"ანალების" სკოლა ("ახალი საისტორიო მეცნიერება")

"ანალების" ფრანგული სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება ცნობილი ფრანგი მკვლევრების მარკ ბლოკისა და ლუსიენ ფევრის მიერ 1929 წელს ჟურნალ "ანალების" დაარსებას, რომელიც ამ სათაურით 1939 წლამდე გამოდიოდა. შემდგომში მისი სახელწოდება იცვლებოდა: "სოციალური და ეკონომიკური ისტორიის ანალები" (1939-1941), "სოციალური ისტროიის ანალები" (1941-1945), "ანალები. ეკონომიკა, საზოგადოებანი, ცივილიზაციები (1945-1994), "ანალები. ისტორია, სოციალური მეცნიერებანი" (1995 წლიდან).

აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ მისი ჩამოყალიბება მოასწავებდა "კოპერნიკისებურ რევოლუციას" საისტორიო მეცნიერებაში. ამ "რევოლუციის" არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიციული "თხრობითი ისტორია" უნდა შეცვლილიყო "ისტორია-პრობლემით", ჩამოყალიბებულიყო "ტოტალური" ისტორია, რომელიც მოიცავდა საზოგადოებაში არსებულ ყველა ურთიერთობას - ეკონომიკურს, პოლიტიკურს, სოციალურსა და კულტურულს. ასეთი მიდგომა მოითხოვდა დიდი რაოდენობის წყაროების - როგორც წერილობითი, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ენობრივი, ტექნიკისა და მეურნეობის ისტორიის, აგრეთვე მომიჯნავე დარგების (სოციოლოგიის, გეოგრაფიის) მონაცემების გამოყენებას.

"ტოტალური" ისტორია არ არის მსოფლიო ისტორია. ის შეიძლება სრულიად ლოკალური ისტორია იყოს - რომელიმე ადგილის, ოლქის, თემის, მოკლე ქრონოლოგიური მონაკვეთის. მაგრამ ეს არის განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მცხოვრებ ადამიანთა ისტორია, განხილული დაკვირვების მაქსიმალურად მრავალი წერტილიდან, სხვადასხვა რაკურსით. "ტოტალური" ისტორია არ ყოფს ადამიანთა ცხოვრებას პოლიტიკურ, სამეურნეო, რელიგიურ და სხვა კერძო ისტორიებად. იგი აღადგენს ისტორიის მოცულობით სურათს, მრავალ დონეზე. ფევრის აზრით, რადგან ისტორია ყოველთვის ადამიანთა ისტორიაა, სწორედ ადამიანი, როგორც არსება, რომელსაც გააჩნია ფსიქიკა, აზრები, გრძნობები, უნდა იდგეს ისტორიკოსის ყურადღების ცენტრში.

ანალების სკოლის "ბრძოლა ისტორიისთვის" (ასეთი სათაური აქვს ლ. ფევრის ერთ-ერთ ნაშრომს) მიმართული იყო ერუდიტული ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ, რომელიც ვერ ხედავდა და ვერ შეიგრძნობდა ცოცხალ ადამიანებს - ისტორიის მოქმედ პირებს. ამ მხრივ ლუსიენ ფევრის წინამორბედი იყო მისი მეგობარი, ფილოსოფოსი ანრი ბერი, რომელიც ასეთ ისტორიოგრაფიას "მაისტორიზებელ ისტორიას" უწოდებდა. თავად ლუსიენ ფევრი დასცინოდა "სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილ საუნივერსიტეტო ცოდნის "მანდარინებს", რომელთა თხზულებებში გლეხები, სახნისის ნაცვლად, კარტულარიებით ხნავდნენ"; რეალური ცხოვრება წყაროთა ტექსტებით იცვლებოდა, რაც წვრილმანების ცოდნით თავის გამოჩენის საშუალებას იძლეოდა. ასეთი ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლა ლუსიენ ფევრმა მარკ ბლოკთან ერთად დაიწყო, და თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აგრძელებდა.

"ანალების" სკოლის წარმომადგენლებს საკუთარი მიდგომა ჰქონდათ წყაროებისადმი. ტრადიციული, პოზიტივისტური ისტორიოგრაფია აქცენტს აკეთებდა წერილობითი წყაროების გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაზე, მისი სანდოობის ხარისხის დადგენასა და მისი პირდაპირი მონაცემების ანალიზზე. ასეთი "მშრალი" მიდგომის საპირისპიროდ, "ანალების" სკოლის წარმომადგენელთათვის საისტორიო წყარო თავისთავად "მუნჯია" და ლაპარაკს იწყებს მხოლოდ მაშინ, როცა მას კითხვებს უსვამენ. საისტორიო მეცნიერება გარკვეულწილად, თავად ახდენს საკუთარი კვლევის ობიექტის კონსტრუირებას. კვლევა-ძიება ფაქტების მოძიება კი არა, წარსულთან "დიალოგი" უნდა იყოს. ნაყალბევი დოკუმენტი, რომელიც გამოუსადეგარია ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის დასადგენად, ფრიად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის, თუ დავსვამთ კითხვას: რატომ შეიქმნა იგი? ასეთმა დოკუმენტმა შეიძლება გამოავლინოს ეპოქის ცნობიერების მრავალი მნიშვნელოვანი მხარე.

"ანალების" სკოლის დამსახურებაა მენტალობის, მასობრივი ცნობიერების, ცნობიერების ისტორიულობის და სხვა პრობლემათა ქცევა ისტორიკოსთა ყურადღების საგნად. საისტორიო მეცნიერება მუდმივად აწყდება გნოსეოლოგიურ სირთულეს: როგორ გაამთლიანოს სოციალურ ურთიერთობათა და კულტურის სურათი. როგორც წესი, ეკონომიკური და სოციალური ისტორიის კვლევა დაუკავშირებელი რჩება კულტურის კვლევასთან. ისტორიკოსთა შრომები, რომლებიც ცდილობენ ამ მხარეთა გამთლიანებას, უმეტესად "მკინძავისეულ სინთეზად" გვევლინებიან, სოციალური და კულტურული მათში ლოგიკურად შეკრული და ურთიერთგანპირობებული არ არის. ლუსიენ ფევრის აზრით, გამამთლიანებლად შეიძლება გამოდგეს ქცევის კატეგორია, როგორც შუალედური რგოლი. მსოფლაღქმა და კულტურული ტრადიცია, რელიგია და ფსიქოლოგია ის გარემოა, სადაც ყალიბდება ადამიანთა რეაქციები მატი ქცევის ობიექტურ სტიმულებზე.

ისტორიკოსი მუშაობს წყაროებზე. ეს წყაროები გამოსულია ადამიანთა ხელიდან, ამიტომ მათ შემქმნელის დაღი აზის. ისინი ასახავენ მის წარმოდგენებს, ფსიქოლოგიურ რეაქციებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან. ამიტომ ნებისმიერმა ისტორიკოსმა, კვლევის მიზნის მიუხედავად, მხედველობაში უნდა მიიღოს ამ წყაროს შემქმნელთა მენტალობა. ძეგლის სანდოობის "გარეგანი "წყაროთმცოდნეობითი კრიტიკა უნდა შეივსოს მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური შინაარსის "შინაგანი" კრიტიკით.

მენტალობის გამოსავლენად ისტორიკოსს უხდება არ დასჯერდეს ადამიანთა პირდაპირ განაცხადებს ამა თუ იმ ტექსტის ან სხვა ძეგლის სახით, არამედ ჩაუღრმავდეს მათი ცნობიერების სიღრმისეულ შრეს. ლუსიენ ფევრის დამსახურება ისაა, რომ მან აითვისა ფსიქოლოგთა და ეთნოლოგთა მიღწევები ადამიანის ფსიქიკის შესწავლის სფეროში და გაბედულად გამოიყენა ისინი ისტორიის კვლევაში. მისი წყალობით, "კოლექტიურმა არაცნობიერმა" "მოქალაქეობის უფლება" დაიმკვიდრა საისტორიო მეცნიერებაში.

ლუსიენ ფევრი და მარკ ბლოკის მიერ საისტორიო მეცნიერებაში დამკვიდრებული სიტყვა mentalite ძნელად ექვემდებარება ერთმნიშვნელოვან თარგმანს. ყველაზე უკეთ მის შინაარსს, ალბათ, "მსოფლხედვა", "მსოფლაღქმა" გადმოსცემს. ძნელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ ტერმინის დამკვიდრებაზე გავლენა იქონია ლუსიენ ლევი-ბრიულის ნაშრომმა "პირველყოფილი აზროვნება" (1922). უფრო ადრე ლევი-ბრიულმა გამოსცვა წიგნი "პრიმიტიულ საზოგადოებათა მენტალური ფუნქციები" (1910). იგი ხაზს უსვამდა იმ ადამიანთა ცნობიერების პრელოგიკურობასა და ემოციურ შეფერილობას, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ ცივილიზაციის სტადიისთვის; საქმე ეხებოდა, პირველ რიგში, კოლექტიურ წარმოდგენებს, რომლებიც დომინირებდნენ პირველყოფილ საზოგადოებებში და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდნენ ცივილიზებული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ აზროვნების წესთან.

ლევი-ბრიული და სხვა ეთნოლოგები წერდნენ პირველყოფილი ადამიანების სპეციფიკურ მენტალობაზე, ფევრმა და ბლოკმა კი ეს ტერმინი სხვა საზოგადოებებთან მიმართებაში გამოიყენეს: ბლოკმა - ადრეულ და კლასიკურ შუა საუკუნეებთან, ფევრმა - აღორძინების ეპოქასთან დაკავშირებით. ამრიგად, ისესხეს რა ტერმინი "მენტალობა" პროფესიული თანამოძმეების - ეთნოლოგებისაგან, მათ დაიწყეს მისი გამოყენება უფრო რთული და განვითარებული საზოგადოებებისთვის.

ისიც უნდა ითქვას, რომ კონტრასტი, ერთის მხრივ, პირველყოფილი ადამიანის, მეორე მხრივ კი ცივილიზებულ ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებასა და ქცევას შორის აშკარა და თვალშისაცემი იყო ყველა დამკვირვებლისა და, პირველ რიგში, ეთნოლოგიისთვის. რაც შეეხება განსხვავებას შუა საუკუნეებსა და ახალი დროის ადამიანთა მენტალობას შორის, იგი არც ისე აშკარაა და ფევრისა და ბლოკის გამოკვლევებამდე, როგორც წესი, მხედველობაში არ მიიღებოდა.

ამრიგად, "ანალების" სკოლამ საფუძველი ჩაუყარა მენტალობათა ისტორიას, ანუ ანთროპოლოგიურად ორიენტირებულ ისტორიას.

"ანალების" სკოლის ფარგლებში, მისი ჩამოყალიბების დროიდან, თანაარსებობდა ორი მიმართულება: პირველი, რომელსაც შეიძლება "მარკ ბლოკის ხაზი" ვუწოდოთ, მიმართული იყო სოციალური ისტორიის შესწავლისაკენ, მეორე - "ლუსიენ ფევრის ხაზი", რომელიც ცივილიზაციათა კვლევას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ეტაპზე ესა თუ ის ტენდენცია ძლიერდებოდა. ლუსიენ ფევრის გარდაცვალებამდე (1956) განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი მენტალობის ისტორიისა და ისტორიაში "ადამიანის ფაქტორისადმი". შემდგომი ეტაპი ფერნან ბროდელის სახელთანაა დაკავშირებული და ხასიათდება ინტერესით ეკონომიკური, გეოგრაფიული და სხვა სტრუქტურებისადმი, ხანგრძლივი და ნელი ცვლილებებისადმი ისტორიულ პროცესში. მომდევნო ეტაპზე, 80-იანი წლების ბოლომდე, ჟურნალს აღარ ჰყავდა ერთი ხელმძღვანელი, "ანალების" სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ჟაკ ლე გოფი, ჟ.დიუბი (რომელიც თავს აცხადებდა "ახალი საისტროიო მეცნიერების" და არა "ანალების" სკოლის მიმდევრად), ე.ლე რუა ლადიური და სხვა. როგორც თვით ამ სკოლის წარმომადგენლები, ასევე სხვები ხშირად ამ ეტაპს კრიზისის პერიოდად მოიხსენიებენ: ფაქტების კვლევა გამოდევნა ყურადღების კონცენტრირებამ სიღრმისეულ, ნაკლებად ცვალებად სტრუქტურებზე, მასობრივი პროცესებისადმი ყურადღებამ შეავიწროვა ინტერესი პიროვნებისადმი. დღეისათვის "ანალების" წარმომადგენლები ცდილობენ ისტორიის დაახლოებას ისტორიულ ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიასთან.

ლუსიენ ფევრი (Lucien Febvre) (1878-1956) ანალების სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი იყო. დაამთავრა უმაღლესი ნორმალური სკოლა პარიზში, იყო დიჟონის (1912 წლიდან), სტრასბურგის (1919 წლიდან) უნივერსიტეტების, კოლეჟ დე ფრანსის (1913 წლიდან) პროფესორი მარკ ბლოკთან ერთად, ჟურნალ "ანალების" დამაარსებელი (1929), საფრანგეთის ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, სხვადასხვა ეროვნული კომიტეტის წევრი.

ლუსიენ ფევრი ცდილობდა, დაეძლია პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის ტრადიცია და დაემკვიდრებინა "ტოტალური" ისტორიის ხედვა. ისტორიული მეცნიერების პოზიტივისტური მეთოდოლოგია მხოლოდ წერილობით ტექსტებს ემყარებოდა, ლუსიენ ფევრი კი საჭიროდ თვლიდა არქეოლოგიის, სოციოლოგიის, ენის ისტორიის, ტექნიკის, რელიგიის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მონაცემების გამოყენებას. მისი ორგანიზაციული საქმიანობა მიმართული იყო სხვადასხვა ჰუმანიტარული სპეციალობის მეცნიერთა თანამშრომლობის დამკვიდრებისაკენ.

ანალების სკოლამ გააგრძელა ანრი ბერის მიერ " ისტორიული სინთეზის ჟურნალში" დასახული ტენდენციები ისტორიის "გაცოცხლების" მიმართულებით. ლუსიენ ფევრი მიზნად ისახავდა ჰუმანიტარული ცოდნის განახლებას: დისციპლინათაშორისი ბარიერების დაძლევას, პრობლემური ხედვის უპირატესობის დამკვიდრებას ემპირიზმთან და ფაქტების აღწერილობასთან შედარებით. "ისტორიკოსი არის არა ის, ვინც იცის, არამედ ის, ვინც ეძიებს", - წერდა იგი ერთ-ერთი ნაშრომის პირველივე გვერდზე.

ლუსიენ ფევრი აღნიშნავდა, რომ ისტორიკოსი უნდა ცდილობდეს იმ ინტელექტუალური პროცედურების, აზროვნების წესის, მსოფლაღქმის ხერხების გამოვლენას, რომელიც დამახასიათებელი იყო მოცემული ეპოქის ადამიანებისათვის და რომელთაც ისინი იყენებდნენ "ავტომატურად", განსჯისა და კრიტიკის გარეშე. ასეთ შემთხვევაში უკეთ ხერხდება "მოვუსმინოთ" ამ ადამიანებს და მთლიანად ეპოქას.

ასეთი მიდგომა გულისხმობს ეპოქის ლექსიკონის, სიმბოლური ქმედებების, ქცევის გულდასმით შესწავლას. უნდა შევისწავლოთ ლიტერატურისა და ხელოვნების მონაცემები, მინდვრების კონფიგურაცია და პეიზაჟის ხასიათი, არქეოლოგია და ტექნიკის ისტორია, "უნდა ვაიძულოთ უტყვი საგნები, ალაპარაკდნენ და მოგვითხრონ თავიანთ შემქმნელებზე ის, რასაც ისინი თავად არ გვიამბობენ. განა სწორედ ეს მუდმივი მცდელობა არ წარმოადგენს ჩვენი, ისტორიკოსების ხელობის ყველაზე მიმზიდველ მხარეს?"

ლუსიენ ფევრის აზრით, იგვე მიდგომა საშუალებას მოგვცემს, დავძლიოთ ტენდენცია წარსულის ეკრანზე ჩვენი გრძნობების და აზრების პროეცირებისა, რასაც შედეგად მოსდევს რამზეს II, ცეზარის, კარლოს დიდის, ფილიპე II ან ლუი XIV გამოსახვა "1938 წელს მცხოვრები რომელიმე დიუპონის ან დიურანის თარგის შესატყვისად". ლუსიენ ფევრი თანმიმდევრულად ილაშქრებდა ისტორიულ კვლევაში ანაქრონიზმის, შორეული ეპოქების ადამიანთა ცნობიერების მოდერნიზაციის წინააღმდეგ.

ლუსიენ ფევრისათვის ძირითადი სააზროვნო კატეგორიებია "ეპოქა" და "ცივილიზაცია". მისი თვალსაზრისით, ცივილიზაციაში გამთლიანებულია მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა მხარე. ცივილიზაციები თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თითოეულ მათგანს განვითარების გარკვეულ საფეხურზე გააჩნია მსოფლაღქმის საკუთარი, განუმეორებელი სისტემა. ცივილიზაციის სპეციფიკის გაგება ნიშნავს ამ ცივილიზაციის ადამიანთა მიერ სინამდვილის აღქმის ხერხების რეკონსტრუქციას, მათი სააზროვნო და გრძნობადი ინსტრუმენტარიის გაცნობას, ანუ საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების იმ შესაძლებლობათა შესწავლას, რომელთაც მოცემული საზოგადოება აძლევს ინდივიდს. სამყაროს ინდივიდუალური ხედვა კი, ფევრის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა კოლექტიური მსოფლაღქმის ერთ-ერთი ვარიანტი.

ყოველი კულტურა, აღნიშნავდა ლუსიენ ფევრი, წარმოადგენს ანსამბლს, რომლის კომპონენტები, მათ შორის არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ერთ მთლიანობას ქმნიან. კულტურის შინაგანი ჰომოგენურობის იდეა დღეს აღარ გვეჩვენება ორიგინალურად და ნოვატორულად, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ეს აზრი ბოლო ათწლეულებში დამკვიდრდა, მაშინ კი, როცა ლუსიენ ფევრის მიერ იქნა გამოთქმული (1942, ნაშრომი რაბლეს შესახებ), ჯერ არც ლევი-სტროსის სტრუქტურული ანთროპოლოგია არსებობდა, არც მიშელ ფუკოს "ცოდნის არქეოლოგია", არც მარსელ მოსისა და ლუსიენ ლევი-ბრიულის ეთნოლოგიური კონცეფციების მნიშვნელობა იყო მთლად ნათელი.

ასევე ორიგინალური და ახალი იყო ლუსიენ ფევრის თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ისტორიკოსთა საკვლევი ადამიანური, საზოგადოებრივი ფენომენები "მიმაგრებოდა" ბუნებრივ გარემოს. ასეთმა მიდგომამ, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა ნაშრომში "დედამიწა და ადამიანის ევოლუცია, ისტორიის გეოგრაფიული შესავალი" (1922), ბევრად გაუსწრო ეკოლოგიისადმი ინტერესს, რომელიც გაცილებით გვიან გაჩნდა.

ლუსიენ ფევრი საინტერესოდ ხედავდა ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემას. მისი აზრით, პიროვნებები - "დიდი ადამიანები" - ეპოქის "გმირები" კი არა, "ჰეროლდებია". ისინი ამბობენ იმას, რასაც ფესვები ეძებნება საერთო მენტალობაში, ამიტომ იპყრობენ თანამედროვეთა გონებას; თუ მათი იდეები არ ეხმიანება მენტალობას, თანამედროვენი მათ ვერ უგებენ.

მარკ ბლოკმა (Marc Bloch) (1886-1944) დაამთავრა უმაღლესი ნორმალური სკოლა პარიზში, სწავლობდა ლაიპციგსა და ბერლინში, 1912 წლიდან ასწავლიდა მონპელიესა და ამიენის ლიცეუმებში. პირველი მსოფლიო ომის დროს მოქმედ არმიაში იყო. 1919 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა დაიკავა. 1929 წელს ლუსიენ ფევრთან ერთად დააარსა ჟურნალი "ანალები". 1936 წლიდან სორბონაში ეკონომიკური ისტორიის პროფესორი იყო. 1939-1940 წლებში, გერმანული ოკუპაციის დროს, წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. როგორც ებრაელი, იძულებული იყო წასულიყო "ანალებიდან". 1944 წელს ნაცისტებმა დახვრიტეს.

მისი ინტერესების მთავარი სფერო იყო შუა საუკუნეების ევროპის ფეოდალიზმი, მატერიალური ცხოვრება და აგრარული ისტორია, მიზანი - საზოგადოების კომპლექსური ანალიზი. ბლოკის შემაჯამებელი ნაშრომია "ფეოდალური საზოგადოება" (1939-1940), რომელიც წარმოადგენს ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მახასიათებლების ყოვლისმომცველი დახასიათების მცდელობას.

ფართოდ ცნობილია მარკ ბლოკის ნაშრომი "ისტორიის აპოლოგია, ანუ ისტორიკოსის ხელობა", რომელიც ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიისა და საისტორიო მეცნიერების საზრისის საკითხებს ეძღვნება. იგი იატაკქვეშეთში იწერებოდა, დაუსრულებელი დარჩა და მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა (1949).

სოციალური ისტორია, ბლოკის აზრით, არ შემოიფარგლება მხოლოდ მიწათმფლობელობის ფორმის, მიწათსარგებლობის წესის, სოციალურ ურთიერთობათა შესწავლით. იგი მოიცავს ადამიანურ ცნობიერებას, მენტალობას და მხოლოდ მისი მეშვეობით იძენს აზრს ისტორიკოსისათვის. ისტორია არის არა "წარსულის შესწავლა", არამედ "მეცნიერება ადამიანთა შესახებ დროში". ისტორიული კვლევის მთავარი ობიექტია ადამიანი კონკრეტულ საზოგადოებაში. ესა თუ ის მოვლენა ისტორიულ სინამდვილედ იქცევა მაშინ, თუ იგი გაივლის ვინმეს ცნობიერებაში. ისტორიის საგანი ადამიანთა ცნობიერებაა. მენტალობა ბლოკის მეთოდოლოგიის ცენტრალური კატეგორიაა. ისტორიის ფაქტები ფსიქოლოგიური ფაქტებია, რადგან ისტორიას ადამიანები ქმნიან. სოციალური მთლიანობა სწორედ ადამიანური ცნობიერების მეშვეობით ვლინდება, მასში თავს იყრის ყველა სოციალური ფენომენი.

ლუსიენ ფევრი მარკ ბლოკის შესახებ წერდა: "იგი დიდი ისტორიკოსი იყო არა იმიტომ, რომ დააგროვა დიდი ოდენობის ამონაწერები და დაწერა მეცნიერული გამოკვლევები, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის შეჰქონდა თავის ნაშრომებში სიცოცხლის შეგრძნება, რომლის უგულებელყოფა არც ერთ ჭეშმარიტ ისტორიკოსს არ შეუძლია."

ფერნან ბროდელმა (Fernand Braudel) (1902-1985), ფრანგმა ისტორიკოსნა, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 20-30-იან წლებში ასწავლიდა ალჟირის ლიცეუმებში, 1938 წლიდან - პარიზის უმაღლეს გამოკვლევათა პრაქტიკულ სკოლაში. 1932 წელს გაიცნო ლუსიენ ფევრი, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მოქმედ არმიაში მსახურობდა, 1940-1945 წლებში იყო გერმანელთა ტყვეობაში. ტყვეთა ბანაკში მყოფმა, საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით, ბიბლიოთეკებსა და არქივებს მოკლებულმა, დაწერა ნაშრომი "ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირა სამყარო ფილიპე II ეპოქაში", რომელიც 1947 წელს დაიცვა დისერტაციად და 1949 წელს გამოაქვეყნა. 1949 წელს კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი და თანამედროვე ცივილიზაციათა კათედრის გამგე გახდა. 1956 წელს, ლუსიენ ფევრის გარდაცვალების შემდეგ, "ანალების" მთავარი რედაქტორის პოსტი დაიკავა. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი "ისტორია და სოციალური მეცნიერებანი: დიდი ხანგრძლიობის დრო", 1979 წელს - კაპიტალური სამტომიანი ნაშრომი "მატერიალური ცივილიზაცია, ეკონომიკა და კაპიტალიზმი (XV-XVIII საუკუნეები)". 1970 წელს, "ანალების" თანამშრომელთა უმრავლესობასთან უთანხმოების გამო, დატოვა მთავარი რედაქტორის პოსტი და, ფაქტობრივად, გაწყვიტა კავშირი ჟურნალთან. სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა მრავალტომიან გამოკვლევაზე "საფრანგეთის თვითმყოფადობა", რომელიც ვერ დაასრულა და რომლის I-II ტომი 1986 წელს გამოქვეყნდა.

ბროდელი "გლობალური ისტორიის" მომხრეა. "გლობალურ საზოგადოებას" იგი ყოფს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სისტემებად, რომელთაგან თითოეული კიდევ იყოფა მრავალ ქვესისტემებად. "გლობალური საზოგადოების" შესასწავლად აუცილებელია გათვალისწინებულ იყოს ცვლილებათა სხვადასხვა ტემპი სხვადასხვა სისტემაში. ფრანგი სოციოლოგის ჟ.გურვიჩისა და მ.ბლოკის ზოგიერთ იდეაზე დაყრდნობით, ბროდელმა გამოყო 3 დროითი რიტმი: 1) დიდი ხანგრძლიობის დრო - გეოგრაფიული, მატერიალური და მენტალური სტრუქტურების დრო, "კვაზიუძრაობა", რომელშიც ცვლილებები არ შეიგრძნობა; 2) საშუალო ხანგრძლიობის დრო - კონიუნქტურებისა და ციკლების დრო, რომელიც ათწლეულებით იზომება; 3) მოკლე ხანგრძლიობის დრო - ფაქტებისა და მოვლენების დრო.

ბროდელის აზრით, ისტორიულ ცვლილებათა მიზეზები "დიდი ხანგრძლიობის დროშია" საძიებელი; ისტორიული ცვლილებანი ნელა ხდება, ადამიანებისთვის შეუმჩნევლად და მათი სურვილისაგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ ბროდელის ინტერესის სფერო სწორედ "დიდი ხანგრძლიობის დრო" იყო და არა პოლიტიკურ მოვლენათა ისტორია. ზემოთ დასახელებულ ნაშრომში "ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვისპირა სამყარო ფილიპე II ეპოქაში" იგი ეხება არა ფილიპე II პოლიტიკას, არამედ თავად ამ რეგიონს, მის გეოგრაფიულ თავისებურებებს, მატერიალურ ცხოვრებას, ეკონომიკას და ა.შ.

"დიდი ხანგრძლიობის დროის" ბროდელისეულმა იდეამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მრავალი ისტორიკოსის შთაგონების წყაროდ იქცა. ამავე დროს, ბროდელს საყვედურობენ კულტურის, ისტორიული მოვლენებისა და ადამიანის უგულებელყოფას, ბუნებრივი და სოციალური პირობების ანთროპომორფიზაციას (ისინი თავად გამოდიან მოქმედი სუბიექტების როლში). "დიდი ხანგრძლიობის დრო" კვლევის ხერხიდან ისტორიის დამოუკიდებელ ანონიმურ მამოძრავებელ ძალად იქცა, ადამიანები - ისტორიის დრამის ავტორებიდან - აქტიორებად.

ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი (Jacques Le Goff) (დაიბ. 1924 წელს) 1969 წლიდან "ანალების" რედკოლეგიის წევრი იყო, 1972-88 წლებში - სოციალურ მეცნიერებათა სფეროში უმაღლეს გამოკვლევათა სკოლის პრეზიდენტი. მისი რედაქტორობით გამოიცა ზოგადმეთოდოლოგიური და კონკრეტულ-კვლევითი ხასიათის ნაშრომები: "ისტორიის წერა" (ტ.1, 1974), "ახალი საისტორიო მეცნიერება" (1978), "შუა საუკუნეების ადამიანი" (1978).

ლე გოფი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული ცივილიზაციის სპეციალისტია. იკვლევს შუა საუკუნეების ადამიანის სამყაროს სურათს. ფრთხილად ეკიდება მენტალობის ცნებას, გამოჰყოფს მასში როგორც კოლექტიური ფსიქოლოგიის გაუცნობიერებელ შრეს - საკუთრივ მენტალობას, ასევე ნაწილობრივ რეფლექტირებულ "წარმოსახვითს" და "ფასეულობებს". მისი კვლევის ძირითადი ობიექტია დროისა და სივრცის აღქმის პრობლემა, შრომისა და სიმდიდრის, "განათლებული" და "სახალხო" კულტურის თანაფარდობის საკითხი.

ლე გოფმა ერთ-ერთმა პირველმა დააყენა სახალხო კულტურის პრობლემა, გამიჯნა რა იგი განათლებული ელიტის კულტურისაგან, დაამუშავა წყაროთა შესწავლის მეთოდიკა, რომლებიც ნაწილობრივ და არაპირდაპირ ასახავენ დასავლეთ ევროპის მოსახლეობის უდამწერლობო, "მუნჯი" უმრავლესობის წარმოდგენებს.

"ეპოქა შეიძლება თვლემდეს, მაგრამ ისტორიკოსი ვალდებულია ფხიზლობდეს", აცხადებდა ლე გოფი. იგი ცდილობდა წარმოსახვითი სამყაროს დაკავშირებას სოციალურ სტრუქტურასთან.

შუა საუკუნეებთან ლე გოფს ორმაგი დამოკიდებულება აქვს: ერთის მხრივ, იგი იცავს "ხანგრძლივი შუა საუკუნეების" იდეას: შუა საუკუნეები იწყება დაახლოებით III საუკუნიდან და მთავრდება არა რენესანსით ან რეფორმაციით, არამედ XVIII საუკუნის ბოლოთი და XIX საუკუნის დასაწყისითაც კი. შუა საუკუნეები პირველ რიგში აგრარულ საზოგადოებას გულისხმობს, ეს არის ქრისტიანობის, როგორც ერთსა და იმავე დროს რელიგიისა და იდეოლოგიის ეპოქა. ბატონობს საზოგადოების სამფუნქციური მოდელი: საზოგადოება იყოფა "მლოცველებად", "მეომრებად" და "მშრომელებად", ადამიანი კი წარმოიდგინება როგორც ღმერთსა და ეშმაკს შორის ბრძოლის ველი. ამ "ხანგრძლივი შუა საუკუნეების" მანძილზე მომხდარი ცვლილებები თითქმის არ შეხებია "ყოფით, ყოველდღიურ ადამიანს", მენტალობის ცვლილება ნელი და შეუმჩნეველი იყო. მეორე მხრივ, ლე გოფი მიუთითებს მძაფრ ცვლილებებზე მენტალობასა და ფასეულობათა სისტემაში XII-XIII საუკუნეებში. ეს ცვლილებები ეხება, პირველ რიგში, დამოკიდებულებას დროისადმი. აქამდე დროის კონტროლი ეკლესიის ხელში იყო, დრო იყოფოდა საკრალური მოვლენებით - დღესასწაულებითა და საეკლესიო მსახურებით. XII-XIII საუკუნეებიდან "ეკლესიის დროის" გვერდით ჩნდება "ვაჭართა დრო", "კომუნის დრო", რომელიც თანაბარ მონაკვეთებად იყოფა არა ეკლესიის ზარების რეკვით, არამედ XIII საუკუნის ბოლოს გაჩენილი მექანიკური საათით. ეს არის დესაკრალიზებული, დეანტროპომორფიზებული დრო - შრომითი დანახარჯებისა და ფულადი მიმოქცევისა. იცვლება დამოკიდებულება ადამიანის სხეულისადმი: "სულის საპყრობილიდან" იგი იქცევა სილამაზისა და სიჯანსაღის განსახიერებად. ყოველივე ეს ადასტურებს ინდივიდუალიზმის ზრდას.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი