აფროცენტრიზმი

აფროცენტრიზმი წარმოადგენს თეორიას, რომელიც მიმართულია აფრიკული კულტურის უპირატესობის წარმოჩენისაკენ. აფროცენტრიზმი გავრცელდა კოლონიური სისტემის რღვევის შემდეგ, თუმცა ნეგროიდული რასის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი კულტურის ორიგინალობის გააზრების მცდელობა სათავეს იღებს XIX საუკუნის შუა ხანებიდან, მარქსიზმის წარმოშობის თანადროულად. აღნიშნული ტენდენცია ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა მ. ჰარვეისა და ჯ. პედმორის პანაფრიკანიზმის, ე. საზარის და ლ. სენგორის ნეგრიტიუდის, პ. ტემპელსისა და მ. გრიოლის აფრიკული ეთნოფსიქოლოგიის, აგრეთვე სხვა ნაირსახეობათა - აფროცენტრიზმის, ნეგრო-აფრიკანიზმის, ბანტუს სოციალიზმის და სხვათა სახით.

აფროცენტრიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეგრიტუდის თეორიის შემქმნელმა სენეგალელმა ფილოსოფოსმა, პოეტმა და პოლიტიკოსმა ლეოპოლდ სედარ სენგორმა. ნეგრიტუდის თეორია ქადაგებდა ნეგროიდული რასის უნიკალურობას. აფროცენტრიზმის იდეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ევროპის მრავალსაუკუნოვანი ბატონობა აფრიკულით უნდა შეიცვალოს. ისინი ევროპელს განიხილავდნენ, როგორც აფრიკული კულტურული ღირებულებების უარმყოფელსა და მოწინააღმდეგეს და მასთან მიმართებაში ხაზს უსვამდნენ თავიანთი სამყაროს განსხვავებულ, უნიკალურ მხარეებს: ინტუიციურობას, სულიერებას, ემოციურობას და ა. შ. ყოველივე იმას, რასაც მალე, მათი აზრით, თავად რაციონალური ევროპა ეზიარებოდა.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი