სოციალურ-კულტურული ევოლუციის თეორია

ეს ტერმინი ასახავს იმ წარმოდგენას, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. ევოლუციონისტური თეორიის სხვადასხვა ვერსიის წარმომადგენლები ცდილობენ ახსნან, რა გავლენას ახდენს ერთმანეთსა და მთლიანად საზოგადოებაზე ტექნოლოგიების, სოციალური სტრუქტურის, ფასეულობათა ცვლილებები, როგორ და რატომ იცვლებიან ისინი დროში. ეს ვერსიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ამ ცვლილებათა მექანიზმების ახსნით.

სოციალური პროგრესი გულისხმობს საზოგადოების განვითარებას, რომლის შედეგად საზოგადოება ხდება უკეთესი, ვიდრე წინა ეტაპზე იყო.

სოციალური პროგრესის იდეა განმანათლებლებთან ჩაისახა და მკაფიოდ ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, სოციოკულტურული ევოლუციის თეორიის სახით (ო. კონტი, ჰ. სპენსერი).

ეს იდეა იმ დროს რადიკალური და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მანამდე ითვლებოდა, რომ სოციალური წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული სახით არსებობს, ისე, როგორც იგი ღმერთის მიერ შეიქმნა. არაფერი იცვლება, ყველაფერი მუდმივია. ცვლილებები, რომლებიც თითქოს ხდება, მხოლოდ ზედაპირული და მოჩვენებითია. ეს თვალსაზრისი ცხოვრების მაშინდელ წესს ემყარებოდა, როცა ცვლილებები მართლაც ნელი და ძნელად შესამჩნევი იყო, ადამიანი ცხოვრების მანძილზე მიჯაჭვული იყო თავის საცხოვრებელს და ვერც წარმოედგინა მისი (და, საერთოდ, ცხოვრების წესის) შეცვლა.

განმანათლებლები პირველები იყვნენ, ვინც ჩათვალა, რომ ადამიანებს თავად შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა. ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ საზოგადოებას, შესაბამისად, შეუძლიათ გარდაქმნან კიდეც იგი. ამან სათავე დაუდო კაცობრიობის ისტორიის პროგრესისტულ ხედვას.

სოციოკულტურული ევოლუციის თეორიისა და სოციალური პროგრესის იდეის ერთ-ერთი პირველი ავტორია ოგიუსტ კონტი (1798-1857), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების ახალ დარგს – სოციოლოგიას.

ოგიუსტ კონტმა ჩამოაყალიბა “სამი სტადიის კანონი” - ერთ-ერთი პირველი სოციალური ევოლუციის კანონთა შორის, რომლის თანახმად, სოციალური პროგრესი და საკაცობრიო ცოდნის განვითარება მოიცავს სამ საფეხურს: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურს (აბსტრაქტულს) და პოზიტიურს. პირველ საფეხურზე ბუნება გაიაზრებოდა მითოსურ საფუძველზე, მეორეზე - როგორც იდუმალი, ბნელი ძალების მოქმედების შედეგი, მესამე - პოზიტივისტურ საფეხურზე კი ყველა იდუმალი და ბნელი ძალა უარყოფილია და ბუნების მოვლენები აიხსნება მათი ურთიერთქმედების საფუძველზე. პროგრესს განაპირობებს ადამიანის გონების განვითარება.

კონტმა მოგვცა მეცნიერებათა კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით, გამოყო არაორგანული ფიზიკა (ასტრონომია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და ქიმია) და ორგანული ფიზიკა (ბიოლოგია და სოციალური ფიზიკა, რომელსაც მოგვიანებით სოციოლოგია ეწოდა). სწორედ კონტი გვევლინება სოციოლოგიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების იდეის ავტორად, რომელიც არ განეკუთვნება არც ჰუმანიტარული და რაც მეტაფიზიკური ცოდნის სფეროს. მისი აზრით, სოციოლოგია თავს მოუყრიდა სხვა მეცნიერებებს, ერთმანეთთან დააკავშირებდა მათ მიღწევებს.

XIX საუკუნეში ევოლუციონისტთა უმრავლესობა, XX საუკუნეში კი მათი ნაწილი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობა განვითარების საერთო გზას გადის, სხვადასხვა საზოგადოება ერთმანეთისაგან განსხვავდება განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ყოფნის გამო. დღეს კულტურული ანთროპოლოგიის წარმომადგენელთა ნაშრომებში ევოლუციონისტური ხედვა გვხვება მსოფლსისტემური მიდგომის ზოგიერთი ვერსიის, ნეოევოლუციონიზმის, სოციობიოლოგიის, პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიებში.

სოციოკულტურული ევოლუციის ადრეული თეორიები (ოგიუსტ კონტი, ჰერბერტ სპენსერი, ლუის ჰენრი მორგანი) ფართოდ იყო გავრცელებული XIX საუკუნის ბოლოდან პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე. ამ თეორიათა წარმომადგენლები ავითარებდნენ ერთხაზობრივი (მონოლინეარული) ევოლუციის იდეას.

ერთხაზობრივი ევოლუცია. სოციოკულტურული ევოლუციის თეორია დაკავშირებულია ო. კონტის, ე. ტაილორის, ლ. ჰ. მორგანის, ჰ. სპენსერის სახელებთან. ეს თეორია ევოლუციის ბიოლოგიური თეორიის გავლენით ჩამოყალიბდა: თუ ცოცხალი ორგანიზმები ვითარდება და დროთა განმავლობაში იცვლება გარკვეული კანონების მიხედვით, ალბათ, იგივე უნდა ხდებოდეს საზოგადოებაშიც. ბიოლოგიურ ორგანიზმებთან ანალოგიით (ბიოლოგიას დაესესხნენ ვარიაციის, ბუნებრივი გადარჩევისა და მემკვიდრეობითობის ცნებებს), სოციოკულტურული ევოლუციის თეორიის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ პროგრესის გზა წარმოდგენილი იყო ველურობა-ბარბაროსობა-ცივილიზაციის აღმავალი ხაზით. ეს საფეხურები საერთო იყო მთელი კაცობრიობისათვის.

XX ს. ევოლუციონისტურ თეორიათა დიდი ნაწილი მრავალხაზობრივ (მულტიხაზობრივ) განვითარებას აღიარებს და ყურადღებას ამახვილებს ცალკეული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე.

კაცობრიობის ისტორიის ფორმაციული ხედვა

ისტორიის ხაზოვანი, პროგრესული განვითარების კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთ საყურადღებო საფეხურს წარმოადგენს მარქსისტული ფორმაციული თეორია.

კარლ მარქსისა (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სახელებს უკავშირდება ისტორიის მატერიალისტური გაგების დამკვიდრება, რომლის მიხედვით:
1. ისტორიული პროცესს საფუძვლად უდევს ობიექტური კანონზომიერებები. ამ თვალსაზრისით, მარქსი და ენგელსი ჰეგელის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ კანონზომირებათა წყაროს ისინი ეძებდნენ არა აბსოლუტურ გონში, არამედ თვით ისტორიულ მოვლენათა შინაგან ლოგიკაში, რომელიც ადამიანთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად ყალიბდება.
2. საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. წარმოების წესის რევოლუციურ ცვლილებას მოსდევს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნა. სწორედ წარმოების წესის სრულყიფა განაპირობებს საზოგადოების სვლას პროგრესის გზით, თუმცა ეს გზა არათანაბარი და წინააღმდეგობრივია.
3. საზოგადოებრივი ცნობიერება განსაზღვრულია საზოგადოებრივი ყოფიერებით. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით. შესაბამისად, სულიერი კულტურა მეორადია მატერიალურთან შედარებით, განპირობებულია მისით.

მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების შესახებ. ეს ცნება აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ისტორიულ ტიპს, რომლის სახეს განსაზღვრავს მისი საფუძველი – მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. ამ წესითაა განპირობებული ფორმაციის სოციალური სტუქტურა, პოლიტიკური ირგანიზაცია, სამართლებრივი სისტემა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეები. თითოეულ ფორმაციას შეესაბამება კულტურის განსაზღვრული ტიპი.

კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს ერთიან აღმავალ ხაზს. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები - პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური (რომლის განვითარების უმაღლესი ფაზაა კომუნიზმი) - წარმოადგენენ საზოგადოებრივი პროგრესის საფეხურებს და თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს. ამ ფორმაციებს სხვადასხვა ტემპით გადის მთელი კაცობრიობა. სხვადასხვა ქვეყანაში ისინი სხვადასხვა დროს აღმოცენდება და მათი არსებობის ხანგრძლიობაც სხვადასხვაგვარია. ამა თუ იმ ხალხმა შეიძლება გამოტოვოს (ან სრულად არ გაიაროს) რომელიმე ფორმაცია (მაგალითად, გერმანელ და სლავ ტომებში, რიგი მიზეზების გამო, მონათმფლობელური ფორმაცია არ ჩამოყალიბდა და ისინი პირველყოფილი თემური წყობილებიდან პირდაპირ ფეოდალიზმზე გადავიდნენ). მარქსი ლაპარაკობდა აგრეთვე “წარმოების აზიურ წესზე”, რომელიც არსებობდა ინდოეთსა და ჩინეთში.

სქემის სახით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია შეიძლება შემდეგნაირადწარმოვიდგინოთ:

ფორმაციათა ცვლის საფუძველია წინააღმდეგობა მუდმივად განვითარებად, დინამიკურ საწარმოო ძალებსა და შედარებით ნელაცვალებად წარმოებით ურთიერთობებს შორის. როცა წინააღმდეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, იქმნება ერთი ფორმაციის მეორით შეცვლის პირობა. ყოველი მომდევნო ფორმაცია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე წინამორბედი. ისტორიის მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა, რომელიც მსჭვალავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც. თავის უმაღლეს გამოხატულებას კლასთა ბრძოლა რევოლუციაში ჰპოვებს, რომელთაც მარქსი “ისტორიის ლოკომოტივს” უწოდებდა. რევოლუციას შედეგად მოჰყვება ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის მეორით შეცვლა.

ვექტორულ-სტადიური ხედვა
(შ. იტოს კონცეფცია)

1980-90-იან წლებში გამოქვეყნდა იაპონელ მეცნიერის, შუნტარო იტოს (Shuntaro Ito) ნაშრომები “ცივილიზაციათა დაბადება”, “ცივილიზაციათა შედარებითი კვლევა”, “XII საუკუნის რენესასნი” არაბული გავლენა დასავლეთზე”.

ა. ტოინბის კვალდაკვალ, შ. იტო 23 ცივილიზაციას მოითვლის, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრშია არა მათი ლოკალური მახასიათებლები, არამედ მსოფლიო ისტორიის ვექტორულ–სტადიური მოდელი, რომელიც გლობალურ ტრანსფორმაციათა 5 სტადიას მოიცავს: ანთროპულს, აგრარულს, საქალაქო რევოლუციას, ღერძული დროის და მეცნიერულ რევოლუციას.
ანთროპულ რევოლუციას (ძვ.წ. 5 მლ. წლის წინ) იტო ჩრდილოეთ ეთიოპიას უკავშირებს;
აგრარულ რევოლუციას (ძვ.წ. 11-5 ათ. წ. წინ) - მიწათმოქმედების წარმოშობის ცენტრებს ჩრდილოეთ ციმბირში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ჩინეთში, ზემოამერიკასა და დასავლეთ აფრიკაში.
საქალაქო რევოლუცია (ძვ.წ. 3500-1500 წ. წინ) - შუმერი, ეგვიპტე, ინდოეთი და ჩინეთი.
ღერძული დროის რევოლუცია, რომელმაც წარმოშვა მსოფლიო რელიგიები და კლასიკური ფილოსოფია (ძვ.წ. VIII-IV სს.), უკავშირდება ისრაელს, საბერძნეთს, ჩინეთს, ინდოეთს, სპარსეთს.
ბოლოს, მეცნიერული რევოლუცია - XVII ს. დასავლეთ ევროპაში.
დღეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს კიდევ ერთი გლობალური ტრანსფორმაცია - ეკოლოგიური რევოლუცია. შ. იტო აღნიშნავს, რომ თუ საქალაქო რევოლუციამ შექმნა ნამდვილი ცივილიზაცია, ეკოლოგიურმა რევოლუციამ უნდა წარმოშვა ახალი ტიპის ცივილიზაცია.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი