სპეციალობის შესახებ

კულტურის მეცნიერებები სამეცნიერო ინტერდისციპლინაა. მისი შესწავლის სფერო საკმაოდ ფართოა: კულტურის რაობა, მისი დახასიათება და კლასიფიკაცია, კულტურის სტრუქტურა, კულტურული პროცესები, კულტურათა ურთიერთმიმართება, კულტურისა და საზოგადოების, ასევე ადამიანისა და კულტურის ურთიერთმიმართების პრობლემატიკა და სხვა მრავალი საკითხი. თქვენ გაეცნობით ქართული და მსოფლიო კულტურის განვითარების გზას, მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას, ასევე არაერთ ქართველ თუ უცხოელ მოაზროვნეს, ისტორიკოსს, ფილოსოფოსს, ეთნოგრაფს, ფსიქოლოგს, სოციოლოგსა თუ ჰუმანიტარული სფეროს სხვა წარმომადგენელს, მიმდინარეობებსა და სკოლებს. თქვენი მომავალი პროფესია უშუალოდ დაკავშირებულია ისეთ საჭირბოროტო და აქტუალურ პრობლემებთან, როგორიცაა გლობალიზაცია, საქართველო და გარესამყარო, საქართველოს კულტურული რაობა და ცივილიზაციური კუთვნილება, მისი მდებარეობა ცივილიზაციათა გადაკვეთაზე, კულტურათა დიალოგისა თუ დაპირისპირების პერსპექტივა. გექნებათ საშუალება, გაეცნოთ კლასიკურ აღმოსავლურ თუ დასავლურ კულტურებს, წარსულისა და თანამედროვეობის მრავალ საინტერესო და აქტუალურ პრობლემას.

კულტურის მეცნიერებათა სინონიმად ხშირად გამოიყენება ტერმინი "კულტუროლოგია", რომელიც ლათინური და ბერძნული სიტყვების კომბინაციაა და ნიშნავს "კულტურის შესწავლას" ან "მეცნიერებას კულტურის შესახებ". მისი დამკვიდრება უკავშირდება ამერიკელი კულტურანთროპოლოგის ლესლი ელვინ უაიტის (1900-1975) სახელს.

უკანასკნელ წლებში ინტერესი კულტურის მეცნიერებებისადმი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ეს დარგი მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან მოყოლებული, კულტურის პრობლემატიკა, მეცნიერებთან ერთად, სულ უფრო მეტად იქცევა პოლიტიკოსთა ყურადღების საგნად. ზოგჯერ წმინდა აკადემიური ნაშრომები პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება.

XX-XXI სს. მიჯნაზე კულტურის ფენომენის კვლევის აქტუალობის ზრდას, სხვა გარემოებებთან ერთად, ხელი შეუწყო იმანაც, რომ მსოფლიოს ხალხებმა – როგორც დასავლელებმა, ისე არადასავლელებმა – დაიწყეს პასუხის ძიება გლობალიზაციის გამოწვევაზე. კულტურის გლობალიზაციის პერსპექტივით შეშფოთებულნი არიან როგორც არადასავლური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გლობალიზაციას ვესტერნიზაციად აღიქვამენ, ისე თავად დასავლელებიც, რომელთაც არანაკლებ აშფოთებთ საკუთარი კულტურული სახის დაკარგვის საფრთხე.

ცივილიზაციათა კონფლიქტის პროგნოზმა, რომელიც მკაფიოდ ჩამოყალიბდა XX ს. 90-იან წლებში, ახალი ბიძგი მისცა ეთნოსთა კულტურული რაობისა და ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემათა კვლევას, განსაკუთრებით – იმ ხალხებისათვის, რომლებიც ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე ცხოვრობენ და, დასახელებული პროგნოზით, განწირულნი არიან ცივილიზაციათა შორის აღმოცენებული სისხლისმღვრელი კონფლიქტების ბრძოლის ველად ქცევისათვის. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ ხალხთა ისტორიული წარსული, როგორც წესი, თვითგადარჩენისათვის ბრძოლის ფორმათა ძიებისა და მათი მეტ-ნაკლებად წარმატებული რეალიზაციის სახით წარმოგვიდგება, ნათელი გახდება მათი განსაკუთრებული ინტერესი აღნიშნული პრობლემატიკისადმი.

ასე რომ, ჩვენი სპეციალობა, თეორიულთან ერთად, სულ უფრო მეტად იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას.

კურსდამთავრებულთა დასაქმება

კულტურის მეცნიერებათა პროგრამა სტუდენტებს აძლევს როგორც თეორიულ და მეთოდოლოგიურ, ისე ემპირიულ ცოდნას და, ამის საფუძველზე, მზარდი გლობალური საზოგადოების პრობლემებში გარკვევის შესაძლებლობას. სტუდენტს უვითარდება კრიტიკული აზროვნების, ნაშრომის ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის უნარი, რაც აუცილებელი პირობაა სწავლების, კვლევის თუ პრაქტიკული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისთვის. იგი უნდა ფლობდეს მონაცემთა მოპოვების, საჭირო დეტალებისათვის ყურადღების მოქცევის, ანალიტიკური და კრიტიკული კითხვის, დაკვირვებისა და სხვა პრაქტიკულ ჩვევებს, შეეძლოს მეცნიერული მეთოდების, რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების გამოყენება მოსაზრებათა ჩამოყალიბებისა და შემოწმებისათვის.

სტუდენტი მომზადებულია სწავლის გასაგრძელებლად კულტურის მეცნიერებათა ან რომელიმე სხვა მიმართულებით.

კულტურის მეცნიერებები, ტრადიციულად, აკადემიური ცოდნის სფეროდაა მიჩნეული, თუმცა ამ სფეროში მიღებული ცოდნა სულ უფრო მეტად გამოსაყენებელი ხდება პრაქტიკული საქმიანობის სფეროშიც – სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში. მოთხოვნილებას კულტურის მეცნიერებების სპეციალისტებზე განაპირობებს ანალიტიკოსებისა და მკვლევრების საჭიროება, რომელთაც შეუძლიათ იმ მონაცემთა მოძიება, სისტემატიზაცია და ინტერპრეტაცია, რომლებზე დაყრდნობით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას წარმოვადგენთ, საით მივდივართ, როგორია ადამიანთა საზოგადოების გავლენა გარემოზე; რა გვწამს, რას მივირთმევთ, როგორ ვიმოსებით, სად ვცხოვრობთ, რა დაავადებებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაწყდებით სახვადასხვა დროსა და სივრცეში. რამდენადაც ადამიანთა ურთიერთობის მრავალი სფერო სულ უფრო გლობალურ ხასიათს იძენს, ანთროპოლოგები საჭირო იქნებიან ფართო, ჰოლისტური ცოდნისა და გააზრების უნარიდან გამომდინარე. ანალიტიკური, სოციალური და პრაქტიკული ჩვევები, რომელთაც ბაკალავრი ეუფლება, მის ცოდნას მრავალმხრივ გამისაყენებელს ხდის. ბაკალავრი უნდა ფლობდეს სოციალურ პრობლემათა კულტურული საფუძვლების ანალიზისა და წვდომის უნარს, რაც მისი ცოდნის ფართო პრაქტიკული გამოყენების საშუალებას იძლევა, მაგალითად, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ამ სოციალურ პრობლემებს (მენტალური დაავადებანი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია...) იკვლევენ. კურსადამთავრებულთა დასაქმება შეიძლება მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელ, აგრეთვე ადამიანისა და კულტურის პრობლემებით დაინტერესებულ სამთავრობო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მასმედიაში.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი