იდენტობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია

სიტყვა იდენტობა“ მოდის ლათინური ფრაზიდან „Idem et Idem“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "იგივე და იგივეს" ანუ „ერთსა და იგივეს“. იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ, კულტურულ, ეთნიკურ, ჯგუფურ იდენტობებს. იდენტობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში.

თავად პროცესის, დინამიკის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „იდენტიფიკაცია“, რომელიც პირველად ხმარებაში ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. მისი სკოლა იდენტიფიკაციას „მე“-ს თვითგანვითარების მთავარ, ცენტრალურ მექანიზმად მოიაზრებს. დღეისათვის სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარები „იდენტიფიკაციაში“ გულისხმობენ ინდივიდის სოციალიზაციას, სოციალური როლების მიღებასა და ადაპტაციას, სოციალურ–კულტურული მოდელების ათვისების პროცესს.

იდენტობის სუბიექტური განცდა – თვითიდენტიფიკაცია – ყალიბდება ადამიანის ინდივიდუალური განვითარების კვალდაკვალ და სოციალიზაციის, საზოგადოებაში პიროვნების ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს. ინდივიდის მიერ სოციალურ–კულტურული ნიმუშების, ნორმების, ღირებულებების ათვისება და გაზიარება, საკუთარი თავის, ადგილის მიკუთვნება არ არის ერთგვაროვანი პროცესი და ხასიათდება გარკვეული ცვლილებებითაც. გამოყოფენ იდენტობის დაკარგვის, შელახვის შესაძლებლობას, რომელიც ძირითადად ინდივიდის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური კრიზისის ან სოციალურ–კულტურული გარემოს მკვეთრად შეცვლის შემთხვევაში რეალიზდება. მაშასადამე, იდენტობის დაკარგვა თანამდევია ისეთი მოვლენებისა როგორიცაა გაუცხოება, დეპერსონალიზაცია, ანომია, პიროვნული დეზორიენტაცია, სოციალური იზოლირება, გაორება (მარგინალიზაცია), ფსიქოლოგიური პათოლოგია. სოციალურ–კულტურული ცვლილებების დროს იდენტობის კრიზისმა შეიძლება ფართო, საყოველთაო მასშტაბები მიიღოს, თუმცა მას ზოგჯერ დადებით შედეგებამდეც მივყავართ (როგორიცაა ცვლილებებისადმი ადაპტაცია, სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.).

ამგვარად, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული სამი ტერმინი - იდენტობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია - ერთი და იგივე შინაარსისაა და ერთმანეთისაგან განსხვავდება აქცენტებით: 1. იდენტობა აღნიშნავს უკვე ფაქტის სახით არსებულ რეალობას, იდენტიფიკაცია კი პროცესია, რომლის შედეგი ამ რეალობის განსაზღვრაა; 2. იდენტიფიკაცია და თვითიდენტიფიკაცია ერთი და იგივე პროცესის ობიექტური და სუბიექტური ასახვაა. კულტურული იდენტობა არის ამა თუ იმ ისტორიული ერთობის წევრ ინდივიდთა (თვით) გააზრება ამ ერთობის კულტურის წევრად. ეთნიკური იდენტიფიკაცია საკუთარ ეთნიკურ გარემოსთან ინდივიდის გაიგივების პროცესია, რომელიც მას ამ ეთნოსის ქცევის ნორმებისა და კულტურული ფასეულობების ათვისების შესაძლებლობას აძლევს. ცივილიზაციური იდენტობა არის ამა თუ იმ კულტურის მატარებელთა (თვით) გააზრება რომელიმე ცივილიზაციური ერთობის წევრად.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი