სტრუქტურალიზმი

სტრუქტურალიზმი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა ლინგვისტურ, კულტურულ, ფილოსოფიურ, სოციალურ, მათემატიკურ კვლევებში. იგი საფრანგეთში ჩაისახა, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა XX საუკუნის 60-70-იან წლებში და ფართოდ გავრცელდა ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში. მის ფუძემდებლად მიჩნეულია შვეიცარელი ლინგვისტი ფერდინანდ დე სოსიური (Ferdinand de Saussure, 1857-1913), რომლის მიერ XX ს. 20-30-იანი წლებში შემუშავებული სტრუქტურული მეთოდი შემდგომში ლინგვისტიკიდან გადატანილ იქნა ადამიანის სულიერი ცხოვრების სხვა სფეროების კვლევაშიც.

ფ. სოსიური ამტკიცებდა, რომ ენის გაგებისათვის საჭიროა განვიხილოთ მისი შემადგენელი ელემენტების ურთიერთობა. ეს იდეა ეხმიანებოდა ემილ დიურკჰაიმის თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ შესასწავლ მოვლენას, თუ დავკმაყოფილდებით მისი გარეგნული მხარეების - მისი "ისტორიის" - აღწერით; ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ საზოგადოება მხოლოდ მისი ნაწილების ურთიერთქმედების შესწავლის გზით.

ფ. სოსიურის მიხედვით, ენის ფუნქციაა კომუნიკაციის საშუალებათა შექმნა. შესაბამისად, საჭიროა გამოვიკვლიოთ ხერხები, რომლებითაც მისი ელემენტები ზემოქმედებენ კომუნიკაციაზე. ამოსავალი ჩვენთვის უნდა გახდეს მეტყველებისა და ენის ცნებების გამიჯვნა. ინდივიდუალური სამეტყველო აქტი ყოველთვის უნიკალურია და, ამდენად, არ შეიძლება იყოს მეცნიერების კვლევის ობიექტი. ენა მუდმივია, საყოველთაო, გამოიყენება ყველას მიერ, ვინც მასზე საუბრობს. ყოველი ენა შედგება ბგერათა საბოლოო სიმრავლისა და მათი კომბინირების წესებისაგან. ამრიგად, ენა წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც საფუძვლად უდევს მეტყველებას.

სტრუქტურალიზმისათვის ამოსავალია სტრუქტურის ცნება. სტრუქტურა განიმარტება როგორც კავშირების ერთობლიობა მთელის ელემენტებს შორის, რომლებიც, შინაგანი თუ გარეგანი ცვლილებების მიუხედავად, მყარი რჩებიან ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე ან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. სტრუქტურა არ წარმოადგენს ელემენტების მექანიკურ ჯამს.

სტრუქტურალიზმის ძირითადი იდეები დამუშავებულია ფრანგი მეცნიერების კ.ლევი-სტროსის, ჟ.დერიდას, ჟ.ლაკანის, მ.ფუკოს და სხვათა ნაშრომებში. სტრუქტურალისტებმა მიზნად დაისახეს, დაეძლიათ აღწერილობითი მეთოდი კულტურის ფენომენის ანალიზის დროს და კულტურის კვლევა მკაცრ მეცნიერულ საფუძველზე დაემყარებინათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ზუსტი მეთოდების, მათ შორის ფორმალიზაციის, მათემატიკური მოდელირების, კომპიუტერიზაციის და სხვა მეთოდების - გამოყენებით. ისინი იკვლევდნენ საჭმლის მომზადების წესს, რიტუალებს, ნათესაობის სისტემებს, თამაშებს, ზეპირ და წერილობით ტექსტებს, რათა დაედგინათ სტრუქტურები, რომელთა მეშვეობით ყალიბდება მნიშვნელობები კულტურაში. სტრუქტურალისტთა აზრით, კულტურის ყველა სისტემა: ენა, მითოლოგია, რელიგია, ხელოვნება, ლიტერატურა, ზნე-ჩვეულებანი, ტრადიციები და ა.შ. შეიძლება განხილულ იქნას როგორც ნიშანთა სისტემები. ყველაზე მარტივი და უნივერსალური ნიშანთა სისტემაა ენა.

სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია ფრანგი ეთნოგრაფი და სოციოლოგი, XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალად მიჩნეული კლოდ ლევი-სტროსი (Claude Levi-Strauss). სწორედ მან ჩამოაყალიბა სტრუქტურალიზმი როგორც მეთოდი საზოგადოებისა და კულტურის კვლევისათვის. მისი კვლევის ძირითადი ობიექტი იყო პრიმიტიული საზოგადოებები, კერძოდ, სამხრეთ და, ნაწილობრივ, ჩრდილოეთ ამერიკისა. მთავარ პრობლემად მიაჩნდა ბუნებიდან კულტურაზე გადასვლის შესწავლა. სოციალურ და კულტურულ სტრუქტურათა გამოკვლევის მიზნად კ.ლევი-სტროსი თვლიდა იმ კანონზომიერებათა გამოვლენას, რომლებიც საფუძვლად უდევს რწმენა-წარმოდგენათა და ინსტიტუტების მრავალფეროვნებას.

კ. ლევი-სტროსი დაიბადა ბრიუსელში, ფილოსოფიასა და სამართალს სწავლობდა პარიზში, სორბონაში. რამდენიმე წელი ასწავლიდა სკოლაში, შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის კულტურული მისიის თანამშრომლად ბრაზილიაში, სადაც 1935-1939 წლებში ცხოვრობდა და სან-პაულოს უნივერსიტეტშიც ასწავლიდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საველე ეთნოგრაფიული კვლევა, ჩამოყალიბდა მისი, როგორც ანთროპოლოგის პროფესიული ინტერესები. 1939 წ. საფრანგეთში დაბრუნდა გერმანიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ საფრანგეთის მთავრობის კაპიტულაციის შემდეგ მას, როგორც ებრაელს, ქვეყნის დატოვება მოუხდა. გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც, მრავალი სხვა ემიგრანტი ინტელექტუალის მსგავსად, ასწავლიდა სოციალურ კვლევათა ახალ სკოლაში (New School for Social Research). ნიუ-იორკში გატარებული წლები ფრიად მნიშვნელოვანი იყო ლევი-სტროსისათვის. ამ პერიოდში რ. იაკობსონთან ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია მისი თეორიული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ეს ორი მეცნიერი მიიჩნევა სტრუქტურალიზმის მთავარ თეორეტიკოსებად.. რამდენიმე კოლეგასთან ერთად დააფუძნა ფრანგი მეცნიერების ერთგვარი “დევნილი უნივერსიტეტი”, რომელსაც ეწოდებოდა cole Libre des Hautes tudes. ამავე დროს, მას ურთიერთობა ჰქონდა ფრანც ბოასის სკოლასთან (ბოასი ამ დროს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა), რამაც ხელი შეუწყო აშშ სამეცნიერო წრეებში მის აღიარებას. 1946-1947 წლებში მსახურობდა კულტურის ატაშედ საფრანგეთის საელჩოში ნიუ-იორკში, 1948 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი სორბონაში, წარადგინა რა, ფრანგული ტრადიციის მიხედვით, ძირითადი (major) და მეორე (minor) დისერტაცია: “ოჯახი და სოციალური ცხოვრება ნამბიკვარას ინდიელებში” და “ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები”. 1940-1950-იანი წლები წარმატებული იყო მისი, როგორც მეცნიერისათვის, 1955 წლიდან კი, “მწუხარე ტროპიკების” გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგ ინტელექტუალად იქნა აღიარებული. 1959 წ. სათავეში ჩაუდგა Collège de France-ს სოციალური ანთროპოლოგიის კათედრას. იმავე პერიოდში გამოქვეყნდა მისი ”სტრუქტურული ანთროპოლოგია”, 1962 წელს კი – “პრიმიტიული აზროვნება”. ოთხტომეულისათვის “მითოლოგიური” 1973 წელს არჩეულ იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იყო მრავალი სხვა აკადემიის წევრი, უნივერსიტეტების, მათ შორის, ოქსფორდის, ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი.

როგორც თავად კ.ლევი-სტროსი აღნიშნავდა, მისი კონცეფციის ჩამოყალიბებაში, რომელსაც თავად სტრუქტურულ ანთროპოლოგიას უწოდებდა, მთავარი როლი შეასრულა სამმა მეცნიერმა: სოციოლოგმა ემილ დიურკჰაიმმა, ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა და ლინგვისტმა ფერდინანდ დე სოსიურმა. ე.დიურკჰაიმმა მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერება; ზ.ფროიდმა ინდივიდის შინაგანი "მე" არაცნობიერს დაუმორჩილა; ხოლო ფ. სოსიურმა ენობრივი მასალის საფუძველზე კონკრეტული წარმოდგენა მოგვცა ქვეცნობიერის შესახებ, ყოველ წინადადებაში გამოყო ორი დონე: გაუცნობიერებელი (ენა) და გაცნობიერებული (მეტყველება).

ფ. სოსიური ამტკიცებდა, რომ ლინგვისტმა მეტყველების ინდივიდუალური აქტის (parole) მიღმა უნდა დაინახოს ენა (langue) და მისი განმსაზღვრელი სტრუქტურული ნიმუშები (გრამატიკა). ლევი-სტროსმა ეს მეთოდი ადამიანის გონების ფუნდამენტური მენტალური სტრუქტურების კვლევის სფეროში გადაიტანა, რომლებიც ადამიანთა ქცევას განსაზღვრავენ. იგი თვლიდა, რომ ისევე, როგორც არ ვაცნობიერებთ ჩვენი ენის გრამატიკას მეტყველების პროცესში, არ ვაცნობიერებთ არც სოციალურ სტრუქტურებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სტრუქტურები, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოების “სიღრმისეულ გრამატიკას”, გონებაში წარმოიშობა და არაცნობიერად მოქმედებს.

მეორე საინტერესო იდეა ნასესხები იყო ლინგვისტიკის პრაღის სკოლიდან (რომან იაკობსონი), რომელმაც ჩამოაყალიბა ბინარული ოპოზიციების თეორია. რ. იაკობსონი და ამ სკოლის სხვა წარმომადგენლები განიხილავდნენ ბგერებს ზოგად მახასიათებლებზე დაყრდნობით, რომლებიც ასეთ ოპოზიციურ წყვილებად ჯგუფდებოდა, მაგალითად: მჟღერი - ყრუ. ლევის-სტროსმა ეს მეთოდი ადამიანის გონების უნივერსალური სტრუქტურების კვლევაზე გადაიტანა. მისი აზრით, ოპოზიციები საფუძვლად უდევს სოციალურ სტრუქტურებსა და კულტურას. ერთ-ერთ ადრეულ შრომაში მან აჩვენა, რომ ტომის ფარგლებში ოჯახები/თემები წყვილ ჯგუფებად არსებობდნენ, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და, ამავე დროს, ერთმანეთისთვის აუცილებელი იყვნენ. მაგ., ამაზონის აუზში ორი დიდი ოჯახი თავიანთ სახლებს აშენებდა ერთმანეთისაკენ პირით მდგომი ნახევარწრის სახით, რომლებიც ერთად ერთ დიდ წრეს ქმნიდნენ.

ლევი-სტროსი მიიჩნევდა, რომ ოპოზიციური წყვილები სიმბოლურია თავად კულტურისათვის, რომელშიც, აზრისა და შრომის მეშვეობით, ნედლი (“უმი”) მასალა გარდაიქმნება ტანსაცმლად, საკვებად, იარაღად, ხელოვნებად, იდეებად. კულტურა, მისი აზრით, დიალექტიკური პროცესია: თეზა - ანტითეზა - სინთეზი. უმთავრეს ოპოზიციურ წყვილებად (ბინარულ ოპოზიციებად) რომლებიც ახასიათებს კულტურის ყველა სფეროს, ლევი-სტროსი მიიჩნევდა შემდეგს: ნათელი - ბნელი, ხმაურიანი - ჩუმი, რბილი - მაგარი, მშრალი - სველი, ტკბილი - მწარე, უმი - მოხარშული, ქორფა - დამჭკნარი, ცარიელი - სავსე, ახლო - შორი, ზედა - ქვედა, მარჯვენა - მარცხენა, კეთილი - ბოროტი და სხვ. ყველაფერს კი საფუძვლად უდევს ძირითადი ოპოზიცია ბუნება - კულტურა.

ე. დიურკჰაიმის სკოლის გავლენით, რომელიც თვლიდა, რომ შემეცნების სოციალური სტრუქტურა განაპირობებს მის ინდივიდუალურ სტრუქტურას, ლევი-სტროსმა სცადა საწინაღმდეგოს დამტკიცება, კერძოდ, მიიჩნია, რომ სწორედ უკანასკნელი განაპირობებს პირველს. სოციალური სტრუქტურები ასახავენ კოგნიტურ (შემეცნებით) სტრუქტურებს. გონებას, აზროვნებას იგი კულტურული ევოლუციის მიზეზად კი არა შედეგად მიიჩნევდა. სტრუქტურები უნივერსალურია, შინაარსის სპეციფიკურობა კი კულტურითაა განსაზღვრული. კულტურას, როგორც ადამიანური ყოფიერების უნივერსალურ ატრიბუტს, სხვადასხვა საზოგადოებაში დაახლოებით ერთნაირი ნიშნები აქვს. ეთნოლოგიური კონცეფციების ძირითად ნაკლს იგი იმაში ხედავდა, რომ ისინი ითვალისწინებენ მხოლოდ ცნობიერ დონეს, და არა არაცნობიერს, რომელიც არ ექვემდებარება უშუალო დაკვირვებას. ამ დროს კი ცნობიერება, კ.ლევი-სტროსის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ადამიანის სულის უამრავი არაცნობიერი სტრუქტურის გადაკვეთაზე, რომელთაგან თითოეული შეესაბამება სოციალური რეალობის გარკვეულ დონეს.

ინტერესმა არაცნობიერი სტრუქტურებისადმი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა სტრუქტურული ანალიზის ობიექტთა შერჩევა: ტოტემიზმი, სახელთა მიკუთვნების წესები, საქორწინო ურთიერთობანი, ნათესაური სისტემები, რიტუალები, ნიღბები, როგორც ნიშანთა თავისებური სისტემები, პირველ რიგში კი - მითი, როგორც კოლექტიური ცნობიერების არსი, სოციალურ სტრუქტურათა სიმყარის საფუძველი. მითებსა და ფოლკლორს ლევი-სტროსის კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი მითების სტრუქტურული ტიპოლოგიის მამამთავრადაა მიჩნეული.

კ.ლევი-სტროსის აზრით, ადამიანის შეგრძნებები იმდენად არ ასახავენ, რამდენადაც დაშიფრავენ გარემომცველ სინამდვილეს, ახდენენ მის კოდირებას. ყველა მოვლენა და პროცესი გამოიხატება სიმბოლოს სახით. ამდენად, შეიძლება ლაპარაკი იყოს ორ სტრუქტურაზე: ადამიანის გონების სტრუქტურასა და ადამიანის გარემომცველი ფიზიკური რეალობის სტრუქტურაზე. ამასთან, მეორის შესწავლის საფუძვლად კ.ლევი-სტროსი ადამიანის გონების სტრუქტურას მიიჩნევს, რომელიც ახდენს ჩვენი გამოცდილების ორგანიზებას და განსაზღვრავს სამყაროს ჩვენეულ ხედვას.

თანამედროვე ინდუსტრიულ და “პრიმიტიულ” საზოგადოებათა შორის ურთიერთობას კ.ლევი-სტროსი უწოდებდა თანაფარდობას "ცხელ" და "ცივ" საზოგადოებათა შორის: პირველნი ცდილობენ აწარმოონ და მოიხმარონ რაც შეიძლება მეტი ენერგია და ინფორმაცია, მეორენი კი იფარგლებიან არსებობის მარტივი და მწირი საშუალებების მდგრადი კვლავწარმოებით. მაგრამ ძველ და ახალ, განვითარებულ და "პრიმიტიულ" ადამიანს აერთიანებს კულტურის საყოველთაო კანონები, ადამიანის გონების ფუნქციობის კანონები.

"ცხელ" საზოგადოებებში თავდაპირველი კავშირი თავად საგნებსა და შემეცნებით სიმბოლოებს შორის თანდათანობით განიდევნება არაცნობიერის სფეროში, და მის ადგილს პირობითი კავშირი იჭერს. შედეგად იცვლება თავად სამყაროს ხედვა, მისი პირვანდელი სახე თანდათან ბუნდოვანი ხდება. მაგრამ იგი მთლიანად კი არ ქრება, არამედ ინახება არაცნობიერში. გზა ადამიანის გარემომცველი სამყაროსაკენ სულ უფრო მეტად "იხერგება" სხვადასხვა სიმბოლური სტრუქტურით.

კ. ლევი-სტროსის აზრით, ჯერ კიდევ შემორჩენილი არქაული - "ცივი" - საზოგადოებანი ახერხებენ დაუსხლტნენ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებას. მათში შენარჩუნებულია თავდაპირველი კავშირი ადამიანის გარემომცველ სინამდვილესა და მისი ცნობიერების სიმბოლოებს შორის; ეს კავშირი არ არის განდევნილი არაცნობიერ სფეროში. სწორედ ამ "ცივი" საზოგადოებების არსებობა აძლევს საშუალებას თანამედროვე ადამიანს, შეიმეცნოს არაცნობიერ სფეროში განდევნილი საკუთარი გონების სტრუქტურა.

თანამედროვე კულტურის ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი აზრი (ანუ რასაც ის წარმოადგენს) დაფარულია. ამ აზრის "ამოღება" არაცნობიერი სფეროდან შეუძლებელია. ამიტომ უნდა მივმართოთ "ცივ" საზოგადოებებს და მოვძებნოთ მათში ანალოგიური მოვლენა, რაც მკვლევრისათვის ნათელს გახდის მის აზრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირველყოფილი ადამიანი გვევლინება ერთგვარ სარკედ, რომელიც თანამედროვე ადამიანს თავისი არაცნობიერი სფეროს დანახვის შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისად, დებს ხიდს ბუნებასა და კულტურას შორის.

თავის ცნობილ ნაშრომებში "სტრუქტურული ანთროპოლოგია" ("Anthropologie structurale"), "მწუხარე ტროპიკები" ("Tristes Tropiques"), "ველური აზროვნება" ("La Pensée Sauvage"), "თანამედროვე ტოტემიზმი" ("Le Totémisme aujourd'hui"), ნიღბების გზა" ("La Voie des masques") და სხვ. კ.ლევი-სტროსი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ველურები ცხოვრობენ ბედნიერად; ცივილიზაცია აზიანებს მათ ყოფას; ცივილიზაცია უფრო უარესად წყვეტს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ვიდრე ველურები, რადგან ამ უკანასკნელთა გარეგანი "მე" მჭიდროდაა დაკავშირებული შინაგანთან. კულტურული გარსი ჯერ კიდევ თხელია და შეიძლება თვალი ვადევნოთ ბუნებასთან მის კავშირს; აღნიშნული არ დაშორებია აღმნიშვნელს. პირველყოფილი ადამიანი თავისი შინაგანი "მე"-თი არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანისაგან: ერთსაც და მეორესაც ერთი და იგივე ბინარული ოპოზიციები აქვთ. თანამედროვე ადამიანის აზროვნების სტრუქტურა მის მიერ განვლილი გზის მანძილზე არ შეცვლილა, იგი ზუსტად ისეთია, როგორიც პირველყოფილი ადამიანისა. თანამედროვე ადამიანი პირველყოფილისაგან განსხვავდება მხოლოდ თავისი გარეგნული "მე"-თი და იმით, რომ კავშირი მის გარეგან "მე"-სა და შინაგან "მეს" შორის გაწყვეტილია ისტორიის მიერ.

პირველყოფილი ადამიანი ხორცს თუ სხვა საჭმელს ქვაზე აწყობდა და ასე წვავდა მზეზე. მზის სხივები ცასა და დედამიწას ერთიან, ჰარმონიულ მთლიანობად აერთიანებდა და ადამიანი ბუნებასთან სრულ თანხმობაში იმყოფებოდა. შემდეგ ადამიანმა დაიწყო საჭმლის დამზადება ცეცხლზე, შექმნა შრომის იარაღი, ტანსაცმელი, შეაბიჯა კულტურის სამყაროში. მის არსებობასა და კულტურას შორის გაჩნდა წინააღმდეგობები. მითების მეშვეობით ადამიანი ცდილობს აღადგინოს დარღვეული კავშირი ბუნებასთან.

დამთავრდა ოქროს ხანა (ასე უწოდებს კ.ლევი-სტროსი ქვის ხანას) და დაიწყო ბრინჯაოს ეპოქა. ამ ეპოქის მანძილზე ადამიანი საკმაო ხანს ინარჩუნებდა მკაფიო ოპოზიციებს, რაც მას საშუალებას აძლევდა ებატონა ემპირიულ სინამდვილეზე. მითების საშუალებით ადამიანები ცდილობდნენ შეერბილებინათ წინააღმდეგობა ბუნებასთან. მაგრამ დაიწყო რკინის ხანა, გაჩნდა თანამედროვე ადამიანი და ყველაფერი აირია. თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ბუნებასა და კულტურას შორის ღრმა განხეთქილების პირობებში, რაც მისი ყველა უბედურების მთავარი მიზეზია.

კ.ლევი-სტროსის აზრით, თანამედროვე მეცნიერება და ფილოსოფია დიდად ვერ ამაღლებენ დღევანდელ ადამიანს ველურის დონესთან შედარებით, ამ უკანასკნელის ცხოვრება კი ბევრად უფრო ჰარმონიულია სწორედ ბუნებასთან მისი განუყოფელი კავშირის გამო.

სტრუქტურალისტური მეთოდი გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა და კულტურის ისტორიკოსმა მიშელ პოლ ფუკომ (Michel Foucault), 1926-1984) ნაშრომებში "სიტყვები და საგნები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია" ("Les mots et les choses - une archéologie des sciences humaines"), "ცოდნის არქეოლოგია" ("L'Archéologie du savoir"). ევროპული შემეცნების ისტორიაში მ.ფუკომ გამოყო 3 ეპისტემა (ცოდნის საერთო სივრცე, "სიტყვებსა" და "საგნებს" შორის ურთიერთდამოკიდებულების სისტემა, რომელსაც ემყარება ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი აღქმის, შემეცნების, პრაქტიკის კოდები, ცალკეული იდეები და კონცეფციები), რომელთა თავისებურება განსაზღვრავს ამა თუ იმ ეპოქის - აღორძინების, კლასიკური რაციონალიზმისა და თანამედროვეობის (XIX-XX სს.) აზროვნების სახეს. აღორძინების ეპისტემაში "სიტყვები" და "საგნები" მსგავსია და იგივეობრივიც კი; კლასიკური რაციონალიზმის ეპოქაში ისინი გაშუალებულია აზრობრივი წარმოდგენებით, თანამედროვე ეპოქაში კი სიტყვა იქცევა მხოლოდ ნიშნად სხვა ნიშნების სისტემაში, რადგან სიტყვებსა და საგნებს შორის დგას მრავალი სხვადასხვა ნიშანთა სისტემა - "ენა", "შრომა", "სიცოცხლე" და სხვ.

ამრიგად, ეპისტემის შეცვლა ნიშნავს მთელი შემეცნებითი საქმიანობის და, საერთოდ, სამყაროში ადამიანის ადგილის შეცვლას. კულტურის სტრუქტურული ცვლილებების გაგებისათვის, მ.ფუკოს აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ეპისტემათა შორის არსებული განხეთქილებანი. მათი არსის ილუსტრაციისათვის მკვლევარი დონ კიხოტის მაგალითს მიმართავს. ეს გმირი - ახალი კულტურის სისტემაში ძველი ეპისტემის მატარებელი - კომიკურია სწორედ ძველისა და ახლის შეჯახებაში.

ჟაკ ლაკანი (Jacques Lacan) (1901-1981) "ფროიდიზმის პარიზული სკოლის" ფუძემდებელია, ე.წ. სტრუქტურული ფსიქოანალიზის წარმომადგენელი. მან მიზნად დაისახა "ფროიდისკენ მიბრუნება", ანუ ფროიდიზმის გათავისუფლება შემდეგდროინდელი დანაშრევებისაგან. ლაკანი თვლიდა, რომ არაცნობიერის გაგებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენას. თავად არაცნობიერი ლაკანთან სცილდება ბიოლოგიური ინტერპრეტაციის ჩარჩოებს და კულტურის ფენომენად გვევლინება. ეს ის სფეროა, სადაც მიმდინარეობს ინდივიდის მიერ სოციალური ნორმებისა და კულტურულ ფასეულობათა ათვისება, ანუ პიროვნების სოციალიზაცია. ამრიგად, ჟ.ლაკანმა არაცნობიერი კულტუროლოგიური კვლევის ობიექტად აქცია.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი