს შორის, კამათს აღარ იწვევს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მოდერნული კულტურის მატარებელი საზოგადოებები ერთმანეთს უფრო ჰგვანან, ვიდრე ტრადიციული კულტურის მატარებელი ხალხები. რა თქმა უნდა, სამყარო, სადაც ზოგიერთი საზოგადოება მაღალ დონეზე მოდერნიზებულია, ხოლო სხვები - კვლავ ტრადიციული, უფრო ნაკლებად ერთგვაროვანია, ვიდრე სამყარო, რომლის ყველა საზოგადოება შედარებით თანაბრად მოდერნიზებულია. მაგრამ რაღა ვუყოთ იმ სამყაროს, სადაც ყველა საზოგადოება ტრადიციული იყო? ასეთი სამყარო ხომ რამდენიმე ასეული წლის წინ არსებობდა. იყო იგი ნაკლებად ჰომოგენური, ვიდრე, როგორც ფიქრობენ, იქნება საყოველთაოდ მოდერნიზებული მომავალი მსოფლიო? ალბათ, არა. “მინის (დინასტიის) ჩინეთი... უეჭველად, უფრო ახლოს იყო ვალუას (დანასტიის) საფრანგეთთან”, ამბობდა ბროდელი, “ვიდრე მაო ძე დუნის ჩინეთი - მეხუთე რესპუბლიკის საფრანგეთთან.”
და მაინც, არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც მოდერნული საზოგადოებები უფრო შეიძლება ერთმანეთის მსგავსნი იყვნენ, ვიდრე ტრადიციული საზოგადოებები. პირველი მიზეზია ინტენსიური ურთიერთქმედება მოდერნულ საზოგადოებებს შორის, რომელიც, შეიძლება, ვერ წარმოშობს საერთო კულტურას, მაგრამ აადვილებს მოკლე დროში ტექნიკის, გამოგონებების, ჩვეულებების გადაცემას ერთი საზოგადოებიდან მეორეში, თანაც იმ დონით, რომლითაც ეს წარმოუდგენელია ტრადიციულ სამყაროში. მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ტრადიციული საზოგადოება დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, მოდერნული საზოგადოება კი მრეწველობაზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მეურნეობის სისტემას - ხელოსნობიდან დაწყებული, კლასიკური მძიმე მრეწველობის გავლით, რთულ ტექნოლოგიებზე დამყარებული ინდუსტრიით დამთავრებული. სოფლის მეურნეობის სისტემა და მისი თანამდევი სოციალური სტრუქტურა უფრო დამოკიდებულია ბუნებრივ გარემოზე, ვიდრე მრეწველობის სისტემა. იგი იცვლება ნიადაგისა და კლიმატის მიხედვით და შეიძლება გამოიწვიოს მიწის ფლობის, საზოგადოებრივი წყობისა და ხელისუფლების სხვადასხვა ფორმის წარმოშობა. ვიტფოგელის ჰიდრავლიკური ცივილიზაციის თეორიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა, რომელიც დამოკიდებულია მასშტაბური საირიგაციო სისტემების მშენებლობასა და ფუნქციობაზე, ხელს უწყობს ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული პოლიტიკური ხელისუფლების წარმოშობას. სხვანაირად არ ხდება. მდიდარი ნიადაგი და კარგი კლიმატი ხშირად ხელს უწყობს მასიური საპლანტაციო მეურნების გაჩაღებას და მისი თანამდევი სოციალური წყობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს მდიდარი მიწათმფლობელების მცირერიცხოვან და პლანტაციაში მომუშავე გლეხების, მონების თუ ყმების დიდ ფენას. მასშტაბური სოფლის მეურნეობის პორობებში შეიძლება გაჩნდეს დამოუკიდებელ გლეხთა საზოგადოება. მოკლედ, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში საზოგადოებრივი წყობა განპირობებულია ბუნებრივი გარემოთი. მრეწველობა ნაკლებადაა დამოკიდებული ბუნებრივ გარემოზე. ინდუსტრიულ ორგანიზაციაში არსებული განსხვავებები კი უფრო კულტურასა და სოციალურ წყობაში არსებული სხვაობებით უნდა იყოს გამოწვეული, ვიდრე გეოგრაფიული მიზეზებით; აქედან პირველი შეიძლება გარდაიქმნას, მაგრამ უკანასკნელი - არასდროს.
მაშასადამე, მოდერნულ საზოგადოებებს ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგრამ არიან კი ისინი აუცილებლად ერთგვაროვანნი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გამომდინარეობს მოსაზრებიდან, რომ მოდერნული საზოგადოება უნდა დაემსგავსოს მხოლოდ ერთ – დასავლურ მოდელს, რომ მოდერნული ცივილიზაცია იგივე დასავლური ცივილიზაციაა. თუმცა, ეს სავსებით მცდარი მსჯელობაა. დასავლური ცივილიზაცია წარმოიშვა VIII-IX საუკუნეებში და თავისი ინდივიდუალური ნიშან-თვისებები შემდგომ საუკუნეებში შეიძინა. მისი მოდერნიზება მოხდა არაუადრეს XVII-XVIII საუკუნეებისა. დასავლეთი დასავლეთს წარმოადგენდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე იგი მოდერნული გახდებოდა. დასავლეთის მთავარი ნიშან-თვისებები, რომლებიც მას სხვა ცივილიზაციებისგან განარჩევენ, წინ უსწრებს დასავლეთის მოდერნიზაციას.
რა ნიშან-თვისებები ჰქონდა დასავლურ საზოგადოებას ასწლეულების განმავლობაში, სანამ ის მოდერნიზდებოდა? სხვადასხვა მეცნიერმა სხვადასხვანაირი პასუხი გასცა ამ კითხვას, ისინი განსხვავდება დეტალებში, მაგრამ აღიარებს ძირითადი ინსტიტუტების, ჩვეულებების და რწმენა-წარმოდგენების ერთობლიობას, რომლებიც სავსებით კანონზომიერად შეიძლება მივიჩნიოთ დასავლური ცივილიზაციის საფუძვლად. ესენია:
კლასიკური მემკვიდრეობა. როგორც მესამე თაობის ცივილიზაციამ, დასავლეთმა ბევრი რამ შეითვისა წინამორბედი ცივილიზაციებისგან, განსაკუთრებით კი კლასიკური ცივილიზაციისაგან. კლასიკური ცივილიზაციის მემკვიდრეობა მრავალფეროვანია: ბერძნული ფილოსოფია და რაციონალიზმი, რომაული სამართალი, ლათინური ენა და ქრისტიანობა. მუსლიმურმა და მართლმადიდებლურმა ცივილიზაციებმაც ბევრი რამ აითვისეს კლასიკური ცივილიზაციისაგან, მაგრამ შეუდარებლად ნაკლები, ვიდრე დასავლეთმა.
კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. დასავლური ქრისტიანობა - თავდაპირველად კათოლიციზმი, შემდეგ კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი - წარმოადგენენ დასავლური ცივილიზაციის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს. თავისი არსებობის თითქმის მთელი ათასწლეულის მანძილზე ის, რაც დასავლური ცივილიზაციის სახელით არის ცნობილი, დასავლეთ საქრისტიანოდ იწოდებოდა; არსებობდა ერთობის კარგად განვითარებული გრძნობა დასავლეთის ქრისტიან ხალხებს შორის, რომლის მეშვეობით ისინი თავს განასხვავებდნენ თურქების, მავრების, ბიზანტიელებისა და სხვებისაგან; სწორედ ღვთისა და ოქროს გულისათვის გავიდნენ დასავლელები კონტინენტიდან მსოფლიოს დასაპყრობად XVI საუკუნეში. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, დასავლეთ საქრისტიანოს გაყოფა პროტესტანტულ ჩრდილოეთად და კათოლიკურ სამხრეთად დასავლეთის ისტორიის ასევე განსაკუთრებული შტრიხია, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლური ორთოდოქსიისათვის და საერთოდ არ არსებობდა ლათინური ამერიკის სინამდვილეში.
ევროპული ენები. ენა, რელიგიის შემდეგ, რიგით მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ერთი კულტურის ხალხს მეორისგან განასხვავებს. დასავლეთი სხვა ცივილიზაციათა უმრავლესობისაგან გამოირჩევა ენების მრავალრიცხოვნებით. ჰინდი, მანდარინი, რუსული და თვით არაბული თავ-თავიანთი ცივილიზაციების ძირითად ენებად არიან მიჩნეული. დასავლეთმა მემკვიდრეობით ლათინური მიიღო, მაგრამ ერების ჩამოყალიბების კვალობაზე წარმოიშვა ეროვნული ენებიც, რომლებიც რომანულ და გერმანულ ენათა ვრცელ ჯგუფებში მოექცნენ. XVI საუკუნისათვის მათ, ძირითადად, მიიღეს თავიანთი დღევანდელი სახე.
სასულიერო და საერო ხელისუფლების გაყოფა. დასავლეთის მთელი ისტორიის მანძილზე ეკლესია, შემდეგ კი ეკლესიები, სახელმწიფოსაგან განცალკევებით იდგა. ღმერთი და კეისარი, ეკლესია და სახელმწიფო, სასულიერო ავტორიტეტი და ამქვეყნიური ძალაუფლება გამოკვეთილ დუალიზმად გვევლინება დასავლურ კულტურაში. მხოლოდ ინდურ ცივილიზაციაში თუ იყო რელიგია და პოლიტიკა ასე გამოკვეთილად გამიჯნული ერთმანეთისაგან. ისლამში ღმერთი კეისარია, ჩინეთსა და იაპონიაში კეისარი ღმერთია; მართლმადიდებლობაში ღმერთი კეისრის უმცროსი პარტნიორია. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა და მათი პერიოდული დაპირისპირება, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია დასავლური ცივილიზაციისათვის, სხვა ერთობებში არ ფიქსირდება. ძალაუფლებების ასეთმა გამიჯვნამ, უდაოდ, დიდი ბიძგი მისცა დასავლეთში თავისუფლების იდეის განვითარებას.
კანონის ბატონობა. ცივილიზებულ ცხოვრებაში კანონის უზენაესობა რომაელებისგან მიღებული მემკვიდრეობაა. შუასაუკუნეების მოაზროვნეებმა შეიმუშავეს ბუნებითი სამართლის თეორია, რომლის მიხედვითაც, მონარქებს ენიჭებოდათ ძალაუფლების განხორციელების უფლება, რის შედეგიცაა ინგლისში სამოქალაქო კოდექსის ტრადიციის ჩამოყალიბება. XVI და XVII საუკუნეებში, აბსოლუტიზმის ბატონობისას, კანონის უზენაესობა უფრო ირღვეოდა, ვიდრე დაცული იყო, მაგრამ იდეა ხელისუფლების დამორჩილებისა გარე შეზღუდვებისადმი ძალაში რჩებოდა: “Non sub homine sed sub Deo et lege” (“არა კაცის, არამედ ღვთისა და კანონის ქვეშევრდომობა”). კანონის უზენაესობის ტრადიციამ საფუძველი ჩაუყარა კონსტიტუციონალიზმსა და ადამიანის უფლებებს, მათ შორის, კერძო საკუთრების უფლებას, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას. სხვა ცივილიზაციათა უმრავლესობაში კანონი გაცილებით ნაკლებ როლს თამაშობდა ცნობიერებისა და ქცევეს ჩამოყალიბებაში.
სოციალური პლურალიზმი. ტრადიციულად, დასავლური საზოგადოება პლურალისტური იყო. როგორც დოიჩი შენიშნავდა, დასავლეთს გამოარჩევს “სხვადასხვა ავტონომიური ჯგუფის არსებობა და სიმყარე, რომლებიც არ არიან დამყარებული სისხლისმიერ ნათესაობაზე ან ქორწინებაზე”. VI და VII საუკუნეებიდან დაწყებული, ასეთ ჯგუფებს თავდაპირველად წარმოადგენდნენ მონასტრები, სამონასტრო ორდენები, გილდიები, შემდგომში ევროპის არაერთ კუთხეში მათ მოიცვეს მრავალი სხვადასხვა გაერთიანება და საზოგადოება. გაერთიანებათა პლურალიზმს შემდგომში კლასობრივი პლურალიზმი დაემატა. დასავლეთ ევროპული საზოგადოებების უმრავლესობაში არსებობდა შედარებით ძლიერი და დამოუკიდებელი არისტოკრატია, სოლიდური ფენა გლეხობის სახით და მცირერიცხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი კლასი ვაჭრებისა. ევროპულ საზოგადოებათა უმრავლესობაში ფეოდალური არსიტოკრატიის ძლიერება მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ აბსოლუტიზმის ფეხის მოკიდება შეუძლებელი ხდებოდა. ევროპული პლურალიზმის გაგება დიამეტრულად საპირისპოროა სამოქალაქო საზოგადოების საღარიბის, არისტოკრატიის სისუსტისა და ცენტრალიზებული ბიოუროკრატიული იმპერიების სიძლიერისა, რომლებიც რუსეთის და ჩინეთის რეალობაში არსებობდა, ისევე როგორც თურქეთის სამფლობელოებსა და სხვა არადასავლურ საზოგადოებებში.
წარმომადგენლობითი ორგანოები. სოციალურმა პლურალიზმმა იმთავითვე მისცა დასაბამი კერძო საკუთრებას, პარლამენტს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებშიც წარმოდგენილი იყო არისტოკრატიის, სამღვდელოების, ვაჭრებისა და სხვა ფენების ინტერესები. ამ ორგანოებში წარმომადგენლობის ფორმები, მოდერნიზაციის კვალდაკვალ, გარდაიქმნენ თანამედროვე დემოკრატიულ ინსტიტუტებად. აბსოლუტიზმის პერიოდში ზოგი მათგანი საერთოდ გააუქმეს, ან მნიშვნელოვნად შეზღუდეს. მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, ეს ინსტიტუტები მთავარ საშუალებას წარმოდგენდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. არცერთ თანამედროვე ცივილიზაციას არ გააჩნია წარმოამდგენლობითი ორგანოების არსებობის მსგავსი ათასწლოვანი გამოცდილება. ჯერ კიდევ IX საუკუნიდან ადგილობრივ დონეზე, იტალიის ქალაქებში, დაიწყო მოძრაობა თვითმმართველობისათვის, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთით გავრცელდა, “აიძულებდა რა ეპისკოპოსებს, ადგილობრივ ბარონებს და სხვა წარჩინებულებს, ბურჟუებისთვისაც გაეზიარებინათ, და ხშირად, ბოლოს მთლიანად დაეთმოთ ძალაუფლება”. სახალხო წარმომადგენლობას ნაციონალურ დონეზე შემდგომში დაემატა ავტონომიურობის ხარისხი ადგილობრივ დონეზე, რაც არნახული მოვლენაა მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის.
ინდივიდუალიზმი. დასავლური ცივილიზაციის ბევრმა ზემოთ ჩამოთვლილმა ელემენტმა ბიძგი მისცა ინდივიდუალიზმის, პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების იდეას, რაც უნიკალური მოვლენაა ცივილიზებული საზოგადოებებისათვის. ინდივიდუალიზმი განვითარდა XIV-XV საუკუნეებში; XVII საუკუნეში დასავლეთში მოხდა თავისუფალი არჩევანის უფლების აღიარება, რასაც დოიჩი “რომეო და ჯულიეტას რევოლუციას” უწოდებდა. ყველა ადამიანისათვის თანაბარი უფლებები (“უღატაკესი კაციც ინგლისში ისევე იმსახურებს სიცოცხლეს, როგორც უმდიდრესი”), თუ საყოველთაოდ არ ხორციელდებოდა, ხაზი მაინც განსაკუთრებით ესმებოდა. ინდივიდუალიზმი მეოცე საუკუნეში არსებულ ცივილიზაციებს შორის დასავლეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიშან-თვისებად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთი გამოკვლევით, რომელშიც 50 ქვეყნის მონაცემები იყო წარმოდგენილი, ინდივიდუალიზმის უმაღლესი ინდექსის მქონე ქვეყანათა პირველი ოცეული მოიცავდა ყველა დასავლურ ქვეყანას, პორტუგალიის და ასევე ისრაელის გამოკლებით. ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის მეორე კროს-კულტურული გამოკვლევის ავტორმა ასევე ხაზი გაუსვა დასავლეთში ინდივიდუალიზმის დომინირებას, დანარჩენ მსოფლიოში არსებული სიტუაციისგან განსხვავებით, სადაც უფრო კოლექტივიზმი იკვეთება და აღნიშნა, რომ “ფასეულობანი, რომლებიც დასავლეთში უმნიშვნელოვანესია, დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია”. დასავლელებიცა და არადასავლელებიც ისევ და ისევ ინდივიდუალიზმს მიიჩნევენ დასავლეთის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად.
ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები არ წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის განმასხვავებელი ნიშნების ამომწურავ ჩამონათვალს. არც იმის თქმა მსურს, რომ ეს მახასიათებლები დასავლურ საზოგადოებაში ყოველთვის და ყველგან არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა: დასავლეთის ისტორიაში არაერთი დესპოტია ცნობილი, რომელიც უგულებელყოფდა კანონის უზენაესობას და აუქმებდა წარმომადგენლობით ორგანოებს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშან-თვისებების მიჩნევა დასავლეთის მახასიათებლებად ასევე არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა ცივილიზაციებში არ არსებობს. ცხადია, არსებობს. მაგალითად, ყურანი და შარიათი წარმოადგენენ მუსლიმური საზოგადოებების ძირითად საკანონმდებლო ბაზას; იაპონიას და ინდოეთს, დასავლეთის მსგავსად, აქვთ კლასობრივი სისტემა (და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არიან ისინი ორად-ორი დიდი არადასავლური საზოგადოება, რომლებიც დემოკრატიულ მთავრობას ირჩევენ ნებისმიერი ვადით). სათითაოდ აღებული, არცერთი ეს ნიშან-თვისება არ იყო უნიკალური მხოლოდ დასავლეთისათვის, მხოლოდ მათი ერთობლიობა ქმნიდა დასავლეთის განსხვავებულ სახეს. ეს იდეები, ტრადიციები და ინსტიტუტები უფრო მძლავრად იყო წარმოდგენილი დასავლეთში, ვიდრე სხვა ცივილიზაციებში. ყოველ შემთხვევაში, ისინი ქმნიან მთავარ, მუდმივ ბირთვს დასავლური ცივილიზაციისა. სწორედ მათგან გამომდინარეობს დასავლეთის დასავლურობა და არა მოდერნულობა. ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ ფაქტორებს, რომლებმაც დასავლეთს საშუალება მისცა, მოდერნიზებულიყო და ამ პროცესის ავანგარდში ჩამდგარიყო მსოფლიო მასშტაბით.

პასუხები დასავლეთს და მოდერნიზაცია

დასავლეთის ექსპანსიამ არადასავლური საზოგადოებების მოდერნიზება და ვესტერნიზირება გამოიწვია. ამ საზოგადოებების პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების პასუხი დასავლეთის შემოტევაზე სამგვარი იყო: 1) ორივეს - მოდერნიზაციისა და ვესტრენიზაციის - უარყოფა, 2) ორივეს მიღება, 3) ერთის მიღება და მეორის უარყოფა.
უარყოფა. 1542 წლიდან - დასავლეთთან პირველი კონტაქტის დამყარებიდან - XIX საუკუნის შუა ხანებამდე იაპონია დასავლეთის მკვეთრი უარყოფის გზით მიდიოდა. დაშვებული იყო მოდერნიზაციის მხოლოდ შეზღუდული ფორმები, მაგალითად, საბრძოლო მასალების შეძენა, ხოლო დასავლური კულტურის იმპორტი, მათ შორის ყველაზე გამორჩეულად - ქრისტიანობისა, სასტიკად იკრძალებოდა. XVII საუკუნეში დასავლელები საერთოდ გამოაძევეს ქვეყნიდან. უკომპრომისო დამოკიდებულებას ბოლო მოეღო 1854 წელს, როდესაც კაპიტანმა პერიმ ძალით დაარღვია იაპონიის კარჩაკეტილობა, 1868 წელს მეიძის რესტავრაციას მოჰყვა აქტიური მცდელობები, გაეზიარებინათ დასავლეთის გამოცდილება. რამდენიმე საუკუნის მანძილზე ჩინეთიც ცდილობდა, ხელი შეეშალა მოდერნიზებისა და ვესტერნიზების სერიოზული მცდელობებისათვის. 1601 წელს ქვეყანაში შეუშვეს ქრისტიანი მისიონერები, თუმცა 1722 წლისათვის ისინი საგულდაგულოდ გამოაძევეს იქიდან. იაპონიისგან განსხვავებით, ჩინეთის კარჩაკეტილობის პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ჩინელების წარმოდგენით საკუთარ თავზე, როგორც მსოფლიოს ცენტრზე, აგრეთვე ყველა სხვა ხალხზე ჩინური კულტურის უპირატესობის მტკიცე რწმენით. ჩინეთის იზოლაცია, ისევე, როგორც იაპონიისა, დასავლეთის იარაღის მეშვეობით დასრულდა, რომელიც 1839-1842 წლების ოპიუმის ომის დროს გამოიყენა ინგლისმა. როგორც მაგალითებიდან ვხედავთ, XIX საუკუნეში დასავლური სახელმწიფოები შანსს არ უტოვებდნენ არადასავლურ საზოგადოებებს, განეხორციელებინათ აბსოლუტურად კარჩაკეტილი პოლიტიკა.
მეოცე საუკუნეში მომხდარმა წინსვლამ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებათა სფეროში, აგრეთვე გლობალურმა ურთიერთდამოკიდებულებამ განზე დგომა დიდ ფუფუნებად აქცია. მოდერნიზაციის, ისევე როგორც ვესტერნიზაციის სრული უარყოფა ნაკლებად რეალურია იმ მსოფლიოში, რომელიც დღითიდღე სულ უფრო თანამედროვე და ურთიერთდაკავშირებული ხდება. ასეთი ფუფუნების უფლება მხოლოდ პატარა, იზოლირებულმა სასოფლო თემმა თუ შეიძლება მისცეს თავს, რომლის მისწრაფებები საარსებო მინიმუმის იქით არ მიდის. “მხოლოდ ყველაზე ექსტრემისტი ფუნდამენტალისტები”, - წერს დანიელ ფაიპსი ისლამთან დაკავშირებით, “უარყოფენ როგორც მოდერნიზაციას, ისე ვესტერნიზაციას. ისინი მდინარეში ყრიან ტელევიზორებს, კრძალავენ მაჯის საათის ტარებას, უარს აცხადებენ შიდაწვის ძრავის მოხმარებაზე. მაგრამ მათი სამოქმედო გეგმის არარეალურობა მსგავს ჯგუფებს მიმზიდველობას უკარგავს; ზოგიერთ შემთხვევაში კი (მაგალითად, იენ იზალა კანოში, სადათის მკვლელები, მექას მეჩეთზე თავდამსხმელები, დაყვას ზოგიერთი დაჯგუფება მალაიზიაში) – ხელისუფლებასთან სისხლიან შეტაკებებში განცდილმა მარცხმა მოგვიანებით მათი თითქმის უკვალოდ გაქრობა გამოიწვია.” უკვალოდ გაქრობა – ასეთია სრული უარყოფის პოლიტიკის ზოგადი პერსპექტივა მეოცე საუკუნის მიწურულს. ფანატიზმი, ტოინბის სიტყვით რომ ვთქვათ, უბრალოდ, არასიცოცლისუნარიანი არჩევანია.
ქემალიზმი. მეორე შესაძლო პასუხი დასავლეთისადმი არის ტოინბისეული ჰეროდიანიზმი, ანუ როგორც მოდერნიზაციის, ისე ვესტერნიზაციის მიღება. ასეთი პასუხი გამომდინარეობს წარმოდგენიდან, რომ მოდერნიზაცია სასურველი და აუცილებელია, და რომ ადგილობრივი კულტურა შეუთავსებელია მოდერნიზაციასთან, ამიტომ მასზე უარი უნდა ითქვას, ან იგი უნდა განადგურდეს. საზოგადოება სრულად უნდა ვესტერნიზდეს, რათა შესაძლებელი გახდეს წარმატებით მოდერნიზება. მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია აძლიერებს ურთიერთს და ისინი თანადროულად უნდა წარიმართონ. მსგავსი დამოკიდებულება გამოხატულია მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის ზოგიერთი იაპონელი და ჩინელი მოაზროვნის მსჯელობებში, რომელთა მიხედვით, მოდერნიზაციისათვის საჭიროა, რომ მათმა საზოგადოებებმა დაივიწყონ თავიანთ ისტორიული ენები და აღიარონ ინგლისური, როგორც სახელმწიფო ენა. ეს შეხედულება, როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო დასავლურ წრეებში იყო პოპულარული, ვიდრე არადასავლურ ელიტებში. მისი მთავარი პრინციპია: “თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, ჩვენნაირი უნდა გახდე; ეს ერთადერთი გამოსავალია”. არგუმენტი კი ისაა, რომ “[არადასავლურ] საზოგადოებათა რელიგიური ფასეულობები, ზნეობრივი ნორმები და საზოგადოებრივი წყობა საუკეთესო შემთხვევაში უცხოა, თუ არა მტრული, ინდუსტრიალიზმის ფასეულობებისა და ტრადიციებისადმი.” აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება მოითხოვს ცხოვრებისა და საზოგადოების მკვეთრ და ძირეულ რეორგანიზაციას, და, ხშირად, თავად ამ ცივილიზაციის ხალხის მიერ არსებობის სააზრისის ხელახლა გააზრებას.” იგივე აზრს იმეორებს ფაიპსი ისლამზე მსჯელობისას:

ანომიის თავიდან ასარიდებლად, მუსლიმებს მხოლო ერთი გზა დარჩენიათ, რადგან მოდერნიზაცია ვესტერნიზაციას გულისხმობს... ისლამი არ გვთავაზობს ალტერნატიულ გზას მოდერნიზებისათვის... სეკულარიზმის დათმობა წარმოუდგენელია, თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია მოითხოვს მისი თანამდევი სააზროვნო პროცესების გათავისებას; იგივე სიტუაციაა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან დაკავშირებითაც. შინააარსიც ისევე უნდა იყოს ათვისებული, როგორც გარეგნული ფორმა. დასავლური ცივილიზაციის პირველობა იმთავითვე უნდა იყოს გათავისებული, რათა მისგან ისწავლო(ნ). ევროპული ენები და დასავლური საგანმანათლებლო დაწესებულებები სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი მართლაც ხელს უწყობენ თავისუფალ აზროვნებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას. მუსლიმები მხოლოდ მაშინ მიაღწევენ ისეთ მდგომარეობას, როცა შესაძლებელი იქნება ტექნიკური სიახლეების ათვისება და შემდგომ განვითარება, თუ ისინი უპირობოდ მიიღებენ დასავლურ მოდელს.
სამოცი წლით ადრე, ვიდრე ეს სიტყვები დაიწერებოდა, მუსტაფა ქემალ ათათურქი მსგავს დასკვნამდე მივიდა და ოტომანთა იმპერიის ნანგრევებიდან ახალი თურქეთი შექმნა, დიდი ძალისხმევა გასწია როგორც მისი ვესტერნიზების, ასევე მოდერნიზებისათვის. ამ კურსის არჩევითა და მუსლიმური წარსულის უარყოფით ათათურქმა თურქეთი “გახლეჩილ ქვეყნად” აქცია, რომლის საზოგადოება მუსლიმური იყო თავისი რელიგიით, მემკვიდრეობით, ჩვეულებებით და ინსტიტუტებით, მაგრამ ჰყავდა მმართველი ელიტა, რომელსაც განზრახული ჰქონდა მისი გათანამედროვეობა, დასავლურ ყაიდაზე მოწყობა და დასავლეთთან ყოფნა. XX საუკუნის ბოლოსათვის რამდენიმე ქვეყანა ადგას ქემალისტურ გზას, ისინი ცდილობენ შეცვალონ არადასავლური იდენტურობა დასავლურით. მათი მცდელობები გაანალიზებულია მეექვსე თავში.
რეფორმიზმი. უარყოფა გულისხმობს საზოგადოების იზოლირების უიმედო მცდელობას თანამედროვე ცვალებად სამყაროში. ქემალიზმი ნიშნავს ძნელ და მტკივნეულ გზას საუკუნეების განმავლობაში არსებული კულტურის ნგრევისა და მისი ჩანაცვლებისა სხვა ცივილიზაციიდან შემოტანილი (ნასესხები) კულტურით. მესამე გზა გულისხმობს მოდერნიზაციის შეხამებას ადგილობრივი კულტურის უმთავრესი ფასეულობებთან, ჩვეულებებთან და ინსტიტუტებთან. რასაკვირველია, ეს მიმართულება ყველაზე უფრო პოპულარული იყო არადასავლურ ელიტებს შორის. ჩინეთში ცინის დინასტიის მმართველობის ბოლო ხანებში აქტუალური იყო დევიზი “ტი-იონგი”: ჩინური სწავლება - ფუნდამენტური პრინციპებისათვის, დასავლური სწავლება - პრაქტიკული გამოყენებისათვის.” იაპონიაში ეს იყო “ვაკონ, იოსეი” (იაპონური სული, დასავლური ტექნიკა”). 1830-იანი წლების ეგვიპტეში მუჰამედ ალიმ სცადა “ტექნიკური მოდერნიზაციის ჩატარება სერიოზული კულტურული ვესტერნიზაციის გარეშე”. თუმცა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა; ბრიტანეთმა აიძულა იგი, უარი ეთქვა მთელ რიგ რეფორმებზე, რომლებიც მოდერნიზაციისაკენ იყო მიმართული. ამის შედეგად, როგორც ალი მაზრუი შენიშნავს, “ეგვიპტეს არ ეწერა იაპონიის ბედი ტექნიკური მოდერნიზაციისა კულტურის ვესტერნიზაციის გარეშე, არც ათათურქისეული ბედი ტექნიკური მოდერნიზაციისა კულტურის ვესტერნიზაციის საშუალებით”. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჯამალ ალ-დინ ალ-ავღანმა, მუჰამედ აბდულამ და სხვა რეფორმატორებმა კვლავ სცადეს ისლამისა და თანამედროვეობის ურთიერთმორგება, ამტკიცებდნენ რა “ისლამის თავსებადობას თანამედროვე მეცნიერებასთან და დასავლური აზროვნების საუკეთესო მომენტებთან”, ცდილობდნენ მუსლიმური დასაბუთება მოეძებნათ თანამედროვე იდეებისა და ინსტიტუტების (იქნებოდა ეს სამეცნიერო, ტექნიკური თუ პოლიტიკური - კონსტიტუციონალიზმი და წარმომადგენლობითი მთავრობა) მისაღებად საფუძვლის მომზადებისათვის.” ეს უკვე ფართო რეფორმატორული მოძრაობა იყო, რომელიც, მიდიოდა რა ქემალიზმის გზით, არა მარტო მოდერნიზიაციისკენ ისწარფვოდა, არამედ ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტის ათვისებისთვისაც იყო მზად. ასეთი სახის რეფორმიზმი მუსლიმური ელიტების მხრიდან დასავლეთისადმი ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, 1870-იანი წლებიდან 1920-იან წლებამდე, სანამ იგი არ წააწყდა გამოწვევეას ჯერ ქემალიზმის, ხოლო მოგვიანებით - ფუნდამენტალისტური ფორმის უფრო დახვეწილი რეფორმიზმის მხრიდან.
უარყოფის პოლიტიკა, ქემალიზმი და რეფორმიზმი ეფუძნება სხვადასხვა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი და რა - სასურველი. უარყოფის პოლიტიკისათვის ორივე - მოდერნიზაციაც და ვესტერნიზაციაც - არასასურველია და შესაძლებელია ორივეს უარყოფა. ქემალიზმისათვის ორივე - მოდერნიზაციაც და ვესტერნიზაციაც - სასურველია, უკანასკნელი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მის გარეშე პირველის განხორციელება არარეალურია, და ორივე შესაძლებელია. რეფორმიზმისათვის მოდერნიზაცია სასურველი და შესაძლებელია ყოველგვარი ძირეული ვესტერნიზების გარეშე, რომელიც, ამავდროულად, არასასურველიცაა. მაშასადამე, უთანხმოებაა უარყოფის პოლიტიკასა და ქემალიზმს შორის მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის სასურველობის თაობაზე, ასევე ქემალიზმსა და რეფორმიზმს შორის იმის თაობაზე, თუ რამდენად რეალურია მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე.
ცხრილი 3.1 სწორედ ამ მიმართულებებს გამოსახავს. “უარმყოფელი” A წერტილზე დარჩება; ქემალისტი დიაგონალს მიჰყვება B წერტილამდე; რეფორმატორი ჰორიზონტალს გაუყვება C წერტილამდე. რა გზით წავიდნენ სინამდვილეში საზოგადოებები? რა თქმა უნდა, ყოველ არადასავლურ საზოგადოებას განვითარების საკუთარი გზა აქვს, რომელიც, შესაძლოა, შესამჩნევად განსხვავდებოდეს მოცემული სამი პროტოტიპული მარშრუტისაგან. მაზრუი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეგვიპტე და აფრიკა D წერტილის მიმართულებით წავიდა: ეს იყო “კულტურის ვესტერნიზაციის მტკივნეული პროცესი ტექნიკური მოდერნიზაციის გარეშე.” თუ მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის ნებისმიერ ძირითად ფორმას განვიხილავთ, როგორც არადასავლური საზოგადოებების პასუხს დასავლეთისადმი, მაშინ გამოგვივა მრუდი A-E. თავდაპირველად ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: არადასავლური საზოგადოება ითვისებს დასავლური კულტურის თითქმის ყველა ელემენტს, ამავე დროს, შეიმჩნევა მოდერნიზაციის ნელი პროცესი. თუმცა, როგორც კი მოდერნიზაცია დაჩქარდება, ვესტერნიზაციის ინტენსივობა კლებულობს და იწყება ადგილობრივი კულტურის აღორძინება. შემდგომი მოდერნიზაცია უკვე ცვლის ცივილიზაციურ ბალანსს დასავლურ და არადასავლურ საზოგადოებათა შორის და აძლიერებს საკუთარ კულტურაზე მიჯაჭვულობას.

ცხრილი 3.1

მაშასადამე, ცვლილებათა ადრეულ სტადიაზე მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის საშუალებით ხორციელდება. შემდგომ ეტაპებზე მოდერნიზაცია დევესტერნიზაციის გზით მიდის და განაპირობებს ადგილობრივი კულტურების გამოცოცხლებას ორი სახით: საზოგადოებრივ დონეზე, მოდერნიზაცია ავითარებს ეკონომიკას, ჯარს, ახდენს საზოგადოების პოლიტიკურ კონსოლიდაციას, ანიჭებს ამ საზოგადოების წევრებს თავიანთი კულტურისადმი რწმენასა და თვითდაჯერებულობას. ინდივიდუალურ დონეზე, მოდერნიზაციას თან ახლავს გაუცხოებისა და ანომიის გრძნობა, რადგან ირღვევა ტრადიციული კავშირებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმები, რასაც პიროვნება მიჰყავს იდენტურობის კრიზისამდე, რომელზეც პასუხს რელიგია იძლევა.
ეს ზოგადი ჰიპოთეზური მოდელი ითვალისწინებს როგორც სოციალურ მეცნიერებათა თეორიებს, ისე ისტორიულ გამოცდილებასაც. დაწვრილებით მიმოიხილავს რა “უცვლელობის თეორიას”, რაინერ ბაუმი ასკვნის, რომ “ადამიანის მიერ იდეალური მმართველობისა და იდეალური პიროვნული ავტონომიის მუდმივი ძიება სხვადასხვა ფორმით ვლინდება ცაკლეულ კულტურებში. ამ მხრივ მულტიკულტურული და ჰომოგენური მსოფლიოსაკენ სწრაფვა არ იკვეთება. პირიქით, როგორც ჩანს, ის სისტემები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ განვითარების ისტორიულ და ადრე-მოდერნულ საფეხურებზე, კვლავ უცვლელადაა შენარჩუნებული.
სესხების თეორია, შემუშავებული ფრობენიუსის, შპენგლერისა და ბოუზმანის მიერ, ხაზს უსვამს საზღვრებს, რომელთა ფარგლებში ცივილიზაცია-რეციპიენტები შერჩევითად ითვისებენ სხვა ცივილიზაციების ელემენტებს, ახდენენ მათ ადაპტირებას, გარდაქმნასა და ასიმილაციას და ამით უზრუნველყოფენ თავიანთი კულტურების უმთავრესი ფასეულობების - “პაიდეუმი” - გადარჩენას. მსოფლიოს თითქმის ყველა არადასავლური ცივილიზაცია არსებობდა, სულ ცოტა, ერთი, ზოგი კი რამდენიმე ათასი წელი. არსებობს არაერთი მაგალითი სხვა ცივილიზაციათაგან სესხებისა, საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მიერ ინდოეთისგან ბუდიზმის ათვისებას არ გამოუწვევია ჩინეთის “ინდუიზაცია”. ჩინელებმა იგი თავიანთ მიზნებსა და საჭიროებებს შეუსაბამეს, ჩინური კულტურა კი ჩინური დარჩა. ჩინელებს შეუძლიათ შეადგინონ ქრონოლოგიური ჩამონათვალი დასავლეთის წარუმატებელი მცდელობებისა, ქრისტიანულ რჯულზე მოექციათ ისინი. თუ ჩინელები როდესმე ისესხებენ რაიმეს ქრისტიანობიდან, ალბათ, შეცვლიან მას ისე, რომ იგი თავსებადი გახდეს ჩინური კულტურის ძირითად ელემენტებთან. ანალოგიურად, მუსლიმმა არაბებმა აითვისეს, დააფასეს და გამოიყენეს “ელინური მემკვიდრეობა უკიდურესად უტილიტარული მიზნებისათვის. იყვნენ რა ძირითადად დაინტერესებულნი გარკვეული გარეგნული ფორმების ან ტექნიკური მხარეების ათვისებით, მათ იცოდნენ, თუ როგორ უგულებელეყოთ ბერძნული ფილოსოფიური აზრის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ყურანის ფუნდამენტური ნორმებითა და სწავლებით დადგენილ “ჭეშმარიტებას”. იაპონიამაც მსგავსი გზა გაიარა. VII საუკუნეში მან განახორციელა ჩინური კულტურის იმპორტი და საკუთარი ნებით, “ყოველგვარი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე, გარდაქმნა იგი” უფრო მაღალ ცივილიზაციად. “მომდევნო საუკუნეებში ერთმანეთს ენაცვლებოდა კონტინენტური გავლენისაგან შედარებითი იზოლაციისა (როცა ხდებოდა ადრინდელ ნასესხებ ელემენტთა გადარჩევა და სასარგებლოს შეთვისება) და კონტაქტისა თუ კულტურული სესხების პერიოდები”. მთელი ამ ხნის განმავლობაში იაპონურმა კულტურამ შეინარჩუნა თვითმყოფადი სახე.
ქემალისტთა მოზომილი მსჯელობა იმის შესახებ, რომ არადასავლური საზოგადოებები შეიძლება მოდერნიზდნენ ვესტერნიზების გზით, არ მტკიცდება. უკიდურესი ქემალისტების წარმოდგენა, თითქოს არადასავლური საზოგადოებები უნდა ვესტერნიზრდნენ, რათა შემდგომში მოდერნიზდნენ, არ გამოდგება საყოველთაო “რეცეპტად”. ჩნდება კითხვა: არსებობენ თუ არა ისეთი არადასავლური საზოგადოებები, სადაც ლოკალური კულტურა ისე აფერხებს მოდერნიზაციის პროცესს, რომ ეს კულტურა ძირეულად უნდა ამოიძირკვოს და შეიცვალოს დასავლური კულტურით? თეორიულად, ეს უფრო შესაძლებელია დასრულებულ, ვიდრე ინსტრუმენტულ კულტურებში. ინსტრუმენტული კულტურები “ხასიათდება საბოლოო მიზნებისაგან განცალკევებული და დამოუკიდებელი შუალედური მიზნების ვრცელი არეალის არსებობით. ეს სისტემები ადვილად განახლდება, აფარებს რა ცვლილებას ტრადიციის საფარს. ასეთ სისტემებს ძალუძთ განახლება ისე, რომ არც გამოამჟღავნონ ძირეული ცვლილებები თავიანთ სოციალურ ინსტიტუტებში. პირიქით, სიახლე ძველის დავიწყებას ემსახურება”. დასრულებული სისტემები, პირიქით, “ხასიათდება მჭიდრო კავშირით შუალედურ და საბოლოო მიზნებს შორის... საზოგადოება, სახელმწიფო, ხელისუფლება და ა.შ. წარმოადგენენ საგულდაგულოდ შეკავშირებულ, კარგად შეკრულ სისტემას, რომელიც გამსჭვალულია რელიგიით, როგორც შემეცნების სახელმძღვანელო პრონციპით. ასეთი სისტემები ყოველთვის მტრულად იყვნენ განწყობილნი სიახლისადმი”. აპტერი იყენებს ამ კატეგორიებს აფრიკულ ტომებში მომხდარი ცვლილებების ანალიზისათვის. აიზენშტადტმა შედარებითი მეთოდის გამოყენებით გააანალიზა აზიის დიდი ცივილიზაციები და მსგავს დასკვნებამდე მივიდა. შინაგან ცვლილებებს “მნიშვნელოვნად აადვილებს სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ინსტიტუტების ავტონომია”. ამ მიზეზით, შედარებით უფრო ინსტრუმენტული ხასიათის იაპონური და ინდური საზოგადოებები უფრო ადვილად და ადრე დაადგნენ მოდერნიზაციის გზას, ვიდრე კონფუციური და მუსლიმური საზოგადოებები. მათ უფრო მეტი უნარი გააჩნდათ თანამედროვე ტექნოლოგიებისა სესხებისა და მათი გამოყენებისა საკუთარი კულტურის განმტკიცებისათვის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩინურმა და მუსლიმურმა საზოგადოებებმა ან უარი თქვან როგორც მოდერნიზაციაზე, ისე ვესტერნიზაციაზეც, ან ორივე მიიღონ? არჩევანი არც ასე შეზღუდულია. იაპონიასთან ერთად, სინგაპური, ტაივანი, საუდის არაბეთი და, ნაკლებად, ირანიც თანამედროვე (მოდერნულ) საზოგადოებებად გარდაიქმნენ ყოველგვარი ვესტერნიზაციის გარეშე. საინტერესოა, რომ შაჰის მცდელობებმა, ქემალისტურ კურსს გაჰ ყოლოდა და განეხორციელებინა ორივე - მოდერნიზაციაცა და ვესტერნიზაციაც, მძაფრი ანტიდასავლური, მაგრამ არა ანტიმოდერნული რეაქცია გამოიწვია. ჩინეთიც აშკარა რეფორმისტულ გზას დაადგა.
მუსლიმურ საზოგადოებებს გარკვეული სიძნელეები შეხვდათ მოდერნიზაციის გზაზე, ამიტომ ფაიპსი, იმ თვალსაზრისის დასასაბუთებლად, რომ ვესტერნიზაცია მოდერნიზაციის აუცილებელი პირობაა, მიუთითებს წინააღმდეგობაზე ისლამსა და თანამედროვეობას შორის ეკონომიკურ საკითხებში, როგორიცაა კაპიტალდაბანდება, მემკვიდრეობის კანონი და ქალის შრომის უფლება. მაგრამ იგი მაინც ეთანხმება მაქსინ როდინსონს იმასთან დაკავშირებით, რომ “არ არსებობს არავითარი დამაჯერებელი არგუმენტი იმისა, რომ მუსლიმურმა რელიგიამ ხელი შეუშალა მუსლიმურ სამყაროს თანამედროვე კაპიტალიზმის გზით განვითარებაში”. ფაიპსი ამტკიცებს, რომ ისლამი და მოდერნიზაცია არც სხვა საკითხებში ეწინაღმდეგებიან ერთმანეთს. მორწმუნე მუსლიმებს ძალუძთ განავითარონ მეცნიერება, ნაყოფიერად იმუშაონ ქარხნებში ან გამოიყენონ დახვეწილი იარაღი. მოდერნიზაცია არ მოითხოვს არანაირ პოლიტიკურ იდეოლოგიას ან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა არჩევნები, სახელმწიფო საზღვრები, სამოქალაქო ორგანიზაციები. არც დასავლური ცხოვრების სხვა დამახასიათებელი ნიშნებია აუცილებელი ეკონომიკური განვითარებისათვის. როგორც მრწამსი, ისლამი აკმაყოფილებს მენეჯმენტის კონსულტანტსაც და გლეხსაც. შარიათი არაფერს ამბობს მოდერნიზაციის თანამდევ ცვლილებებზე, როგორიცა გადასვლა სოფლის მეურნეობიდან მრეწველობაზე, მოძრაობა სოფლიდან ქალაქისკენ თუ სოციალური უძრაობის სოციალური მობილურობით შეცვლა. იგი არ ეხება არც ისეთ საკითხებს, როგორიცაა საყოველთაო განათლება, კომუნიკაციის დაჩქარებული საშუალებები, ტრანსპორტის ახალი სახეობები თუ ჯანდაცვა.
ყველაზე რადიკალი ანტივესტერნისტები და ადგილობრივი კულტურების აღორძინების მომხრეებიც კი უყოყმანოდ იყენებენ თანამედროვე ტექნიკას - ელექტრონულ ფოსტას, კასეტებს თუ ტელევიზიას – საკუთარი იდეების პროპაგანდისათვის.
ერთი სიტყვით, მოდერნიზაცია აუცილებლად არ ნიშნავს ვესტერნიზაციას. არადასავლურ საზოგადოებებს შეუძლიათ და შეძლეს კიდეც მოდერნიზება საკუთარი კულტურის უარყოფისა და ყველა დასავლური ფასეულობის, ინსტიტუტისა თუ ჩვეულების ათვისების გარეშე. ეს უკანასკნელი, ალბათ, შეუძლებელიცაა: რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეუქმნან არადასავლურმა კულტურებმა მოდერნიზაციას, ისინი ვერც კი შეედრება იმ სირთულეებს, რომლებიც ვესტერნიზაციის პროცესს ეღობება. ბავშვური გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, აღნიშნავს ბროდელი, რომ მოდერნიზაცია, ანუ “ერთი ცივილიზაციის ტრიუმფი”, შეიძლება, საწინდარი გახდეს ისტორიული კულტურების მრავალრიცხოვნების მოსპობისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხორცს ისხამდნენ მსოფლიოს დიდ ცივილიზაციებში. ამის ნაცვლად, მოდერნიზაცია აძლიერებს ამ კულტურებს და ამცირებს დასავლეთის ძალას. მსოფლიო ხდება სულ უფრო და უფრო მოდერნული და ნაკლებად დასავლური.

ინგლისურიდან თარგმნა შოთა ხინჩაგაშვილმა
2004 წ.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი