ასიმილაცია

ასიმილაცია არის ორი კულტურის ურთიერთქმედების პროცესი, რომლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი კარგავს საკუთარ იდენტურობას და შთაინთქმება მეორის მიერ. ასიმილაციის პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ბუნებრივი, ასევე ძალადობრივი გზით.

ცნება „ასიმილაცია“ XIX საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში, თავდაპირველად ტერმინ „ამერიკანიზაციის“ სინონიმური მნიშვნელობით. მისი პირველი განსაზღვრება რ. პარკსა და ე. ბერჯესს ეკუთვნით: „ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები იძენენ სხვა ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას და, იზიარებენ რა მათ გამოცდილებას, ჩართული აღმოჩნდებიან საერთო კულტურულ ცხოვრებაში“. XX საუკუნის შუა წლებამდე ეს ტერმინი გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებად კულტურაში ინდიელთა ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა უზარმაზარ „შემოქმედებით ლაბორატორიად“, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია ერთმანეთს ერევა და „გადაიდნობა“ სინთეზურ მთლიანობად. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჯ. ვან დერ ზანდენმა განასხვავა ცალმხრივი ასიმილაცია, როცა უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი კულტურის მიერ, და კულტურათა შერევა, რომლის დროსაც დაქვემდებარებული და გაბატონებული ჯგუფების ელემენტები ერთმანეთს ერევა, ქმნის მდგრად კომბინაციებს და საფუძველს უყრის ახალ კულტურას.

მ. გორდონმა დაამკვიდრა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვის ტრადიცია. დღეს მიჩნეულია, რომ სრული ასიმილაციის შემთხვევები ძალიან იშვიათია; ჩვეულებრივ, ადგილი აქვს უმცირესობის კულტურის ამა თუ იმ ხარისხით ტრანსფორმაციას დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის კულტურის ზეგავლენით. ამასთან, ხშირად უმცირესობის კულტურის უკუზეგავლენაც ფრიად ძლიერია.

ტერმინი ასიმილაცია ხშირად გამოიყენება სხვა მნიშვნელობით და აღნიშნავს დომინირებადი ნაციონალური ჯგუფის განსაკუთრებულ პოლიტიკას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ეს პოლიტიკა მიმართულია ამ უმცირესობათა ტრადიციული კულტურის დათრგუნვისაკენ და ისეთი სოციალური გარემოს შექმნისაკენ, რომლის პირობებში დომინირებადი ჯგუფის ინსტიტუციურ სტრუქტურებში მონაწილეობისათვის უმცირესობის წარმომადგენელი იძულებული იქნება, მიიღოს დომინირებული საზოგადოების კულტურული ნიმუშები.

დღეს მკვლევართა უმრავლესობა გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს ტერმინ „ასიმილაციის“ მიმართ, მისი პოლიტიკური შეფერილობის გამო.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი