კულტურული რელატივიზმის თეორია

კულტურული რელატივიზმის თეორიის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი ანთროპოლოგი მელვილ ჰერსკოვიცი (1895-1963), რომლის კონცეფცია ჩამოყალიბებულია ნაშრომში "კულტურული ანთროპოლოგია" (1948).

ჰერსკოვიცი გადაჭრით დაუპირისპირდა "სამ დეტერმინიზმს": კულტურის რასისტულ თეორიებს; გეოგრაფიული დეტერმინიზმის უკიდურეს ფორმებს (კულტურის მთელი მრავალფეროვნების ახსნა მხოლოდ გეოგრაფიული გარემოთი); ეკონომიკურ დეტერმინიზმს, რომლის მიხედვით განმსაზღვრელი მნიშვნელობა მატერიალური დოვლათის წარმოების წესს ენიჭება. იგი არ ეთანხმებოდა თვითმყოფადი კულტურების განხილვას ერთიანი მსოფლიო-ისტორიული პროცესის ნაწილად, რომელსაც ასევე საერთო აღმავალი მიმართულება აქვს. ჰერსკოვიცის აზრით, არ არსებობს მსოფლიოს კულტურათა განვითარების ერთიანი კანონზომიერება, რომლის ნიმუშად მიჩნეულია დასავლეთევროპული მოდელი. მსოფლიო-ისტორიული პროცესი შედგება განვითარების სხვადასხვა მიმართულების მქონე კულტურებისაგან; კულტურათა სხვადასხვა ტიპის არსებობის შესაბამისად, არსებობს პროგრესის სხვადასხვა კრიტერიუმი, ამიტომ პროგრესის ცნება ფარდობითია, სუბიექტური. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, ტრადიციული კულტურის განვითარებას ტექნიკური (დასავლური) გზით ამ კულტურის სიკვდილი, განადგურება მოსდევს. განსაკუთრებით მკვეთრად აკრიტიკებდა ჰერსკოვიცი მსოფლიო ისტორიის მორგანისეულ პერიოდიზაციას - ველურობა, ბარბაროსობა, ცივილიზაცია, რადგან მასში “პრიმიტიული" და "ცივილიზებული" ხალხების ევროპოცენტრისტულ დაპირისპირებას ხედავდა.

ჰერსკოვიცი კულტურის ცნების ორგვარ ინტერპრეტაციას იყენებდა. ზოგადად, იგი კულტურას განსაზღვრავდა როგორც ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს. ასეთ გაგებას ეყრდნობოდა იგი კულტურის წარმოშობისა და მისი განვითარების ადრეული საფეხურების კვლევისას. თანამედროვე კულტურების ანალიზის დროს კი იგი კულტურის ფსიქოლოგიურ განსაზღვრებას მიმართავდა და განსაზღვრავდა მას როგორც იმ ადამიანთა ქცევისა და აზროვნების წესს, რომლებიც მოცემულ საზოგადოებას შეადგენენ.

ყოველ კულტურას აქვს უნიკალური, მყარი ტრადიციით განსაზღვრული მოდელი. იგი ვლინდება ყველა ხალხისათვის დამახასიათებელი ფასეულობათა სპეციფიკური სისტემით, რომელიც ძნელია შეეფარდოს სხვა ხალხის ფასეულობათა სისტემებს. ჰერსკოვიცი თვლიდა, რომ ყველა კულტურას აქვს ძირეული, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი მახასიათებელი - "კულტურული ფოკუსი". თანამედროვე ევროპულ-ამერიკული კულტურისათვის ესაა ტექნოლოგიის განვითარება, შუა საუკუნეების ევროპისათვის - რელიგიური იდეოლოგიის ბატონობა და სხვ.

სტრუქტურული თვალსაზრისით, მკვლევარი კულტურაში რამდენიმე ასპექტს გამოყოფდა. ესენი იყო: ტექნიკური საშუალებანი, რომელთა მეშვეობით ადამიანი ბუნებრივი გარემოდან მოიპოვებს იმას, რაც საჭიროა არსებობისა და ყოველდღიური საქმიანობისათვის; ეკონომიკური სისტემა მათი განაწილებისათვის; სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაცია, ცხოვრების ფილოსოფია, რელიგია, ხელოვნება, ენა, სანქციების სისტემა.

ევოლუციური განვითარების კანონზომიერებათა ძიებას ჰერსკოვიცი უპირისპირებდა სხვადასხვა კულტურის შესწავლას დროის დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა კულტურის ცვლილებათა მექანიზმის ანალიზს. ჰერსკოვიცის აზრით, კულტურა, ერთსა და იმავე დროს, სტაბილურიცაა და ცვალებადიც. ცვლილებათა არარსებობა კულტურის სიკვდილს ნიშნავს, მეორე მხრივ კი, კულტურის მდგრადი სტრუქტურების რღვევა, სწრაფი ცვლილებების (მაგალითად, ტექნოლოგიური ზრდის) ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს მის დეგრადაციას, თვითმყოფადობის დაკარგვას.

ამერიკული ანთროპოლოგიური ტრადიციის შესაბამისად, ჰერსკოვიცი ერთმანეთისაგან მიჯნავდა "კულტურისა" და "საზოგადოების" ცნებებს. "კულტურა ადამიანთა ცხოვრების წესია, მაშინ, როდესაც საზოგადოება - იმ ინდივიდთა ორგანიზებული ურთიერთმოქმედი მექანიზმია, რომლებიც ცხოვრების ამ წესს მისდევენ. უფრო მარტივად: საზოგადოება შედგება ადამიანებისაგან, მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესი კი არის კულტურა", - წერდა ჰერსკოვიცი.

კულტურული გამოცდილების ათვისების პროცესს მკვლევარი ინკულტურაციას უწოდებდა. ეს მისი კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი ცნება იყო. ინკულტურაცია - ესაა ინდივიდის მიერ კონკრეტული კულტურის ათვისების პროცესი. მისი ძირითადი შინაარსი მდგომარეობს ამ კულტურისათვის დამახასიათებელი აზროვნებისა და მოქმედების წესის, ქცევის მოდელის შეთვისებაში.

ინკულტურაციას ჰერსკოვიცი განასხვავებდა სოციალიზაციისაგან, რომელიც, მისი აზრით, წარმოადგენს ბავშვის მიერ საქმიანობის საერთო-საკაცობრიო წესის ათვისების პროცესს.

ინკულტურაციაში მკვლევარი ორ დონეს გამოყოფდა: ბავშვობას და სიმწიფეს. პირველ დონეზე ადამიანის მთავარი ამოცანაა კულტურული ნორმების, ეტიკეტის, ტრადიციის, რელიგიის ათვისება. ამ დროს ინდივიდი მხოლოდ ითვისებს კულტურულ გამოცდილებას, იგი მოკლებულია არჩევანის ან შეფასების შესაძლებლობას. ჰერსკოვიცის სიტყვით, "ბავშვობაში ადამიანი უფრო ინსტრუმენტია, ვიდრე მოთამაშე". პირველი დონე ის მთავარი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სტაბილურობას.

ინკულტურაციის მეორე დონის უმთავრესი ნიშანი ის არის, რომ ადამიანს უჩნდება არჩევანის და უარყოფის შესაძლებლობა. შესაძლებელია განხილვა, განსჯა, დისკუსია, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ცვლილებები კულტურაში.

ამრიგად, ინკულტურაციის პირველი ეტაპი უზრუნველყოფს კულტურის სტაბილურობას, მეორე ეტაპი კი - ცვლილებებს, ალტერნატიულ შესაძლებლობებს. ჰერსკოვიცმა განავითარა კულტურულ ნორმათა რელატივისტური (ფარდობითი) კრიტერიუმები, შემოთავაზებული რ. ბენედიქტის მიერ. "საბოლოო განსაზღვრა იმისა, რა არის ნორმალური და რა - არანორმალური, დამოკიდებულია კულტურაში ურთიერთობათა ორგანიზაციაზე", - წერდა იგი. ქცევის სტერეოტიპები, ქორწინების ფორმები, ზნე-ჩვეულებანი, რომლებიც არ ჯდება ევრო-ამერიკულ სტანდარტებში, სრულიად ნორმალურია ამა თუ იმ კულტურისათვის, მაგალითად, პოლიგამია, პოლიანდრია, ნარკოტიკების გამოყენება რიტუალური მიზნით და ა.შ.

კულტურული რელატივიზმის მთავარი იდეაა სხვადასხვა ხალხთა მიერ შექმნილ კულტურულ ფასეულობათა თანასწორობის აღიარება. ეს, ცხადია, ნიშნავს ეთნოცენტრიზმისა და ევროპოცენტრიზმის პრინციპულ უარყოფას. "აღიარება" იმისა, რომ სამართალს, სამართლიანობას, სილამაზეს შეიძლება იმდენივე გამოვლინება ჰქონდეს, რამდენი კულტურაც არსებობს, შემწყნარებლობის გამოვლინებაა".

ჰერსკოვიცი მიუთითებდა ე.წ. "უნივერსალიების" არსებობაზეც, რომლებიც სხვადასხვა ხალხში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამომჟღავნდნენ, მაგრამ არსებითად უნივერსალურნი არიან.

ჰერსკოვიცი ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ადამიანის ცხოვრების ორგანიზაციას არადასავლური ტიპის კულტურებში, გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ხალხის მიღწევები (ბუნებასთან დამოკიდებულების ფილოსოფია, მედიცინის სხვადასხვა ფორმა, რომელთაც ათასწლოვანი ისტორია აქვთ, სხვა ასპექტები) თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში.

როდესაც გაეროს შექმნის შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე”, ჰერსკოვიცმა და მისმა ჯგუფმა განსახილველად წარადგინა დეკლარაციის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ დეკლარაციას უნდა გაეთვალისწინებინა სხვადასხვა კულტურაში უფლებისა და თავისუფლების სხვადასხვაგვარი გაგება. მართალია, ეს მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული, მაგრამ მსოფლიო პროცესების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო ჰერსკოვიცის მოსაზრების სისწორე.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი