მიხაილ ეპშტეინი
თვითგაწმენდა (თვითგასუფთავება). კულტურის წარმოშობის ჰიპოთეზა

მიხაილ ეპშტეინი დაიბადა 1950 წელს. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი. 1990 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. იმავე წლიდან ემორის უნივერსიტეტის პროფესორია.

მიხაილ ეპშტეინი. თვითგაწმენდა (თვითგასუფთავება). კულტურის წარმოშობის ჰიპოთეზა. – ჟურნ. "Вопросы философии", #5, 1997, сс.72-79.

Михаил Эпштейн. Самоочищение. Гипотеза о происхождении культуры. - "Вопросы философии", #5, 1997, сс.72-79.




სისუფთავისაკენ სწრაფვა ბუნებრივია. ასე ვუახლოვდებით პოეზიის წმინდა არსს.
ბორის პასტერნაკი [1]

კულტისა და კულტურის ბიოლოგიური წანამძღვრები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინათა საერთო პრობლემაა. "აქვს თუ არა რელიგიას ბუნებრივი საწყისი დიად და საყოველთაო სასიცოცხლო პროცესში, რომელმაც წარმოშვა კაცობრიობა და რომელსაც ეს კაცობრიობა ჯერ კიდევ ექვემდებარება"? [2] – ამ კითხვას სხვადასხვა ფორმით იმეორებს ბევრი თანამედროვე ანთროპოლოგი, რელიგიისა და ცივილიზაციის ისტორიკოსი. არ ვაცხადებ რა პრეტენზიას ახალი მეცნიერული თეორიის შექმნაზე, მსურს ყურადღება მივაქციო ცოცხალი არსებების ერთ ტრივიალურ თვისებას - თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) ინსტინქტს, რომლის აღმავალი განვითარება შეიცავს კულტურისა და კულტის წარმოშობის პოტენციალს.

- 1 -

კულტურის წარმოშობის მოცემული ჰიპოთეზა ბუზზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. ვუსაქმურობდი. არ "მეწერებოდა". ჩემს წინ, მაგიდის ნათურის სინათლის წრეში, ბუზები ისხდნენ. მათი ცხოვრება ჩემთვის მოულოდნელი კუთხით დავინახე. უსაქმურობით დათრგუნულმა, გადავწყვიტე დავკვირვებოდი, რას აკეთებს ბუზი მაშინ, როცა არაფერს აკეთებს. იგი მშრალი წესით იბანდა, თათებით იწმენდდა თავსა და თავისი არცთუ სასიამოვნო სხეულის სხვა ნაწილებს.
იმ საღამოს ბუზების ცხოვრებას ჩვეულებრივზე ახლოს გავეცანი. ისინი საოცრად სისუფთავისმოყვარენი აღმოჩნდნენ, რაც ძნელი წარმოსადგენი იყო ათასი დაავადების გადამტანი ამ არსებებისაგან. როგორც წესი, მწერების ყველაზე ავტორიტეტული მცოდნენიც კი, ბუზების ცხოვრების წესის აღწერისას, ხაზს უსვამენ საძაგელ დეტალებს, თითქოს ვერ ამჩნევენ, რომ დროის უმეტეს ნაწილს ეს არსებანი პირად ჰიგიენას ახმარენ [3]. ცოტა ხანს იცოცებენ მაგიდაზე და იწყებენ წინა და უკანა თათების მოძრაობას, თითქოს იშორებენ მაგიდის ზედაპირიდან აკრულ სიბინძურეს. მათი თმასავით წვრილი ფეხების მოძრაობა ძალიან ჰგავს ადამიანის დაბანის პროცესს. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ისინი არიან ჩვენთვის დაავადების წყარო, არამედ ჩვენც – მათთვის. თანაც ისინი სისუფთავის დაცვას გაცილებით მეტ ყურადღებასა და დროს უთმობენ. მათი თათების სწრაფ მოძრაობაში, თითქოს, სისუფთავის ავადმყოფური მანია გამოსჭვივის. ისინი წამითაც არ ასვენებენ საკუთარ სხეულს, იშორებენ მიკროსკოპულ მტვერსაც კი.
მახსენდება, რომ ჩვენი შინაური ზაზუნებიც მუდმივად სუფთავდებოდნენ, და ამ სასიამოვნო პროცესს მხოლოდ მცირე ხნით წყვეტდნენ ჭამისათვის, კიდევ უფრო მცირე ხნით – შეწყვილებისათვის და უფრო ხანგრძლივი დროით – ძილისათვის. ძაღლებიცა და კატებიც, რომლებზე დაკვირვების საშუალება ყველას გვაქვს, სწორედ რომ ჰიგიენური მანქანებია, რომლებიც სხეულის ყველა ნაწილის ამოქმედებით იშორებენ უმცირეს ჭუჭყსაც კი სხეულის ყველაზე ძნელად მისაწვდომი ადგილებიდან. ისინი ენით ისველებენ თათებს, რათა სველი წესით გაიწმინდონ ქურქი, ლოკავენ მტვერს, უშვებენ მას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, კვლავ იწმენდენ, კვლავ ილოკავენ. თუ წარმოვიდგენთ ცხოვრების უწყვეტ ძაფს, მის საფუძველს, რომელზეც დაეშრევება ყველა სხვა საქმიანობა, ასეთ საფუძვლად სწორედ დაბანა, გალოკვა, დავარცხნა – ერთი სიტყვით, თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) ყველა სახე წარმოგვიდგება. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება ამ არსებებისათვის ნიშნავს თვითგასუფთავებას.
ადამიანი? დღეში რამდენჯერმე ორიოდე წუთს დაუთმობს დაბანას, მიიღებს შხაპს ან აბაზანას ათი-ოცი წუთის მანძილზე... მაგრამ ეს ხომ არაფერია ცხოველებთან და მწერებთან შედარებით! ადამიანს, თითქოს, ატროფირებული აქვს სისუთავის მოთხოვნილება. საზიზღარი არსებები – მაგალითად, ბუზები, ბუნების არისტოკრატებად გამოიყურებიან, გონიერი არსებანი კი, მათთან შედარებით – ფეთხუმებად. სამაგიეროდ, რამდენი დრო და ძალა ეხარჯება ადამიანს სხვა საჭიროებაზე: შემეცნებასა და შემოქმედებაზე, კულტურაზე, ბუნების გარდაქმნაზე. აი, აქ გვმართებს დაფიქრება: რა იჭერს ადამიანის ცხოვრებაში იმ გრანდიოზულ ადგილს, რომელიც ცხოველებთან თვითგაწმენდას (თვითგასუფთავებას) უკავია? ხომ უნდა მუშაობდეს ეს ბიოლოგიური რეფლექსები ადამიანშიც - თუნდაც ფარული ამ გაშუალებული ფორმით?
როგორც ჩანს, ადამიანი იმიტომ გათავისუფლდა დროის უმეტესი ნაწილის ფიზიკური თვითგაწმენდისათვის (თვითგასუფთავებისათვის) დათმობის საჭიროებისაგან, რომ გარემოსაგან თავდაცვის სხვა საშუალებები იპოვნა: ჯერ ერთი – ტანსაცმელი, მეორე – სახლი, მესამე – ქალაქი და ა.შ. შეიძლება გავაგრძელოთ ხელოვნური გარსების ჩამოთვლა, რომლებითაც ადამიანი ემიჯნება ჭუჭყისა და მტვრის სახით წარმოდგენილ სამყაროს ქაოსს, იგი ეფარება თითქმის შეუღწევადი კულტურული შრეების გიგანტურ სისქეს, იმ უმნიშვნელო მტვერს კი, რომელიც ამ შრეების გავლით მაინც აღწევს ადამიანამდე, ეს უკანასკნელი, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, ჩვეულებრივი ჰიგიენური წესით იშორებს. სისუფთავის მოთხოვნილების რეალიზაცია ადამიანმა განსხვავებული წესით დაიწყო - ასე ვთქვათ, "პრევენტულად": იგი ემალებოდა და ემიჯნებოდა სამყაროს ჭუჭყს და არ მიმართავდა მეორე გზას: ჯერ მიეშვა ეს ჭუჭყი საკუთარ თავამდე და შემდეგ ეზრუნა მის მოშორებაზე. ხომ არ არის ყველაფერი, რასაც კულტურას ვუწოდებთ, გიგანტური ფარი, რომელიც ადამიანს იცავს გარემოს ჭუჭყის, ქაოსისა და უწესრიგობისაგან? ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხომ არ არის ეს გასუფთავების, საკუთარი თავის მოწესრიგების სხვაგვარად რეალიზებული მოთხოვნილება?
ცხადია, შეიძლება კამათი იმის თაობაზე, აქვს თუ არა საერთოდ კულტურას ინსტინქტური საფუძვლები. მაგრამ ამგვარი მიდგომა საფუძვლად უდევს თანამედროვე მეცნიერების განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას. მაგალითად, "ანთროპული პრინციპი" დაკანონებულია ფიზიკაში, რომელიც ბუნების ბევრ "უცნაურ" კანონსა და "შემთხვევით" კონსტანტას, როგორიცაა, მაგალითად, პლანკის კვანტური მუდმივა, ხსნის მათი აუცილებლობით სამყაროში ადამიანის გაჩენისათვის. ფიზიკური კონსტანტების უმნიშვნელო ცვლილების პირობებშიც კი, ადამიანის ფენომენს, უბრალოდ, ადგილი არ ექნებოდა, კოსმოსში არ იარსებებდა პირობები მისი, როგორც ბიოლოგიური სახეობის გაჩენისა და გადარჩენისათვის. თუ ანთროპული პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას არაცოცხალი ბუნების შესწავლისათვის, ცოცხალი ბუნება, ცხოველთა ქცევა მით უმეტეს შეიძლება განიხილებოდეს ტელეოლოგიურად, როგორც პირობების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ადამიანის როგორც კულტურული არსების გაჩენას. სხვა სიტყვებით, ანთროპული პრინციპი, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, იმსახურებს გადატანას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, თუნდაც იმის საფუძველზე, რომ არ შეიძლება, ადამიანის შესახებ მეცნიერებებისათვის ათვლის მეთოდოლოგიური წერტილი თავად ადამიანი არ იყოს.

როგორ წარმოგვიდგება ანთროპული პრინციპი "ბუნებიდან წარმოშობილი კულტურის", უფრო ზუსტად, "ბუნების, როგორც კულტურის წარმოშობის პირობის" ახსნისას? თუ დავუშვებთ, რომ კულტურა ჩადებულია ბუნებაში, როგორც თვითგანვითარება რაღაც ინსტინქტისა, რომლის დაკმაყოფილებას თანდათან გამოჰყავს ადამიანი ბუნებიდან, მაშინ, ხომ არ არის თვითგასუფთავება (თვითგაწმენდა) სწორედ ის ინსტინქტი, რომელიც ყველაზე ზუსტად მუშაობს კულტურის შექმნის, უფრო სწორად, ბუნებაში მისი თვითწარმოშობისათვის? ამის დაშვება გაცილებით უფრო საფუძვლიანია, ვიდრე კულტურაწარმომქმნელი როლის მიწერა სქესობრივი ინსტინქტისათვის (ლიბიდოსა და სუბლიმაციის თეორია), ან შიმშილის გრძნობისათვის (ფოიერბახის ცნობილი ფრაზა – "ადამიანი არის ის, რასაც იგი ჭამს" [4] – და ამ ღრმა ჭეშმარიტებასთან ახლოს მდგომი ეკონომიკური მატერიალიზმის მოძღვრებანი). ეს ინსტინქტები არსით კონსერვატულია, ისინი ან ავსებენ დანაკარგს (კვება), ან განმუხტავენ დაგროვილს (შეწყვილება), ანუ ინარჩუნებენ გარემოსთან ორგანიზმის ბალანსს, აღადგენენ მას მორიგი დარღვევის შემდეგ [5].
ამის საპირისპიროდ, თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) ინსტინქტი მიმართულია ყოველგვარი ბალანსისა და სტატუს კვოს წინააღმდეგ, გარემოსაგან ორგანიზმის გამოყოფისაკენ და, გარემოსთან შედარებით, ორგანიზმის მოწესრიგებულობის (სისუფთავის) უსასრულო ამაღლებისაკენ. გასუფთავება შეიძლება დაუსრულებლად, ჭუჭყის არარსებობის შემთხვევაშიც კი, - ეს თვითკმარი, თვითღირებული პროცესია. სასიამოვნოა მოფერება, ხელის გადასმა, ნოტიო გარსის შემოხვევა, რაც თითქოს გაბრუნებს დედის წიაღში არსებობის – სრული ჩაძირვის, გარემოსაგან გამოცალკევების - იდეალური მდგომარეობისაკენ. ასეთია ცოცხალი ორგანიზმის თანდაყოლილი ნარცისიზმი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ და მხოლოდ ამ თვითგაწმენდის დროს ცხოველი შემობრუნდება საკუთარი თავისაკენ, "გარედან" ათვალიერებს და სინჯავს საკუთარ თავს. როცა ჭამს ან წყვილდება, არსება ყოველთვის მიმართულია რაღაც გარეშესაკენ, თითქოს "გამოხტება" საკუთარი ტყავიდან; თვითჭვრეტის, თვითშემეცნების აქტი ვერ მოთავსდება რაღაცით ან ვიღაცით (ნადავლით ან პარტნიორით) ამ შეუჩერებელ და უკანმოუხედავ შთანთქმულობაში. თვითგაწმენდა (თვითგასუფთავება) ერთადერთია, რასაც ცხოველი საკუთარი თავიდან კი არ გამოჰყავს, არამედ აბრუნებს საკუთარი თავისაკენ - ესაა ერთგვარი ესთეტიკური, მედიტაციური მომენტები მის ცხოვრებაში, როცა იგი თავისუფალია გარედან მომდინარე საფრთხისა და საკუთარი სურვილებისაგან და, მოიპოვებს რა თვითკმარობას, ეფერება, ლოკავს საკუთარ თავს. ხომ არ მოდის სწორედ აქედან ადამიანის ცნობიერება, რომელიც - სულიერ დონეზე – ასე ახლოს დგას საკუთარი თავის გასინჯვის, ყოველგვარი გარეგანისაგან გაწმენდის, გარედან მიწებებული ჩენჩოსაგან საკუთარი ჭეშმარიტი "მე"-ს გამოთავისუფლების მოთხოვნილებასთან?

ცნობიერება, ანუ რეფლექსია, შეიძლება განვსაზღვროთ როგორც არსების საკუთარ თავთან დაბრუნება, შეგრძნებათა ერთობლიობიდან სუბიექტად ყოფნის შეგრძნების გამოცალკევება. განბანვა არის ცნობიერების ფიზიკური ანალოგი და პროტოტიპი. ჩვენს ყოფით ცხოვრებაში არ არსებობს სხვა ასეთი სიტუაცია, როცა ჩვენ თანამიმდევრულად აღვადგენთ ჩვენი სხეულის სრულ მოხაზულობას, თითქოს ჰაერში ვქმნით მის მოცულობით, პლანიმეტრიულ მოდელს. ხელი, რომელიც ბანს, თვითშემეცნების ორგანოდ გვევლინება. ჩვეულებრივ, როგორც ფიზიკური ორგანო, იგი მოწოდებულია უცხო საგნების მიწვდომის, ტაცების ან მოშორებისაკენ, აქ კი უბრუნდება იმას, რასაც შინაგანად წარმოადგენს – სხეულს, რომლის ნაწილიც არის. გარედან შეხება იმასთან, რასაც შინაგანად ეკუთვნი, არის სწორედ ცნობიერების აქტი: ადამიანს, რომელიც არის ბუნების, მისი ყოვლისმომცველი სხეულის ნაწილი, მაინც აქვს უნარი - გამოვიდეს მისი ფარგლებიდან, გაიაზროს იგი, შეიჭრას მასში გარედან, და არ იყოს მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილი, როგორც ქვა ან მცენარე [6].

რეფლექსია არის თვითგაორება საკუთარი ცნობიერების სარკეში, მაგრამ ასეთი თვითგაორების პირველადი ფორმა წარმოგვიდგება მეტასხეულებრივ აქციათა სახით, რომლებიც მიმართულია საკუთარი სხეულის იდენტიფიკაციისაკენ. ხომ არ არის ენითა და თათებით საკუთარი ქურქის წმენდა - ჭუჭყის მოშორების, არა-მე-დან მე-ს გამოცალკევების მიზნით – რეფლექსიის ბუნებრივი საწყისი? თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) აქტში ცხოველი ეძიებს და ჰპოვებს საკუთარ თავს და არა სხვას, როგორც ჭამის ან შეწყვილების დროს. ცხოველი დიდ დროს უთმობს ამ ჰიგიენას, იღებს იქიდან თვითკმარ სიამოვნებას, ისევე როგორც ადამიანი იღებს ასეთსავე სიამოვნებას კულტურიდან, პოულობს რა მასში თვითორგანიზაციის, არა-მე-დან მე-ს გამოცალკევებისა და საკუთარი თავის პოვნის სულ უფრო სრულყოფილ საშუალებებს. აუტოეროტიზმი – სიამოვნებაა, მიღებული საკუთარი სხეულის შეხებიდან. როგორც ეროტიკული სიამოვნება ემსახურება ადამიანთა მოდგმის გამრავლებისა და გაგრძელების ამოცანას, ისევე აუტოეროტიკული სიამოვნება ემსახურება თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების), ჭუჭყის ფილტრაციის, კულტურის შექმნის მიზანს.

კულტურა ხშირად განისაზღვრება როგორც ენის მრავალდონიანი სისტემა, რომლის ფარგლებში კაცობრიობას ურთიერთობა აქვს საკუთარ თავთან (ადამიანთა მოდგმის ავტოკომუნიკაციის არაბიოლოგიური საშუალება). მაგრამ კულტურა დაკავშირებულია ენასთან არა მარტო როგორც ნიშანთა სისტემასთან, არამედ როგორც პირის ღრუს ორგანოსთანაც. როგორც ეთოლოგიისა და ზოოსემიოტიკის სფეროში თანამედროვე გამოკვლევები აჩვენებს, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ ერთი და იგივე ორგანო წარმოადგენს ერთდროულად თვითგაწმენდისა (თვითგასუფთავების) და ბგერითი არტიკულაციის ორგანოს.

- 2 -

სამეცნიერო ლიტერატურა ცხოველთა გასუფთავების (grooming) ინსტინქტის შესახებ შედარებით მცირეა: მონოგრაფიული გამოკვლევები არ არსებობს (გამონაკლისია რობინ დანბარის წიგნი, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი), ეთოლოგიის სახელმძღვანელოებსა და განმაზოგადებელ შრომებში კი ამ პრობლემას სულ რამდენიმე სტრიქონი ან აბზაცი ეთმობა, სადაც, როგორც წესი, ხაზი ესმება მის სირთულესა და შეუსწავლელობას. წმენდა თითქოს ამოვარდნილია ცოცხალი ორგანიზმის იმ ფუნქციათა რიგიდან, რომელთაც შეიძლება რაციონალური ახსნა მოეძებნოს. თუმცა, როგორც მაიმუნების მკვლევარები მიუთითებენ, "წმენდის ეპიზოდები ... იკავებდნენ თითქმის მთელ დროს დაკვირვების პერიოდში" [7]. H ჰანთინგფორდი მიდის დასკვნამდე, რომ ბუზი დაბანის პროცესში იღებს მთელ რიგ იერარქიულად ურთიერთდამოკიდებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ტანის წინა ნაწილის, თავის, ფეხების და ა.შ. თანამიმდევრულ გაწმენდას, და ხატავს ასეთი ოპერაციების რთულ სქემას [8].

სპეციალისტთა ყურადღებას იქცევს ის იდუმალი ფაქტი, რომ წმენდა სულაც არ არის აუცილებლად დაკავშირებული ცხოველის სხეულზე ჭუჭყის ნაწილაკების არსებობასთან. ხშირად ეს პროცესი მოკლებულია პირდაპირ ფიზიოლოგიურ მიზანს და უფრო სოციალური ურთიერთობის აქტად ან ნერვული კომპენსაციის მექანიზმად გვევლინება. ჰანთინგფორდი ვარაუდობს, რომ წმენდა რაღაც სახით დაკავშირებულია ორგანიზმის მუტაციებთან ან სხვა გადახრებთან ცხოველთა ქცევის ნორმებიდან. მაგალითად, თაგვები, რომლებსაც ექსპერიმენტატორები ნერვული შოკის მდგომარეობაში აყენებენ, განუწყვეტლივ იბანენ სახეს – ეს მოძრაობა, თითქოს, აღადგენს ნორმალურ ფსიქიკურ თვითრეგულაციას, "საკუთარი თავის შეგრძნებას" [9].

ცხოველთა ზოგიერთ ერთობაში, მაგალითად, ბაბუინებში, განვითარებულია ურთიერთგაწმენდის რიტუალი, რომელიც წარმოადგენს "მეგობრული განწყობის ყველაზე ხშირ და თვალსაჩინო გამოხატულებას" [10], ფრინველთა მრავალ სახეობაში "მოწესრიგებისა და გრუმინგის თავდაპირველი ფუნქცია სისუფთავის დაცვა იყო, მაგრამ ევოლუციის პროცესში სულ უფრო იზრდებოდა სხვა ფუნქციის - საქორწინო წყვილთა შექმნის ხელშეწყობის – მნიშვნელობა" [11]. ამასთან, ამგვარი ურთიერთწმენდა - წყვილადი ან კოლექტიური – "მიმართულია უმთავრესად სხეულის იმ ნაწილებისაკენ, რომლებიც ძნელად მისაწვდომია თვითონ ცხოველისათვის" [12], ე.ი. მეგობრული ან საქორწინო კავშირები განმტკიცდება ინდივიდუმის უუნარობით, გაისუფთაოს საკუთარი თავი. საკუთარი თავის ამგვარი "მიუწვდომლობა" ცალკეული ინდივიდუმისათვის სტიმულის როლს ასრულებს სხვის მიზიდვაში, რაც ქმნის ცხოველთა სამყაროში დიალოგური ურთიერთობის თავისებურ წინაპირობას: სისუფთავე, ანუ გამორჩეულობა, გულისხმობს საკუთარი თავის "გარედან" ცოდნას, რადგან მხოლოდ გარედან შემიძლია საკუთარი "მე"-ს სრულად აღქმა.

მიხაილ ბახტინმა ამ სიტუაციას, რომელიც კულტურის საფუძველს ქმნის, "გარემყოფობა", "მიღმამყოფობა" (вненаходимость) უწოდა. "ადამიანს არ შეუძლია თავისი გარეგნობის ნამდვილად დანახვა და მთლიანობაში გააზრებაც კი, აქ მას ვერ უშველის ვერავითარი სარკეები და ფოტოები, მისი ნამდვილი გარეგნობა შეიძლება დაინახონ და გაიგონ მხოლოდ სხვა ადამიანებმა, გამომდინარე თავიანთი სივრცითი გარემყოფობიდან და იმის წყალობით, რომ ისინი სხვები არიან. კულტურის სფეროში გარემყოფობა (მიღმამყოფობა) გაგების ყველაზე ძლიერი მექანიზმია" [13].

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს კულტურული პარადიგმის ამგვარი გამოყენება ბუნებასთან მიმართებაში, იგი დასტურდება პირველად, მატერიალურ დონეზე: ცხოველს არ შეუძლია სრულად და მთლიანად გაილოკოს თავი – ამისათვის მას სჭირდება სხვისი ენა. თავისი ფიზიკური ყოფიერების შექმნისა და დასრულებისათვის, საკუთარი თავის "არა-მე"-საგან გამოყოფისათვის, რაც წარმოადგენს თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) სტიმულს, ცხოველი საჭიროებს პარტნიორს. წმენდა განსაკუთრებით დამახასიათებელია დედისა და შთამომავლობის ურთიერთობისათვის, მონათესავე ინდივიდებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, იგი ასრულებს ფართო სოციალური მიზიდულობის საფუძვლის როლსაც. "პრიმატების უმრავლესობისათვის გრუმინგი (გასუფთავება) მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობაა, რომლის ფუნქციაა არა მხოლოდ კანიდან პარაზიტების მოცილება, არამედ "საზოგადოების ცემენტირებაც", სოციალური კავშირების შენარჩუნება. უმეტესწილად გრუმინგს ადგილი აქვს ახლო ნათესავებს შორის, მაგრამ მყარი ურთიერთობები, რომელთაც გრუმინგი განამტკიცებს, შეიძლება არსებობდეს არა მხოლოდ ნათესავებს შორის" [14].

რობინ დანბარის წიგნში "გრუმინგი, ჭორი და ენის ევოლუცია", პრიმატების დიდი საველე მასალის შესწავლის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ ენა წარმოშობილია წმენდის რიტუალიდან, რომელიც ასრულებს სოციალური ჯგუფის შემაკავშირებელ ფუნქციას. ბაბუინები და შიმპანზეები ცხოვრობენ 50-55 ერთეულიან ჯგუფებად და დროის ერთ მეხუთედს წმენდას უთმობენ. მაგრამ ადამიანები გაცილებით დიდ კოლექტივებად ცხოვრობენ. უახლოესი სოციალური ჯგუფის (წარმოებაში, არმიაში და ა.შ.) შემადგენლობა 150 კაცითაც რომ შემოვფარგლოთ, ურთიერთწმენდის განხორციელებისათვის თითოეულს დასჭირდებოდა დროის 40%, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯგუფის ზრდის კვალობაზე, უშუალო ფიზიკური კონტაქტი მის წევრთა შორის შეუძლებელი ხდება და ადგილს უთმობს "ჭორაობას". ჭორაობა – ენით წმენდაა, უკვე არა შეგრძნებით, არამედ წარმოთქმით ხარისხში. ენა საშუალებას აძლევს მრავალს, კონტაქტი ჰქონდეთ ერთდროულად მრავალთან და აიოლებს სოციალური კონტაქტების დამყარებასა და შენარჩუნებას დიდ ჯგუფში. ჯგუფის წევრები საუბრობენ ერთმანეთზე: ვინ ცუდია, ვინ – კარგი, ვინ ვისთან მეგობრობს, ვის ვინ მოსწონს და რატომ და ა.შ. ენა – ესაა "გრუმინგის იაფი და ზეეფექტური საშუალება" [15]. დანბარის წიგნმა დიდი და, მთლიანობაში, დადებითი რეზონანსი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში.

როგორც გამოკვლევები ადასტურებს, მრავალი უმაღლესი ძუძუმწოვარი თვითგაწმენდისაკენ (თვითგასუფთავებისაკენ) სწრაფვას ამჟღავნებს "კონკრეტული საჭიროების მიუხედავად. /.../ ცხოველი არ ელოდება, როდის გაჭუჭყიანდება მისი ქურქი, როდის გაჩნდება მასზე პარაზიტები. /.../ გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც ჯერჯერობით უცნობი გარეშე ფაქტორი აღძრავს გრუმინგის მექანიზმს, თუმცა შესასწავლია იმის შესაძლებლობაც, რომ წმენდის (გასუფთავების) პროცესი თვითანაზღაურებადია, რამდენადაც გარკვეულ სტიმულაციას და გაძლიერებას ახდენს" [16]. ჩემი აზრით, წმენდის (გასუფთავების) სწორედ ეს თვითკმარი, თვითანაზღაურებადი ფუნქცია წარმოადგენს პირველფენომენს (პრაფენომენს) ყველა კულ;ტურული პროცესისა, რომელთა მსვლელობაში ადამიანი მთელ გარემომცველ სამყაროს ატარებს ჰიგიენურ, ინფორმაციულ და სხვა ფილტრებში. ნიშანდობლივია, რომ რუსულ ენაში თვით "სუფთას" (чистый) ცნება ეტიმოლოგიურად მონათესავეა "გაცრის" (цедить) - ფილტრში გატარების ცნებისა [17].

"ფილტრი" თანამედროვე კულტუროლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა. კულტურა საზღვართა სისტემაა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი შერჩევითი და გამტარი ფუნქცია: გააცალკევოს "საკუთარი" "სხვისაგან". კულტურა როგორც მთლიანობა, სემიოტიკური ტერმინებით, წარმოგვიდგება ჰიგიენური, ეთიკური, რიტუალური, ინფორმაციული ფილტრების მრავალშრიან სისტემად, რომლებიც მრავალჯერადად წმენდენ კულტურის შინაგან სივრცეს გარე ქაოსისაგან, გარემომცველი სამყაროს "ჭუჭყისა" და "ხმაურისაგან". მოვიტან იური ლოტმანის გამონათქვამს: "ყოველგვარი საზღვრის ან ფილტრის (ცოცხალი უჯრედის მემბრანიდან ბიოსფეროს ჩათვლით, რომელიც, ვერნადსკის თანახმად, მემბრანის მსგავსად ფარავს ჩვენს პლანეტას, თვით სემიოსფეროს საზღვრამდე) ფუნქციაა გარეშეს კონტროლი, ფილტრაცია და მორგება შინაგანთან. ეს ინვარიანტული ფუნქცია სხვადასხვა დონეზე სხვადასხვაგვარად რეალიზდება. სემიოსფეროს დონეზე იგი გულისხმობს "საკუთარის" გამოყოფას "სხვისისაგან", იმის გაფილტვრას, რაც გარედან მოდის და აღიქმება როგორც უცხოენოვანი ტექსტი, და ამ ტექსტის გადათარგმნას საკუთარ ენაზე. ასე სტრუქტურირდება გარე სივრცე" [18].

ნიშანდობლივია, რომ ლოტმანი იშველიებს ვერნადსკის, სემიოსფეროს აგებს ბიოსფეროს მსგავსად და სემიოტიკური საზღვრის, როგორც კულტურის ძირეული ფაქტორის, ანალოგს უჯრედის მემბრანაში ხედავს. მაგრამ თუ ტექსტის ამგვარი შედარება თავდაპირველ უჯრედთან გარკვეულწილად კანონზომიერია, მით უფრო მიზანშეწონილია კულტურაში და ცხოველთა ქცევაში გამოყენებული ფილტრების შედარება, რადგან აქ თავს იჩენს არა უბრალოდ ანალოგიის შესაძლებლობა, არამედ უფრო არსებითი, შესაძლოა, გენეტიკური ან ისტორიული კავშირი. მაგრამ არის კი კულტურა – ინდივიდუალური და კოლექტიური გრუმინგის მზარდი დონეების თანამიმდევრობა – უწყვეტი ფილტრაციის რიტუალი, ფიზიკური ჰიგიენიდან რელიგიურ კანონმდებლობამდე? კულტურის ყველა სფერო, მეცნიერების, ხელოვნების, ეთიკის ჩათვლით, წარმოგვიდგება ფილტრებად, რომლებიც ახორციელებს ადამიანისა და კაცობრიობის თვითგაწმენდას (თვითგასუფთავებას).

- 3 -

ადამიანის მდგომარეობა კულტურაში კარგად გადმოიცემა ნიცშეს სიტყვებით: "...უკიდურესი სისუფთავე საკუთარ თავთან მიმართებაში ჩემი არსებობის წინაპირობაა, მე ვიღუპები უსუფთაობის პირობებში, - თითქოს მუდმივად დავცურავ, ვბანაობ და ვჭყუმპალაობ ნათელ წყალში ან რაღაც სრულიად გამჭვირვალე და ბრწყინვალე ელემენტში" [19]. სულაც არ არის სავალდებულო, რომ ეს გამჭვირვალე და ბრწყინვალე ელემენტი, რომელშიც ადამიანი განიწმინდება, წყალი იყოს. ეს შეიძლება იყოს მთების ჰაერი, საზოგადოებრივ რიტუალთა სისტემა, ლოგიკის კანონები, ერთიდან მეორე ენაზე თარგმნის წესები... მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ ამ ელემენტს თან მიჰქონდეს ქაოსი, დაშლის, ხრწნის პროდუქტები, რომელთაც ადამიანი საკუთარი სხეულიდან და სულიდან გამოჰყოფს. ადამიანისა და მის მიერ შექმნილი ცივილიზაციის ფენომენი იმიტომაა შესაძლებელი, რომ ცხოველი ისუფთავებს საკუთარ თავს: მაგამ სწორედ იმიტომ, რომ აგრძელებს თვითგასუფთავებას, ადამიანი აღარ არის ცხოველი.

სწრაფვა სისუფთავისაკენ, თვითგაწმენდისაკენ (თვითგასუფთავებისაკენ) ყველა რელიგიური კულტისა და მათგან წარმოშობილი საერო კულტურის საფუძველია. განბანვის რიტუალს ცენტრალური ადგილი უჭირავს იუდაურ, ქრისტიანულ და მაჰმადიანურ რელიგიებში (ბარ-მიცვა, ნათლობა, განბანვა ნამაზის წინ). ნათლისღება, ანუ ადამიანის ჩაყვინთვა წმინდა მდინარეში ან ემბაზში, რომელთა წყალი ჩამობანს ცოდვის მთელ ჭუჭყს, ქრისტიანობის მთავარი საიდუმლოა. განწმენდის ფუნქცია მაინცა და მაინც წყალს ან სხვა სითხეს არ მიეწერება: მაგალითად, მოგზაურობისას მუსლიმმა, რომელიც მოშორებულია წყალს, განწმენდა ქვიშის ან მიწის ზედა ფენით უნდა შეასრულოს. ცეილონზე განწმენდისათვის საკმარისად ითვლება წყლის ჭვრეტა. რიტუალური სუბსტანცია იცვლება, ფუნქცია კი უცვლელი რჩება [20].

ამასთან, რელიგიაში, განსაკუთრებით – ასკეზის უცილობელ მოთხოვნაში, ყველაზე მკაფიოდ ვლინდება, რომ ყველა ბუნებრივი ინსტინქტიდან სწორედ თვითგაწმენდა (გალოკვა, დავარცხნა, გაბერტყვა) არა მხოლოდ ყველაზე პროდუქტიულია სულიერი თვალსაზრისით, არამედ გარკვეულწილად სცილდება ბუნების ფარგლებს, წინ აღუდგება იმ ინსტინქტებს, სადაც ბუნება ბატონობს ინდივიდზე. შიმშილი, სურვილი, ვნება, რომელთა წინააღმდეგ მიმართულია რელიგიური და, საერთოდ, კულტურული ასკეზა, ადამიანს ბუნებას უმორჩილებენ. კულტურისეკონომიკური და სექსუალური თეორიები, ფაქტობრივად, კულტურის უარყოფის თეორიებად წარმოგვიდგება, რაც პრაქტიკულად მჟღავნდება სოციალურ და სექსუალურ "რევოლუციებში", რომლებიც მკვეთად ნიჰილისტურად არიან განწყობილი კულტურისადმი და შეუძლიათ მისი ძირფესვიანად დანგრევა.

ჭამა და შეწყვილება გამოხატავს ადამიანის არსებით არასრულობას და გარესამყაროზე დამოკიდებულს ხდის მას. იგი მუდმივად უნდა ივსებოდეს გარედან და თავად გადასცემდეს გარესამყაროს, რათა შეინარჩუნოს არსებობა და შექმნას შთამომავლობა. და მხოლოდ თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) აქტი წარმოადგენს ბუნებისგანვე შობილ ბუნების უარყოფას, მატერიალური არსების თვითგათავისუფლებას მატერიის ხლართებისაგან, ინდივიდუაციის, განცალკევების მოღწევის საშუალებას. ისუფთავებს რა საკუთარ თავს, ადამიანი მიეკუთვნება უკვე არა გარემოს, რომელიც "ეწებება" და ითრევს მას, არამედ რაღაც ამაღლებულს, რისთვისაც იგი "ამოათრევს" თავის თავს ამ მომაბეზრებელი ნივთიერებისაგან.

ასევე ცხოველი, იშორებს რა ჭუჭყს ქურქიდან, თითქოს ძერწავს საკუთარ თავს მიწის წებოვანი მასისაგან, აგრძელებს ამქვეყნად დაბადების პროცესს – უკვე საკუთარი ძალისხმევით. შემთხვევითი არ არის, რომ მდედრი მშობიარობის შემდეგ ლოკავს შვილებს, და მათი შემდგომი თვითგაწმენდა (თვითგასუფთავება), თითქოს, ინდივიდუალური ნებით – ინსტინქტით – იმ შემოქმედი ნების გაგრძელებაა, რომელმაც წარმოშვა ისინი და გამოარჩია არაცოცხალი ბუნებისაგან, განაცალკევა ამქვეყნად ყველაფერი დანარჩენისაგან. ჭუჭყი – სწორედ ეს არის "დანარჩენი", რაც წვრილი, უსახო ნაწილაკების სახით ეკრობა სხეულს და ართმევს მას მკაფიო, გააზრებულ თვითოობას.

ჭუჭყისა და სისუფთავის თემა ბავშვობის ერთ-ერთი ძირითადი, თუ უძირითადესი არა, თემაა, რომელსაც მკაცრი ზნეობრივი იმპერატივის სახე აქვს. კორნეი ჩუკოვსკის მშვენიერ ლექსში - "Надо, надо умываться по утрам и вечерам, а нечистым трубочистам стыд и срам" - სრულ თანხვედრაშია სხეულისა და სულის მდგომარეობა, სომატიკა და ეთიკა: უსუფთაობა სირცხვილია, რადგან ასე ჩვენ ვეშვებით უფრო დაბალი რანგის არსებათა დონემდე, ჩვენ, თითქოს, ჯერ კიდევ საკმარისად არ დავბადებულვართ. აი, რატომაა ბავშვობაში დაბანა უმნიშვნელოვანესი ზნეობრივი ამოცანა, რომელსაც ადამიანი ყოფიერების განმტკიცებასა და პიროვნების გრძნობის განვითარებამდე მიჰყავს. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მრავალი საბავშვო ლექსი, სადაც სწორედ დაბანის სიყვარული, ხელ-პირის, სხეულისა და ტანსაცმლის სისუფთავე გვევლინება მთელი პედაგოგიური შეგონების საფუძვლად, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდის პირველელემენტად, ყოველივე "კარგის" წინაპირობად, "ცუდისაგან" მის განმასხვავებლად, სილამაზისა და სიკეთის სიმბოლოდ (ვ.მაიაკოვსკის "რა არის კარგი და რა არის ცუდი", იულიან ტუვიმის "წერილი ყველა ბავშვს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე").

როგორც ჩანს, ასეთია არა მარტო ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის განვითარება. საწყის ეტაპზე – ძველ ეგვიპტეში, პითაგორელებთან – ეთიკა და ესთეტიკა განუყოფლადაა დაკავშირებული ჰიგიენასთან, სულისა და სხეულის სისუფთავესთან.

- 4 -

შეიძლება გამოვყოთ შვიდი ძირითადი ფილტრი – "გაწმენდის" ინსტინქტის აღმავალი განვითარების ეტაპები; ამავე დროს, ესაა ბუნებისაგან ადამიანის გამოყოფის ეტაპები: ჰიგიენური, ეკონომიკური, სოციალური, ესთეტიკური, ეთიკური, ინტელექტუალური, რელიგიური.

ჰიგიენა – ესაა სხეულის სისუფთავე მისივე ჯანმრთელობისათვის, მისი, როგორც ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნებისათვის.ამ სტადიაზე ინსტინქტი მოქმედებს როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანში, თუმცა ადამიანის ხელოვნური ფილტრების სისტემა, რომელიც ორგანიზმის სისუფთავეს უზრუნველყოფს, გაცილებით რთულია: აქ შედის მსუბუქი, კვებისა და ფარმავევტული მრეწველობის თითქმის ყველა ნაწარმი.

მეორე ფილტრი, რომელიც განაცალკევებს საკუთარს არა-საკუთარისაგან, ეკონომიკურია: საკუთრების გრძნობა და მასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობათა სისტემა.საინტერესოა, რომ ფრანგულ ენასი სიტყვა "propre" ნიშნავს "საკუთარს" და, ამავე დროს, "სუფთას", "მოწესრიგებულს". საკუთრების ინსტინქტი წარმოადგენს სისუფთავის ინსტინქტის მიერ ფიზიოლოგიური საზღვრის გადალახვას. საკუთრება – ესაა საკუთარი სხეულის მიღმა, იმ საგნების სამყაროში ჩვენი ყოფნის სისუფთავე, რომლებშიც ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარი "მე"-ს საზღვრებს. საკუთრების არარსებობა, საერთო საკუთრება, სხვისი საკუთრების მითვისება – არაკეთილსინდისიერების ნიშანი ან მიზეზია, და პირიქით, წესიერება, კეთილსინდისიერება, სკრუპულოზურობა – კარგი მესაკუთრის თვისებებად წარმოგვიდგება. უკვე 5-6 წლის ბავშვებშ საკუთრების გრძნობა ფრიად განვითარებული აქვთ, თანაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა საკუთრების მოცულობას, არამედ მის განსაზღვრულობას, მისი ფარგლების მკაფიობას. საკუთრების ფილტრი განსაზღვრავს ტერიტორიულ და სახელმწიფოებრივ საზღვრებს, რომლებიც, გარკვეული წესების (ვიზა, საბაჟო) მიხედვით, "ფილტრავს" უცხოურს. ჰიგიენის წესები განსაზღვრავს სხეულის ჯანმრთელობას, საკუთრების უფლება კი - საზოგადოებრივი ორგანიზმის სიჯანსაღეს.

მესამე ფილტრი – სოციალურ-იერარქიული – ერთმანეთისაგან ყოფს კლასებსა და კასტებს, სისხლის სიწმინდის ან ცხოვრების წესის მიხედვით. ინდოეთში კასტები იყოფა სისუფთავისა და არა-სისუფთავის მიხედვით, დაბალი კასტის წარმომადგენლები დაკავებული არიან მხოლოდ "ჭუჭყიანი" საქმით – თეთრეულის რეცხვით, დალაქობით, ცხედართა განბანვით – და თვითონ მიუკარებლები არიან მაღალი კასტებისათვის, რომელთაც ეკრძალებათ ფიზიკური შრომა. დასავლეთისათვის დამახასიათებელი დაყოფა "ფიზიკური" და "გონებრივი" შრომისა, "თეთრი" და ლურჯი" საყელოებისა, უპირატესად, "სუფთა-ჭუჭყიანის" საზღვარს მიჰყვება. ეს ერთადერთი რამ აერთიანებს თანამედროვე დემოკრატიებს ძველი სამყაროსა და შუა საუკუნეების არისტოკრატულ საზოგადოებებთან, სადაც "ჯიშის სისუფთავე" განასხვავებდა თავადაზნაურობას პლებსისაგან. ცხადია, ინტელიგენციის სისუფთავესა და არისტოკრატიის სისუფთავეს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მათ აერთიანებთ სწორედ სისუფთავე, რომელიც მიიღწევა გენეტიკურ-გვაროვნულ ან პიროვნულ-პროფესიულ დონეზე.

შემდეგი ფილტრი, რომელშიც სისუფთავე აღარ ექვემდებარება ფიზიოლოგიურ ან უტილიტარულ კრიტერიუმებს, ესთეტიკაა: სისუფთავე თავად სისუფტავისათვის. ჰეგელის მიხედვით, ესთეტიკური ისაა, რამაც მიაღწია უსრულყოფილეს გრძნობად განხორციელებას და, შესაბამისად, ყველაზე სუფთაა უცხო მატერიალური შენარევებისაგან, რომლებიც არღვევენ ამ სახეობის ან გვარის იდეას. იყო ლამაზი – ნიშნავს განაცალკევო შენგან ყველაფერი "არა-შენი", "დანარჩენი", იქცე მთლიანად საკუთარ თავად. ამ სტადიაზე გასუფთავების ინსტინქტი კიდევ დამახასიათებელია ზოგიერთი უმაღლესი ცხოველისათვის, მაგრამ მას უკვე სხვა მიზანი აქვს, ვიდრე შეიძლება კვების ან სქესობრივს ინსტინქტს ჰქონდეს. ჰიგიენის თვალსაზრისით, სისუფთავე ისევე ემსახურება ჯანმრთელობასა და ფიზიკურ სრულყოფას, როგორც კვება ან შეწყვილება. ესთეტიკური თვალსაზრისით, სისუფთავის ინსტინქტი დანარჩენი ორისაგან განცალკევებით დგას. არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე დაღებული პირი, ან გაშიშვლებული სასქესო ასო. სხეულის ესთეტიკა გულისხმობს საკუთარი სხეულის თვითკმარ, შემოსაზღვრულ ზედაპირზე კონცენტრირებას.

ეთიკა – ესაა უკვე არა სხეულის გაწმენდა, არამედ სხეულებრივისაგან გაწმენდა. თვით ყველაზე სუფთა, ჰიგიენურად ჯანსაღი და ესთეტიკურად მშვენიერი სხეული ვერ უზრუნველყოფს სულის სისუფთავეს, რომელიც მოითხოვს გათავისუფლებას სწორედ სხეულის ლტოლვებისაგან - იმათგანაც კი, რომლებიც თვით სხეულის სისუფთავის უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. უნდა ჩამოიშორო უკვე არა ნივთიერი, საგნობრივი ჭუჭყი (როგორც ესთეტიკაში), არამედ საგნობრიობა როგორც ასეთი. აქედან – თავმდაბლობის, ზომიერების, თავშეკავების იმპერატივი, რითაც, ფაქტობრივად, იწყება კულტურა, რომელიც გამოყოფს ადამიანს ველურობის, "ბარბაროსობის" მდგომარეობიდან. კეთილშობილური თავშეკავება უპირისპირდება ბუნებრივ შეუზღუდაობას.

მომდევნო ფილტრია ინტელექტი, ანუ ლოგიკა: უნარი განიწმინდო არა მხოლოდ სხეულებრიობის, არამედ სულიერებისგანაც, საერთოდ, შენი ერთეულობისაგან (მხოლობითობისაგან), შეხედო საკუთარ თავს გარედან, საყოველთაობის პოზიციიდან. აქ ობიექტად იქცევა მთლიანად "მე", რომელსაც ჩამოსცილდება მოაზროვნე, თვითშემეცნებადი "ზე-მე". ინტელექტუალურ საფეხურზე მნიშვნელოვანია თვით გაორების მომენტი, რომლის მეშვეობით მოაზროვნე არსება განყენდება არა მხოლოდ გარე ჭუჭყისაგან, არა მარტო საკუთარი ბუნებრივი სხეულის ემანაციისაგან, არამედ ემოციურ-ექსპრესიული "მე"-საგან, ამაღლდება საკუთარ სუბიექტურობაზე. დეკარტეს მიხედვით, მკაფიობა, განსაზღვრულობა, სიცხადე – რაციონალური მსჯელობის ძირითადი კრიტერიუმია: იდეა უნდა განიწმინდოს ყოველივე ბუნდოვანისაგან, საეჭვოსაგან. ლოგიკის წესები კვინტესენციაა სისუფთავისა, რომელიც ამოკრებილია საგნებს შორის შემთხვევითი, ქაოსური, ნებისმიერი ურთიერთობიდან. ესაა ინტელექტუალური უანგარობა, კიდევ უფრო რადიკალური, ვიდრე ეთიკური.

სისუფთავე, ჰიგიენური აზრით, ბუნებას განეკუთვნება, ეკონომიკური, სოციალური, ესთეტიკური, ეთიკური და ლოგიკური აზრით – კულტურას, რომელიც ამ ხუთი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება... და ბოლოს, არსებობს კიდევ სისუფთავე ზებუნებრივი და ზეკულტურული, რელიგიური აზრით. იგი ძირეულად განსხვავდება სისუფთავის წინა ხუთი სახისაგან იმით, რომ ჭუჭყის წყარო აქ გარეთ კი არა, არამედ საკუთარ თავში, პიროვნების სიღრმეში იძებნნება – როგორც პირველი ცოდვა, ღმერთისაგან განდგომა, ვნებათა მორჩილება, ბუნების ობიექტებსა და საზოგადოების კერპებზე მონური დამოკიდებულება.

რელიგიურ სისუფთავეს საფუძვლად უდევს ტაბუ – შეხების აკრძალვა, რომელსაც, თავდაპირველად, შესაძლოა, ელემენტარული ჰიგიენური მნიშვნელობა ჰქონდა. იკრძალებოდა ყოველივე ჭუჭყიანის, მდაბალის, დაავადებულის შეხება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა გვარის ფიზიკურ არსებობას. მაგრამ როდესღაც ტაბუს აზრი შეიცვალა: ადამიანმა იგრძნო, რომ რაღაცასთან შეხებამ შეიძლება გააჭუჭყიანოს არა მხოლოდ იგი თავად, არამედ მან თვითონ შეიძლება გააჭუჭყიანოს ვიღაც. არა მხოლოდ გარშემო მყოფნი არიან მასზე წუჭყიანნი, - იგი თავად არის რაღაცაზე ჭუჭყიანი; და ეს "რაღაც", რის შეხებაც არ შეიძლება არა იმიტომ, რომ გაჭუჭყიანდები, არამედ იმიტომ , რომ მას გააჭუჭყიანებ, არის სიწმინდე. თუ კულტურა იცავს ადამიანს რღაც გარეგანის, მდაბალისაგან, კულტში ადამიანი იცავს რაღაც ამაღლებულსა და შინაგანს საკუთარი თავისაგან. ამგვარი გადასვლა კულტურულიდან რელიგიურზე შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ კულტურის უმაღლესი წერტილის – ინტელექტუალური თვითგანყენების – მეშვეობით რომლის პროცესში ადამიანი "შიგნიდან" კი არ იყურება, არამედ გარედან უყურებს საკუთარ თავს. გონების ამ მიუკერძოებელი და ზეპიროვნული მდგომარეობის სიმაღლიდან, მან შესძლო, დაენახა საკუთარი თავი როგორც რაღაც გარეგანი და საშიში, რომლისაგანც მომდინარეობს უწმინდურება, რაც მოითხოვს თავშეკავებისა და აკრძალვათა სისტემის შემოღებას. ასე გაჩნდა წმინდა, სიწმინდე – სისუფთავის ის უმაღლესი ხარისხი, რომელთან მიმართებში ადამიანი თავის თავს აღიქმამს უწმინდურად, ცოდვილად.

ამრიგად, თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) ინსტინქტი, წარმოიშობა რა ცხოველში, მიუძღვის მას ბუნების ფარგლებს გარეთ, ადამიანის კულტურული თვითდამკვიდრების ყველა სფეროს გავლით, ღვთაების წმინდა, ხელშეუხებელი სისუფთავისაკენ.

- 5 -

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, როგორც კულტურული არსება, სისუფთავის ინსტინქტმა შექმნა. სწორედ ამიტომ, იგი მუდმივად აღიქვამს უსუფთაობის წყაროდ არა მარტო გარემომცველ სამყაროს, არამედ, უპირველესად, საკუთარ თავს. სისუფთავის ინსტინქტმა შეიძლება მიგვიყვანოს პერფექციონიზამამდე, სრულყოფილების მტანჯველ, ხანდახან მომაკვდინებელ მანიამდე. ამასთან, ცხოველები ზოგჯერ უფრო სუფთა არსებებად აღიქმებიან, რადგან ისინი არ განიხილებიან ბუნებასთან დაპირისპირებაში, არ განსხვავდებიან მისგან ისე, როგორც ადამიანი, შესაბამისად, სისუფტავისა და უსუფთაობის განსხვავების კრიტერიუმი მათთვის უფრო დაბალია.

ანდრეი სინიავსკი მკაფიოდ გადმოგვცემს სისუფთავის ამ მანიას, რომელსაც ადამიანი სიკვდილის სურვილამდეც კი მიჰყავს, რადგან სიკვდილი უკანასკნელი განწმენდაა საკუთარი თავისაგან, ფიზიკუტი არსებობის განუშორებელი ჭუჭყისაგან: "რატომღაც ჭუჭყი და ნაგავი თავმოყრილია ადამიანის ირგვლივ. ბუნებაში ასე არ არის. ცხოველები არ აბინძურებენ, თუ ისინი არ არიან ბოსელში ან გალიაში, ასე რომ ეს ისევ და ისევ ადამიანის ნება და საქმეა. თუ აბინძურებენ კიდეც, თავად ბუნება, მათი ჩარევის გარეშე, სწრაფად ჩამორეცხს ჭუჭყს. ადამიანი კი მთელი ცხოვრების მანძილზე დაკავებულია საკუთარი უსუფთაობის ლიკვიდაციით. ხანდახან ეს პროცესი იმდენად მიმაბეზრებელი ხდება, რომ ფიქრობ: ნეტავ, ჩქარა მოვკვდე, რომ არ ვაჭუჭყიანებდე და თავადვე არ ვწმენდდეო. უკანასკნელი ნაგავი – მკვდარი სხეულია, რომელიც ასევე მოითხოვს, რომ იგი რაც შეიძლება სწარაფად გაიტანონ" [21]. რამდენიმე ფურცლის შემდეგ: "კარგია, თუ გამგზავრების (ან სიკვდილის) შემდეგ სუფთა ადგილს ტოვებ". და შემდეგი აზრი: "ღმერთო, მომკალი!" [22].

გზა ჭუჭყიდან სისუფთავემდე სულაც არ არის სწორი, არსებობს უკუსვლები და წრიული მოძრაობანი, როცა ადამიანური ყოფიერების ერთ სფეროში წარმოშობილი სისუფთავე უშვებს და მოითხოვს კიდეც უსუფთაობას სხვა ადგილას. სისუფთავის რელიგიური და ეთიკური გაგება ხშირად წინაამდეგობაშია ჰიგიენურთან და ესთეტიკურთან. მაგალითად, წმინდა ეკატერინე სიენელმა, იმისათვის, რომ დაეზლია ზიზღი ავადმყოფთა წყლულებისადმი, რომელთაც ის უვლიდა, აიძულა თავი, ჩირქი დაელია. რელიგიურმა განწმენდამ შეიძლება არა მხოლოდ უგულებელყოს ჰიგიენის წესები, არამედ კანონზომიერად შექმნას რიტუალური უსუფთაობა, რათა ხორცისა და ჭუჭყის შეერთებამ დაასაბუთოს სხეულის უსუფთაობა, რომელსაც გადალახავს ასკეტი ან წმინდანი, რომელიც გამიზნულად არ ზრუნავს სხეულის სისუფთავეზე.

სხვა შემთხვევაში, რიტუალური უსუფთაობა, მაგალითად, თავზე ნაცრის დაყრა გლოვის ნიშნად, შეიძლება ნიშნავდეს გარდაცვლილის ცხედართან თვითგაიგივებას, ან კიდევ სიკვდილის თავიდან აცილების საშუალებას – ერთგვარ ნებაყოფლობით აცრას მის საწინააღმდეგოდ. მერი დუგლასი აღწერს ნიასას ტბის პირას მცხოვრები ნიაკიუსის აფრიკულ ტომში არსებულ დაკრძალვის ცერემონიალს: "დატირების რიტუალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭუჭყს. მგლოვიარეებს ნაგავს აყრიან... სიკვდილის სიმბოლოს ნებაყოფლობითი მიღება - სიკვდილის მოქმედების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ზომასავითაა" [23].

სხვა სიტყვებით, ჭუჭყი შეიძლება აქტიურად გამოიყენებოდეს როგორც საკულტო, ისე კულტურის სფეროში. იგი აღდგება ერთ დონეზე, რათა დაძლეულ იყოს სხვა დონეებზე, რითაც თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) პროცესი მუდმივად უქმნის დაბრკოლებას საკუთარ თავს. ამას ადასტურებს ნაგვისა და ნარჩენების მუდმივად მზარდი რაოდენობა, რომელსაც კულტურა წარმოშობს და რომელიც ძირს უთხრის მის ჰიგიენურ საფუძველს. კულტურას აქვს თვისება – გააჭუჭყიანოს საკუთარი თავი იმით, რისგანაც იგი იწმინდება სწორედ თვითგაწმენდის (თვითგასუფთავების) წყალობით, ადამიანი ყველა ცოცხალ არსებაზე სუფთაცაა და ჭუჭყიანიც. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ადამიანს სხვა არსებებისაგან განასხვავება არა იმდენად მიღწეული სისუფთავე, რამდენადაც უსუფთაოსაგან სუფთას განსხვავების ხარისხი.

ავტორის შენიშვნები

1. Б. Пастернак. Соб. соч. в 5 тт., М., Художественная литература, 1991, т. 4, с. 370.
2. Walter Burkert. Creation of the Sacred. Tracks of Biology in Early Religions. Cambridge (MA), London (England): Harvard University Press, 1996, p. XI. [Is there a natural foundation of religion, based on the great and general process of life which has brought forth humanity and still holds sway over it...?]
3. მაგალითად, ჟ.ა.ფაბრის კლასიკურ თხზულებაში "მწერების ინსტინქტები და ჩვევები" პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი წმქნდის ინსტინქტზე, რომელიც ესოდენ განვითარებულის ბუზებსა და მწერების სხვა სახეობებში.
4. "Der Mensch ist, was er isst"- ლუდვიგ ფოიერბახის აფორიზმი სტატიიდან მოლეშოტის წიგნზე "საკვები პროდუქტების ფიზიოლოგია
5. ამ სტატიით მე არ ვაცხადებ არავითარ პრეტენზიას კულტურის ფროიდისტული და მარქსისტული კონცეფციების თანამიმდევრულ კრიტიკაზე, რაც მოითხოვდა გადმოცემის სულ სხვა მოცულობასა და ჟანრს. ჩემი ამოცანაა, ყურადღება მივაქციო ალტერნატიული კონცეფციის შეასძლებლობას, რომელსაც კულტურა გაწმენდის (გასუფთავების) ინსტინქტიდან გამოჰყავს. რამდენადაც ჩეთვის ცნობილია, ეს ალტერნატივა ადრე წამოყენებული არ ყოფილა.
6. "ყოველგვარი უსუფთაობა შეუთავსებელი ჩანს კულტურასთან. (...) არ გვიკვირს, თუ საპნის გამოყენება ვიღაცას კულტურის საზომად ეჩვენება", - წერდა ზ.ფროიდი. საპონი ასუფთავებს არსებულ ფიზიკურ სხეულს და, ამავე დროს, თითქოს ქმნის მის გარშემო ერთგვარ სულიერ-ჰაეროვან გარსს. "გაისაპნო" – იგივეა, რაც ფიზიკურად ხელსესახებად "გაიაზრო" საკუთარი თავი. თვით საპნის სუბსტანცია – აბსოლუტური სიგლუვე და მოუხელთებლობა, ის, რომ იგი გარედან ფარავს სხეულს და იმავე დროს ასუფთავებს მას – საპონს აქცევს ფიქრის – მისი საყოველთაო, ყოვლისმომცველი, ნათლისმომფენი არსებობის – ანალოგად. შესაძლოა, ინდივიდუუმი საკუთარი თავის ჭეშმარიტ გააზრებას ახერხებს მხოლოდ უცხო სტიქიის – წყლის – საზღვარზე, რომელიც შემოფარგლავს საზღვარს იმისა, რაც აღიქმება როგორც "მე" და იძლევა ბიძგს ინტენსიური რეფლექსიის, თვითგანსაზღვრისათვის.
7. Readings in Animal Behavior, ed. by Thomas E.McGill. New York et al.: Holt, Rinehart and Winston, 1965, v.1, p.298.
8. Felicity Huntingford. The Study of Animal Behavior. London, New York: Chapman and Hall, 1984, pp.79-80.
9. Ibid., p.325. მსგავს დასკვნასთან იმის თაობაზე, რომ ინტენსიური ბანვის პროცესი ცხოველებში ხშირად წარმოადგენს რეაქციას კონფლიქტურ ან საშიშ სიტუაციაზე, მიდის Bradford N. Bunnel. Mammalkian Behavior Patterns, in Comparative Psychology. A Modern Survey, ed. by Donald A.Dewsbury, Dorothy A. Rethlingshafer. New York et al.: McGraw Hill Book Co., 1973, p. 104.
10.Readings in Animal Behavior, p.546.
11. Klaus Immelman. Introduction to Ethology. New York & London: Plenum Press, 1980, p.56.
12.Ibid., p.56.
13. М.М.Бахтин. Литературно-критические статьи. М., "Художественная литература", 1986, с.507.
14. Lee C.Drickamer, Stephen H.Vessey. Animal Behavior: Concepts, processes, and methods. Belmont (CA): Wadsworth Publishing Co., 1986, p.394.
15. Bradford N. Bunnel. Mammalian Behavior Patterns, ed. cit., pp.104-105.
16. Robin Dunbar. Grooming, Gossip and the Evolution of Language. London, Faber and Faber, 1996, p.79. სამწუხაროდ, მე ამ წიგნს მოცემული სტატიის დაწერისა (1981, 1992) და გამოქვეყნების (1998) შემდეგ გავეცანი. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ჩემს ჰიპოთეზას თვითგაწმენდისა (თვითგასუფთავების) და ურთიერთგაწმენდის რიტუალიდან კულტურის წარმოშობის შესახებ ემპირიული დასაბუთება ეძებნება.
17. ნიშანდობლივია, რომ რუსულ ენაში თვით "სუფთა"-ს ცნება ეტიმოლოგიურად მონათესავეა ცნებისა "გაცრა" გაფილტვრა. "Чистый" – ვნებითი მიმღეობაა სიტყვისა "цедить" - "цедтый", ანუ გაცრილი, გაფილტრული. Макс Фасмер. Этимологический словарь русского языка в 4 тт., пер. с немец. О.Н.Трубачева, под ред. Б.А.Ларина. М., Прогресс, 1987, т. 4, сс. 295, 366-367. Н. М. Шанский, В. В. Иванов, Т.В. Шанская. Краткий этимологический словарь русского языка. М. Просвещение, 1975, сс. 483, 495
18. Yuri M. Lotman. Universe of the Mind. A Semiotic Theory of Culture, transl. by Ann Shukman. Bloomington and Indianopolis: Indiana University Press, 1990, p.140 (უკუთარგმანი ინგლისურიდან).
19. Фридрих Ницше. Соч. в 2 тт. М., "Мысль", 1990, т.2, с.706.
20. სხვადასხვა რელიგიაში განწმენდის რიტუალის შესახებ არსებობს მონოგრაფია: Mary Douglas, Purity and Danger. An Analysis of Concepts of Pollution and Taboo, New York, Washington: Frederick A. Praeger Publishers, 1966.
21. Абрам Терц (Андрей Синявский). "Мысли врасплох", в его кн. Собрание сочинений в 2 тт., т.1, М., СП "Старт", 1992, с.318.
22. იქვე, გვ. 320, 321.
23. Mary Douglas, Purity and Danger, p.177.

რუსულიდან თარგმნა ნინო ჩიქოვანმა
2003 წ.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი