რატომ კულტურის მეცნიერებები?

კულტურის მეცნიერებები შედარებით ახალი და პოპულარული დარგია, რომელიც კვლევისა და სწავლების ცალკე სფეროდ XX ს. 50-იან წლებში ჩამოყალიბდა. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, იგი უფრო და უფრო აქტუალური ხდება მთელს მსოფლიოში.

კულტურის მეცნიერებათა პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია იმით, თუ:

  • რა არის კულტურა? რა არის ცივილიზაცია?
  • როგორ წარმოიშვა და განვითარდა ცხოვრების განსხვავებული წესი სხვადასხვა ხალხებში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში? როგორია ქართველთა და სხვა ხალხთა ცხოვრების წესი, რატომ არის ის სწორედ ასეთი და არა სხვაგვარი?
  • რას მივირთმევთ, როგორ ვიმოსებით, სად ვცხოვრობთ?
  • რას წარმოვადგენთ, საით მივდივართ, რა გვწამს?
  • როგორია ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავსა და მეზობლებზე? ვის მივიჩნევთ „ჩვენიანად“ და „უცხოდ“?
  • როგორ აღვიქვამთ და გავიაზრებთ წარსულს?
  • რატომ საუბრობენ ხშირად ცივილიზაციათა შეჯახებაზე? რა განაპირობებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთდაპირისპირებას? სად არის ჩვენი ადგილი - დასავლეთში თუ აღმოსავლეთში?
  • რატომ მოიცვა მსოფლიოს ზოგიერთი რეგიონი ძალადობამ და კონფლიქტებმა? რამ გამოიწვია კონფლიქტები საქართველოსა და კავკასიაში? რა როლს ასრულებს კულტურა მათი მოგვარების გზების ძიებაში?
  • რა არის გლობალიზაცია? ემუქრება თუ არა მსოფლიოს გაერთგვაროვნების საფრთხე?

კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს სამივე საფეხურის - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო - პროგრამებს. საბაკალავრო დონეზე სტუდენტს შეუძლია კულტურის მეცნიერებათა არჩევა როგორც ძირითად (major), ისე მეორე (minor) სპეციალობად.

ჩვენთან კულტურის მეცნიერებათა სწავლება შეესაბამება და ემყარება დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებულ გამოცდილებას.

კულტურის მეცნიერებათა პროგრამა ინტერდისციპლინურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მოიცავს საგნებს ცოდნის სხვადასხვა სფეროდან - სოციოლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან, ხელოვნებათმცოდნეობიდან, მრავალი გადაკვეთის წერტილი აქვს პოლიტიკის მეცნიერებებთან, ისტორიასთან, ლინგვისტიკასთან და ბიოლოგიასთანაც კი.

კულტურის მეცნიერებების ძირითადი პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს, დაეუფლოს მეორე სპეციალობასაც ჰუმანიტარული და სოციალური ცოდნის სხვა სფეროებიდან. მაგალითად, შესაძლებელია ასეთი კომბინაციები:

  • კულტურის მეცნიერებები და პოლიტიკის მეცნიერებები;
  • კულტურის მეცნიერებები და სოციოლოგია;
  • კულტურის მეცნიერებები და ხელოვნებათმცოდნეობა;
  • კულტურის მეცნიერებები და ეთნოლოგია;
  • კულტურის მეცნიერებები და ისტორია;
  • კულტურის მეცნიერებები და ჟურნალისტიკა;
  • კულტურის მეცნიერებები და ფსიქოლოგია;
  • და სხვ.

თავის მხრივ, კულტურის მეცნიერებები შეიძლება იყოს მეორე სპეციალობა მათთვის, ვისთვისაც ძირითადი იქნება ეთნოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, არქეოლოგია, ისტორია, ენათმეცნიერება და ა.შ. აქედან გამომდინარე, კურსდამთავრებულს უჩნდება დასაქმების უკეთესი პერსპექტივა. კულტურის მეცნიერებათა სფეროში მიღებული ცოდნა სულ უფრო საჭირო ხდება სამთავრობო, კერძო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში მუშაობისათვის. ამ სპეციალობის მქონე ახლაგაზრდა შეიძლება დასაქმდეს არქივებში, მუზეუმებში, სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მასმედიაში, კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებში, ითანამშრომლოს კულტურულ-ისტორიული მიმართულების ექსპედიციებთან.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი