კულტურათა ურთიერთქმედება

ასე ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).

გამოყოფენ კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს: 1) ეთნიკური დონე - ურთიერთობა ეთნოსებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ეთნოკონფესიურ და სხვა ჯგუფებს შორის; 2) ეროვნული დონე, სადაც რეგულაციურ ფუნქციას მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურები ასრულებენ; 3) ცივილიზაციური დონე.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში განარჩევენ კულტურა-დონორს და კულტურა-რეციპიენტს. პირველი მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, მეორე - პირიქით. დროთა განმავლობაში ეს როლები შეიძლება იცვლებოდეს.

ცნობილია ურთიერთქმედების როგორც მშვიდობიანი, ნებაყოფლობითი (თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა), ისე არამშვიდობიანი, ძალდატანებითი (კოლონიური, სამხედრო დაპყრობები) ფორმები.

კულტურული ურთიერთქმედების შედეგები არაერთგვაროვანია, მათი შეფასების კრიტერიუმების მოძებნა ძნელია. შესაბამისად, ძნელია საუბარი ცალსახად დადებით ან უარყოფით შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი კულტურა იწყებს აშკარა დაქვეითებას, მეორეში გათქვეფას, ან უკვალოდ ქრება. ასეთი შედეგის თვალის მიდევნება ყველაზე უკეთ შეიძლება რელიქტური ან არქაული კულტურების მაგალითზე, რომლებიც თავიანთი ისტორიის რომელიღაც პერიოდში თანამედროვე ტიპის კულტურებს შეეჯახნენ და მზად არ აღმოჩნდნენ, აეთვისებინათ მათ მიერ შეთავაზებული კულტურული ფორმები.

უფრო რთულია მსჯელობა იმ კულტურათა ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდებიან ტიპოლოგიური მახასიათებლებით.

ყოველ კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, რომელიც იცავს მას სხვა კულტურათა განსაკუთრებით ინტენსიური ზემოქმედებისაგან.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესისა და მისი შედეგების გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: კულტურული დიფუზია, კულტურული კონფლიქტი, ასიმილაცია, კულტურული შოკი, აკულტურაცია, კულტურული ცვლილება.

გამოიყოფა კულტურათა/ ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობის სამი ძირითადი ტიპი: 1. კონფრონტაცია, 2. სიმბიოზი, 3. სინთეზი. განასხვავებენ „სხვა“ კულტურასთან კონტაქტზე ამა თუ იმ კულტურის რეაქციის ორ ძირითად ტიპს: ეთნოცენტრულსა და ეთნორელატიურს. პირველი, თავის მხრივ, მოიცავს სამი სახის რეაქციას: 1) კულტურათა შორის არსებული განსხვავების უარყოფა, 2) საკუთარი კულტურული უპირატესობის დაცვა, 3) განსხვავებათა მინიმიზაცია ; მეორე ტიპი ასევე სამგვარ რეაქციას აერთიანებს: 1) კულტურათა განსხვავების მიღება-აღიარება, 2) ახალ კულტურასთან ადაპტაცია, 3) ინტეგრაცია ორივე (მშობლიურ და ახალ) კულტურაში.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი