კულტურული ცვლილება

კულტურული ცვლილება გულისხმობს საზოგადოების კულტურული ნიმუშების ცვლილების მუდმივ პროცესს. იგი ყოველთვის ხორციელდება განსაზღვრულ კონტექსტსა და გარკვეულ პირობებში. მისი ტიპი და ტემპი სხვადასხვაგვარია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

კულტურული ცვლილება ეთნიკურ ერთობებში შეიძლება მიმდინარეობდეს შინაგანი და გარე ფაქტორების ზეგავლენით. შინაგანი ფაქტორებია: დემოგრაფიული ცვლილებები (მოსახლეობის რიცხვისა და სიმჭიდროვის ცვლილება), სოციალურ-სტრუქტურული ცვლილებები, ეკონომიკური ფაქტორები, აღმოჩენები და გამოგონებანი, რელიგიური ფაქტორი, შინაგანი კულტურული დინამიკა და ) გარე ფაქტორები: კონტაქტი ჯგუფებთან, რომლებიც სხვა კულტურული ნიმუშების მატარებელნი არიან, ბუნებრივ-ეკოლოგიური ფაქტორები და ) შინაგანი და გარე ფაქტორები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და განსაზღვრავენ როგორც კულტურული ნიმუშების ცვლილებებს, ასევე ამ ცვლილებათა ტემპს.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ცვლილებათა ტემპის, აგრეთვე სტაბილურობისა და ცვალებადობის თანაფარდობის საკითხები. რ. რადკლიფ-ბრაუნი ხაზს უსვამდა, ერთი მხრივ, სოციოკულტურულ მთლიანობათა დამახასიათებელ ტენდენციას - შეინარჩუნონ შინაგანი წონასწორობა, მეორე მხრივ - ცვლილებათა გარდუვალობას, რაც უზრუნველყოფს წონასწორობის აღდგენას, რომელიც ირღვევა უკონტროლო სოციალური და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით. მ. ჰერსკოვიცი, ე. ლიჩი და სხვ. აღნიშნავდნენ, რომ ყველა კულტურას ყოველთვის ახასიათებს ცვლილების შინაგანი ტენდენცია. კ. ლევი-სტროსი გამოყოფდა „ცხელ“და „ცივ“ კულტურებს, რომელთაგან პირველნი სწრაფად ცვალებადი არიან, მეორენი კი ხასიათდებიან ტრადიციული კულტურული ნიმუშების მდგრადობის მაღალი ხარისხით.

საგანგებო შესწავლის საგანია კულტურული ნიმუშების ცვლილებაზე სხვა ჯგუფებთან კონტაქტის გავლენა. კონტაქტები სხვადასხვა სახისაა: დაპყრობა, სამხედრო-პოლიტიკური ბატონობა, მშვიდობიანი მეზობლობა, სავაჭრო კავშირები, ეკონომიკური ურთიერთობა და სხვ. კულტურული ცვლილებაც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ერთი კულტურის მიერ მეორის ელემენტთა თავისუფალი სესხება, გაბატონებული ჯგუფის მიერ საკუთარი კულტურის იძულებითი დანერგვა, კულტურათა ელემენტების ურთიერთშერევა და ურთიერთგავლენა და )

უ. ოგბორნის მიერ შემუშავებულია „კულტურული ჩამორჩენის“ კონცეფცია, რომლის თანახმად, კულტურის ცალკეული ნაწილები არათანაბრად (სხვადასხვა ტემპით) ვითარდება: „მატერიალური კულტურა“უფრო სწრაფად, ვიდრე არა-მატერიალური; ეს უკანასკნელი ნაკლებად ცვალებადია საზოგადოების ფასეულობით სისტემასთან მჭიდრო კავშირის გამო და არ არის უშუალოდ დამოკიდებული მატერიალურზე. კულტურული ჩამორჩენა წარმოშობს შინაგან დისბალანსს და იქცევა განვითარების დინამიკურ ფაქტორად.

კულტურულ ცვლილებათა პროცესების უთანაბრობის ასახსნელად მ. ჰერსკოვიცმა შემოგვთავაზა კულტურის „ფოკუსის“ კონცეფცია: ყოველი კულტურა შედგება, ერთი მხრივ, ელემენტებისაგან, რომლებიც მიიღება უკრიტიკოდ (ასეთი ელემენტების რიცხვი დიდია), მეორე მხრივ კი ისეთი ელემენტებისაგან, რომელთა შეთვისება ხდება რაციონალურ საფუძველზე. ეს უკანასკნელნი საზოგადოების წევრთა განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მათ შესახებ კამათობენ, მსჯელობენ. სწორედ ეს ელემენტები ქმნიან კულტურის „ფოკუსს“, უფრო ადვილად ექვემდებარებიან ცვლილებებს. მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ხალხებისათვის ასეთი „ფოკუსია“ რელიგია; ამით აიხსნება მათ მიერ ქრისტიანობის შედარებით იოლად მიღება. დასავლური (განსაკუთრებით ამერიკული) კულტურისათვის ასეთ „ფოკუსს“წარმოადგენს ტექნოლოგია და )

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი