ფუნქციონალიზმი

ფუნქციონალიზმი სოციალური ანთროპოლოგიის ბრიტანული სკოლის ფარგლებში ჩამოყალიბდა როგორც ევოლუციონიზმისა და დიფუზიონიზმის ალტერნატიული მიმართულება. მის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ჰ.სპენსერისა და ე.დიურკჰეიმის შრომებმა. ფუნქციონალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ბ. მალინოვსკი და ა.რადკლიფ-ბრაუნი. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება ორი მიმდინარეობის ჩამოყალიბება ფუნქციონალიზმის ფარგლებში: 1) მალინოვსკის სკოლის, რომელსაც ბიოკულტურულ ფუნქციონალიზმს უწოდებენ და 2) რადკლიფ-ბრაუნის სკოლის, რომელიც ცნობილია სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სკოლის სახელით.

ფუნქციონალიზმი კულტურას განიხილავს მთლიანობად, რომელიც ცალკეული ელემენტებისაგან შედგება. კვლევის უმთავრესი ამოცანაა მთელის (კულტურის) შემადგენელ ნაწილებად დაშლა და მათ შორის დამოკიდებულების გამოვლენა. თითოეულ ნაწილს სოციოკულტურულ მთლიანობაში გარკვეული ამოცანა, ფუნქცია აქვს. ხშირად, ცალკეული ელემენტი არა მარტო თავის ფუნქციას ასრულებს, არამედ წარმოადგენს რგოლს, რომლის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს როგორც მთლიანობა. ფუნქციონალისტებს, ფაქტობრივად, არ აინტერესებდათ კულტურათა ისტორიული ცვლილებები; მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოქმედებს კულტურა "აქ და ახლა", რა ამოცანებს წყვეტს, როგორ ხდება მისი კვლავწარმოება. ცნება "ფუნქცია" მათ მიერ ორი ძირითადი მნიშვნელობით იხმარება: 1) როლი, რომელსაც კულტურის ესა თუ ის ელემენტი ასრულებს მთელთან მიმართებაში; 2) კულტურის ნაწილებს, კომპონენტებს შორის დამოკიდებულება.

ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ინგლისელი მკვლევარი ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი (Bronislav Kasper Malinowski, 1884-1942), წარმოშობით პოლონელი. დაიბადა კრაკოვში. იქვე, იაგელონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში. შემდეგ ორი წელი სწავლობდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ვილჰელმ ვუნდტი (ეს უკანასკნელი ფრანც ბოასისა და ემილ დიურკჰაიმის მასწავლებელიც იყო). მისი გავლენით, მალინოვსკი დაინტერესდა ანთროპოლოგიით და გაემგზავრა ინგლისში, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სასწავლებლად. საველე კვლევებს აწარმოებდა პაპუასა და ტრობრიანდის კუნძულებზე. მოიპოვა დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში ასწავლიდა აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ნაშრომებში "კულტურის მეცნიერული თეორია" ("A Scientific Theory of Culture", 1944) და "კულტურულ ცვლილებათა დინამიკა" ("The Dynamics of Culture Change", გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ, 1945 წელს) მან ჩამოაყალიბა ფუნქციონალიზმის თეორიული საფუძვლები.

მალინოვსკის კონცეფციის ძირითადი დებულებები ჰ.სპენსერის ძლიერი გავლენით ჩამოყალიბდა. კერძოდ, მალინოვსკიმ გაიზიარა სპენსერის თვალსაზრისი საზოგადოების, როგორც თავისებური ბიოლოგიური ორგანიზმის შესახებ. მალინოვსკის კონცეფციის საფუძველი გახდა მოთხოვნილებათა თეორია. ცხოველთა სამყაროსაგან ადამიანს განასხვავებს საბაზო, ძირითადი და მეორადი, წარმოებული მოთხოვნილებები; ეს უკანასკნელნი კულტურული გარემოთია განპირობებული.

ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და მისი უპირველესი ამოცანაა მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მის პროცესში ადამიანი მოიპოვებს საკვებს, სათბობს, ქმნის ტანსაცმელს, საცხოვრებელს, ამით გარდაქმნის გარემოს და თავის გარშემო ქმნის ახალ, მეორად, წარმოებულ გარემოს - კულტურას.

გარდა საბაზო (ბიოლოგიური) მოთხოვნილებებისა, არსებობს კიდევ წარმოებული, მეორადი (საკვების განაწილების, შრომის დანაწილების, თავდაცვის, რეპროდუქციის რეგულირების, სოციალური კონტროლის) და ინტეგრაციული (ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, სოციალური ჰარმონიის, შემეცნების სისტემის, კანონების, რელიგიის, მაგიის, მითოლოგიის, ხელოვნების) მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილებას ემსახურება კულტურა. კულტურის თითოეულ ასპექტს თავისი ფუნქცია აქვს ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებებიდან ერთ-ერთში. მაგალითად, მაგია, ბ.მალინოვსკის აზრით, იძლევა ფსიქოლოგიურ დაცვას საფრთხისაგან, მითი ისტორიულ ავტორიტეტს ანიჭებს მართვის სისტემასა და ფასეულობებს და ა.შ. კულტურას არ აქვს ზედმეტი და უსარგებლო ელემენტები.

ბ.მალინოვსკის აზრით, კულტურა, თავისი არსით, ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით ადამიანი თავს ართმევს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პროცესში გარემოს მიერ მის წინაშე დაყენებულ სპეციფიკურ პრობლემებს. კულტურა ობიექტთა, ქმედებათა და დებულებათა სისტემაა, რომლის ყველა ელემენტი რაღაც მიზნის მიღწევის საშუალებაა. იგი არის მთლიანობა, რომელიც შედგება ნაწილობრივ ავტონომიური, ნაწილობრივ კოორდინირებული ელემენტებისაგან. ადამიანები ახდენენ კულტურის ელემენტთა ორგანიზებას, ურთიერთქმედებენ რა ვერბალური გზით ან სიმბოლურ ქმედებათა მეშვეობით. კულტურული ელემენტები, ადამიანთა ჯგუფები და სიმბოლოთა სისტემები - კულტურული პროცესის სამი შემადგენელი ნაწილია.

ყველა კულტურა, თვლიდა მალინოვსკი, განვითარების პროცესში შეიმუშავებს მყარი "წონასწორობის" გარკვეულ სისტემას, სადაც მთელის ყოველი ნაწილი თავის ფუნქციას ასრულებს. თუ კულტურის რომელიმე ელემენტს მოვსპობთ (მაგალითად, ავკრძალავთ ჩვენი აზრით მავნე რიტუალს), შეიძლება, მთელი ეთნოკულტურული სისტემა და, შესაბამისად, მასში მცხოვრები ხალხი დეგრადაციისა და დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მკვლევარი მკაცრად აკრიტიკებდა ტაილორის "გადმონაშთების თეორიას", რომელიც ამა თუ იმ მოვლენას, მისი აზრისა და ფუნქციის ძიების ნაცვლად, დრომოჭმულ გადმონაშთად აცხადებდა.

დიფუზიონიზმის ძირითად ნაკლად მალინოვსკი იმას მიიჩნევდა, რომ იგი კულტურას განიხილავდა არა ცოცხალ ორგანულ მთლიანობად, არამედ საგნების ერთობლიობად, კულტურის ცალკეულ ნიშნებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სწავლობდა.

მალინოვსკი თვლიდა, რომ ისტორიული პროცესი შეუცნობადია, კულტურის ელემენტთა ხანგრძლივი ევოლუციის შესწავლის ცდები უპერსპექტივოა. მკვლევრის ამოცანაა კულტურულ მოვლენათა ფუნქციების, მათი ურთიერთკავშირის ანალიზი ყოველი ცალკეული კულტურის ფარგლებში.

კვლევის მეთოდი. მალინოვსკი ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი მკვლევარი, რომელმაც ანთროპოლოგია ვერანდიდან ველზე გადაიტანა. მისი წინამორბედი ანთროპოლოგები საველე სამუშაოს ინტერვიუს სახით აწარმოებდნენ და არ იყვნენ ჩართული მათი კვლევის ობიექტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მალინოვსკი ხაზს უსვამდა დეტალური, “ჩართული დაკვირვების” (“involved partisipant observation”) მნიშვნელობას და ამტკიცებდა, რომ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის მანძილზე მკვლევარმა უნდა იცხოვროს იმ საზოგადოებაში, რომლის კულტურასაც იკვლევს, მაქსიმალურად ეცადოს ამ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ამისათვის აუცილებელია, იგი დაეუფლოს ადგილობრივ ენას, რათა კომუნიკაცია ამ ენაზე მიმდინარეობდეს. ეს მეთოდი კულტურის “შიგნიდან” დანახვის საშუალებას იძლევა. ანთროპოლოგებს ყოველდღიური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ თავიანთ ინფორმანტებთან იმისათვის, რომ ადეკვატურად აღწერონ “ყოველდღიური ცხოვრების შეუმჩნეველ ნიუანსები” (“imponderabilia of everyday life”), რომლებიც ასე მნიშვნელოვანია უცხო კულტურის გასაგებად. მალინოვსკის მტკიცება იმის შესახებ, რომ ეთნოგრაფი უნდა ეცადოს, რომ საგნები და მოვლენები დაინახოს “ადგილობრივების თვალთახედვით”, უჩვეულო იყო მისი დროისათვის.

მალინოვსკიმ ერთ-ერთმა პირველმა აჩვენა, რომ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სამართალი და კომპლექსური ეკონომიკა, რომელიც ბევრი დასავლელის აზრით, მხოლოდ “ცივილიზებული საზოგადოების” “პრივილეგია” იყო, ასევე სრულად იყო წარმოდგენილი “პრიმიტიულ” საზოგადოებებშიც, თუმცა ერთგვარად განსხვავებული ფორმით. მალინოვსკის აზრით, პრიმიტიული ადამიანი არ იყო ტრადიციების მონა, არამედ ეს გახლდათ რაციონალური პიროვნება, რომლის ყოველგვარ საქმიანობასა და ინსტიტუტს გარკვეული, ინდივიდუალური და კოლექტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ფუნქცია ჰქონდა.

მალინოვსკი ამტკიცებდა, რომ წეს-ჩვეულებები “ორგანულად არის დაკავშირებული” დანარჩენ კულტურასთან და საველე მკვლევარმა უნდა ეძებოს უჩინარი ფაქტები, როლებიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირს.

თავის ერთ-ერთ ნაშრომში (“Argonautus of the Western Pacific”) მალინოვსკი ხაზს უსვამს ეთნოლოგიის მნიშვნელობას უცხო წეს-ჩვეულებებისადმი ტოლერანტული განწყობის შექმნაში; ეთნოლოგის ნაშრომში მკითხველმა უნდა ნახოს საკუთარისაგან განსხვავებული ტრადიციების მიზანი და დანიშნულება.

ნაშრომები:
• The Trobriand Islands (1915) • Argonauts of the Western Pacific (1922) • Crime and Custom in Savage Society (1926) • The Sexual Life of Savages in North-Western Melanesia (1929) • Coral Gardens and Their Magic: A Study of the Methods of Tilling the Soil and of Agricultural Rites in the Trobriand Islands (1935) • The Scientific Theory of Culture (1944) • Magic, Science, and Religion (1948) • The Dynamics of Culture Change (1945) • A Diary In the Strict Sense of the Term (1967) ფუნქციონალისტური თეორიის მეორე ვარიანტს წარმოადგენდა ე.წ. სტრუქტურული ფუნქციონალიზმი, რომელსაც ავითარებდა ა.რადკლიფ-ბრაუნი (Alfred Reginald Radcliffe-Brown, 1881-1955) ინგლისელი ეთნოლოგი, 30-იანი წლებიდან - ბრიტანეთის ეთნოგრაფიის სამეფო ინსტიტუტის პრეზიდენტი. მისი მთავარი ნაშრომი - "სტრუქტურა და ფუნქციები პრიმიტიულ საზოგადოებაში" ("Structure and Function in Primitive Society") - 1952 წ. გამოიცა.

ა.რადკლიფ-ბრაუნის აზრით, კულტურა, ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არსებობს იმდენად, რამდენადაც მისი შემადგენელი ელემენტები გარკვეულ ფუნქციებს ასრულებენ, ადამიანთა საზოგადოებაც დამყარებულია ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავსებელი კულტურული ელემენტების სტრუქტურაზე.

სოციალური სისტემა შედგება "სტრუქტურებისა" და "ქმედებებისაგან". სტრუქტურები წარმოადგენენ მდგრად მოდელებს, რომელთა მეშვეობით ინდივიდები ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. ყველა სტრუქტურული ელემენტის ფუნქციაა წვლილის შეტანა სოციალური სისტემის მდგრადობაში. ადამიანთა თანაცხოვრება - სოციალური სისტემის წევრთა ფუნქციონირებაა გარკვეული სოციალური სტრუქტურის ფარგლებში. "ქმედების" ყველა სახის ფუნქციაა ამა თუ იმ სოციალურად მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა. ზნე-ჩვეულებანი, რიტუალები, ზნეობრივი ნორმები განიხილება ადამიანთა ქცევის რეგულატორებად, რომლებიც კულტურაში საკვანძო როლს ასრულებენ.

კულტურის შესახებ მეცნიერებებს რადკლიფ-ბრაუნი ორ ნაწილად ყოფდა: ეთნოლოგიად და სოციალურ (კულტურულ) ანთროპოლოგიად. ეთნოლოგია, მისი აზრით, ცალკეული ხალხების, მათი შინაგანი განვითარების, მათ შორის კულტურული კავშირების კონკრეტულ-ისტორიული შესწავლაა. მისი ძირითადი მეთოდია ისტორიული რეკონსტრუქცია. სოციალური ანთროპოლოგია კი მიზნად ისახავს სოციალური და კულტურული ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებების გამოვლენას. მალინოვსკისაგან განსხვავებით, რადკლიფ-ბრაუნი არ უარყოფდა კულტურათა ისტორიულ შესწავლას.

30-იანი წლებიდან რადკლიფ-ბრაუნმა უარი თქვა ცნება "კულტურის" გამოყენებაზე და მას "სოციალური სტრუქტურა" ჩაუნაცვლა. მისი კვლევის ძირითად ასპექტებად იქცა სხვადასხვა კულტურათა პოლიტიკური ორგანიზაცია, ნათესაობის სისტემათა თავისებურებანი და მათი როლი სოციალურ სისტემაში, პირველყოფილ რწმენა-წარმოდგენათა სტრუქტურის ფუნქციური ანალიზი.

საერთოდ, კულტურის ფუნქციონალისტურ თეორიათა (განსაკუთრებით - რადკლიფ-ბრაუნის კონცეფციის) თავისებურებას წარმოადგენდა კვლევათა პრაქტიკული მიზანმიმართულება. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეექმნათ სოციალური ანთროპოლოგია როგორც გამოყენებითი მეცნიერება აქტუალური პოლიტიკური ამოცანების (განსაკუთრებით - ბრიტანეთის კოლონიებში) გადასაწყვეტად. პირველ რიგში, ეს იყო იმ ტერიტორიათა მმართველობის პრობლემა, სადაც ტრადიციული კულტურები დომინირებდა. ფუნქციონალისტთა გარკვეული ზეგავლენით შემუშავდა "არაპირდაპირი" მმართველობის კონცეფცია - მართვა ხელისუფლების ტრადიციულ ინსტიტუტებსა და ჩამოყალიბებულ სოციალურ სტრუქტურაზე დაყრდნობით.

ფუნქციონალისტები არ იზიარებდნენ "პრიმიტიული" კულტურების ევოლუციონისტურ შეფასებას (უფრო მაღალგანვითარებული - "უკეთესი") და მხარს არ უჭერდნენ მათ თეორიას ყველა კულტურის აუცილებელი სტადიური განვითარების შესახებ, ევროპული ცივილიზაციის ეტალონის შესაბამისად. მათ (პირველ რიგში - მალინოვსკის) დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ტრადიციულ და თანამედროვე კულტურათა ურთიერთქმედების პრობლემის დასმა და მისი სირთულის ჩვენება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო კულტურათა სხვა, ევროპელისათვის უჩვეულო ტიპების გაგების, კულტურის "შიგნიდან" შესწავლის, სხვა კულტურულ ფასეულობათა გააზრების მცდელობა. მათ მიერ წამოწეული საკითხები შემდგომში მუშავდებოდა იმ მკვლევართა მიერაც, რომლებიც ამ მიმართულებას არ ეკუთვნოდნენ.

ნაშრომები:
• The Andaman Islanders (1922) • Social Organization of Australian Tribes (1931) • Structure and Function in Primitive Society (1935) სტრუქტურულ-ფუნქციური მიდგომის გამგრძელებელთაგან უნდა დავასახელოთ ე.ევანს-პრითჩარდი (1902-1973), აგრეთვე მ.ფორტესი, რ.ფიორსი, მ.გლუკმენი.

აღნიშნულმა მიდგომამ დიდი გავლენა იქონია ამერიკულ სოცილოგიაზე, კერძოდ, ტ.პარსონსზე, რომელმაც სტრუქტურულ-ფუნქციური მეთოდი თანამედროვე ინდუსტრიული კულტურების შესასწავლად გამოიყენა.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი