აკულტურაცია

აკულტურაცია (ლათ. ად - “-თან”, “-კენ” + culture) არის კულტურათა ურთიერთქმედების ერთ-ერთი ფორმა. ეს ტერმინი პირველად ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში გაჩნდა (ფ. ბოასი, უ. ჰოლმსი, უ. მაკ-ჯი, რ. ლოუი) და აღნიშნავდა კულტურული ცვლილებების პროცესს, რომლებიც XIX საუკუნეში ჩრდილოამერიკულ ტომებში მიმდინარეობდა. პირველ ხანებში ის ვიწრო გაგებით გამოიყენებოდა და, უმთავრესად, თეთრკანიან ამერიკელებთან კონტაქტის შედაგად ჩრდილოამერიკელი ინდიელების ასიმილაციის პროცესს აღნიშნავდა. 1930-იან წლებში ამ ტერმინმა მყარად მოიკიდა ფეხი ამერიკულ ანთროპოლოგიაში, ხოლო აკულტურაციის პროცესები ემპირიული გამოკვლევებისა და თეორიული ანალიზის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გახდა. 1935 წელს აშშ სოციალური გამოკვლევების ეროვნულმა საბჭომ ჩამოაყალიბა სპეციალური კომიტეტი (მ.ჰერსკოვიცი, რ.ლინტონი, რ.რედფილდი), რომელსაც უნდა განესაზღვრა აკულტურაციის პროცესების ბუნება და შესაძლო შედეგები. აშშ-ში ხორციელდება სამთავრობო პროგრამები და არსებობს ორგანიზაციები, რომელთა მიზანი აკულტურაციის (“მართვადი კულტურული ცვლილებების”) მეცნიერული შესწავლაა.

ტერმინი “აკულტურაცია” გამოიყენება როგორც პროცესის, ასევე მისი შედეგების აღსანიშნავად. იგი აღნიშნავს ერთი კულტურის მიერ სხვა კულტურის ელემენტების შეთვისების, მატერიალური კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების ცვლილებათა პროცესს, რომელიც სხვადასხვა სოციოკულტურული სისტემების უშუალო კონტაქტის დროს მიმდინარეობს. უფრო ხშირად აკულტურაციაში გულისხმობენ არაინდუსტრიულ ერთობებში დასავლური საზოგადოების გავლენით მიმდინარე ცვლილებებს.

ამ ტერმინის ტრადიციული განსაზღვრება ზოგჯერ ერთმანეთისაგან განასხვავებს ინდივიდის აკულტურაციას (ტრანსკულტურაცია) და დიდი ჯგუფის აკულტურაციას.

მიჯნა ძველ და ახალ განსაზღვრებებს შორის ფერმკრთალდება თანამედროვე მულტიკულტურულ საზოგადოებებში, რომლებშიც ბავშვი იმიგრანტთა ოჯახიდან შეიძლება ითვისებდეს როგორც დომინანტ, ასევე მემკვიდრეობით მიღებულ კულტურას; თითოეული მათგანი შეიძლება განხილული იყოს როგორც “უცხო”, მაგრამ ორივე წარმოადგენს ბავშვის განვითარების შემადგენელ ნაწილს.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი