თანამედროვე მსოფლიოს სახის ვერსიები: ს.ჰანთინგტონი და ფ.ფუკუიამა

XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეული აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებებით ცივილიზაციათა კვლევის მეთოდოლოგიაში. 2001 წლის 11 სექტემბრის ამბებმა მსოფლიო საზოგადოებრიობა კიდევ ერთხელ დააფიქრა კაცობრიობის მომავალზე, არსებული მსოფლწესრიგის მდგრადობასა და მის პერსპექტივაზე. მეცნიერები თუ პოლიტიკოსები კვლავ მიუბრუნდნენ პრობლემებს, რომლებიც მწვავედ დადგა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, როცა “ცივი ომის” დასრულებამ ძირეულად შეცვალა საერთაშორისო ვითარება და ახალი რეალობის გააზრების საჭიროება წარმოშვა. მაშინ გაჩნდა ერ-სახელმწიფოთა ეპოქის აღორძინებისა თუ, სხვადასხვა ფაქტორთა (ტრაიბალიზმი, გლობალიზმი და სხვ.) ზეგავლენით, მისი საბოლოო დასასრულის ნაირგვარი ვერსიები. აზრთა განსაკუთრებული სხვადასხვაობა გამოიწვია წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემის ორმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მცდელობამ, რომლებიც დაკავშირებული იყო ამერიკელი მეცნიერების ფრენსის ფუკუიამასა და სემუელ ჰანთინგტონის სახელებთან.

1992 წ. გამოქვეყნდა ფ.ფუკუიამას წიგნი “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”, რომელმაც სათავე დაუდო ინტელექტუალთა დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიოს მომავალი “ცივი ომის” დასრულებისა და კომუნიზმის იდეოლოგიის მარცხის შემდეგ.

ფ.ფუკუიამამ სცადა დაესაბუთებინა, რომ ლიბერალური დემოკრატია ადამიანთა მოდგმის იდეოლოგიური ევოლუციის ბოლო საფეხური, მმართველობის უკანასკნელი და უცვლელი ფორმა იქნება, რითაც დასრულდება კიდეც ისტორია. “ისტორიის დასასრულში” ავტორი გულისხმობდა არა ხდომილებათა რიგის, მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შეწყვეტას, არამედ დასასრულს იმ ისტორიისა, რომელიც გაიაზრება ერთიან ევოლუციურ პროცესად ყველა ხალხისა და ყოველი დროის ერთობლიობაში. ისტორიის დასასრული ნიშნავდა იმას, რომ მომავალში საზოგადოების ამოსავალი პრინციპები თუ ინსტიტუტები აღარ განიცდიან სახეცვლილებას, რადგან უმთავრესი საკითხები მოგვარებული იქნება ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ფარგლებში. ფ.ფუკუიამას აზრით, დღეს ლიბერალური დემოკრატია ერთადერთი გააზრებული პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დედამიწის სხვადასხვა რეგიონსა და კულტურას. მისმა ეკონომიკურმა პრინციპებმა, ანუ “თავისუფალი ბაზრის” ცნებამ ყველგან გაიკვალა გზა და დოვლათის უჩვეულო სიუხვე შექმნა თვით ე.წ. “მესამე სამყაროს” ქვეყნებშიც კი. ხოლო ლიბერალური რევოლუცია ეკონომიკურ აზროვნებაში მუდამ თან სდევდა, ხან კი წინაც უსწრებდა პოლიტიკური თავისუფლებისაკენ სვლას. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს მომავალში ადამიანთა სხვადასხვა საზოგადოების სულ უფრო და უფრო მეტად გაერთგვაროვნებას, მიუხედავად მათი კულტურული მემკვიდრეობისა თუ ისტორიული ფესვებისა.

ფ.ფუკუიამას კონცეფციის ერთგვარ ალტერნატივად მოგვევლინა ს.ჰანთინგტონის მიერ 1993 წელს გამოქვეყნებული სტატია “ცივილიზაციათა შეჯახება?”, რომელსაც მოჰყვა მისი სხვა ნაშრომები და მონოგრაფია “ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის შეცვლა”.

ს.ჰანთინგტონის აღნიშნულ ნაშრომებს დიდი თეორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მათ უკავშირდება ცივილიზაციათა თეორიის მიმართ ყურადღების გამოცოცხლება. ს.ჰანთინგტონმა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას გეოპოლიტიკაში, მიიჩნია რა ცივილიზაცია გეოპოლიტიკური ანალიზის მთავარ მიმართულებად. ამ მიმართულებას შეიძლება ცივილიზაციური გეოპოლიტიკა ვუწოდოთ.

ს.ჰანთინგტონის თეორიის თანახმად, “ცივი ომის” დამთავრების შემდეგ, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს 7-8 დიდი ცივილიზაციის ურთიერთობის პროცესი. ცივილიზაციური იდენტობა, და არა იდეოლოგია ან ეკონომიკა (როგორც ადრე), საფუძვლად ედება კაცობრიობის გამყოფ უმნიშვნელოვანეს საზღვრებს და იქცევა კონფლიქტების ძირითად წყაროდ მომავალ მსოფლიოში. ცივილიზაციას ჰანთინგტონი განსაზღვრავს როგორც უმაღლესი რანგის კულტურულ ერთობას, ადამიანთა კულტურული იდენტობის ყველაზე ვრცელ დონეს. მომდევნო დონეს შეადგენს უკვე ის, რაც განასხვავებს ადამიანთა მოდგმას ცოცხალ არსებათა სხვა სახეობებისაგან. ცივილიზაცია განისაზღვრება ობიექტური ხასიათის სხვადასხვა ნიშნის (ენა, ისტორია, რელიგია, ზნე-ჩვეულებანი, ინსტიტუტები) არსებობით, აგრეთვე ადამიანთა სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით. ს.ჰანთინგტონი მიუთითებს ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა ცივილიზაციური იდენტობის როლის ზრდა. მათგან უმთავრესად მიჩნეულია ის, რომ “ცივი ომის” დამთავრებასთან ერთად დასრულდა საერთაშორისო პოლიტიკის განვითარების დასავლური ფაზა; წინ წამოიწია ურთიერთობამ დასავლურ და არადასავლურ ცივილიზაციებს შორის. ეს უკანასკნელნი აღარ კმაყოფილდებიან ისტორიის ობიექტის როლით, რომელსაც ტრადიციულად ასრულებდნენ, არამედ, დასავლეთის მსგავსად, თავად ქმნიან და წარმართავენ საკუთარ ისტორიას. იდეოლოგიის “რკინის ფარდა” კულტურის “ხავერდის ფარდამ” შეცვალა. მეცნიერის დასკვნით, თვალსაწიერ მომავალში არ ჩამოყალიბდება ერთიანი უნივერსალური ცივილიზაცია (თუმცა დასავლეთში ბევრმა ირწმუნა დასავლურ ფასეულობათა უნივერსალურობა და მათ საფუძველზე მსოფლიოს გაერთგვაროვნების პერსპექტივა), თითოეულ ცივილიზაციას მოუწევს სხვებთან თანაარსებობა, და როგორც დღევანდელი გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე წარმოიშობა.

მოგვიანებით ფ.ფუკუიამა კვლავ დაუბრუნდა ლიბერალური დემოკრატიის მომავლისა და მსოფლიოს პერსპექტივის პრობლემას. მან, გარკვეულწილად, დააზუსტა ადრინდელი შეხედულება. ამ დაზუსტებაში შეიძლება ს.ჰანთინგტონის თვალსაზრისისა და მის ირგვლივ გამართული კამათის ანარეკლიც დავინახოთ. კერძოდ, ფ.ფუკუიამამ მიიჩნია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას მომავალში უთუოდ გამოუჩნდება მოცილე და სერიოზული მეტოქე, რომელიც სწრაფად იკრებს ძალას და, მოსალოდნელია, მისსავე მოედანზე შეებრძოლოს დემოკრატიას. ესაა პატერნალისტური აზიური ავტორიტარიზმი. ამ მეტოქეობის სათავე და საფუძველი, ავტორის აზრით, კულტურის დონეზეა საძიებელი. ეს ყველაზე ღრმა დონეა, რომელიც მოიცავს ოჯახის სტრუქტურას, რელიგიას, მორალურ ფასეულობებს, ეთნიკურ ცნობიერებას, “მოქალაქეობრიობასა” და პარტიკულარულ ისტორიულ ტრადიციებს. ფ.ფუკუიამა კულტურას განსაზღვრავს როგორც ტრადიციით მიღებულ ირაციონალურ ეთიკურ ჩვევას. მისი აზრით, სწორედ კულტურამ განაპირობა დემოკრატიული გარდაქმნებისა და ცვლილებების ტემპი, წარმატება თუ წარუმატებლობა ყველა დანარჩენ დონეზე - იდეოლოგიის, ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დონეებზე. მეცნიერის აზრით, ლიბერალურ დემოკრატიას მთავარი დაბრკოლება სწორედ კულტურის დონეზე შეხვდება და ეს ტრადიციულ აზიურ კულტურებში მოხდება, სადაც, დასავლეთისაგან განსხვავებით, პოლიტიკური ძალაუფლების საყრდენია ფართო მასების მორალური აღზრდა და არა ინსტიტუტები, თუნდაც სწორად აგებული. აზიური საზოგადოება დაფუძნებულია არა ინდივიდის უფლებებზე, არამედ ღრმად დამკვიდრებულ მორალურ კოდექსზე, რომელიც მყარ საძირკველს უქმნის ძლიერ სოციალურ სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას; მისთვის ნიშანდობლივია არა ინსტიტუტები, არამედ სოციალური სტრუქტურები და მათი კულტურული შეთანხმებულობა. რადგან ამ კულტურის მატარებელ აზიურ საზოგადოებებს აღმოაჩნდათ თანამედროვე ტექნიკურ სამყაროსთან ადაპტირებისა და ისეთი საზოგადოების შექმნის უნარი, რომლებიც არა მარტო კონკურენციას უწევენ, არამედ ხშირად აღემატებიან კიდეც დასავლეთს, დემოკრატიის იაპონურ-ტაივანურ-კორეული ვერსია, ეჭვგარეშეა, ფრიად მიმზიდველი აღმოჩნდება და კონკურენციას გაუწევს დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას, ასკვნის ფ.ფუკუიამა.

ფ.ფუკუიამასა და ს.ჰანთინგტონის კონცეფციებს დისკუსიათა მთელი ტალღა მოჰყვა. მიუხედავად სერიოზული კრიტიკისა და არაერთი მკაცრი შეფასებისა, ამ დისკუსიებმა გამოაცოცხლა ყურადღება ცივილიზაციათა თეორიისადმი და უბიძგა მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის ახალი ვერსიების ჩამოყალიბებას.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი