სამაგისტრო პროგრამა ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევებში

მისანიჭებელი ხარისხი - მაგისტრი ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევებში (MA in Nationalism and Ethnicity Studies)

სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორები

ზურაბ დავითაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

ნინო ჩიქოვანი
კულტურის მეცნიერებათა პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის მეცნიერებათა მიმართულება

სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება

სამაგისტრო პროგრამა ნაციონალიზმსა და ეთნიკურობის კვლევებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამეცნიერო-აკადემიურ სამყაროში ინტერდისციპლინური კვლევების განვითარების ერთგვარ შედეგს წარმოადგენს.

ნაციონალიზმის შესწავლის ტრადიციას და ეთნიკურობის კვლევებს ბევრი რამ აქვთ საერთო: კვლევისა და სწავლების ორივე სფეროს სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი და აშშ ითვლება, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში ჩამოყალიბდა კვლევის განსხვავებული პრობლემატიკა და ტრადიცია.

მეოცე საუკუნეში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა - ჰაბსბურგების, ცარიზმისა და ოტომანთა იმპერიის დაშლის ფონზე “ერთა თვითგანსაზღვრის” პრინციპის გაჩენამ, იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის აღმოცენებამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დეკოლონიზაციამ და თანამდევმა ლოკალურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობებმა, თავად ევროპაში რეგიონალიზმისა და ავტონომიზმის (რიგ შემთხვევებში სეპარატიზმის) ზრდამ, საბოლოოდ კი - ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის მოშლამ და პოსტსოციალისტურ სამყაროში კონფლიქტის კერების გაჩენამ განაპირობა ნაციონალიზმის ფენომენისადმი აკადემიური ინტერესის უპრეცედენტო ზრდა და ამ სფეროში კვლევის სწრაფი განვითარება. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში მიღწეული სამეცნიერო წარმატებები, იქნება ეს ემპირიული კვლევები თუ მრავალრიცხოვანი თეორიული პარადიგმები, უცხო დარჩა ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ მონოიდეოლოგიურ წნეხსა და საინფორმაციო იზოლაციაში მოქცეული ქართული და, ზოგადად, საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. იგივეს თქმა შეიძლება კულტურის მეცნიერებათა სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებაზე: ჩვენთვის, ისევე როგორც, ვთქვათ, ბალკანეთისა და ცივილიზაციათა მიჯნაზე არსებული სხვა რეგიონებისათვის, რომლებიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში კონფლიქტების მთავარ კერებად იქცა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კულტურული იდენტობის, კულტურათა კომუნიკაციის, მიმდინარე კონფლიქტების კულტურული საფუძვლების, ძალადობის კულტურული კონტექსტისა და სხვა საკითხების კვლევებში არსებული ჩამორჩენის დაძლევა.

პოლიეთნიკურ, მულტიკულტურულ და მრავალკონფესიურ საზოგადოებათა ისტორიული დინამიკისა და მისი თანამედროვე შედეგების ანალიზი თვისობრივად ახალ სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ სტანდარტებსა და მიდგომებს ითხოვს, სადაც ინტერდისციპლინურ კვლევებს ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. მსგავს, ეთნიკურად ჭრელ და, ამავე დროს, კოლექტიურ იდენტობათა კონფლიქტებით გახლეჩილ საზოგადოებაში ნაციონალისტური მოძრაობებისა და იდეოლოგიის, ინტერეთნიკური და ინტერკულტურული ურთიერთობების დინამიკის კვლევასა და ანალიზს უცილობლად პრაქტიკული-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მით უფრო ადეკვატურია, რაც მეტადაა გათვალისწინებული და რაციონალურად გაანალიზებული არსებული სოციალური რეალობა, უახლესი წარსული გამოცდილება და მოვლენათა მომავალი დინამიკის შესაძლებელი სახე.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა თავად ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევათა არაერთი გადაკვეთის წერტილი. ამოსავალ სოციალურ კატეგორიად შეიძლებოდა კოლექტიური იდენტობისა და მისი დინამიკის კვლევა დაგვესახელებინა. ზედმეტი იქნებოდა თავად ნაციონალიზმის კვლევებში კულტურის ფენომენის მნიშვნელობაზე საუბარი - პრაქტიკულად, 1980-იან წლებში თუ მის შემდეგ შექმნილმა ვერც ერთმა კლასიკურმა ნაშრომმა გვერდი ვერ აუარა კულტურული ფაქტორების განხილვასა და მისი შემდგომი კვლევის მნიშვნელობის აღიარებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამედროვე დასავლურ სამეცნიერო საზოგადოებაში რიგ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა შორის ძველად არსებული მიჯნები და საზღვრები უკიდურესად პირობით მნიშვნელობას ინარჩუნებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორი ინტერდისციპლინური სამეცნიერო დარგის კონვერგენცია ლოგიკური ჩანს: ეთნიკურობის კვლევათა და კულტურის მეცნიერებათა ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენდა ეთნო-კულტურული და კულტურულ-პოლიტიკური თვითშეგნების ფორმები, კულტუროცენტრული ხედვის ნაირსახეობები, ინტერეთნიკურ ურთიერთობათა დინამიკა და მისი თეორიული ანალიზი. ამ სფეროში არსებული გამოცდილება, სხვა დარგებში დაგროვილ ცოდნასთან ერთად, რეალურად შემდეგში ნაციონალიზმის მკვლევართა ინსტრუმენტარიუმი გახდა პოლიტიკური ისტორიის ნედლი მასალის დასამუშავებლად.

ბუნებრივია, ჩვენში ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სწავლება უნდა შეესაბამებოდეს დასავლურ სამყაროში არსებულ გამოცდილებასა და სტანდარტებს. ამავე დროს, საყურადღებოა ადგილობრივი, ქართული რეალობა, რომელიც ორი ფუნდამენტური მომენტის გათვალისწინებას გვკარნახობს: პირველ რიგში, საჭიროა კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა და განვითარების ამბიციური გეგმის დადგენა, რომელიც რეალურად აქტუალურსა და მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოში წარმოებულ კვლევებს. შესაბამისად, მიზანშეწინილია თანამედროვე სამეცნიერო სფეროში იმ სპეციფიკური ნიშის დაკავება, რომელსაც რეგიონული კომპეტენცია ეწოდება, რაც, თავისთავად, პირველ რიგში პრაქტიკულ სფეროში სწორი გადაწყვეტილებების საწინდარი უნდა გახდეს. აქედან გამომდინარე, არსებული ჩამორჩენის დასაძლევად, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია არსებული მწირი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერდისციპლინური და, საუნივერსიტეტო ცხოვრების ფარგლებში ინტერფაკულტატური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გარდაუვალობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაციონალიზმის ფენომენის კვლევას დიდი ტრადიცია არ აქვს, თუმცა უდავო წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ბაკალავრიატის დონეზე შემუშავებული რამდენიმე სალექციო კურსის არსებობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ინიციატივას. კულტურის კვლევებში არსებობს ხანმოკლე საუნივერსიტეტო ტრადიცია, თუმცა ორივე მიმართულებით დანაწევრებული და ურთიერთშეუკავშირებელი აკადემიური კვლევის პრობლემა ჯერ კიდევ გადაულახავ სირთულედ რჩება.

პროგრამის მიზნები და ამოცანები

მიზანი

სამაგისტრო პროგრამა ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევებში ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ ნაციონალიზმის და ეთნიკურობის ძირითად თეორიულ მიდგომებს, ისტორიის, კულტუროლოგიის, ეთნოლოგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციოლოგიის სფეროში თეორიულ ნააზრევს, აგრეთვე ნაციონალიზმთან და ეთნიკურობასთან დაკავშირებულ თანამედროვე პრობლემებს.

სტუდენტი უნდა დაეუფლოს აგრეთვე ემპირიული კვლევის - მასალის თავმოყრისა და ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. მას საშუალება ეძლევა, ინდივიდუალური საკვლევი თემა და შესაბამისი გეგმა პრაქტიკულად შეუსაბამოს სამაგისტრო პროგრამას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების საბოლოო დახვეწისა და განმტკიცების მიზნით შემუშავებული სავალდებულო კურსები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას მისცემს, სამეცნიერო ხელმძღვანელთან გავლილი კონსულტაციების გარდა, დახვეწოს სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურა და სახე.

პროგრამის სავალდებულო და არჩევითი კურსები, ასევე სამაგისტრო ნაშრომი სტუდენტს საშუალებას აძლევს, გაიფართოოს თეორიული თვალსაწიერი, განავითაროს და დახვეწოს ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი, შეიძინოს და განამტკიცოს დამოუკიდებელი კვლევის ჩვევები.

ბუნებრივია, წახალისებული იქნება სამაგისტრო ნაშრომების თემად ქართული და კავკასიური პრობლემატიკის, ასევე მსგავს რეგიონებთან შედარებითი შესწავლის ფარგლებში შესრულებული კონკრეტული კვლევები, რომელზე მუშაობის პროცესში სტუდენტი გამოიყენებს შეძენილ თეორიულ ცოდნას, ემპირიული მასალის მოძიებისა და ანალიზის ხერხებს, ნაშრომი კი ორიგინალური და კვლევითი ხასიათისა იქნება.

კავშირი შრომის ბაზართან

პროგრამა ამზადებს სტუდენტებს შემდგომი კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის. იგი უნდა ჩამოყალიბდეს ანალიტიკოსად და პრაქტიკოსად ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევათა სფეროში. მაგისტრის ხარისხის მქონეს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო და საერთაშორისო სტრუქტურებში. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას ეთნოსთაშორის ურთიერთობათა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, კულტურის პოლიტიკის, ეთნოკონფლიქტების საფუძვლების იდენტიფიკაციის სფეროებში.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, მაგისტრის ხარისხის მქონეს შეუძლია სწავლის გაგრძელება სხვადასხვა სადოქტორო პროგრამაზე, მონაწილეობა მოკლევადიან სასწავლო და კვლევით პროგრამებში.

მიღების წინაპირობა

  • ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევებში მაგისტრატურაში მისაღებად სტუდენტს ბაკალავრის ხარისხი სასურველია მიღებული ჰქონდეს სოციალურ-პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ან იურიდიულ ფაკულტეტებზე.
  • პროგრამაზე მიღებისას ყველა აბიტურიენტი სარგებლობს თანასწორი უფლებებით (სამეცნიერო კონფერენციებსა და ექსპედიციებში მონაწილეობის, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სტაჟირების და ა.შ. მიუხედავად).
  • პროგრამაზე მიღებისას გამოცდა უნდა ჩატარდეს აუცილებლად წერითი სახით (ტესტი და ესე), აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ზეპირი გასაუბრება, რათა შემოწმდეს აბიტურიენტის ზეპირი კომუნიკაციის უნარი. ამასთან, ზეპირი გასაუბრების ხვედრითი წილი საბოლოო ნიშანში საკმაოდ უმნიშვნელო უნდა იყოს.
  • მაგისტრანტს მოეთხოვება, სულ მცირე, ერთ-ერთი უცხო ენის B1 დონეზე ცოდნა, რომელშიც უნდა ჩატარდეს საკვალიფიკაციო გამოცდა.

პროგრამაზე მისაღებად სამუშაო გამოცდილების ქონა სავალდებულო არ არის.

შედეგი

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეეძლება კვლევის მეთოლოგიური საფუძვლის განსაზღვრა; ემპირიული და თეორიული მასალის შეჯერება და, ამის საფუძველზე, პროცესების ანალიზი; ამ უნარ-ჩვევების გამოყენება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას პრაქტიკული საქმიანობის პროცესში; კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის შედეგების წერითი და ზეპირი პრეზენტაცია. მაგისტრებს ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სფეროში შეუძლიათ კვლევის ჩატარება და ანალიტიკური სამუშაოს შესრულება მრავალი მიმართულებით. მათი სპეციალიზაციის სფეროები მოიცავს პოლიტიკურ მეცნიერებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიას, კულტურის მეცნიერებს, ეთნოლოგიას, სოციოლოგიას, სამართლისმცოდნეობას და სხვ.

სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი საგნებისაგან. პროგრამა 120 კრედიტიანია. აქედან 25 კრედიტი მოდის სამაგისტრო ნაშრომზე.

სავალდებულო საგნები (55 კრედიტი, თითოეული საგანი 5 კრედიტიანია)

  • შესავალი ნაციონალიზმის კვლევებში
  • შესავალი ეთნიკურობისა და კულტურის კვლევებში
  • ნაციონალიზმი: თეორია და პრაქტიკა
  • აკადემიური წერა
  • სამაგისტრო ნაშრომის დიზაინი
  • უმცირესობისა და უმრავლესობის ნაციონალიზმი კავკასიაში ელიტების მანიპულაციის კონტექსტში
  • ეთნიკური უმცირესობების პრობლემები პოსტსოციალისტურ სივრცეში: შედარებითი ანალიზი (ბალკანეთი და კავკასია)
  • კოლექტიური მეხსიერება და იდენტობის პოლიტიკა
  • ისტორიული პროცესი და კულტურის კვლევები
  • ქართული იდენტობა: ისტორიული ჭრილი
  • ეთნოსი და ეთნიკურობა

არჩევითი საგნები (30 კრედიტი)

  • კავკასია გლობალურ პერსპექტივაში
  • პოსტსაბჭოთა პერიოდის კავკასიის კონფლიქტები
  • ნაციონალიზმი, ერი-სახელმწიფო და გლობალიზაცია
  • ნაციონალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ნაციონალიზმი, გეოპოლიტიკა და ეთნოკონფლიქტები
  • ინტერკულტურული კვლევები
  • კულტურის პოლიტიკა
  • კულტურა და მოდერნიზაცია
  • კულტურა და რელიგია კავკასიაში
  • მასკულტურა და მასმედია (“მეხსერების კულტურიდან” “ყურადღების კულტურისაკენ”)
  • გლობალიზაცია და კულტურა
  • ეთნიკური და კულტურული გეოგრაფია

სწავლების ფორმატი, მეთოდები, შეფასების სტრატეგია

სწავლების ფორმატი, მეთოდები, შეფასების სტრატეგია წარმოდგენილია ცალკეული საგნების სილაბუსებში.

სწავლება და სწავლა მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესსეების წერილობით და ზეპირ პრეზენტაციებს, დამოუკიდებელ მუშაობას – მასალის მოძიებას ემპირიული კვლევის გზით, ინდივიდუალურ კონსულტაციებს პროფესორებთან, სამაგისტრო დისერტაციის მომზადებას.

სასწავლო კურსების ათვისების შუალედური შემოწმება მოხდება კოლოკვიუმების, საშინაო დავალების, ესსეების მეშვეობით. საბოლოო გამოცდა წერითი ფორმისაა.

პროგრამა განავითარებს ყველა იმ კომპეტენციას, რომელიც სტუდენტს შეძენილი აქვს ბაკალავრიატის საფეხურზე. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ბევრი ახალი კომპეტენციაც.

კვლევითი კომპონენტი

ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სამეცნიერო თემატიკაზე მუშაობას: ნაციისა და ნაციონალიზმის თეორია, ეთნოსის და ეთნიკური პროცესების თეორია, ნაციონალიზმის ისტორია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო, ნაციონალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები, ნაციონალიზმი და გლობალიზაცია, ეთნიკური იდენტიფიკაცია, კულტურის კვლევები.

სწავლის პროცესში შესრულებული რეფერატები, ესსეები, თეორიული და ემპირიული მასალის პრეზენტაციები შექმნიან სამაგისტრო ნაშრომის საფუძველს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს თეორიული ხასიათისა, თუმცა უფრო წახალისებული იქნება კონკრეტული კვლევა (Case Study) ქართული და კავკასიური პრობლემატიკის, აგრეთვე შედარებითი კვლევების ფარგლებში.

სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

მაგისტრანტები იყენებენ თსუ ცენტრალურ ბიბლიოთეკას და კომპიუტერულ ლაბორატორიას, ფაკულტეტების ბიბლიოთეკებს და თსუ-სა და, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ცენტრის ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ლაბორატორიას.

პროგრამაში მონაწილე პედაგოგები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, რომელთაც მიღებული აქვთ სპეციალური ცოდნა და აკადემიური ხარისხი ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევათა სფეროში. თითოეული მათგანი დაკავებულია კვლევითი საქმიანობით, რაც აისახება მათ სასწავლო კურსებში. გარდა ამისა, ეს იძლევა კვლევით საქმიანობაში მაგისტრანტთა აქტიური ჩაბმის საშუალებას.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი