ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიები

ნიკოლაი დანილევსკიმ (1822-1885) ნაშრომში" "რუსეთი და ევროპა" (1871) ჩამოაყალიბა ლოკალური "კულტურულ-ისტორიული ტიპების" (ცივილიზაციების) თეორია.

ცივილიზაციად (კულტურულ-ისტორიულ ტიპად) ნ.დანილევსკი მიიჩნევდა შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდს, რომლის დროსაც ხალხები გამოდიან ხანგრძლივი ეთნოგრაფიული პერიოდიდან. ცივილიზაციის პერიოდი "ხარჯვის პერიოდია"; იხარჯება ყოველივე ის, რაც დაგროვდა "ეთნოგრაფიული პერიოდის" მანძილზე.

დანილევსკიმ უარყო ცივილიზაციათა უსასრულო პროგრესის იდეა. მისი აზრით, ყოველი ცივილიზაცია, ისევე როგორც ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი, გადის განვითარების განსაზღვრულ სტადიებს: ზრდა, დასუსტება და კვდომა.

მეცნიერის აზრით, საერთო-საკაცობრიო ცივილიზაცია არასოდეს არსებობდა და არც იარსებებს. იგი სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ცივილიზაციების ერთობლიობა.

ქრონოლოგიურად დანილევსკიმ გამოჰყო 10 კულტურულ-ისტორიული ტიპი (ცივილიზაცია): 1. ეგვიპტური, 2. ჩინური, 3. ასურულ-ბაბილონურ-ფინიკიური, 4. ინდური, 5. ირანული, 6. ებრაული, 7. ბერძნული. 8. რომაული, 9. ახალსემიტური ან არამეული, 10. გერმანულ-რომანული ან ევროპული. აქვე იგი ასახელებდა ორ ამერიკულ ტიპს - მექსიკურსა და პერუს, რომელთაც ვერ მოასწრეს განვითარების დასრულება და ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპნენ. ამ კულტურულ-ისტორიულმა ტიპებმა მთლიანად ან ნაწილობრივ ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობანი. თვისებრივად ახალ, ისტორიულად პერსპექტიულ ტიპად დანილევსკი მიიჩნევდა "სლავურ-რუსულ ტიპს".

კულტურულ-ისტორიული ტიპების (ცივილიზაციათა) კლასიფიკაციასა და შეფასებას დანილევსკი ახდენდა იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო მათში განხორციელებული შემოქმედებითი მოღვაწეობის 4 ტიპი: რელიგიური, მხატვრულ-კულტურული, პოლიტიკური და საზოგადოებრივ-ეკონომიკური.

ამის შესაბამისად, პირველი კულტურები (ეგვიპტური, ჩინური, ბაბილონური, ინდური, ირანული) მოსამზადებელი, პირველადი კულტურები იყვნენ: მათ არ გამოუმჟღავნებიათ ზემოთ აღნიშნული 4 ტიპიდან არცერთი.

ერთსაფუძვლიან კულტურებადაა მიჩნეული ებრაული (მისი საფუძველი მხოლოდ რელიგიაა. სხვა სფეროში "მათ არ შეუქმნიათ არაფერი, რაც მათ თანამედროვეთა და მემკვიდრეთა ინტერესს დაიმსახურებდა"); ბერძნული (საფუძველი - მხოლოდ მხატვრულ-კულტურული სფერო) და რომაული (განვითარდა მხოლოდ პოლიტიკური მხარე) კულტურები. საერთოდ, დანილევსკის აზრით, ცივილიზაციათა უმრავლესობა შემოქმედებითია ერთ ან რამდენიმე სფეროში. მაგალითად, ბერძნულმა ცივილიზაციამ არაჩვეულებრივ მწვერვალებს მიაღწია მხატვრულ-კულტურულ სფეროში, სემიტურმა - რელიგიურში, რომაულმა - სამართალსა და პოლიტიკური ორგანიზაციის სფეროში და ა.შ.

წინამორბედ ტიპებთან შედარებით, ბევრად განვითარებულად მიიჩნევს დანილევსკი რომანულ-გერმანულ (დასავლეთევროპულ) კულტურულ-ისტორიულ ტიპს, რომელსაც იგი ორსაფუძვლიანად თვლიდა. მისი კრიზისის საფუძვლებს იგი ხედავდა რელიგიურ, ფილოსოფიურ და პოლიტიკურ ანარქიაში, ნიჰილიზმის გავრცელებაში.

რაც შეეხება "სლავურ-რუსულ ტიპს", დანილევსკი მას ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფად თვლიდა და მის ბრწყინვალე სამომავლო პერსპექტივებზე მიუთითებდა. ეს ტიპი "პირველად წარმოგვიდგენს კულტურული მოღვაწეობის ყველა სფეროს სინთეზს, ამ სიტყვის ფართო გაგებით - ყველა მხარეს, რომელიც ისტორიულ ასპარეზზე მუშავდებოდა მისი წინამორბედების მიერ ცალ-ცალკე თუ ერთად. ჩვენ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ სლავური ტიპი იქნება პირველი სრული ოთხსაფუძვლიანი კულტურულ-ისტორიული ტიპი", - წერდა დანილევსკი.

მკვლევრის აზრით, ერთი კულტურულ-ისტორიული ტიპის ძირითადი პრინციპები არ გადადის სხვა კულტურულ-ისტორიული ტიპის ხალხებზე. მაგალითად, არაარიულ და აღმოსავლეთის ხალხებში ბერძნული ცივილიზაციის გავრცელების მრავალრიცხოვანი ცდები კრახით დამთავრდა. ჩვენს დროში ინგლისელებმა განიცადეს მსგავსი მარცხი, როცა ცდილობდნენ ევროპული ცივილიზაციის ინდოეთში გადანერგვას.

მაგრამ ეს კანონზომიერება არ ვრცელდება ცივილიზაციის ცალკეულ ელემენტებსა და ნიშნებზე, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ერთი ცივილიზაციიდან მეორეს. უმარტივესი საშუალებაა კოლონიზაცია. ასე გადაიტანეს ფინიკიელებმა თავიანთი ცივილიზაცია კართაგენში, ბერძნებმა - სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში, ინგლისელებმა - ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. მეორე საშუალებაა ნამყენის გადატანა უცხო ხეზე. ნამყენი უცხო სხეულად რჩება, ექსპლოატაციას უწევს ხეს და არაფერს აძლევს სანაცვლოდ. ელინისტური ალექსანდრია ასეთი ნამყენი იყო ეგვიპტურ ხეზე. მესამე გზა - ურთიერთგანაყოფიერებაა, როცა ერთი ცივილიზაციის ფასეულობანი გამოიყენება მეორე ცივილიზაციის მიერ, თუკი ისინი მისი შესაფერისია.

ნ.დანილევსკი ხალხებს 3 ძირითად კლასად ჰყოფს: 1. ისტორიის პოზიტიური შემოქმედნი, რომლებმაც შექმნეს დიდი ცივილიზაციები, ანუ კულტურულ-ისტორიული ტიპები; 2. ისტორიის ნეგატიური შემოქმედნი (ჰუნები, მონღოლები, თურქები), რომლებსაც არ შეუქმნიათ დიდი ცივილიზაციები, მაგრამ ხელი შეუწყვეს დაუძლურებული, მომაკვდავი ცივილიზაციების დაღუპვას; 3. ხალხები, რომლებიც რატომღაც შეჩერდნენ განვითარების ადრეულ საფეხურზე და ამიტომ არ ასრულებენ არც ნეგატიურ, არც პოზიტიურ როლს ისტორიაში; ისინი წარმოადგენენ ეთნოგრაფიულ მასალას, რომელსაც შემოქმედი ხალხები იყენებენ თავიანთი ცივილიზაციების განაყოფიერებისა და გამდიდრებისათვის.

1918-23 წწ. გამოქვეყნდა ოსვალდ შპენგლერის (Oswald Spengler) (1880-1936) წიგნი “ევროპის დაისი” ("Der Untergang des Abendlandes"),^ რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და რომელიც იქცა მოვლენად ევროპულ კულტურაში.

შპენგლერის შეხედულებათა ფესვებს მკვლევრები ხედავენ ანტიკური აზროვნებაში, ჯ. ვიკოს, ფ. ნიცშეს, ი. ბურკჰარდტის, ა. დე ტოკვილის და სხვათა იდეებში. ყველაზე დიდი გავლენა შპენგლერზე, მისივე აღიარებით, გოეთესა და ნიცშეს იდეებმა იქონია. როგორც მისი შემოქმედების ერთ-ერთი მკვლევარი ჰ.ს. ჰიუზი აღნიშნავდა, გოეთესაგან შპენგლერმა აიღო მეთოდი, ნიცშესაგან კი - კითხვათა დასმის ხელოვნება.

შპენგლერის მსოფლმხედველობა ”სიცოცხლის ფილოსოფიის” ფარგლებში ჩამოყალიბდა. სიცოცხლე მისი თხზულებების ამოსავალი ცნებაა. მკვდარ, არაცოცხალ, არაორგანულ ბუნებას უპირისპირდება ორგანული სიცოცხლე, რომლიდანაც მომდინარეობს სულიერი ფენომენები და ისტორიის მრავალფეროვნება.

შპენგლერის აზრით, არ არსებობს ერთიანი მსოფლიო ისტორია. ამ ისტორიას ქმნის რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კულტურის სურათი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბედი აქვს. ”მსოფლიო ხაზოვანი ისტორიის უღიმღამო სურათის ნაცვლად, მე ვხედავ მრავალი მძლავრი კულტურის ნამდვილ სპექტაკლს, რომლებიც აღმოცენდებიან დედა-ლანდშაფტიდან და პირველყოფილი სიცხოველით ყვავიან მასზე, მკაცრად მიჯაჭვული არიან მას მთელი თავიანთი განვითარებით, თავიანთ მასალაზე - კაცობრიობაზე - სჭედენ საკუთარ ფორმას და აქვთ საკუთარი იდეა, საკუთარი სიცოცხლე, სურვილები, გრძნობები, საკუთარი აღსასრული”, - წერდა შპენგლერი.

მსოფლიო ისტორია, რომელიც 6 ათას წელს მოიცავს, 8 ერთმანეთისაგან იზოლირებული, თანაბარმნიშვნელოვანი კულტურის ისტორიაა. ესენია: ჩინური, ბაბილონური, ეგვიპტური, ინდური, ანტიკური, არაბული, დასავლური და მაიას კულტურები. არსებობენ კიდევ ჩანასახოვანი კულტურები, რომლებიც არ განვითარდნენ, ვერ მომწიფდნენ (მაგალითად, ხეთური ან სპარსული კულტურები).

შპენგლერმა შემოიტანა “კულტურის სულის” ცნება. მისი აზრით, ყველა კულტურას აქვს თავისი საკუთარი სული, რომელიც რეალიზდება მრავალრიცხოვან ინდივიდუალურ სიცოცხლეებში. ყოველი კულტურის სული უნიკალურია და ბოლომდე არ გამოიხატება რაციონალური საშუალებებით. ამიტომაა ესოდენ ძნელი სხვა კულტურის მატარებელი ხალხის შინაგანი სამყაროს წვდომა, მათი სიმბოლოების, გრძნობების, რწმენათა ბუნების გაგება. ყველა დიდ კულტურას ახასიათებს მსოფლშეგრძნების საიდუმლო ენა, რომელიც სრულად გასაგებია მხოლოდ იმისათვის, ვისი სულიც მთლიანად ეკუთვნის ამ კულტურას. სხვა კულტურათა ფენომენი სხვა ენაზე ლაპარაკობს, სხვა ადამიანებისათვის არსებობს სხვა ჭეშმარიტებები.

კულტურა, შპენგლერის აზრით, ესაა სიმბოლურად გამოხატული აზრობრივი მთლიანობა, ~სისტემა, რომელშიც ბუნებრივად და მრავალფეროვანი საშუალებებით რეალიზდება შესაბამისი სული”.

შპენგლერი გამოყოფდა სულის რამდენიმე სახეს: აპოლონურს, მაგიურსა და ფაუსტურს, რომლებიც, შესაბამისად, საფუძვლად უდევს ბერძნულ, შუა საუკუნეების არაბულ და ევროპულ კულტურებს.

ყველა კულტურა თანაბარმნიშვნელოვანია და უნიკალური; თითოეულს აქვს არა მარტო საკუთარი ხელოვნება, არამედ საკუთარი ბუნებისმეტყველება და თვით ბუნებაც კი, რადგან ბუნება ადამიანის მიერ კულტურის მეშვეობით აღიქმება. ყოველ კულტურას აქვს ისტორიის საკუთარი ტიპი, რომლითაც იგი უშუალოდ შეიგრძნობს და განიცდის ზოგადსა და კერძოს, მსოფლიო-ისტორიულსა და ბიოგრაფიულს.

კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც “სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება” და ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერეს და სიკვდილს. კულტურა კვდება მაშინ, როცა მისი სული განახორციელებს თავის ყველა შესაძლებლობას ხალხთა, ენათა, რწმენა-წარმოდგენათა, ხელოვნებათა, სახელმწიფოთა, მეცნიერებათ სახით. დგება ცივილიზაციის ეპოქა. როგორც კი მიზანი მიღწეულია, შინაგანი შესაძლებლობები ამოწურულია, კულტურა ქვავდება, სისხლი უდედდება, ღონე ეცლება - იგი ცივილიზაციად იქცევა.

ყველა კულტურას თავისი ცივილიზაცია აქვს; იგი მოსდევს კულტურას, როგორც სიკვდილი - სიცოცხლეს, გაქვავება - განვითარებას, სულიერი მოხუცებულობა და გაქვავებული მსოფლიო ქალაქი - მიწის ბატონობას და სულის ბავშვობას. ცივილიზაცია გარდაუვალი დასასრულია, ღრმა შინაგანი აუცილებლობით ამ საფეხურს აღწევს ყველა კულტურა, - წერდა შპენგლერი. ცივილიზაციად ქცეულმა კულტურამ შეიძლება კიდევ ასწლეულები იარსებოს, როგორც უღრან ტყეში გამხმარმა ხემ, რომელსაც შორს გაუწვდია თავისი უსიცოცხლო ტოტები. ასე დაემართა ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, მუსლიმურ სამყაროს. ამ გოლიათივით იდგა იმპერიის ეპოქის უზარმაზარი ანტიკური ცივილიზაცია - ერთი შეხედვით, ჭაბუკური ძალით აღსავსე, და ახშობდა აღმოსავლეთის ახალგაზრდა არაბულ კულტურას.

კულტურა სიცოცხლის ეტაპია, ცივილიზაცია - სიკვდილის; კულტურა სულის ბატონობაა, ცივილიზაცია - ინტელექტის; კულტურის ეტაპზე ღმერთის სიყვარულია, ცივილიზაციის საფეხურზე უღმერთობა ბატონობს; კულტურის საფეხურზე ადამიანი მიჯაჭვულია თავის საცხოვრებელ მხარეს, პატრიოტია, ცივილიზაციის საფეხურზე კი იგი მოხეტიალე კოსმოპოლიტია. ამ ეტაპზე ადამიანები მიისწრაფვიან დიდი, უსახო ქალაქებისაკენ. კულტურის ეტაპზე ადამიანის ენერგია მიმართულია შემოქმედებისაკენ, ცივილიზაციის ეტაპზე - დაპყრობისა და გაფართოებისაკენ. ცივილიზაციის ნიშანია იმპერიალიზმი, აგრეთვე პიროვნების გაუფასურება და მასაში გათქვეფა. ადამიანი კარგავს ღირებულებას და ძირითადი ფასეულობა ფული ხდება. ადამიანის ადგილს იკავებს და მას თანდათანობით იმორჩილებს მანქანა, რაც ბოლოს უღებს ყოველგვარ თავისუფლებას. კულტურა მადნით სავსე საბადოა, ცივილიზაცია კი იმ საბადოს გავს, საიდანაც მადნის მთელი მარაგი ამოღებულია. კულტურა და ცივილიზაცია - ესაა სულიერების ცოცხალი სხეული და მისი მუმია.

კულტურა ცოცხალია მანამ, სანამ იგი ინარჩუნებს ინტიმურ კავშირს ადამიანის სულთან. კულტურის სული არსებობს არა თავისთავად, არამედ ადამიანთა სულებში, რომლებიც ამ კულტურის აზრებითა და ფასეულობებით ცხოვრობენ. თუ კულტურა აღარ იზიდავს და შთააგონებს ადამიანთა სულებს, იგი განწირულია. სწორედ აქ იმალება საფრთხე, რომელიც ცივილიზაციას მოაქვს. ცხოვრების პრაქტიკულ კეთილმოწყობაში ცუდი არაფერია, მაგრამ იგი მთლიანად შთანთქავს ადამიანს და კულტურისათვის აღარ რჩება სულიერი ძალები, სულიერი ცეცხლი ქრება.

“ყოველგვარი ხელოვნება მოკვდავია - არა მხოლოდ ცალკეული ქმნილებები, არამედ თავად ხელოვნებანიც. დადგება დრო, როცა არსებობას შეწყვეტს რემბრანდტის უკანასკნელი პორტრეტი და მოცარტის მუსიკის უკანასკნელი ტაქტი - თუმცა, შესაძლოა, დარჩეს ფერადი ტილო ან სანოტო ფურცელი, მაგრამ გაქრება უკანასკნელი თვალი და უკანასკნელი ყური, რომელთათვისაც მისაწვდომი იყო მათი ენა”, - წერდა შპენგლერი.

საინტერესოა შპენგლერის მიერ შემოთავაზებული “ერთდროულობის”/ ~თანადროულობის” ცნების ახლებური გაგება: ჩვეულებრივ, ერთდროულად ითვლება დროში პარალელურად მიმდინარე მოვლენები. შპენგლერის მიხედვით კი ერთდროულია ის ისტორიული მოვლენები, რომელთაც საკუთარ კულტურებში სავსებით შესაბამისი მნიშვნელობა აქვთ და ერთნაირ როლს ასრულებენ. მაგალითად, ანტიკურ და დასავლურ კულტურებში ერთდროულია პითაგორა და დეკარტი, პლატონი და ლაპლასი, არქიმედე და გაუსი, ყველა კულტურისათვის ერთდროულია კულტურის გადასვლა ცივილიზაციაში: ანტიკურობაში ესაა ფილიპესა და ალექსანდრეს ეპოქა, დასავლეთში - რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა. ამ თვალსაზრისით ერთდროულია, ერთი მხრივ, სოკრატე, არისტოფანე, იზოკრატე, მეორე მხრივ - ვოლტერი, რუსო, მირაბო, ბომარშე. მათ, როგორც დაცემის ეპოქის მაუწყებელთ, ერთი და იგივე ნიშნები ახასიათებთ. რელიგიის, ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკის დიადი ქმნილებანი და ფორმები კულტურაში ერთდროულად აღმოცენდება და ერთდროულად ქრება, შინაგანი სტრუქტურებით ისინი სავსებით შეესაბამება ერთმანეთს.

სულიერი ცხოვრების, ხელოვნების, პოლიტიკურ მოვლენათა ერთდროულობა შპენგლერმა წელიწადის დროთა მიხედვით განსაზღვრა. მისი აზრით, ინდოეთის კულტურის გაზაფხულს - მითოსურ პერიოდს - ანტიკურობაში შეესაბამება ჰომეროსის ოლიმპიური მითი, დასავლურ კულტურაში - გერმანული კათოლიციზმი; ინდური კულტურის ზაფხული წარმოდგენილია აზროვნების სიმწიფით, ბრამანიზმით და თავისებური რეფორმაციით; ანტიკური კულტურისა - დიონისეს კულტით, წინასოკრატელებით და პითაგორათი, არაბულისა - მონოფიზიტების გამოყოფითა და მუჰამედით; დასავლურისა - პროტესტანტიზმით, გალილეით, დეკარტით, პასკალითა და პურიტანობით. შემოდგომა ინდურ კულტურაში ვლინდება განმანათლებლობით, ანტიკურობაში - გონების ყოვლისშემძლეობის რწმენით, არაბულში - ბუნების კულტით, დასავლეთში - გონიერი რელიგიით. უკანასკნელი ეტაპია ზამთარი. ამ პერიოდში ყველა კულტურის საერთო ნიშანია საქალაქო ცივილიზაცია, სულიერი შემოქმედებითი ძალების ქრობა, ეთიკურ-პრაქტიკული რელიგიურობა.

ხელოვნების ერთდროულობის ცხრილში სამი პერიოდი შედის: პირველყოფილი, კულტურისა და ცივილიზაციის პერიოდები. პოლიტიკურ მოვლენათა ცხრილშიც სამი პერიოდია: პირველყოფილ პერიოდს შეესაბამება ხალხთა ეთნოგრაფიული ტიპები, კულტურის პერიოდს - პოლიტიკური იდეებისა და სახელმწიფოს მქონე ხალხები, ცივილიზაციის პერიოდს - მსოფლიო ქალაქი და კოსმოპოლიტიზმი ფულის დიქტატურით.

შპენგლერის აზრით, კულტურებს შინაგანი ჰერმეტულობა ახასიათებს. მათ არ ესმით ერთმანეთის. ისინი მხოლოდ დროში არსებობენ ერთმანეთის შემდეგ, მაგრამ მათ შორის არავითარი მემკვიდრეობითობა არ არის. ყოველი კულტურა თავისი სულის გამოვლენის შესაძლებლობებს მთლიანად თავისი თავში ინახავს. მკვდარი კულტურიდან არაფერი რჩება და არაფერი გადადის ახლად შექმნილ კულტურაში, მაშინაც კი, როცა მათ შორის მსგავსებაა. მაგალითად, დასავლეთის კულტურა ანტიკური კულტურის მიღწევებს თავის იდეალად თვლის, ბაძავს მას, ცდილობს მასთან დაახლოებას, მაგრამ სინამდვილეში დასავლურ სამყაროს ანტიკურობიდან მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. ერთი შეხედვით გვეჩვენება, თითქოს ანტიკურობამ რაღაც ტრადიცია გადასცა არაბულ კულტურას, მაგრამ ეს ასე არ არის. ანტიკური არისტოტელე, არაბული არისტოტელე და ახალი დროის არისტოტელე ერთმანეთისაგან განსხვავდება. ყოველ კულტურას არისტოტელეს საკუთარი გაგება აქვს, მაშასადამე, საკუთარი არისტოტელე ყავს. სწორედ ასევე, ანტიკურმა ადამიანმა შინაგანად ვერაფერი აითვისა ბაბილონური და ეგვიპტური კულტურებიდან, თუმცა მან მშვენივრად იცოდა ქრონოლოგია, კალენდარი და ქონდა ამწუთიერი სინამდვილის წარმავლობის გრძნობა.

ამრიგად, შპენგლერის მიხედვით, ერთიანი მსოფლიო ისტორია ილუზიაა, რომელიც რაციონალიზმის შექმნილია. კულტურები იღუპება ისე, რომ არაფერს გადასცემს ერთმანეთს, ისინი აბსოლუტურად შეუღწევადია.

შპენგლერის მიერ დაყენებულ იქნა რიგი საკითხებისა, რომლებიც მომდევნო თაობის მეცნიერთა კვლევის ობიექტი გახდა.

ო.შპენგლერის ხაზს აგრძელებს, თუმცა მას ბევრ რამეში არ ეთანხმება ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი არნოლდ ჯოზეფ ტოინბი (Arnold Joseph Toynbee) (1889-1975), რომლის ნააზრევი ლოკალური ცივილიზაციების თეორიის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს. ა. ტოინბის 30 წლიანი მუშაობის შედეგია ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომი, მრავალტომიანი “ისტორიის კვლევა” (“A Study of History”) (1934-1961). მასვე ეკუთვნის მრავალი სხვა საინტერესო გამოკვლევა.

ტოინბიმ მიზნად დაისახა, გამოეყო ისტორიის შესწავლის სფერო, რომელიც დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ერთეული იქნებოდა. ასეთად მან მიიჩნია ცივილიზაციები – საზოგადოებები, რომლებიც ნაციონალურ სახელმწიფოს აღემატებიან დროში და სივრცეში. ცივილიზაცია ურიცხვი ინდივიდისა და მრავალი თაობის ქმნილებაა. მასში მოქცეულია უფრო მცირე საზოგადოებები, რომელთაც ერთმანეთთან გარკვეული მსგავსება აერთიანებთ. მაგალითად, აღმოსავლურ-ქრისტიანული, დასავლური, მუსლიმური თუ სხვა ცივილიზაციები ერთმანეთის მსგავს საზოგადოებებს მოიცავს.

სოციალური ცხოვრება ცივილიზაციის დონეს მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა ადამიანის სულისა და გარემოს ურთიერთქმედებაში დომინირებს პირველი – ადამიანის სული. იგი არ ითრგუნება გარემოთი, როგორც ცენტრალური აფრიკის ან ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში, და არ ეგუება მას, როგორც ცენტრალური აზიის აბ არაბეთის სტეპის მომთაბერეებში, არამედ იმორჩილებს გარემოს თავისი მიზნებისათვის.

ტოინბი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცივილიზებულ და პრიმიტიულ საზოგადოებებს. ამ უკანასკნელთ შედარებით ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, გეოგრაფიულად უფრო მცირე არეალს მოიცავენ და დემოგრაფიულად მცირერიცხოვანნი არიან. ტოინბიმ გამოყო 650 პრიმიტიული საზოგადოება და 21 ცივილიზაცია: 7 ცოცხალი და 14 მკვდარი. ცალკე ჯგუფში მოაქცია 4 თუ 5 მკვდარი და მკვდრადშობილი ცივილიზაცია.

ტოინბის აზრით, ცივილიზაციის წარმოშობა (გენეზისი) აიხსნება არა რასობრივი ფაქტორით ან გეოგრაფიული გარემოთი, არამედ მოცემულ საზოგადოებაში “შემოქმედებითი უმცირესობისა” და იმგვარი გარემოს არსებობით, რომელიც არც მეტისმეტად მკაცრია და არც მეტისმეტად ხელსაყრელი. ასეთ პირობებში, ცივილიზაციის წარმოშობა წარმოიდგინება როგორც “გამოწვევა-პასუხის” ურთიერთქმედება.

ცივილიზაციის ზრდა-განვითარება – ეს არის საზოგადოების შემოქმედებითი, ქარიზმატული, “ღვთის რჩეული” უმცირესობის მიერ ყოველ ახალ გამოწვევაზე ახალი წარმატებული პასუხის მოძებნა. მზარდი ცივილიზაციის საზოგადოება შედგება შემოქმედებითი უმცირესობისა და უმრავლესობისაგან, რომელსაც ტოინბი პროლეტარიატს უწოდებდა და რომელიც შედგება “შიდა” და “გარე” პროლეტარიატისაგან. ამ უკანასკნელს შეადგნენენ ბარბაროსი მეზობლები. პროლეტარიატი – უმრავლესობა – მიყვება უმცირესობის მიერ გაკვალულ გზას. ასეთ საზოგადოებებში არ არის შეურიგებელი წინააღმდეგობანი და ძმათამკვლელი ომები.

რა იწვევს ცივილიზაციის დაქვეითებასა და დაღუპვას? ტოინბის აზრით, ის არ შეიძლება მიეწეროს კოსმოსურ მიზეზებს, გეოგრაფიულ ფაქტორს, რასობრივ გადაგვარებას თუ გარეშე მტრის შემოსევას ცალ-ცალკე, არც ტექნიკისა და ტექნოლოგიის დაქვეითებას, რომელიც ცივილიზაციის კვდომის შედეგი ან სიმპტომია და არა მიზეზი. ტოინბის მიხედვით, ცივილიზაციის დაცემა მოიცავს ბზარის გაჩენის, დაშლისა და დაღუპვის საფეხურებს. პირველსა და ბოლოს შორის ზოგჯერ ასწლეულები და ათასწლეულებიც კი გაივლის. მაგალითად, ეგვიპტურ ცივილიზაციას ბზარი გაუჩნდა ძვ.წ. XVI საუკუნეში, მაგრამ მან არსებობა მხოლოდ ახ.წ. V საუკუნეში შეწყვიტა. მათ შორის იყო 2000 წლიანი გაქვავებული, ცოცხალ-მკვდარი არსებობის პერიოდი.

რაც შეეხება უშუალოდ დაცემას, იგი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: გარკვეულ საფეხურზე შემოქმედებითი უმცირესობა იწყებს მიღწეულით ტკბობას, შეფარდებითი ფასეულობანი აბსოლუტურის რანგში აჰყავს. იგი კარგავს ქარიზმატულ მიმზიდველობას, უმრავლესობა სულ უფრო შორდება მას, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო ძალის გამოყენება შინა და გარე პროლეტარიატის კონტროლისათვის. ამ პროცესში შიდა და გარე პროლეტარიატი ქმნის უნივერსალურ, მსოფლიო სახელმწიფოს – რომის იმპერიის მსგავსს, რომელიც შექმნა გაბატონებულმა ელინისტურმა უმცირესობამ საკუთარი თავისა და ცივილიზაციის შესანარჩუნებლად. იგივე უმცირესობა იწყებს ომებს და თვითონ მიჰყავს საკუთარი თავი და ცივილიზაცია დაღუპვამდე. მაშინ შიდა პროლეტარიატი გამოეყოფა მას და ქმნის “უნივერსალურ მსოფლიო ეკლესიას”, მაგალითად, ქრისტიანობას ან ბუდიზმს, როგორც თავის საკუთარ სარწმუნოებას. ამრიგად, საზოგადოების აქამდე არაშემოქმედებითი ძალები ახორციელებენ შემოქმედებით აქტს. როცა გაბატონებული უმცირესობის უნივერსალური სახელმწიფო ემხობა, შიდა პროლეტარიატის უნივერსალური ეკლესია, მაგალითად, ქრისტიანობა ასრულებს ხიდისა და საფუძვლის როლს ახალი ცივილიზაციისათვის, რომელიც გაუცხოებულია პირველისაგან და, ამავე დროს, მისი მემკვიდრეა. გარე პროლეტარიატო ორგანიზდება და იწყებს შეტევას დაცემის პირას მყოფ ცივილიზაციაზე. ამას მოყვება ძმათამკვლელი ომები. უკეთეს შემთხვევაში, ცივილიზაცია ქვავდება და ამ მდგომარეობაში შეიძლება თასწლეულები იარსებოს, ან იგი მაშინვე ეცემა და წყვეტს არსებობას. ტოინბის აზრით, ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლიობის განსაზღვრა შეუძლებელია.

ტოინბი არ იზიარებდა შპენგლერის ჩაკეტილი ციკლურობის თეორიას და არ გამორიცხავდა ცივილიზაციათა შორის მემკვიდრეობას. მაგალითად, დასავლეთის ცივილიზაციას იგი ელინური ცივილიზაციის შვილს უწოდებდა. მისი აზრით, აბსოლკუტური ზღვარი კულტურებს შორის ილუზიაა, იგი მხოლოდ მკვლევრის, კლასიფიკატორის ამოცანას აიოლებს, მაგრამ ეს აშკარა ძალადობაა ისტორიაზე. ემპირიული მრავალფეროვნების მიუხედავად, ისტორიული პროცესი მთლიანობაში უნდა განიხილებოდეს.

სიცოცხლის ბოლო წლებში ტოინბიმ, დ. კაპლეინთან ერთად, მოამზადა “ისტორიის კვლევის” ერთტომიანი გამოცემა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ტოინბი ერთ-ერთი პირველი იყო დასავლელ მკვლევართაგან, ვინც, ლოკალურ-ისტორიული მიდგომის ერთგულების მიუხედავად, ყურადღება მიაქცია კაცობრიობის წინაშე მდგარ საერთო პრობლემებს.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი