ფრანც ბოასის ისტორიული სკოლა

ევოლუციონისტებსა და დიფუზიონისტებთან კამათში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი საინტერესო მიმდინარეობა, რომელსაც "ფრანც ბოასის ისტორიულ სკოლას", ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიას, ხან კი ეთნოფსიქოლოგიურ სკოლას უწოდებენ. თავის მხრივ, იგი საფუძვლად დაედო კულტურული რელატივიზმის (ფარდობითობის) - მსოფლიოს ყველა ხალხის კულტურის თანაბარი ღირებულების თეორიას.

ამ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ფრანც ბოასმა (Franz Boas, 1858-1942), რომელიც თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. მას ხშირად ამერიკული ანთროპოლოგიის მამასა და თანამედროვე ეთნოლოგიის არქიტექტორს უწოდებენ. მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიული ეთნოლოგიის სკოლას და განსაზღვრა ამერიკული ანთროპოლოგიური აზრის განვითარება XIX ს. მიწურულიდან XX ს. შუა ხანებამდე.

ბოასის გავლენა მრავალმხრივი იყო - ინსტიტუციური, ინტელექტუალური და პიროვნული. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ანთროპოლოგიის აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბებაში, ასოციაციებისა და ჟურნალების დაარსებაში.

ბოასის ფართო ინტერესებმა - ბიოლოგიური ანთროპოლოგიით დაწყებული, ლინგვისტიკით დამთავრებული - ამერიკულ ანთროპოლოგიას თემატური მრავალფეროვნება შესძინა. ის, რომ ამერიკული ანთროპოლოგია მოიცავს სოციოკულტურულ ანთროპოლოგიას, ლინგვისტურ ანთროპოლოგიას, ფიზიკურ ანთროპოლოგიასა და არქეოლოგიას (ე. წ. ოთხდარგოვანი მიდგომა), ნაწილობრივ, ბოასის ფართო ინტერესების დამსახურებაა.

ბოასის ანთროპოლოგია სრულიად განსხვავებულია მორგანის, ტაილორის ან დიურკჰაიმის ტრადიციისაგან. იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ კულტურული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეიძლება აიხსნას მხოლოდ ევოლუციის საფუძველზე, ბოასი ამტკიცებდა, რომ მათი ახსნა მხოლოდ კონკრეტულ კულტურულ კონტექსტშია შესაძლებელი. ამის ნათელი მაგალითია ბოასსა და ანთროპოლოგ ო.ტ. მეისონს შორის გამართული ცხარე კამათი იმის შესახებ, თუ როგორ განელაგებინათ ეთნოგრაფიული მასალა მუზეუმში. მეისონი, როგორც ევოლუციონისტი თვლიდა, რომ სმიტსონის უნივერსიტეტში ექსპონატები მათი ტიპის/კლასის მიხედვით - კერამიკა, ქვის იარაღები, მუსიკალური ინსტრუმენტები - უნდა დაჯგუფებულიყო. იგი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა მათი წარმოშობის ადგილს და მნიშვნელოვნად თვლიდა ეჩვენებინა მათი განვითარება.

ამის საპირისპიროდ, ბოასი თვლიდა, რომ კულტურის თავისებურებანი კონტექსტით უნდა აიხსნას და არა ზოგადი ევოლუციური ტენდენციებით. ის წერდა, რომ “ნაციონალური მუზეუმის კოლექციაში ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის ინდიელების კულტურის თავისებურებები თითქმის დაკარგულია, რადგან ექსპონატები შენობის სხვადასხვა ნაწილებშია მიმოფანტული და სხვა ტომების არტეფაქტებთან ერთად არის გამოფენილი”. მისი აზრით, ეთნოგრაფიული მასალა ტექნოლოგიური განვითარების ეტაპების მიხედვით კი არ უნდა იყოს დაჯგუფებული, არამედ “ტომების მიხედვით, იმისათვის, რომ გამოავლინოს თითოეული ჯგუფის განსაკუთრებული სტილი. ხალხის ხელოვნებისა და დამახასიათებელი სტილის გააზრება მხოლოდ მისი, როგორც მთელის შესწავლითაა შესაძლებელი”.

შემდგომ ბოასმა უფრო გააღრმავა მორგანის, ტაილორისა და სხვა ევოლუციონისტების კრიტიკა. ბოასის ძირითადი მიდგომა (კულტურა უნდა აიხსნას სპეციფიკური კულტურების დეტალური შესწავლით) გადაეცა პროფესიონალი ამერიკელი ანთროპოლოგების პირველ ნაკადს, ადამიანებს, რომელთაც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, განსაზღვრეს ანთროპოლოგური კვლევის სფერო შეერთებულ შტატებში. ესენი არიან: ალფრედ კრიობერი, რუთ ბენედიქტი, ედუარდ სეპირი, მარგარეტ მიდი და სხვები. ამგვარად, ბოასის პირადმა კონტაქტებმა თავის სტუდენტებთან გააფართოვა მისი ინტელექტუალური გავლენა და განსაზღვრა ამერიკული ანთროპოლოგიის ჩამოყალიბება.

ბიოგრაფია. ფრანც ბოასი დაიბადა ვესტფალიაში (ახლანდელ ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში), ქალაქ მინდენში, მდიდარ ებრაულ ოჯახში, მის ოჯახურ გარემოცვაში, როგორც თავად წერდა, 1848 წლის რევოლუციის იდეები - საყოველთაო საარჩევნო უფლება, პრესის თავისუფლება და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიული იდეები - აქტუალური იყო. რაც შეეხება მისი მშობლების რელიგიურ მრწამსს, იგი აღნიშნავდა, რომ მათ შეინარჩუნეს ემოციური კავშირი იუდაიზმთან ისე, რომ მან ვერ იქონია გავლენა მათ ინტლექტუალურ თავისუფლებაზე.

ბოასმა თავდაპირველი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და გეოგრაფიას. მან ფიზიკის შესწავლა კილის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც, 1881 წელს, 23 წლის ასაკში, დოქტორის ხარისხი მიიღო ფიზიკაში. მისი სადოქტორო ნაშრომი წყლის ოპტიკურ თავისებურებებს ეხებოდა (ბოასის ერთ-ერთი მოწაფე, ა.კრიობერი აღნიშნავდა, რომ ფიზიკაში მიღებულმა განათლებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი ინტელექტუალური კარიერა, რამდენადაც ჩამოუყალიბა ინტელექტუალური სიზუსტე). რაც შეეხება გეოგრაფიას, ბოასის ინტერესი ამ დისციპლინის მიმართ გამოწვეული იყო იმით, რომ ამ დროისათვის გერმანელი გეოგრაფების აზრი კულტურული მრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზების შესახებ არაერთგვაროვანი იყო. ზოგი მიიჩნევდა, რომ ფიზიკური გარემო ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, ხოლო სხვანი (მაგ., ფრიდრიხ რატცელი) თვლიდნენ, რომ კულტურული ელემენტების დიფუზია უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

1883 წლის ივნისში ბოასი შეუერთდა გერმანულ ექსპედიციას არქტიკაში. იგი მიზნად ისახავდა ინუიტების (ესკიმოსების) საზოგადოების შესწავლას იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ხალხის ცხოვრებისა და გარემოს ურთიერთმიმართების განსაზღვრა ერთი კონკრეტული და არცთუ მარტივი მაგალითის გამოკვლევით. მან ერთი წელი გაატარა ბაფინის კუნძულზე კანადის არქტიკაში და, 50o ყინვის პირობებში ბაფინის სანაპიროს მთელ ხაზზე, შეაგროვა ინუიტების ლეგენდები, შეისწავლა მათი რიტუალები და ცერემონიები. არქტიკაში გატარებულმა ერთმა წელმა დიდი გავლენა იქონია მისი შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. 1886 წელს მან წარმატებით დაიცვა საკვალიფიკაციო ნაშრომი ბაფინის კუნძულზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე (Baffin Land) და გეოგრაფიის პრივატდოცენტის წოდება მიიღო.

ბაფინის კუნძულზე კვლევისას ბოასი არადასავლური საზოგადოებების კვლევით დაინტერესდა. 1888 წელს მან გამოსცა წიგნი ესკიმოსების შესახებ (The Central Eskimo), მანამდე კი 1885 წლიდან მუშაობა დაიწყო ბერლინის სამეფო ეთნოლოგიურ მუზეუმში, სადაც თანამშრომლობდა ფიზიკური ანთროპოლოგიის სპეციალისტ რუდოლფ ვიხროვსა და ეთნოლოგ ადოლფ ბასტიანთან (ორი წლით ადრე რ. ვიხროვთან ბოასი ანატომიას სწავლობდა), რომელიც ასაბუთებდა “კაცობრიობის ფსიქიკური ერთიანობის” იდეას, აზრს, რომ ყველა ადამიანს თანაბარი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს და ყველა კულტურა მსგავს საბაზისო მენტალურ საფუძველს ემყარება. ბასტიანის აზრით, რწმენა-წარმოდგენებისა და ტრადიციები მრავალფეროვნება განსხვავებული ისტორიული გამოცდილების შედეგია. ეს მოსაზრებები ეხმიანებოდა ბოასის მიერ ბაფინის კუნძულზე მიღებულ გამოცდილებას.

1887 წელს ბოასი ნიუ-იორკში დაბრუნდა და მუშობა დაიწყო რედაქტორის ასისტენტის თანამდებობაზე ჟურნალში “მეცნიერება” (Science). გერმანიაში მზარდი ანტისემიტური და ნაციონალისტური განწყობების, ასევე გეოგრაფისათვის შეზღუდული აკადემიური შესაძლებლობების გამო, ბოასმა შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა დარჩენა, დაქორწინდა და მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.

1888 წელს მეცნიერების განვითარების ბრიტანულმა ასოციაციამ (British Association for Advancement of Science) თხოვნით მიმართა ბოასს, შეეგროვებინა ეთნოგრაფიული მასალა ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან. პირველი წარმატებული ექსპედიციის შემდეგ, 1889 წელს ამავე ასოციაციამ დააფინანსა მეორე საველე კვლევა ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, რომლის დროსაც ბოასმა შეისწავლა ადგილობრივი ენები, შეაგროვა ანთროპომეტრული მონაცემები და შეისწავლა სოციალური ორგანიზაციის ფორმები კვაკიუტლისა და ციმშიანის ტომებში. 1889 წელს ბოასმა პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო კლარკის უნივერსიტეტში, სადაც მისი ხელმძღვანელობით პირველად მიანიჭეს დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში. 1992 წელს კლარკის უნივერსიტეტის ბევრმა თანამშრომელმა, მათ შორის, ბოასმაც დატოვა უნივერსიტეტი, რისი მიზეზიც აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა იყო. შემდეგ მან ჩიკაგოში, კოლუმბიის მსოფლიო ექსპოზიციაზე ანთროპოლოგიის სფეროში ასისტენტის თანამდებობა დაიკავა.

1895 წელს ბოასმა თანამდებობა მიიღო ბუნების ისტორიის ამერიკულ მუზეუმში. 1896 წელს მან კოლუმბიის კოლეჯში ფიზიკური ანთროპოლოგიის სწავლება დაიწყო, 1899 წელს დაიკავა პროფესორის თანამდებობა კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1900 წელს კი არჩეულ იქნა მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში. მან ხელი შეუწყო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის ჩამოყალიბებას და განაახლა ჟურნალი “ამერიკელი ანთროპოლოგი” (American Anthropologist). 1917 წელს დააარსა ამერიკული ლინგვისტიკის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც დღესაც გამოდის; ხელი შეუწყო არქეოლოგიური სკოლის დაარსებას მეხიკოში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე და სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს.

ბოასს ექვსი წიგნი და 700-ზე მეტი სტატია ეკუთვნის. მისი ნაშრომების უმრავლესობა არქტიკისა და ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს გამოკვლევას ეხება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ენის კვლევაშიც. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ორ სემინარს ატარებდა კოლუმბიის უნივერსიტეტში: პირველი ეხებოდა სტატისტიკურ მეთოდებს, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ენებს. მან შეიმუშავა სამუშაო გეგმა, რომელიც ადგილობრივი ამერიკული ენების შესწავლას ისახავდა მიზნად.

თეორიული დებულებები

1890 წლების ბოლოსათვის ბოასმა ჩამოაყალიბა კულტურათა შედარებითი კვლევის მეთოდი და ევოლუციონიზმის კრიტიკა. ბოასის აზრით, მორგანისა და ტაილორის მიდგომას სამი ნაკლი ჰქონდა: 1. სწორხაზოვანი ევოლუციის დებულება; 2. თანამედროვე საზოგადოებების მიჩნევა სიცოცხლისუნარიან ერთეულებად, რომელთაც წარმატებით გაიარეს ევოლუციური საფეხურები; 3. საზოგადოებათა კლასიფიკაცია არასაკმარისი მონაცემებისა და შეუსაბამო კრიტერიუმების საფუძველზე.

ბოასმა უარყო ევოლუციონისტების თეორია როგორც დაუსაბუთებელი, რომელიც არ ექვემდებარება შემოწმებას. ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ ტაილორსა და მორგანს, რომ ტექნოლოგიურ პროცესებს ევოლუციური თანმიმდევრობა ახასიათებს, მაგალითად, ცეცხლის მოპოვება წინ უსწრებს მეთუნეობას, მაგრამ არ არსებობს ეთნოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მატრიარქალური გვარი წინ უსწრებს პატრიარქალურს, ან რომ ანიმიზმის საფუძველზე წარმოშობილი რელიგიები პოლითეისტურ რელიგიებზე ადრე განვითარდა.

ფ.ბოასი სხვადასხვა კულტურების შესწავლისას საერთო თეორიების და სქემების გამოყენების წინააღმდეგი იყო. "ჩვენ უნდა გავიგოთ ინდივიდუალურ კულტურათა განვითარების პროცესი, სანამ შევეცდებით დავადგინოთ მთელი კაცობრიობის კულტურის განვითარების კანონები", - წერდა იგი. მისთვის ამოსავალი იყო თეზისი იმის შესახებ, რომ ყოველ კულტურას განვითარების საკუთარი, უნიკალური გზა აქვს. ევოლუციონისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ უნივერსალურ და მსგავს ნიშნებს სხვადასხვა კულტურაში, ბოასი მიუთითებდა თითოეული კულტურის თავისებურებებზე, როგორც საკუთრივ ამ კულტურის განვითარების შედეგზე. იგი საჭიროდ თვლიდა ყოველი ცალკეული ხალხის ენის, კულტურის, ანთროპოლოგიური ტიპის შესწავლას ისტორიულ ჭრილში; "ყოველი კულტურა, - წერდა ფ.ბოასი, - შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ როგორც ისტორიული მოვლენა". ნაშრომში “ეთნოლოგიური კლასიფიკაციის პრონციპები” (Principles of Ethnological Classification) ის აღნიშნავდა, რომ

ეთნოლოგიური ფენომენები ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლების და ამ მახასიათებლების გარკვეული გარემოცვის გავლენის ქვეშ განვითარების შედეგია... გარემოცვაში იგულისხმება როგორც ტერიტორიის ფიზიკური პირობები, ასევე ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა. დღეს არსებული გარემოცვის კვლევა არასაკმარისია: ხალხის ისტორია, იმ რეგიონების გავლენა, რომლებიც მან გაიარა მიგრაციების პროცესში და ხალხი, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამ ფორმულირებით ბოასი ხაზს უსვამდა კონტექსტისა (“surroundings”) და ისტორიის მნიშვნელობას კულტურის კვლევაში. ისტორიზმის პრინციპს იგი ყველა თავის ნაშრომში იცავდა.

ფ.ბოასის აზრით, ფაქტები გვიჩვენებს საგნებსა და ზნე-ჩვეულებებს მუდმივ მოძრაობაში, მაგრამ ეს აუცილებლად პროგრესის გზა არ არის.

კულტურა, ბოასის მიხედვით, ქცევის მოდელთა ერთობლიობაა, რომელთაც ადამიანი ითვისებს ზრდისა და თავისი კულტურული როლის მიღების პროცესში. არა მხოლოდ ჩვენი ენა, არამედ ემოციებიც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და იმ ხალხის ისტორიის შედეგია, რომელსაც ვეკუთვნით. ყველა კულტურული ელემენტი განხილული უნდა იყოს მხოლოდ მთლიან კულტურულ კონტექსტში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს. სწორედ ბოასმა ჩაუყარა საფუძველი კულტურის როგორც მთლიანობის, სისტემის კვლევას, რომელიც მრავალი შინაგანად დაკავშირებული, ურთიერთშეთანხმებული ნაწილისაგან შედგება. ერთი კულტურის ელემენტთა სესხება მეორის მიერ არ შეიძლება იყოს მხოლოდ მათი კონტაქტის ავტომატური შედეგი. მაშინაც კი, როცა სესხება ხდება, ნასესხები ელემენტი სხვა კულტურაში ახალ მნიშვნელობას იძენს.

ფ.ბოასი თვლიდა, რომ ინდიელთა რომელიღაც ტომის კულტურა არანაკლებ რთულია, ვიდრე განვითარებული ევროპული ერის კულტურა. ერთ მათგანს დამწერლობა აქვს, მეორეს კი - არა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი კულტურათშორისი განსხვავებაა. ზნეობრივ შეფასებათა "ჩვენი" კრიტერიუმები არ უნდა გადავიტანოთ სხვა ხალხებზე, რადგან ყოველ ხალხს თავისი სოციალური იდეალები და მორალური ნორმები აქვს. დიდი სიფრთხილეა საჭიროა კაცობრიობის კულტურის განვითარების ზოგად კანონზომიერებათა დადგენისას; გარეგნულად მსგავსი ნიშნები შეიძლება სხვადასხვა წარმოშობისანი აღმოჩნდნენ და არსებითად განსხვავდებოდნენ კიდეც ერთმანეთისაგან.

კრიტიკოსები ბრალად სდებდნენ ბოასს იმას, რომ, მისი წყალობით, ანთროპოლოგიამ გადაუხვია კულტურული განვითარების საერთო კანონზომიერებათა ძიების გზას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისმა თეორიამ დიდი როლი შეასრულა, ერთი მხრივ, ევოლუციონიზმისა და დიფუზიონიზმის, მეორე მხრივ კი ფუნქციონალიზმის უკიდურესობათა დაძლევაში.

მნიშვნელოვანი სიახლე

ბოასის მოღვაწეობის დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ჩატარებული ანთროპომეტრული კვლევა. იმ პერიოდში მიჩნეული იყო, რომ თითოეულ რასას სპეციფიკური ფიზიკური, მენტალური და კულტრული მახასიათებლები ჰქონდა. მრავალი გამოკვლევის თანახმად, რასობრივი განსხვავებები განპირობებული იყო თავის ქალის ზომით და არა ისეთი “თვალსაჩინო” ნიშნით, როგორიცა კანის ფერია. მიიჩნეოდა, რომ თავის ქალის ფორმა უფრო სტაბილური და უცვლელი მახასიათებელია და, შესაბამისად, უფრო მყარი საფუძველია რასობრივი კატეგორიების განსაზღვრისათვის. მაგრამ მოსაზრება თავის ქალის ფორმის სტაბილურიბისა და უცვლელობის შესახებ არასოდეს ყოფილა ფაქტობრივად დადასტურებული. 1891 წელს ბოასმა გამოაქვეყნა 17.821 ემიგრანტის თავის ფორმის კვლევის შედეგები, სადაც მოცემული იყო ამ მონაცემების სტატისტიკური ანალიზი. ბოასმა აჩვენა, რომ თავის ქალის ფორმა სრულიადაც არ იყო უცვლელი. მან მნიშვნელოვანი განსხვავებები დააფიქსირა იმიგრანტი მშობლებისა და მათი ამერიკაში დაბადებული შვილების თავის ქალის ფორმებს შორის. ბოასმა დაასაბუთა, რომ უცვლელად მიჩნეული (გენეტიკურად გადაცემული) ნიშნები, ფაქტობრივად, გარემოს გავლენით იყო შეცვლილი. თუ ისეთმა სტაბილურმა რასობრივმა მახასიათებელმა, როგორიცაა თავის ქალის ფორმა, გარემოს გავლენა განიცადა, მაშინ ყველა სხვა რასობრივი მახასიათებელი ეჭვქვეშ დგებოდა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში იგი უპირისპირდებოდა ფსევდომეცნიერულ რასისტულ კვლევებს, რომლებიც ინტელექტსა და რასას ერთმანეთს უკავშირებდა. იგი აცხადებდა, რომ განსხვავება ინდივიდებს შორის გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე რასებს შორის. ბოასმა დაასკვნა, რომ ბიოლოგიური განსხვავება რასებს შორის უმნიშვნელოა. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასასაბუთებლად, რომ ერთი რასა თავისი ბუნებით უფრო ინტელექტუალურია, დაჯილდოებულია ძალაუფლების ნებით, ან ემოციურად უფრო სტაბილურია, ვიდრე მეორე. ბოასი ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების ნაციონალური ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი