ევოლუციონიზმი

ევოლუციონიზმის თეორია XVIII საუკუნის ბოლოს ჩაისახა და XIX საუკუნის მანძილზე ფართოდ გავრცელდა. მისი ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო განვითარების იდეასთან, რომელიც ამოსავალი გახდა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის. კლასიკური სახით ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის თეორია გადმოცემულია ჩარლზ დარვინის (Charles Robert Darwin) წიგნში "სახეობათა წარმოშობა" ("Origin of Species") (1859).

ევოლუციონისტური თვალსაზრისი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გამოიხატა იდეით საზოგადოების მუდმივი აღმავალი განვითარების შესახებ. თითქმის ერთდროულად გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში ჩამოყალიბდა კულტურის პირველი ევოლუციონისტური კონცეფციები. მათი ძირითადი იდეები შემდეგში მდგომარეობდა: ერთიანი კაცობრიობის განვითარების საერთო გზა; ამ განვითარების სწორხაზობრიობა - მარტივიდან რთულისაკენ; განვითარების სტადიათა აუცილებლობა ყველა საზოგადოებისათვის; საზოგადოებრივი პროგრესისა და ისტორიული ოპტიმიზმის იდეა. პროგრესი, აღმავალი სწორხაზოვანი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ უწყვეტია. თანამედროვე უდამწერლობო ("პრიმიტიულ") ხალხებს ევოლუციონისტები განიხილავდნენ როგორც წარსულის გადმონაშთს და თვლიდნენ, რომ მათი შესწავლა "პირველყოფილი კულტურის" რეკონსტრუქციის შესაძლებლობას იძლევა.

ევოლუციონიზმის უმთავრესი წარმომადგენლები არიან: ინგლისში - ჰ.სპენსერი, ჯ.მაკ-ლენანი, ჯ.ლებოკი, ე.ტაილორი, ჯ.ფრეზერი; გერმანიაში - ა.ბასტიანი, ტ.ვაიცი, ი.ლიპერტი; საფრანგეთში - შ.ლეტურნო, აშშ-ში - ლ.ჰ.მორგანი.

ევოლუციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ბერნეტ ტაილორი (Sir Edward Burnett Tylor) (1832-1917). 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე.ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებს. კულტურული არსებობის ფორმების ნაირსახეობა მას წარმოედგინა როგორც თანდათანობითი განვითარების სტადიები, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს წარსულის პროდუქტს და, თავის მხრივ, ასრულებს გარკვეულ როლს მომავლის ფორმირებაში. განვითარების ეს თანმიმდევრული სტადიები აკავშირებს ერთმანეთთან ერთ უწყვეტ რიგად ყველა ხალხს და კაცობრიობის ყველა კულტურას, უდაბლესიდან უმაღლესამდე.

კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე.ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871). კულტურის პროგრესული განვითარების იდეას იგი უპირისპირებდა გრაფ ჟ. დე მესტრის თეორიას, რომელიც მიიჩნევდა, რომ დედამიწაზე კულტურის ისტორია იწყება ადამიანთა ნახევრადცივილიზებული რასის გაჩენიდან. ამ დროიდან კულტურის განვითარება ორი გზით წარიმართა: უკან, ველურთა საზოგადოებისაკენ და წინ, ცივილიზაციისაკენ. ეს თეორია ცდილობდა კრეაციონისტული კონცეფციის ზოგიერთი წინააღმდეგობის შერბილებას. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანი კულტურის გარკვეული დონით შეიქმნა. ადამის ძენი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ, მათი შთამომავლები ნოეს კიდობანს აგებდნენ და ბაბილონის გოდოლის აშენებას ცდილობდნენ. მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდნენ ველური მონადირენი და მეთევზენი? - ისინი თანდათან დეგრადირდებოდნენ და უდაბლესი განვითარების კულტურის მატარებლებად იქცნენ.

საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ე.ტაილორისეული განსაზღვრება: "კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებათა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევებისაგან, რომლებიც აითვისა ადამიანმა როგორც საზოგადოების წევრმა".

კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი, მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება.

ე.ტაილორი არ გამორიცხავდა კულტურაში რეგრესულ ცვლილებათა შესაძლებლობას, ისტორიული ან ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მთავარ მიმართულებას კაცობრიობის ისტორიაში წარმოადგენს კულტურის ევოლუციური პროგრესული განვითარება. მისი აზრით, ამას ადასტურებს მრავალი ცნობილი ფაქტი, რომლებიც თანმიმდევრულად შეიძლება დალაგდეს მხოლოდ განსაზღვრული, და არა საპირისპირო მიმართულებით. ტაილორი თვლიდა, რომ ყველა კულტურა გაივლის განვითარების დაახლოებით იგივე სტადიებს, რაც განვლეს ცივილიზებულმა (ევროპელმა) ხალხებმა.

ტაილორი ცდილობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მას მისაბაძად მიაჩნდა, განსაკუთრებით - სისტემატიზაციის სფეროში.

კვლევის პროცესში ტაილორი ფართოდ იყენებდა "გადმონაშთების მეთოდს". გადმონაშთს იგი განმარტავდა როგორც "იმ რიტუალებს, ზნე-ჩვეულებებს, შეხედულებებს და ა.შ., რომლებიც, ჩვეულების ძალით გადმოტანილნი კულტურის ერთი სტადიიდან მეორე, უფრო გვიანდელში, რჩებიან წარსულის ცოცხალ მოწმობად ან ძეგლად". ასეთ გადმონაშთებს იგი მრავლად ხედავდა მისი თანამედროვე ევროპის ხალხთა ყოფაში. ტაილორი მიიჩნევდა, რომ გადმონაშთებზე დაყრდნობით შესაძლებელია ძველი კულტურების რეკონსტრუქცია.

სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელი რწმენა-წარმოდგენების, მითების, რიტუალების შესწავლას ბრწყინვალე ნაშრომები მიუძღვნა შოტლანდიელმა ჯეიმს ფრეზერმა (Sir James George Frazer, 1854-1941). მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია "ოქროს შტო" "The Golden Bough", 1890), "ფოლკლორი ძველ აღთქმაში" ("Folk-Lore in the Old Testament", 1918), "ტოტემიზმი და ეგზოგამია" ("Totemism and Exogamy", 1910) და სხვ.

ფრეზერმა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ძველი აღთქმისა და სხვადასხვა ხალხის მითოლოგიის შედარებით-ისტორიული შესწავლა, საფუძველი ჩაუყარა ძველი აღთქმის, როგორც წყაროს განხილვას კაცობრიობის ისტორიის რეალურ მოვლენათა შესასწავლად. იგი ავტორია კაცობრიობის გონებრივი განვითარების ევოლუციურ სტადიათა ორიგინალური კონცეფციისა, რომლის თანახმად, გამოიყოფა სამი ასეთი სტადია: მაგია, რელიგია, მეცნიერება.

ევოლუციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი ფილოსოფოსი, ბიოლოგი, სოციოლოგი და ფსიქოლოგი ჰერბერტ სპენსერი (Herbert Spencer, 1820-1903), რომლის ფუნდამენტურ ნაშრომს "სოციოლოგიის საფუძვლები" ("The Principles of Sociology", 1876-1896) საფუძვლად დაედო უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა. სპენსერი საზოგადოებას ორგანიზმთან ანალოგიით განიხილავდა. საზოგადოება და, შესაბამისად, კულტურის სხვადასხვა ტიპი, მას რაღაც "ზეორგანიზმად" წარმოედგინა. კულტურები, ანუ საზოგადოებანი, ვითარდება გარეშე (გეოგრაფიული გარემოსა და სხვა კულტურათა ზემოქმედება) და შინაგანი (ადამიანის ფიზიკური ბუნება, რასათა დიფერენციაცია, ფსიქიკურ თვისებათა მრავალფეროვნება) გავლენით.

ევოლუციონისტთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკელ ლუის ჰენრი მორგანს (Lewis Henry Morgan, 1818-1881), რომლის ნაშრომთა შორის უმთავრესია "ძველი საზოგადოება" ("Ancient Society").

მორგანს ეკუთვნის დებულება გვაროვნული წყობილების განვითარების, ოჯახისა და ქორწინების მატრიარქატიდან პარტრიარქატისაკენ ევოლუციის შესახებ. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის ისტორიის პირველი მეცნიერული პერიოდიზაცია: ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაცია, თავისი ქვეპერიოდებით.

ევოლუციონიზმის იდეებს შემდგომშიც დიდი გავლენა ჰქონდა კულტურის მკვლევრებზე. ისინი საფუძვლად დაედო კულტუროლოგიის ფუძემდებლის ლესლი უაიტის კონცეფციას, განახლებული სახით მოგვევლინა ჯულიან სტიუარდისა და მარშალ სალინსის შრომებში.

ნეოევოლუციონიზმი. მრავალხაზობრივი/მულტიხაზობრივი
ევოლუციის თეორია

1940-იან წლებში ანთროპოლოგებმა ლესლი უაიტმა და ჯულიან სტიუარდმა სცადეს ევოლუციონისტური თეორიის მყარ მეცნიერულ საფუძველზე დაყენება და საფუძველი ჩაუყარეს ნეოევოლუციონიზმის სახელით ცნობილ თეორიას.

ლ. უაიტი უარყოფდა “პრიმიტიული” საზოგადოებების ტრადიციულ გაგებას და ამტკიცებდა, რომ საზოგადოებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა სხვა ნიშნით (განვითარებულობა-განუვითარებლობა), არამედ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობით; ენერგიის მოხმარების ზრდას მოყვება სოციალური დიფერენციაციის გაღრმავება.

ჯ. სტიუარდი, თავის მხრივ, უარყოფდა პროგრესის ძველებურ გაგებას და ყურადღებას ამახვილებდა “ადაპტაციის” დარვინისეულ ცნებაზე. სტიუარდის აზრით, ყველა საზოგადოება ამა თუ იმ სახით ეგუება (ადაპტირდება) თავის კონკრეტულ გარემოს, ანუ ისეთია, როგორსაც გარემოსთან შეგუება მოითხოვს. მან საფუძველი ჩაუყარა მულტიხაზობრივი ევოლუციის თეორიას: კულტურები ვითარდებიან არა რაღაც შინაგანი ლოგიკის საფუძველზე, არამედ ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის საჭიროებიდან გამომდინარე. ამდენად, ისინი ვერ გაივლიან ერთსა და იგივე საფეხურებს, არამედ განვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით. კულტურის განვითარების გადამწყვეტ ფაქტორებად იგი ტექნოლოგიას და ეკონომიკას მიიჩნევდა, მეორადი მნიშვნელობის ფაქტორებად კი – პოლიტიკურ სისტემას, იდეოლოგიას და რელიგიას. ყველა ეს ფაქტორი განსაზღვრავს განვითარების სხვადასხვა გზას.

ანთროპოლოგებმა მარშალ სალინსმა და ელმან სერვისმა ნაშრომში “ევოლუცია და კულტურა” სცადეს უაიტისა და სტიუარდის შეხედულებათა სინთეზირება. მ. სალინსმა გამოყო “ზოგადი” და “სპეციფიკური” ევოლუცია. პირველი გამოხატავს კულტურული და სოციალური სისტემებისათვის დამახასიათებელ გართულებისა და გამრავალფეროვნების ტენდენციას, გარემოსთან შეგუების უნარსა და ორგანიზებულობას. მაგრამ რამდენადაც კულტურები არ არიან იზოლირებული, ისინი ურთიერთქმედებენ (ინტერაქცია) და ხდება მათი მიღწევების დიფუზია. ამას მოყვება კულტურათა განვითარება სხვადასხვა გზით (სპეციფიკური ევოლუცია), რადგან სხვადასხვა ელემენტი მათში წარმოდგენილია სხვადასხვა კომბინაციით და განვითარების სხვადასხვა საფეხურზე.

ნეოევოლუციონისტები არ იზიარებენ სოციალური პროგრესის იდეას. დეტერმინიზმს, რომელიც დამახასიათებელი იყო კლასიკური ევოლუციონიზმისათვის, ისინი ცვლიან შესაძლებლობის იდეით. აღიარებენ კონტრფაქტობრივ ისტორიას - სვამენ კითხვას: რა მოხდებოდა, თუ...? შესაბამისად, აღიარებენ სოციალური ევოლუციის სხვადასხვა შესაძლებელ გზას.

ლესლი უაიტი – კულტუროლოგიის როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის ფუძემდებელი

ამერიკული კულტურანთროპოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ლესლი უაიტი (Leslie Alvin White) (1900-1975), რომლის დამსახურებათა შორის პირველ როგში უნდა დავასახელოთ, ერთი მხრივ, თავად ტერმინჰის დამკვიდრება, მეორე მხრივ კი კულტუროლოგიის, როგორც მეცნიერების ცალკე დარგის, არსებობის უფლების დასაბუთება.

მართალია, ტერმინი “კულტუროლოგია” პირველად გერმანელმა ქიმიკოსმა ვილჰელმ ოსტვალდმა გამოიყენა 1913 წელს, მაგრამ მისი დამკვიდრება ლ. უაიტის სახელს უკავშირდება. 1930 თუ 1931 წელს მან მიჩიგანის უნივერსიტეტში წაიკითხა “კულტუროლოგიის” სალექციო კურსი, 1949 წელს კი გამოსცა ცნობილი ნაშრომი “მეცნიერება კულტურის შესახებ”. მისი კონცეფციის გავრცელებაში დიდი როლი შიასრულა რამდენიმე საპროგრამო სტატიამ, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია “კულტუროლოგია” (ამერიკული ჟურნალი “Science”, 1958), რომელიც შევიდა სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ენციკლოპედიაში, და “ენერგია და კულტურის ევოლუცია” (1943).

ლ. უაიტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე კულტურის ცნების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება და კულტურის განვითარების ევოლუციონისტური თვალსაზრისის ახლებური გააზრება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ნაშრომში “კულტურულ სისტემათა კონცეფცია” ლ. უაიტმა საგანგებო ყურადღება მიაქცია კულტურის განვითარების პრობლემებს XX საუკუნის ბოლოს.

კულტურა, უაიტის განსაზღვრებით, წარმოადგენს საგანთა და მოვლენათა კლასს, დამოკიდებულს მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ უნარზე – სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭოს აზრებს, მოქმედებებს, საგნებს (ანუ მოახდინოს მათი სიმბოლიზაცია) და აღიქვას სიმბოლოთა მნიშვნელობა.ასეთ საგნებსა და მოვლენებს იგი სიმბოლატებს უწოდებდა. სიმბოლატებს განეკუთვნება იდეები, რწმენა-წარმოდგენები, ურთიერთობანი, გრძნობები. მოქმედებები, ქცევის მოდელები, ზნე-ჩვეულებანი, კანონები, ინსტიტუტები, ხელოვნების ნაწარმოებები, ენა, შრომის იარაღი, ნივთები, საგნები და ა.შ. მათი განხილვა შეიძლება სომატურ და ექსტრასომატურ კონტექსტში. თუ სიბოლატები განიხილება სომატურ კონტექსტში, ანუ ადამიანის ორგანიზმთან კავშირში, მაშინ მას ეწოდება ადამიანის ქცევა და მას სწავლობს ფსიქოლოგია. ხოლო ექსტრასომატურ კონტექსტსში სიმბოლატთა ურთიერთქმედებას შეიძლება ეწოდოს კულტურა, მის შემსწავლელ მეცნიერებას კი – კულტუროლოგია.

უაიტის თვალსაზრისი უკიდურესი ანტიევოლუციონიზამიდან თანმიმდევრული ევოლუციონიზმისაკენ განვითარდა. 30-იანი წლებიდან მან ააღორძინა იმ დროისათვის არაპოპულარული ევოლუციონისტური მიდგომა კულტურის კვლევებში, რის გამო მრავალი უსიამოვნება შეხვდა. კრეაციონიზმთან დაპირისპირების გამო, ქალაქ ან-არბორის (იქ მდებარეობს მიციგანის უნივერსიტეტი, სადაც უაიტი მოღვაწეობდა) კათოლიკურმა ეკლესიამ იგი ეკლესიიდანაც კი განკვეთა. ლ. უაიტი მაღალ შეფასებას აძლევდა ე.ტაილორისა და ლ.ჰ.მორგანის შრომებს და უპირისპირდებოდა ფ.ბოასის სკოლას. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ევოლუციონიზმის წინააღმდეგ ის იყო, რომ იგი ბიოლოგიიდან “ისესხეს”, სადაც მისი გამოყენება იმდენადვე ბუნებრივი იყო, რამდენადაც კულტურის ფენომენის ანალიზისათვის – აბსურდული. უაიტი ასაბუთებდა, რომ კულტურული ევოლუციის თეორია დაკავშირებული არ არის დარვინის მოძღვრებასთან და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იღებს. თავისი ნაშრომის წინასიტყვაობაში დარვინის კი არა, ჰორაციუსის ციტირებას ახდენს. სპენსერის “განვითარების ჰიპოთეზა” კი 1852 წელს, დარვინის “საეობათა წარმოშობაზე” 7 წლით ადრე გამოქვეყნდა.

1940-იან წლებში ლესლი უაიტმა და ჯულიან სტიუარტმა სცადეს ევოლუციონისტური თეორიის დაყენება მყარ მეცნიერულ ნიადაგზე და საფუძველი ჩაუყარეს ნეოევოლუციონიზმის სახელით ცნობილ თეორიას.

ლ. უაიტი უარყოფდა “პრიმიტიული” საზოგადოებების ტრადიციულ გაგებას და ამტკიცებდა, რომ საზოგადოებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა სხვა ნიშნით (განვითარებულობა-განუვითარებლობა), არამედ მათ მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობით; ენერგიის მოხმარების ზრდას მოყვება სოციალური დიფერენციაციის გაღრმავება.

უაიტი კულტურში სამ მკაფიოდ გამიჯნულ პროცესს და, შესაბამისად, მათი ინტერპრეტაციის სამ მეთოდს გამოყოფდა: 1) დროითი პროცესი- ერთეული მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რაც ისტორიის შესწავლის ობიექტია; 2) ფორმალური პროცესი – მოვლენები არადროით, სტრუქტურულ და ფუნქციურ ასპექტებში, მათი შესწავლა ხდება ფუნქციური ანალიზის მეშვეობით; 3) ფორმალურ-დროითი პროცესი, რომელიც მოვლენებს წარმოგვიდგენს ფორმათა დროითი მონაცვლეობის სახით; მათი ინტერპრეტაცია ევოლუციონიზმის საფუძველზე ხერხდება.

უაიტმა ჩამოაყალიბა კულტურის ევოლუციის ენერგეტიკული კონცეფცია. კულტურას იგი მიიჩნევდა განვითარების საკუთარი კანონზომიერებების მქონე ინტეგრირებულ სისტემად, რომელშიც სამი ქვესისტემა გამოიყოფა: ტექნოლოგიური, სოციალური და იდეოლოგიური. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, ზემოქმედებენ ერთმანეთზე. მათ შორის მთავარ როლს ასრულებს ტექნოლოგიური ქვესისტემა და, აი, რატომ: ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და, შესაბამისად, კულტურა დამოკიდებულია ბუნებრივ გარემოსთან შეგუების ხერხებზე. ადამიანმა უნდა მოიპოვოს საკვები, უზრუნველოს თავშესაფარი, თავდაცვა, ყოველივე ამის გაკეთება მას ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით შეუძლია. ამიტომ ტექნოლოგიური ქვესისტემა პირველადია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: მასზე დამოკიდებულია ადამიანისა და მისი კულტურის სიცოცხლე. სოციალური და იდეოლოგიური ქვესისტემები ტექნოლოგიურიდან გამომდინარეობენ და მის ფუნქციას წარმოადგენენ. ტექნოლოგიური ქვესისტემის ფუნქციონირება დაკავშირებულია ენერგიის ხარჯვასთან. ამდენად, კულტურის უპირველეს ფუნქციად იქცევა ენერგიის მოპოვება და სასარგებლო მოხმარება. კულტურის როგორც მთლიანობის ფუნქციონირება განისაზღვრება ამისათვის აუცილებელი ენერგიის რაოდენობით.

ლ. უაიტის წიგნით – “მეცნიერება კულტურის შესახებ” – ჰუმანიტარული ცოდნის ახალი ტრადიციის დამკვიდრება დაიწყო. მან პირველმა შესძლო, განესაზღვრა კულტუროლოგიის შესწავლის საგანი, დაესაბუთებინა ტერმინ “კულტუროლოგიის” მართებულობა ამ მეცნიერების აღსანიშნავად, შემოეთავაზებინა კაცობრიობის კულტურის, როგორც მთლიანობის განხილვისადმი სისტემური მიდგომა. ასტრონომიის, ფიზიკისა და ქიმიის რამდენიმესაუკუნოვანი, ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის რამდენიმე ათწლეულოვანი განვითარების შემდეგ, - აღნიშნავდა ლ. უაიტი, - მეცნიერებამ, როგორც იქნა, ყურადღება მიაპყრო იმას, რაც ყველაზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის სახესა და ქცევას – კულტურას. სიახლე მეცნიერებაში ნელა იკაფავს გზას. ამიტომ არაფერია საკვირველი იმაში, რომ მეცნიერების ახალი დარგის – კულტუროლოგიის – დამკვიდრებას მრავალი წინააღმდეგობა ხვდება. მაგრამ კულტურის, როგორც კვლევის ცალკე სფეროს “აღმოჩენა“, უაიტის აზრით, როდესმე კუთვნილ ადგილს დაიკავებს კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორიისა და სიცოცხლის ყველა ფორმის უჯრედული საფუძვლის მიგნების გვერდით.

დიფუზიონისტური სკოლა

ევოლუციონიზმის საპირისპიროდ, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეთნოლოგიაში ჩამოყალიბდა დიფუზიონისტური სკოლა. მისთვის მთავარია არა ისტორიული პროგრესი, არამედ კულტურის სივრცითი გავრცელება.

დიფუზიონისტთა აზრით, კულტურა (ან მისი ცალკეული ელემენტები) კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიშობა, ხოლო მისი განვითარება კულტურული ელემენტების გადაადგილების, სესხების, შერევის (დიფუზიის) გზით მიმდინარეობს. ამასთან, გადაადგილდება არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ელემენტები, არამედ იდეებიც: მითოლოგია, იდეოლოგია და ა.შ.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, დიფუზიონისტები მთელ ფაქტობრივ მასალას აჯგუფებდნენ ისე, რომ მკაფიოდ გამოჩენილიყო კულტურულ მოდელთა წარმოშობის ეპიცენტრები და მათი გავრცელების გზები. ყოველი კულტურა განიხილებოდა მასში თვითმყოფადი და ნასესხები კულტურული ელემენტების თანაფარდობის თვალსაზრისით.

დიფუზიონიზმის სათავეებთან დგას გერმანელი გეოგრაფი (Friedrich Ratzel, 1844-1904). ნაშრომებში "ანთროპოგეოგრაფია" ("Anthropogeographie")^ "ხალხთმოსახლეობა" ("Lebensraum"), "დედამიწა და სიცოცხლე" ("Die Erde und das Leben: Eine vergleichende Erdkunde") მან განიხილა დედამიწაზე ადამიანის განსახლების სურათი და კულტურის განვითარება გეოგრაფიულ პირობებს დაუკავშირა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ანთროპოგეოგრაფიულ სკოლას. იგი თვლიდა, რომ კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მიგრაციებია, მისი შედეგია ხალხთა კონტაქტი და კულტურის დიფუზია.

გერმანელი ეთნოგრაფი ლეო ფრობენიუსი (Leo Frobenius, 1873-1938) აფრიკის ხალხთა კულტურის აღიარებული მკვლევარი იყო. იგი შეეცადა გამოეყო ცალკეული კულტურული პროვინციები - "კულტურული წრეები" ("Kulturkreise"). იგი იყენებდა შრეობრივი ჩაღრმავების მეთოდს: თვლიდა, რომ თუ თანამედროვე კულტურას ფენა-ფენა გავათავისუფლებთ გარედან მოტანილი დანალექებისაგან, შევძლებთ გამოვყოთ უძველესი კულტურა "სუფთა" სახით.

კულტურას ფრობენიუსი ცოცხალი ორგანიზმის ანალოგიით განიხილავდა. მისი აზრით, კულტურები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან, ისევე როგორც სხვა ცოცხალი არსებანი. ადამიანი კულტურის პროდუქტია და არა მისი შემოქმედი, შემქმნელი. "კულტურა იზრდება თავისთავად, ადამიანის, ხალხის გარეშე", - წერდა იგი. კულტურა იბადება ბუნებრივი პირობებისაგან. მას სჭირდება კვება, რაც მეურნეობის განვითარების მეშვეობით ხორციელდება. როგორც ორგანიზმი, კულტურა შეიძლება გადაირგას სხვა ნიადაგზე და ახალ პირობებში იგი განვითარების ახალ მიმართულებას შეიძენს. ახალი კულტურები იბადება ძველი კულტურების შეხებისა და ურთიერთქმედების შედეგად. ამავე დროს, კულტურა ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს. მოგვიანებით, განავითარა რა კულტურისა და ორგანიზმის ანალოგიის თეზისი, ფრობენიუსმა გამოყო მამაკაცური და ქალური კულტურები. აფრიკაში მან ორი ტიპის კულტურა განასხვავა: "ტელურიულ-ეთიოპურ-პატრიარქალური" და "ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური". "ტელურიული", მისი განმარტებით, ნიშნავს მიწიდან ზევით მზარდს, "ქტონიური" - ფესვებით მიწაში ჩაზრდილს. ორივე ტიპი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან. "ტელურიული" დაიბადა აფრიკული სავანების ზონაში, "ქტონიური" - საჰარასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათში ჩადებული ტენდენციებით ("იდეებით"). "ტელურიული" თითქოს ზემოთ მიისწრაფვის, რაც მჟღავნდება მატერიალური და სულიერი კულტურის თავისებურებებში. მას ახასიათებს მოწნული სახლები, ფეხებიანი საწოლები; ამ კულტურის სული ზემოთ მიიწევს, როგორც მცენარე; ადამიანიც ზემოთ მიიწევს ასაკობრივი კლასების იერარქიული კიბით. ღმერთები მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში ბინადრობენ. ეს პატრიარქალური კულტურაა. "ქტონიური" მატრიარქალური კულტურა მიწაში ჩაღრმავებას ესწრაფვის: არსებობენ მიწური საცხოვრებლები, ასეთივე მარცვლეულის საცავები, მიწის ღუმელები, იდეები სულთა მიწისქვეშა სამყაროზე და ა.შ.

შემდგომში, განავითარა რა კულტურის ორი ტიპის კონცეფცია, ფრობენიუსმა "ქამიტური" და "ეთიოპური" კულტურები "აღმოსავლეთითა" და "დასავლეთით" შეცვალა. "აღმოსავლეთისათვის" დამახასიათებელია "გამოქვაბულის" გრძნობა, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა, "დასავლეთისათვის" - "შორეულის, სივრცის გრძნობა", დინამიურობა, პიროვნებისა და თავისუფლების იდეა. მსოფლიოში ლიდერობა ხან ერთი, ხან მეორე ტიპის ხელშია. ეს "საქანელა" კაცობრიობის განვითარების წყაროა.

ფრიც გრებნერმა (Robert Fritz Graebner, 1887-1934) გაიზიარა "კულტურული წრეების" თეორია და სცადა "ისტორიული" მეთოდის გამოყენება პრიმიტიული კულტურების შესწავლისას. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ კაცობრიობის კულტურის მთელი მრავალფეროვნება დაიყვანება ერთეულ, ერთჯერად მოვლენებზე. მსგავს კულტურულ მოვლენებს იგი ერთი კულტურული წრის კუთვნილებად, ერთ კულტურულ ცენტრში წარმოშობილად მიიჩნევდა. ნებისმიერი კულტურული ფაქტი - იქნება ეს მშვილდი თუ ისარი, ტოტემიზმი თუ სხვა, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წარმოიშვა, რომელიღაც ერთ ადგილას, ეკუთვნოდა ერთ რომელიღაც კულტურას და შემდეგ მასთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა კულტურაში.

დასრულებული სახე დიფუზიონიზმმა ინგლისში იმ მიმდინარეობის სახით მიიღო, რომელიც ცნობილია "ჰიპერდიფუზიონიზმის", "ჰელიოლიტური მიმდინარეობის", ან "პანეგვიპტიზმის" სახელით. მისი წარმომადგენლები, ელიოტ-სმითი (Ellioth-Smith, 1871-1937) და უილიამ-ჯეიმს პერი (Williams James Perry, გარდაიცვ. 1949 წ.) ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო ცივილიზაცია გაჩნდა ერთ ცენტრში - ეგვიპტეში, საიდანაც გავრცელდა მთელ დედამიწაზე. ნაშრომებში "ადრეულ კულტურათა მიგრაციები" (1915) და "ადამიანის ისტორია" (1930) ელიოტ-სმითი ამტკიცებდა, რომ არქაული კულტურის პირველადი კომპლექსი (მეგალითური ნაგებობები, მუმიფიკაცია, მზისა და გველის კულტი, საფეიქრო საქმე და სხვ.) ძველი ეგვიპტიდან, პირველ რიგში, აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა - არაბეთის ნახევარკუნძულისა და სპარსეთის ყურის გავლით ინდოეთში, ცეილონზე, ინდონეზიაში, შემდეგ უფრო აღმოსავლეთით - ოკეანიაში. აქედან პირველადი კულტურის ელემენტები, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთის გავლით, ამერიკაში მოხვდა.

აღნიშნულ შეხედულებას იზიარებდა უ.პერი ნაშრომებში "მეგალითური კულტურა ინდონეზიაში" (1918) და "მზის შვილები" (1923). მისი აზრით, კულტურათა ისტორიულ განვითარებაში მკვეთრად განირჩევა ორი შრე: შემგროვებელთა და მონადირეთა თავდაპირველი პრიმიტიული კულტურა და "მაღალი" კულტურა, დაფუძნებული მშენებლობის ტექნიკაზე, მიწათმოქმედებაზე, ლითონის დამუშავებაზე. სწორედ ეს უკანასკნელი ჩაისახა ეგვიპტეში, აქედან კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი მატარებლები და გადამტანები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძვირფას ლითონებსა და კეთილშობილ ქვებს ეძებდნენ. ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით იქ, სადაც საბადოები იყო) "მაღალი" კულტურის მატარებელნი მკვიდრდებოდნენ და ერეოდნენ ველურ აბორიგენებს. ასე წარმოიშვა კულტურათა მრავალფეროვნება.

დიფუზიონიზმმა დიდი როლი შეასრულა კულტურის მეცნიერებების განვითარებაში. ევოლუციონიზმისათვის დამახასიათებელი კულტურათა აბსტრაქტული განხილვის ნაცვლად, დიფუზიონისტებმა დააყენეს კულტურათა ურთიერთგავლენისა და კონკრეტულ-ისტორიული კავშირების პრობლემა, გამოიკვლიეს კულტურის სივრცით-დროითი მახასიათებლების საკითხი.

XX საუკუნის მეორე ნახევარში დიფუზიონიზმის იდეის გამოცოცხლება დაკავშირებულია ნორვეგიელი ეთნოლოგის ტურ ჰეიერდალის სახელთან. მან წამოაყენა თეზისი ამერიკის ხალხების ტრანსოკეანური მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ. თავის ნაშრომებში იგი ცდილობს დაამტკიცოს ძველი სამყაროს კვალის არსებობა ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდელ ეპოქაში. ჰეიერდალი არა მხოლოდ ეძიებდა პარალელებსა და მსგავს მოვლენებს კულტურებში, ითვალისწინებდა კონტაქტების ხელშემწყობ გეოგრაფიულ პირობებს (დინებანი, ქარები), არამედ თვითონ მოგზაურობდა ტრადიციული ტექნოლოგიით აგებული ტივებით წყნარ ოკეანესა (მოგზაურობა "კონ-ტიკით") და ატლანტის ოკეანეში (მოგზაურობა "რა"-თი). s

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი