კულტურა და ისტორია

თავდაპრიველად (XIX -XX საუკუნეების მიჯნაზე) ამერიკელი მკვლევარები კულტურულ ანთროპოლოგიას წარმოადგენდნენ, როგორც „კულტურის ბუნებრივ ისტორიას“, რომელიც მოიცავდა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ელემენტებს. პირველყოფილი კულტურების სხვადასხვა ფენომენის (მითები, მაგია, რიტუალები და სხვ.) კვლევისას კულტურანთროპოლოგები ფართოდ იყენებდნენ საისტორიო მეცნიერების მედოთებსა და მდიდარ ემპირიულ გამოცდილებას.

XX საუკუნის პირველ ნახევარში შეიცვალა მიმართება კულტურულ ანთროპოლოგიასა და ისტორიულ დისციპლინებს შორის. არქეოლოგია, ეთნოგრაფია და კულტურის ისტორია საისტორიო მეცნიერების ფარგლებში ვითარდება, კულტურული ანთროპოლოგია კი, კულტუროლოგიის სახით, თანდათან ყალიბდება დამოუკიდებელ დარგად, რომელიც კვლევის საკუთარ პრინციპებსა და მეთოდებს იმუშავებს (მაგალითად, ობიექტის შემეცნების მრავალსაფეხურიანობა, „დისტანციურობისა“ და უშუალო დაკვირვების კრიტერიუმები, ორიენტაცია ლატენტური სტრუქტურების ანალიზზე და სხვ.).

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორია შეიძლება განვიხილოთ როგორც მეცნიერება, რომელიც სწავლობს უნიკალურ და განუმეორებელ ფაქტებსა და მოვლენებს, კულტუროლოგია (კულტურული ანთროპოლოგია) კი ცდილობს წარმოაჩინოს და ახსნას სოციოკულტურული მოვლენების ზოგადი, განმეორებადი ნიშნები. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი პ. სოროკინი, კვლევის მეთოდების მიხედვით, პირველს მაინდივიდუალიზებულ, მეორეს კი - მაგენერალიზებულ მეცნიერებას უწოდებს.

კულტურის ფენომენის კვლევის დროს კულტუროლოგია დღესაც სარგებლობს საისტორიო მეცნიერებისა და მისი ცალკეული დარგების (განსაკუთრებით - არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, კულტურის ისტორიის) მონაცემებით, იყენებს კულტურის ფენომენის შესახებ სხვა მეცნიერებათა მიერ დაგროვილ ცოდნას. მაგრამ კულტუროლოგიას ამ ფენომენისადმი სპეციფიკური ინტერესი, მისი კვლევის საკუთარი მეთოდები და ხერხები გააჩნია. საისტორიო მეცნიერებისგან მას დროის პრობლემისადმი მიდგომაც განასხვავებს. საისტორიო მეცნიერებაში ჭარბობს დიაქრონული მიდგომა - დროში მონაცვლე ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის მიზნით. კულტუროლოგიაში კი, დიაქრონულის გვერდით, ფართოდ გამოიყენება სინქრონული ანალიზი, რომელიც ორიენტირებულია ერთდროულად მიმდინარე კულტურულ მოვლენათა კვლევაზე. საისტორიო მეცნიერებებსა და კულტუროლოგიას თვით ერთდროულობის ცნებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა ახასიათებს.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი